იწერება თუ არა ნებისმიერი ადამიანის ბედისწერა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე და რატომ ვანაგვიანებთ საკუთარ აურას
ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან გავრცელდა აზრი იმის შესახებ, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება მის ბედისწერაზეა დამოკიდებული. თუმცა‚ ამის ბევრ ადამიანს სჯერა და ბევრს – არა. რა არის ბედისწერა, კარმა, არსებობს თუ არა ეს სინამდვილეში, ამის შესახებ გვესაუბრება თეოსოფოსი ლერი სონღულაშვილი, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს.
ადამიანის ბედისწერის შექმნა... აურაზე გაჩენილი ლაქები
ლერი სონღულაშვილი: როდესაც რომელიმე ცხოვრებისეულ საკითხში რაიმე წარმატებას ვაღწევთ, მაშინვე ვიწყებთ ჩვენი სიჭკვიანით თავის მოწონებას თუ პირიქით მოხდა და წარუმატებლობა გვეწვია, აქეთ-იქით ვიწყებთ ყურებას, რომ მიზეზი სხვაგან, სხვაში მოვძებნოთ. ადამიანებს არ გვესმის, რომ‚ ყველაფერთან ერთად‚ ტანჯვაც ბედისწერითია. ვბობოქრობთ, ათასგვარ დანაშაულს ჩავდივრთ და კიდევ უფრო მეტ სატანჯველს ვიმზადებთ სამომავლოდ. არიან საპირისპირო კატეგორიის ადამიანებიც – ამ საკითხში საკმაოდ გაცნობიერებულები. მათ კარგად იციან საკუთარი ბედის მნიშვნელობა და ჩუმად ითმენენ ყველაფერს. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება თითქოსდა აუცილებლად ჩვენივე თვისებების ავკარგიანობის მიხედვით უნდა ეწყობოდეს. ესე იგი‚ კარგი თვისებების მქონე ადამიანმა კარგად უნდა იცხოვროს, ხოლო ცუდი თვისებების მქონე ადამიანმა – ცუდად. მაგრამ, ეს ყოველთვის ასეა? რა თქმა უნდა‚ არა. სამყაროს გააჩნია განვითარების კანონები, რომლებიც სამართლიანობაზეა აგებული. როდესაც სამყაროს განვითარების კანონებზე ვსაუბრობთ, აქ სიცოცხლის განვითარების კანონებიც იგულისხმება. არავის აქვს უფლება‚ ხელი შეუშალოს სიცოცხლის განვითარებას. ამ კანონების საფუძველზე, ვინც რა ძალით იმოქმედებს სიცოცხლის ანუ სამყაროს განვითარების წინააღმდეგ, იგივე ძალით დაისჯება. ასეთია ძირითადი არსი ბედისწერისაც. ადამიანმა თავისი ბედისწერის შექმნა მაშინ დაიწყო, როცა შეგნებული აზროვნება დაიწყო. ბედისწერაა და მის ჩამოყალიბებაზე საუბრისას, არ შეიძლება‚ გვერდი ავუაროთ ისეთ საკითხებს, როგორიც აურაა. თითოეული თვისება თავისი შინაარსის შესაბამის ფერს ასხივებს. ყველა თვისების მიერ გამოსხივებულ ერთობლიობას აურა ეწოდება. როდესაც ადამიანს იმის განსჯის უნარი მიეცა, რომ ამა თუ იმ მოქმედების შესრულება არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ასრულებდა და ამით ცხოვრების რომელიღაც წესს არღვევდა, მხოლოდ ამ დროიდან დაიწყო ასახვა ასეთმა მოქმედებამ აურაში. დაბალი ინკარნაციული შეგნების აურა ძირითადად რუხი და ნაცრისფერია, ხოლო მაღალი ინკარნაციული შეგნების აურა ცისარტყელის ფერებად კაშკაშებს. რაც უფრო მაღალია ინკარნაციული შეგნება, მით უფრო ელვარე და ნათელი ფერებისგან შედგება მისი აურა. ჩვეულებრივ, ფიზიკური ხედვით აურა არ აღიქმება, თუმცა‚ არის შემთხვევები, როდესაც ფენომენური ნიჭისა და უნარის ადამიანები, სულის მსგავსად, აურასაც ხედავენ. აურას სხვანაირად ეწოდება სულის პასპორტი სამყაროში, რადგან მასში აბსოლუტურად ყველაფერი იკითხება პიროვნების შეგნების, ბუნებისა და ბედისწერის შესახებ. ადამიანის მიერ ჩადენილი ყოველი ცოდვა და მადლი აურაში შესაბამისი ფერის ლაქად ფიქსირდება. ლაქის სიმსუბუქე და სიკაშკაშე ზუსტად შეესაბამება ჩადენილი ცოდვისა თუ მადლის შინაარსს. სამწუხაროდ‚ თითოეული ჩვენგანის აურა საკმაოდ დალაქავებულია. მართალია‚ ყველა იმ დარტყმით, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებთ, ლაქათა ნაწილი გვეხსნება, მაგრამ ჩვენ მიერვე მიყენებული უკუდარტყმებით კვლავ ჩნდება ახლები. საპასუხოდ მიყენებული უკუდარტყმების საფუძველია, ჩვენი დაბალი შეგნებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ იმ უარყოფითი თვისებების გამოვლენა, როგორიც ანგარება, შური, სიხარბე, მოუთმენლობა, მიუტევლობა და მრავალი სხვაა. ამრიგად‚ ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ ახალ-ახალი ცოდვების წარმოშობისა და მაშასადამე, საკუთარი აურის დამნაგვიანებლებს. გამოდის, რომ ჩვენ, ადამიანები თავად ვევლინებით როგორც ერთმანეთს, ასევე საკუთარ თავს ბოროტებად. ინკარნაციული თვისებებისა და აურაში არსებულ ლაქათა მიხედვით, უკვე‚ დაბადებამდეა ცნობილი ადამიანის ცხოვრების გზა, ანუ ბედი. ადამიანმა ეს ლაქები ხომ თავის აურაში თვითონვე გასულ ინკარნაციებში შექმნა და მაშასადამე‚ თავისი ბედი თვითონვე გამოჭედა. ესე იგი‚ იმიტომ კი არ ცხოვრობს ის ცუდი ბედით, რომ ცუდ ვარსკვლავზე დაიბადა, არამედ იმიტომ, რომ ის ვარსკვლავი თავის ქცევით თვითონვე დაიმსახურა და მაშასადამე, თვითონ გამოძებნა. ამგვარად განსაზღვრულ წესს ჰქვია მისაგებელი, ანუ კარმის კანონი.
კარმის კანონი
კარმა არის იგივე ბედისწერა, ამ ორივე სიტყვას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს – ერთმანეთის სინონიმებია. სიტყვა კარმა იხმარებოდა ძველ ინდურ ანუ სანსკრიტულ ენაში და ნიშნავდა კვეთას. მასში ჩადებულია ის აზრი, რომ ადამიანი სიკეთის გაკეთებით მიიზიდავს სიკეთეს, ხოლო ბოროტების გაკეთებით – ბოროტებას. ამ ერთი სიტყვით მთლიანად განისაზღვრება ბედისწერის არსი. ის გონიერი ფილტრია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ადამიანს თავისი დამსახურების შესაბამისად, როდის რა უნდა გაახსენოს და რა – არა; როდის უნდა გააბრუოს და როდის გონება გაუნათოს; როდის რა უნდა დაკარგოს და როდის რა უნდა იპოვოს; სად მივიდეს თავის დროზე და სად დააგვიანოს; მისი გაკეთებული საქმე და სიკეთე სად და როდის უნდა შენიშნონ – კარგად შეაფასონ ან საქმე შეუმჩნეველი დარჩეს; როდის უნდა გაუფუჭდეს საქმე მოუწადინებლობით და როდის – გადაჭარბებული მოწადინებით. და ბოლოს, სად‚ როდის, რა უნდა შეეშალოს და რა – არა. კარმის კანონის ამოქმედებამდე სულის თითოეულ თვისებას ადამიანი სრულად ავლენდა. კარმის კანონის ჩამოყალიბების პროცესის დაწყების შემდეგ, სულის თვისებებმა კორექტული ფორმით დაიწყოს გამოვლენა – უფრო ძლიერად ან დაკნინებულად. დაკნინებული გამოვლენა თავისთავად ნიშნავს დაკნინებულ სულიერ შეგნებას, ხოლო ძლიერი გამოვლენა – უფრო ძლიერ სულიერ შეგნებას. სინამდვილეში, თანამედროვე ცხოვრებაში, ზოგჯერ ადამიანი სულის ზოგიერთ თვისებას უკვე საკმაოდ შესაფერისად ამჟღავნებს. კარმას შეუძლია‚ ადამიანს ისეთი თვისებები გაუხსნას, რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში კმაყოფილი იყოს, ან პირიქით‚ შეიძლება, ისეთი თვისებები დაუხუროს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბურუსში იყოს გახვეული. არაკარმული საქმე ისე არ მიუშვებს ადამიანს თავისთან ახლოს, როგორც მაგნიტს ერთნაირი პოლუსები. კარმით განსაზღვრული რამე კი ისე იზიდავს ადამიანს თავისთან, როგორც მაგნიტს სხვადასხვა პოლუსები.
კარმული სასჯელი
კარმა არსებობს პიროვნული, ოჯახური, ჯგუფური, რეგიონული და მრავალი სხვა. ჩვენ ვიცით, რომ არსებული აუარებელი თვისებიდან თითოეული ადამიანში ისე ზის, როგორც გარკვეული თავისებური მოთხოვნილება. თითოეული მოთხოვნილების წარმოქმნისას კი, გარკვეული ემოცია აღიძვრება. ზოგჯერ ესა თუ ის მოთხოვნილება იოლად სრულდება, ზოგჯერ ზოგიერთის შესრულებისას, საჭირო ხდება ნორმალური ცხოვრების დადგენილი წესებისა და კანონების დარღვევა, რის შესაბამისადაც უარყოფითი ემოციები აღიძვრება. თავის მხრივ, ემოციების აღძვრას თან ახლავს მათი შესაბამისი დადებითი ან უარყოფითი ენერგიების განსხვავება სივრცეში. დადებითი ენერგიების ერთობლიობა ემსახურება სასიკეთო საქმეებს, ხოლო უარყოფითი ენერგიების ერთობლიობა უარყოფითი მოვლენების წარმოქმნას. ერთი ან ორი ადამიანის მიერ გასხივებულ უარყოფით ენერგიებს არავითარი ზიანის მიტანა არ შეუძლია საზოგადოებისთვის. ამას შეუძლია, დააზიანოს მხოლოდ გამომსხივებლები. სამწუხაროდ‚ პოლიტიკური თუ სხვადასხვა კრიზისული სიტუაციის დადგომისას, როცა თითქოს მთელი საზოგადოება ხვდება უაღრესად მძიმე მდგომარეობაში, გაღიზიანებული ადამიანების მიერ მასობრივად ხდება უარყოფით ენერგიების გამოსხივება, რასაც‚ თავის მხრივ‚ მოსდევს კონკრეტული რეგიონის დაავადება. სამყაროს გონიერი ძალების მიერ აღნიშნული უარყოფითი ენერგიების გასანეიტრალებლად და რეგიონში წონასწორობის აღსადგენად, ხდება შესაბამისი ქმედებები, რომლის დროსაც თითოეული „დამნაშავე“ იმდენად დაისჯება, რა წვლილიც შეიტანა მის მიერ გამოყოფილი უარყოფითი ენერგიებით კონკრეტული რეგიონის დაავადების საქმეში. თუმცა‚ ასეთი კარმული სასჯელი ადამიანმა შეიძლება, მიიღოს ამავე ცხოვრებაში და – მომავალში, მართალია‚ კარმის ჩამოყალიბების პროცესი უდიდესი საიდუმლოებითაა მოცული, მაგრამ‚ სამაგიეროდ, მისი არსებობა არცთუ ისე ძნელი დასადგენია, რადგან ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი კარმულია. მისი დამადასტურებელი მაგალითები და ფაქტები ირგვლივ უამრავია. ზოგჯერ ცოდვაც და მისაგებელიც ისეთ ფორმებში ხდება, რომ ბედისწერის კანონის სამართლიანობა აშკარად ჩანს. ზოგჯერ კი ცოდვა არ ჩანს, რადგანაც ის ფარულადაა ჩადენილი ან შორეულ წარსულს განეკუთვნება და მეხსიერებაში აღარ იკითხება. ამდენად, თითოეული ჩვენგანი კარმას ჩვენი ცხოვრების შინაარსისა და საკუთარი შემეცნების ხარისხის შესაბამისად შევიგრძნობთ. კარმის არსებობას ყველაზე მეტად ისინი გრძნობენ, ვინც ცხოვრებაში განუწყვეტლივ და საშინელ დარტყმებს იღებს, ვისაც უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, გააჩნია გარკვეული მიზნისკენ სერიოზული მისწრაფებები, არის ძალიან მგრძნობიარე და უდიდესი მცდელობების მიუხედავად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქვს მიზნის მიუღწევლობით გამოწვეული გულისტკივილი. კარმას ასევე, კარგად გრძნობენ ის ადამიანები, რომელთაც განგების მიერ მიცემული აქვთ ძნელად შესასრულებელი დავალება, რასაც უაღრესად მწვავე განცდებით ასრულებენ. ასეთი ადამიანები თავიანთი დაკვირვების მაღალი უნარი აშკარად ამჩნევენ‚ თუ როგორ ეჭრება გზა მათკენ მიმავალ სხვადასხვა სიკეთეს და როგორ „უსაფუძვლოდ“ ჩნდება მათ პირად ცხოვრებაში ათასგვარი პრობლემა. თითოეულს ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ თითქოს ჩვენში არსებულ თვისებებს ჩვენი ნება-სურვილით ვავლენთ. თვისებების გამოვლენა ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ რომელი ისურვებდა მასში არსებული ცუდი თვისებების გამოვლინებას? პირიქით‚ ყველა მხოლოდ დადებით თვისებებს გამოვავლენდით. მართალია‚ თითოეულ თვისებას ადამიანი ავლენს, მაგრამ თვისების გამოვლენის უშუალო ინიციატორი, თვითონ თვისება და არა ადამიანია. ასეთი მომენტები სწორედ კარმის, ანუ ბედისწერის განმსაზღვრელი და საფუძველია. ასეთია მისი განმსაზღვრელი ფორმულაც: შეიქმნი ჩვევებს – შეიქმნი თვისებებს, შეიქმნი ხასიათს – შეიქმნი ბედს. მართალია‚ ყველა თვისება ერთად აღებული ბედისწერის უდიდეს ნაწილს ქმნის, მაგრამ თვისებების მთლიან სისტემაში შეიძლება, იყოს ერთი ისეთი თვისება, რომელიც აშკარად კარმულია და შესაბამისად‚ არის ადამიანის ბედის მიმართულების აშკარა დამდგენი. ადამიანები ხან კარგად ვიქცევით, ხან – ცუდად, ხან სიკეთეს ვაკეთებთ, ხან – ბოროტებას. ეს ყველაფერი კარმის ზემოქმედებით რომ არ ხდებოდეს, მაშინ ერთი და იგივე ადამიანი ყოველთვის ერთნაირად მოიქცეოდა. მისაგებლის მიღებისას ადამიანს იპყრობს აშკარა უაზრობა – როგორც ძლიერი ავადმყოფობის დროს, ისე ითიშება ნორმალური აზროვნებისგან. მას ეკარგება ყოველგვარი დასკვნების გაკეთებისა და მოქმედების უნარი, სანამ კარმა მიბრძანდება და თავის საქმეს შეასრულებს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ღმერთი რომ ადამიანს დასჯას დაუპირებს, პირველად ჭკუას წაართმევს ხოლმეო. განა ღმერთი‚ განგება და ბედი ამ შემთხვევაში ერთი და იგივე არ არის? თუ დაკვირვების უნარი ადამიანს შემეცნებაში ეხმარება, გონებაგაფანტულობა, დაბნეულობა და გათიშულობა სწორედ ის ბერკეტია, რომლითაც ძალიან იოლად ხდება კარმული აღსრულება, ანუ „ძველი ვალის გადახდა“. გონების დაკარგვა საშუალო შეგნების მქონე და ძლიერ ადამიანებს ემართებათ, რომ მათმა ძლიერმა ან მერყევმა შეგნებამ ხელი შეუშალოს ჯერ ცოდვის ჩადენაში, შემდეგ, სამაგიეროს მიღებაში. გონებრივ გათიშვასთან დაკავშირებით არის ერთი ასეთი საინტერესო მომენტი. იმისთვის, რომ კარმა აღსრულდეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ზოგჯერ კარგს ვერ ვამჩნევთ და ამით რაღაცას ვკარგავთ. ზოგჯერ კი‚ ჩვენდა საბედნიეროდ‚ ვერც ცუდს ვამჩნევთ და ამით რაღაც უსიამოვნებას ვიცილებთ თავიდან. კარმა სულაც არ უყურებს‚ ვის როდის რა აწუხებს. მისაგებლის მიგება ყველაზე ეფექტური და შთამბეჭდავია მაშინ, როცა მას შესანიშნავი ფონი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკეთის მიგებას ადამიანი ყველაზე უკეთ გასაჭირში ყოფნისას აღიქვამს, ხოლო ბოროტების მიგებას – ბრწყინვალედ აწყობილი ცხოვრებისას. კარმის შეგრძნება დაბალი დაკვირვების უნარის მქონე ადამიანისთვის შეუძლებელია. მას გრძნობენ, ამჩნევენ და ხედავენ როგორც ჭეშმარიტებას, მხოლოდ და მხოლოდ, მაღალი შეგნებისა და განსაკუთრებული შემეცნების უნარის მქონე ადამიანები. მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ‚ თურმე‚ მამაკაცის ჰომოსექსუალობას განაპირობებს მასში არსებული შესაბამისი ჰორმონები, რაც დედის საშოდან მომდინარეობს. მეცნიერებამ ისიც დაადგინა, რომ‚ თურმე‚ ადამიანის ორგანიზმში დაბადებისთანავე არსებობს გენი, რომელიც მას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. არავინ იფიქროს, თითქოს მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ადამიანის მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელი მხოლოდ ეს ორი ფაქტი არსებობს. მეცნიერება აღმოაჩენს ისეთ უამრავ ფაქტს, რომელიც აშკარად იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ბედისწერა ადამიანის დაბადებამდე დგინდება.