კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გრიშა ონიანის პატიმარი ძმა კალიმის ციხის ქალთა კოლონიის კომენდანტი და რატომ გახდა მისი ძმისშვილი რუსეთისა და პოლონეთის დიპლომატიური სკანდალის მიზეზი

ქართველ სტალინელთა ლიდერის, გრიშა ონიანის განსაკუთრებული დამოკიდებულება სტალინის მიმართ ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ, ალბათ, ძალიან ცოტამ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მის უფროს ძმას გადახდა.  კოლია ონიანი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა გერმანიაში სადაზვერვო სამსახურისთვის მოამზადა, არც მეტი არც ნაკლები, სტალინისა და სამშობლოს ღალატის გამო გაასამართლეს. როგორი იყო ისტორია ადამიანისა, რომელმაც მძიმე ბრალდებით  ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთის მიუვალ ციხეებში გაატარა, ამის შესახებ თავად ბატონი გრიშა გვიამბობს.      

გრიშა ონიანი: ჩემი ძმა – კოლია ონიანი ჩვენი მრავალშვილიანი ოჯახის პირველი შვილი იყო,  მეტსახელად პოლის ეძახდნენ.  კოლია კარგი გარეგნობის გარდა, საოცარი  ნიჭის პატრონიც  იყო. მე დღემდე არც ცეკვა ვიცი და არც სიმღერა. კოლიამ კი იცოდა ევროპული ცეკვები, არაჩვეულებრივად მღეროდა, მიდრეკილება ჰქონდა უცხო ენებისადმი. იმ პერიოდისთვის ნამდვილად ვუნდერკინდი იყო.  სკოლა წითელ ატესტატზე  დაამთავრა,  თბილისში ჩამოვიდა და   უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. უნიკალური შესაძლებლობებისა და ცოდნის პატრონი იყო. 1939 წელს, მეორე ან მესამე კურსის სტუდენტი იქნებოდა,  როცა უნივერსიტეტში ორგანოების წარმომადგენლები შევიდნენ, რომლებიც საკმაოდ დიდხანს აკვირდებოდნენ სტუდენტებს, გარეგნული მონაცემების,  ნიჭიერების, სიტყვა-პასუხის მიხედვით. საგანგებოდ   შერჩეულ სტუდენტებს შორის აღმოჩნდა ჩემი ძმაც. ის წაიყვანეს ხარკოვის  სადივერსანტო უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც  საბჭოთა კავშირში ძალიან ძლიერი სამხედრო სასწავლებელი იყო. როგორც ჩანს, კოლიამ იქაც გამოიჩინა თავი. ომი დაიწყო თუ არა, გაუშვეს ტუნისში, ალჟირში,  საიდანაც როგორც სპეციალურად მომზადებული კადრი, მოხვდა გერმანიაში.
–  ოჯახს რა ინფორმაცია ჰქონდა უფროსი შვილის შესახებ?
–  ოჯახს შეგვატყობინეს, რომ კოლია წაიყვანეს სასწავლებლად, სად და როგორ, ეს გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ ყველაფერი.  გერმანიაში ჩასულ კოლიას, რომელიც სამუშაოდაც მოაწყვეს, უნდა შეესრულებინა საგანგებო სადაზვერვო დავალებები, მოეწოდებინა ინფორმაცია მოსკოვისთვის. მაგრამ,  რამდენიმე თვეში ის  „გაშიფრეს” და  დაატყვევეს გერმანელებმა.  კოლია ჩავარდა  ოპერაციის დროს, რომელიც  გერმანელების მიერ დაპყრობილ  უკრაინის ტერიტორიაზე  უნდა განეხორციელებინა. კოლიას ბედად, იქ აღმოჩნდა ვინმე გივი გაბლიანი, რომელიც გერმანიაში ავტორიტეტული პიროვნება გახლდათ. გივის ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა. ის   გესტაპოს სამსახურში, მგონი,  ფიურერის გენერალი გახდა. გივიმ კოლია სიკვდილს  გადაარჩინა და  რეკომენდაცია გაუწია  კონტრდაზვერვის სამსახურთან.  კოლიას აპატიეს საბჭოთა არმიის სამსახურში ყოფნა, გადაიბირეს და  ჩარიცხეს კონტრდაზვერვის სასწავლებელში. რამდენიმე თვეში კოლია გადმოგზავნეს საბჭოთა კავშირში სპეციალური სადაზვერვო დავალებების შესასრულებლად. გერმანელები უკვე კავკასიასთან იყვნენ მოსულები. ერთ დღეს ჩვენი სოფლელი კაცი, რომელიც შეშის  მოსაჭრელად იყო ტყეში წასული,  გაგიჟებული  დაბრუნდა თურმე სოფელში,  ტყეში კოლია გამომეცხადაო. ეს, როგორც მერე გაირკვა, გამოცხადება არ ყოფილა. კოლია მართლა ჩვენს სოფლამდე იყო მოსული, მაგრამ გამოჩენას  როგორ გაბედავდა?  ჩვენ მის შესახებ წარმოდგენა არ გვქონდა, ოჯახს ის გარდაცვლილი ეგონა. ამის დამადასტურებლად ოფიციალური საბუთიც იყო მოსული, რომელსაც ასეთ სიტუაციებში ტყუილად აგზავნიდნენ ხოლმე შესაბამისი ორგანოები. კოლია კავკასიიდან ხარკოვში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ოპერაციის დროს  ქალაქის პარკში, საბჭოთა ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი კოლია  კვლავ ჩავარდა. ამჯერად ის იმ ადამიანმა გაშიფრა, რომელიც მას გერმანიის კონტრდაზვერვის სასწავლებელში ამზადებდა, ის რუსების მიერ ჩანერგილი ჯაშუში იყო და რუსებისთვის მუშაობდა.  მან ზეპირად იცოდა, ვინ რომელ ჯგუფში იყო განაწილებული და ხარკოვში იმ ჯგუფის დასაკავებლად იყო ჩამოსული, რომელშიც კოლიაც შედიოდა. კოლია გაასამართლეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით  და მიუსაჯეს დახვრეტა.
– როგორ გადაურჩა  დახვრეტას?
– დაპატიმრებიდან ოთხი თვის მერე   სტალინის ბრძანებით, პირველად მთელ ევროპაში, საბჭოთა ციხეებში დახვრეტა  ათწლიანი პატიმრობით შეიცვალა. ასე  გადაურჩა კოლია დახვრეტას. ის სასჯელის მოსახდელად ჯერ კიროვში გადაიყვანეს, პირველი წერილი იქიდან მოგვწერა. მაშინ გავიგეთ, რომ ცოცხალი იყო. 1944 წელს მივიღეთ კიდევ ერთი წერილი, კოლია გვატყობინებდა, რომ  გადმოიყვანეს რუსთავში, სადაც პატიმრებს მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე ამუშავებდნენ.  მე უკვე დიდი ვიყავი, მახსოვს, როგორ მოემზადნენ დედაჩემი და მამაჩემი, ათასნაირი  საკვებით დატვირთულები ჩავიდნენ რუსთავში, სადაც მათ პირველად ნახეს შვილი ამდენწლიანი განშორების შემდეგ. ისინი სამი დღე დარჩნენ  შვილთან. კოლიას მუშაობა არ უყვარდა, მეტალურგიული  ქარხნის მშენებლობაზე იოლი სამუშაო ხომ არ იქნებოდა. რამდენიმე პატიმართან ერთად გაიქცა, გადაცურა მტკვარი. სამი გაქცეული  ადგილზევე მოკლეს, კოლია დააკავეს, მიუსაჯეს 25 წელი და გადაასახლეს ირკუტსკში. რამდენიმე წელიწადში იქაც რაღაც დააშავა, კიდევ დაუმატეს 25 წელი და გადაიყვანეს ხაბაროვსკში. არც ხაბაროვსკში მოქცეულა კარგად და კიდევ მიუმატეს 25 წელი, იქაც თავიდან მისჯილი ათი წლიდან მოსახდელი წლები დაემატა და ასე, თითქმის 80-წლიანი პატიმრობით აღმოჩნდა კალიმის ციხეში.                            
– როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება შორეულ აღმოსავლეთში? იქაც გადაირჩინა  თავი?
–  ძალიან მოხერხებული ბიჭი იყო კოლია, სასწაული ისტორიები გადახდა შემდეგ. ციხეში ჩვეულებრივი პატიმარი კი არ იყო, თანამდებობამდე მივიდა – კალიმის ციხეში ქალების კოლონიის კომენდანტად დანიშნეს. ამ ციხეში  მძიმე ბრალდებით დაკავებული ქალები იხდიდნენ სასჯელს. მათ შორის იყო ულამაზესი პოლონელი ქალი ელენე მაკოვსკაია, რომელიც  ქმრის ღალატის გამო იყო გასამართლებული, თუმცა სხვა ბრალდებით. კოლიამ ის ცოლად  შეირთო, ციხეში დაიბადა მათი შვილი. კოლიამ წერილი მისწერა სტალინს: მე სამშობლოს მოღალატე ვარ, ალბათ, ვერასდროს დავაღწევ ციხეს თავს. აქ დაიბადა ჩემი შვილი, არ მინდა, აქ გაიზარდოს,  მასაც შესძულდეს თავისი სამშობლო და მომეცით საშუალება, შვილი ჩემს სამშობლოში, საქართველოში გავგზავნოო. ამ წერილმა სტალინამდე ვერ მიაღწია,   მოხვდა  ვოროშილოვის ხელში, რომელიც პოლიტბიუროს წევრი იყო. მალე სვანეთში მოგვივიდა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ვოროშილოვი. წერილით  გვატყობინებდნენ კოლიას სურვილს, რომ ბავშვი აღსაზრდელად სვანეთში გამოეგზავნათ. ამ წერილს მთელ რაიონში დიდი ამბავი მოჰყვა, ფეხზე დადგა აღმასკომი, დაღმასკომი (იცინის). მოვიდნენ, ფოტოები გადაუღეს ჩვენს სახლს, ოთახებს, რომელიც ვოროშილოვთან უნდა გაგზავნილიყო, იმის დასტურად, რომ ჩვენ კარგი საცხოვრებელი პირობები გვქონდა.  მოკლედ, ბიუროკრატიული ამბების შემდეგ, ერთ დღესაც მოვიდა წერილი, რომ ბავშვს  ქუთაისამდე  ჩამოიყვანდნენ და დახვედრას გვთხოვდნენ. იმ ზამთარს უზარმაზარი  თოვლი იდო, მამამ 30 კილომეტრი ფეხით გაიარა, რომ ლენტეხამდე, შემდეგ კი ქუთაისამდე  ჩასულიყო.  გიორგი  მაშინ წლის და ოთხი თვის იყო. იცით, როგორ ჩამოიყვანეს ქუთაისში? ბავშვს ცალკე  ვაგონი ჰქონდა დათმობილი,  თან ახლდა ერთი მილიციელი და ერთი გამზრდელი. გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღიწერა ყველაფერი, რაც ბავშვს მისცეს: ხუთ წლამდე ბავშვის სამოსი და ფეხსაცმელი, როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულისთვის, საკვები, რომელიც ერთი წელი მაინც ეყოფოდა. მამამ კისერზე შესმული ამოიყვანა ბავშვი ლენტეხამდე. დავკალით ხარები, ერთი კვირა აუღებელი სუფრები იყო  ჩვენს ოჯახში. ასე იზრდებოდა ბავშვი ჩვენს ოჯახში. როცა დედამისი ციხიდან გამოვიდა, პოლონეთის საელჩო ჩაერია, რომ  ბავშვი დაებრუნებინა.  ჩემი მშობლები გიჟდებოდნენ ბავშვზე და ასე ვინ დაუთმობდა  მას?  ლამის პოლონეთისა და რუსეთის დიპლომატიური დაპირისპირების საბაბი გახდა ბავშვი. მოვიდოდნენ აღმასრულებლები ბავშვის წასაყვანად, მაგრამ წინასწარ გვაცნობებდნენ ხოლმე და გიორგის ტყეში ვმალავდით. როგორმე 18 წლამდე უნდა გაგვეძლო, მერე ბავშვი თვითონ გააკეთებდა არჩევანს – პოლონეთში წავიდოდა თუ სამშობლოში დარჩებოდა. ასე ტანჯვაში გავიდა ის წლები. გიორგი 18 წლის გახდა, დაოჯახდა კიდეც და დედის ნახვის სურვილი გამოთქვა. ეს ჩემს ოჯახს არ დაუშლია, ორ დღეში უნდა ჩამოსულიყო ელენე საქართველოში, ყველა საბუთები გამზადებული იყო, მაგრამ მოულოდნელად გიორგი  გაჩიანთან   ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 
რაც შეეხება ჩემს ძმას, სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა ყველაფერი შეიცვალა და ყველა სამშობლოს მოღალატე ციხიდან გათავისუფლდა, მათ შორის  იყო კოლიაც. ის  ჩამოვიდა სვანეთში, ცოლად შეირთო  ჩვენებური ქალი, რომელიც წლები ელოდა.  კოლიამ ორ-სამ თვეში რაღაცეები წაიკითხა, ისწავლა და გამოცდების ჩასაბარებლად მივიდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მაშინ რეაბილიტირებულებს ისე ექცეოდნენ, თითქოს ამათ დაიცვეს მოსკოვი (იცინის). კოლიას არც გამოცდა ჩააბარებინეს, არც არაფერი, ისე ჩარიცხეს პოლიტექნიკურში. ფრიადებზე დაამთავრა უმაღლესი, კარგ ადგილებზე მუშაობდა. მეტროს სადგურები „თავისუფლების მოედანი” და „ავლაბარი“ მისი აშენებულია. ძალიან გამძლე და სიცოცხლისუნარიანი კაცი იყო. 90 წლამდე იცოცხლა.  ციხის   ისტორიებზე საუბარი  არ უყვარდა. 1999 წელს, როცა მე სტალინური პარტიის სახელით  საპარლამენტო არჩევნებში  ვიყრიდი კენჭს,  კოლია საარჩევნო კამპანიაში  აქტიურად იყო ჩართული. ჩემი გავლენით სტალინელი გახდა,  უნდა გენახათ, როგორ იცავდა სტალინს, ასე დაუბრუნა „სამაგიერო” კაცს, რომელმაც იმ ბედნიერი   ბრძანებით   დახვრეტისგან იხსნა (იცინის).

скачать dle 11.3