კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეკორდი დაამყარა თამარ ჩუგოშვილმა დაქორწინების დროს და რატომ ერგო მის მეუღლეს მძიმე ხვედრი

უკვე ორი წელია, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.  მან განაგრძო ქალთა დინასტია  ყველაზე პოპულარულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც წლების წინ მისი კარიერა სტაჟიორის  ამპლუაში დაიწყო.  ამ ორ წელიწადში თამარს, ქართული პოლიტელიტის წყალობით, პროფესიული გამოცდები არ აკლდა, თუმცა, ბოლო პერიოდის საარჩევნო მარათონი მაინც განსაკუთრებული იყო და, საქმემ, რომელსაც ის უძღვება, უკვე ისე ჩაითრია, რომ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უყოყმანოდ  შეელია, თუმცა, ფიქრობს, რომ, იმას, რაც დროებით გადაავადა, მოვა დრო და  აუცილებლად დაიბრუნებს.            

თამარ ჩუგოშვილი:  ჩემი სამუშაო გამოცდილება თითქმის მთლიანად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არის დაკავშირებული.  სტუდენტი ვიყავი, როცა აქ  სტაჟიორად მოვედი და, ამან, შეიძლება ითქვას, მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. იურისტობა კერძო სექტორში მაინც ფინანსურ უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. საკმაოდ მწირია ასპარეზი, სადაც იურისტს შეუძლია იმუშაოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტებსა და თემებზე. აქ მუშაობას იმდენი ადრენალინი ახლავს და ისე ჩამითრია განცდამ, რომ ემსახურები ადამიანებს, რომლებსაც სხვა ინსტიტუტების გამო პრობლემები შეექმნათ, რომ სხვა მიმართულებაზე  საერთოდ  აღარ მიფიქრია.  როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ისეთი გამოუცდელი ვიყავი, მოქალაქეთა  კონსულტაციებსაც  კი არ მანდობდნენ, მაგრამ, ვისმენდი და  ვიწერდი ყველაფერს,  რასაც კი დამავალებდნენ (იცინის). აქაურობას სწორედ ეს ხიბლი აქვს – განვითარების  უამრავი საშუალება გეძლევა. მეც  ყველა საფეხური გავიარე, იურისტიც ვიყავი, პროექტის ხელმძღვანელიც, თუმცა, ორგანიზაციის  ხელმძღვანელობაზე  ნამდვილად არ ვფიქრობდი. ბავშვი ორი თვის გაჩენილი მყავდა და იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ  თავმჯდომარე გავხდებოდი! გამგეობის წევრიც კი არ ვიყავი, მაგრამ, რამდენიმე საათში გამგეობის წევრიც გავხდი და თავმჯდომარეც. ეს იმდენად მოულოდნელად და ელვისებურად მოხდა, ისე უცბად შემრჩა პასუხისმგებლობა ამხელა ორგანიზაციაზე, შოკში ვიყავი. თავიდან, ხელისუფლებასთან ჭიდილი იოლი არ იყო, საკონსტიტუციო უმრავლესობის წყალობით, ყველა განსხვავებული აზრის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ, მერე  ეს მნიშვნელოვნად  შეიცვალა და საზოგადოებას ახსოვს ჩვენი  ინიციატივით თუ მონაწილეობით მიღებული კანონები, მათ შორის – საარჩევნო კოდექსი,  პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონი და „მასტქერის” პრინციპები.  საიას ჩემი აქ მუშაობის პერიოდში ბევრ არჩევნებში აქვს მიღებული მონაწილეობა და მეც სხვადასხვა ფორმით ვიყავი ხოლმე ჩართული საარჩევნო პროცესში, მაგრამ, ახლა მივიღე სრულიად უნიკალური გამოცდილება. ჩვენს თითოეულ  განცხადებასა და  სიტყვას იმხელა დატვირთვა ჰქონდა საზოგადოების და, ასევე, საერთაშორისო  ორგანიზაციებისთვის და ისეთი აურზაური მოჰყვებოდა ხოლმე, მუდმივად  ალიაქოთში ვიყავით. ეს ასეც არის, როდესაც  პროცესების შუაში ხარ და ეს ყველაზე რთულია.
– თუმცა,  საიამ რესპუბლიკელთა „მანტია” მაინც ვერ მოიხსნა.
– მაგასაც ამბობენ და ბიძინა ივანიშვილიც მეუბნებოდა ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი განცხადების გამო, რომ  ხელისუფლებასთან  ვიყავით  შეკრულები.  „მაესტროს” სტუდიაშიც მითხრა ეს და  პირადი შეხვედრის დროსაც გამახსენა. ჩვენი  კრიტიკის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზე მოდიოდა და ძირითადად ისინი იყვნენ უკმაყოფილონი, თუმცა არცთუ იშვიათად, ყოფილი  ოპოზიციის გულისწყრომასაც ვიმსახურებდით.         
 – თქვენ არ დაარვიეთ აქაური ტრადიცია –საიას ხელმძღვანელის პოსტზე კვლავ ქალია.
–  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელებად  ქალები დაებედა, მათი უმეტესობა ძალიან ცნობილი სახეები იყვნენ,  მე მეხუთე ქალი ვარ ამ სიაში.  ასეთი დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა იოლი არაა, თან, მე, ცოტა არ იყოს,  კახური ჯიუტი ხასიათი მაქვს და დათმობაზე წასვლა მიჭირს (იცინის). ეს იმას არ გულისხმობს, რომ დიპლომატიის უნარი არ მაქვს, მაგრამ, ორგანიზაციისთვის პრინციპულ საკითხებზე უკან არასდროს ვიხევ.
– ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელთა უმეტესობა დიდ პოლიტიკაში წავიდა. ალბათ, თქვენი გეგმებიც პოლიტიკას უკავშირდება.
– ამას წინასწარ ვერ ვიტყვი. როცა აქტიურად ხარ დაკავებული სამოქალაქო საკითხებით,   მონაწილეობ კანონის მიღებაში, საუბრობ  კონსტიტუციაზე, რა თქმა უნდა, არაპირდაპირ,  პოლიტიკურ პროცესებში ხარ ჩართული, თუმცა, მე არ მიყვარს პოლიტიკა.  წლების მიუხედავად, პარტიულ პოლიტიკაზე არცთუ მაღალი წარმოდგენა მაქვს და ამაზე ფიქრი მიჭირს.  ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სწავლა გავაგრძელო უცხოეთში. რამდენჯერმე მქონდა ასეთი შანსი, მაგრამ, სხვადასხვა გარემოების გამო, სწავლების სერიოზული კურსი გადამედო. თუ მექნება საშუალება, რომ  მონაწილეობა მივიღო სოლიდურ სასწავლო პროექტში, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. მე ვიცი, რომ  სამოქალაქო საზოგადოების როლი  არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ აქ რაიმეს სჭირდება გაძლიერება, ეს არის სამოქალაქო სექტორი და, ალბათ, ამიტომაც, მომავალში უფრო ამ მიმართულებით  ვიფიქრებ, თან, ისე ჩამითრია ამ საქმიანობამ. მასთან შელევა ძალიან გამიჭირდება, თუმცა, რა პოზიციაზე გავაგრძელებ  საქმიანობას, ამას წინასწარ   ვერ ვიტყვი.            
 – ეს სამსახური თქვენთვის  მნიშვნელოვანი, ალბათ, იმიტომაც გახდა, რომ  აქ შეიცვალა თქვენი პირადი ცხოვრება.
–  ასე, ალბათ, იმიტომ ჰგონიათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრება აქ შეიცვალა – შეიქმნა უამრავი წყვილი და  ოჯახი, მაგრამ მე ეს ტრადიცია დავარღვიე. ჩემი მომავალი მეუღლე საერთო მეგობრის წყალობით გავიცანი და, ყველას გასაკვირად, რეკორდულ დროში დავოჯახდით. სამი თვე ჩემთვის რეკორდი იყო, ჩემგან არავინ ელოდა ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას – ეტყობა, გიორგი იყო ძალიან მონდომებული და აქტიური. როგორც წესი, ასეთი დაჩქარება არ ამართლებს, თუმცა, ჩვენ გამონაკლისი ვართ. გიორგი რომ არ მყავდეს გვერდით, ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. თავმჯდომარედ არჩევის დროსაც, ყოყმანი რომ დავიწყე, მითხრა: ნუ ნერვიულობ, მე შენ გვერდით ვარ და ყველაფერი გამოგივაო.  ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ოჯახისთვის არ ვარსებობ. სახლში თითქმის არასდროს არ ვარ, „დაკარგული” მყავს ქმარ-შვილი, ოჯახის წევრები, მეგობრები.  ოჯახური საზრუნავისგან მთლიანად გათავისუფლებული ვარ – ქმარ-შვილი ძიძას, დედას და დედამთილს ჩავაბარე. ყოველთვის ისე აქტიურად ვიყავი ჩართული საქმეებში, რომ საოჯახო საქმე არასდროს  მიკეთებია, არც არაფერი გამეგება,  გიორგი ჩემზე კარგად ერკვევა რაღაცეებში. მარტო რომ დამტოვონ, ალბათ, მივხედავ ოჯახს, მაგრამ, ეს ჩემთვის მართლაც გამოცდა იქნება (იცინის). ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე,  ისე ცუდად ვიკვებები, მალე მოვკვდები-მეთქი, ვამბობ. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შეიძლება, რომ მავნე იყოს – ვჭამ ნახევარფაბრიკატებს, არ ვიძინებ, ვნერვიულობ...  არის ისეთი შემთხვევები, როცა, შეიძლება, კვირების განმავლობაში წავიდე სახლიდან და ღამეები არ მივიდე შინ, გიორგის თავიდანვე  მძიმე ხვედრი ერგო, მაგრამ, ამას გაგებით ეკიდება. როგორია, ცოლი რომ ღამით საწოლიდან წამოხტება და სახლიდან გაიქცევა?! თუმცა, ისეთი სიტუაციებიც ყოფილა, თვითონაც ჩემთან ერთად გამორბის ხოლმე (იცინის).
– მალე საჩივრის წიგნს ხომ არ მოითხოვს?
– საჩივრის წიგნი მარტო ქმარს კი არა, მალე ბავშვსაც  დასჭირდება. გიორგი ჯერჯერობით უძლებს ამას, მიეჩვია ჩემს რეჟიმს. ამ ზაფხულს ძლივს მოვახერხე ერთი კვირა თბილისიდან გასვლა – ერთად ვიყავით თურქეთში, მაგრამ, ისეთი ფორიაქი დამემართა, ვერაფრით ვერ მოვისვენე. დაძაბული  პოლიტიკური სიტუაცია  იყო და, მეგონა, რომ სრულიად ჩამოვრჩი მოვლენებს. ამას ისე განვიცდი ხოლმე, რომ მივლინების დროსაც კი, მირჩევნია, ჩემ ნაცვლად, თუ არის საშუალება, სხვა წავიდეს. ცხოვრების ისეთი სწრაფი ტემპი მაქვს, ვერც კი წარმოვიდგენდი საკუთარ თავზე, ასე ჩქარა ცხოვრება თუ შემეძლო, მაგრამ მაინც  ვერ ვიცლი პირადი  ცხოვრებისთვის, თუ მოვიხელთე თავისუფალი დრო და მეგობრებთან ერთად სადმე გავძვერი, ეს  ჩემთვის სრული ბედნიერებაა ხოლმე. კეთილად მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია, რომ დაუთმოს დრო სპორტულ ცხოვრებას. ძალიან მიყვარს ცურვა, ამ მხრივ  სპორტული მონაცემებიც  მაქვს, მაგრამ, სად მაქვს „ასპარეზი”, რომ ჩემი ნიჭი გამოვავლინო?! თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს  თემაც  იმათ შორისაა, რაც ალბათ, გარკვეული  დროით   გადავავადე (იცინის).

скачать dle 11.3