კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტიტული მოიპოვა რეპერმა მასტერმა არკანზასში და რა აკავშირებს მამამისს, ქონების მართვის ექსმინისტრ სოლომონ პავლიაშვილს ტიმოტისთან

ბოლო პერიოდში მუსიკალურ სამყაროში  გააქტიურებულმა რეპერმა მასტერმა ცხოვრება რეპს ამერიკაში დაუკავშირა, სადაც საკმაოდ პატარა ასაკში  წავიდა სასწავლებლად მამის დაჟინებული მოთხოვნით. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ქონების მართვის ექსმინისტრს  და ეკონომიკის მინისტრის ექსმოადგილეს, სოლომონ პავლიაშვილს, ალბათ, შვილის აკადემიურ კარიერაზე  უფრო მეტი ჰქონდა ნაფიქრი, ვიდრე რეპზე, მაგრამ,  არკანზასელ შევკანიანთა შორის  მოხვედრილმა მოზარდმა საკუთარი არჩევანი თავად გააკეთა – დღეს სოლომონ პავლიაშვილი შვილის  ხათრით  თავადაც ტიმოტის უსმენს, თუმცა, ისეც ხდება, რომ მშობლიურ სოფელში რეპერიც მამის „ბანაკში” გადადის.  

სოლომონ პავლიაშვილი:   27 წლის ვიყავი, გიორგი რომ დაიბადა. გიორგი გამორჩეული ბიჭი იყო, გამორჩეული თვისებებით, გარეგნობით, ძალიან  ჭკვიანი და სხარტი.  ისეთი მაგარი ბიჭი იყო, გამორიცხულია არ მოგწონებოდა. 13-14 წლის ასაკში  საესტრადო სიმღერებს ასრულებდა, მასზე დიდი მოთხოვნა იყო, საკმაოდ პატარა ასაკში  „თბილისობის” დღესასწაულზეც კი გამოიყვანეს დიდი აუდიტორიის წინაშე.  მუსიკით გატაცება, როგორც ჩანს, გენეტიკურად გამოჰყვა – ჩემ გარდა, ოჯახში ყველა მღერის (იცინის). ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს დედამისს, ბიძამისს, ბებიას. დედაჩემი 80 წლისაა, მაგრამ, დღემდე მღერის. რამდენიმე წლის წინ გიორგი ჩავიდა ჩვენს სოფელში, კაკაბეთში, ჩაიტანა სტუდია და ჩაწერა როგორც ბებია, ასევე, სოფლის ბერიკაცების გუნდი, რომელთაგან დღეს ბევრი ცოცხალი აღარაა.  
– გიორგი, რეპი კაკაბეთშიც პოპულარულია?
გიორგი: ის ადამიანები არაჩვეულებრივ ქართულ სიმღერებს მღეროდნენ. სულ 16 სიმღერა ჩავწერე და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული იყო. კაკაბეთს ასე ნუ უყურებთ, რეპი იქაც იციან (იცინის). ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, მენანება ის ხალხი, ვისაც სოფელი არ აქვს და სოფლის ხიბლი არ იცის, დავურეკავ ხოლმე ბებიაჩემს და ჩავდივარ ხოლმე მეგობრებთან ერთად, რთველშიც  კი ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას.
– რეპით „ამაგრებ” რთველს?
– არა, ვშრომობ თავიდან ბოლომდე, მარტო რეპი სადაა?! 
სოლომონი: გიორგის გამო კახელებმაც კი შეიყვარეს რეპი, მაგრამ, იქ, სუფრასთან, რეპი ავიწყდება, აიწყვეტავს ხოლმე და მიდის  ხალხური სიმღერები. ქართული სიმღერა ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული ფენომენია (იცინის).   
–  თქვენი ჩინოვნიკური  კარიერა  გიორგის ბავშვობას დაემთხვა. იმ პერიოდში ეს სხარტი ბიჭი პრობლემებს არ გიქმნიდათ ხოლმე? 
– არა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან აქტიური იყო, პრობლემებს არასდროს გვიქმნიდა. ყოველთვის ჰყოფნიდა იმდენი ჭკუა, რომ ცუდი არაფერი ეკეთებინა. საკმაოდ პატარა იყო, როცა მანქანა ვუყიდე, მაგრამ, არც ამას გაუტაცებია ისე, რომ რამე შარში გახვეულიყო. როცა  დაიბადა, მე ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი, ლექციებს ვკითხულობდი – ახალგაზრდა მამაკაცისთვის ეს ძალიან საპატიო საქმე იყო. მერე იყო  ჩინოვნიკური კარიერის ეტაპი ჩემს ცხოვრებაში – 13-14 წელი ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე.  ეს ყველაფერი გიორგის ბავშვობას დაემთხვა, შემდეგი  შვილები უკვე მოგვიანებით გაჩნდნენ. გიორგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამერიკაში წავიდა სასწავლებლად გაცვლითი სასკოლო პროგრამით. ერთი წელი ცხოვრობდა იქ, არკანზასის შტატში. 
გიორგი: იმ პერიოდში, როცა მამა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, პატარა ვიყავი. მაშინ ბევრი რამ არ მესმოდა, მაგრამ, კარგად მახსოვს მამა სახელმწიფო მოხელის რანგში. ტელევიზორში გამოდიოდა ხოლმე ხშირად, კლასშიც ვგრძნობდი, რომ მასწავლებლები მაგ  „ნიშნითაც” მარჩევდნენ, მაგრამ, მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, არც ბოროტად გამომიყენებია არასდროს. ცოტა დიდი რომ ვყოფილიყავი, მაქსიმუმ, პატრულთან შეიძლებოდა მეხსენებინა მისი სახელი, რომ არ დავეჯარიმებინე (იცინის). მერე ამერიკაში წავედი და რეპით იქ დავინტერესდი. არასდროს მქონდა გადაწყვეტილი პროფესიონალურად დამეკავშირებინა ცხოვრება რეპისთვის. წლების განმავლობაში ფეხბურთს ვთამაშობდი  იუნიორთა ლიგაში. არკანზასში შტატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც კი მომანიჭეს.  სასწავლებელში  შავკანიანებთან  ურთიერთობამ დამაახლოვა რეპთან.
 – ბატონო სოლომონ, თქვენ როგორ შეხვდით შვილის გატაცებას რეპით, მის უფრო რაციონალურ პროფესიაზე არ გიფიქრიათ?
სოლომონი: რა აუცილებელია იმ გზას გაჰყოლოდა, რა გზასაც მე გავდივარ? ესეც შეიძლება იყოს ლიდერი, ოღონდ, სხვა სფეროში. გიორგი პროფესიით იურისტია, მაგისტრატურაში ბიზნეს-ადმინისტრირებას სწავლობს. მე ვფიქრობ, რომ მოვა ის დროც, როცა ეს პერიოდი გაუვლის და მერე, შეიძლება, სხვა ტიპის კარიერაზეც იფიქროს. ადამიანს არ უნდა დაუშალო იმის გაკეთება, რაც უყვარს. გიორგი შინაგანად მუსიკასთან ისე ახლოსაა, ეს  როგორ უნდა დაუშალო? თან, ისეთი მიზანდასახული კაცია, რა საქმესაც მოჰკიდებს ხელს, ბოლომდე აკეთებს. ერთი პერიოდი, მინდოდა კიდეც, ჩემს საქმიანობაში ჩამერთო, გეგმებიც დავაწყვეთ, მაგრამ მერე ვერ გამოვიდა.  ახლა ძალიან ხშირად  არის ჩემ გვერდით, მოდის ხოლმე ჩვენს უნივერსიტეტში,  ხედავს, რას ვაკეთებთ, როგორ ვშრომობთ.  თავიდან,  როცა გავიგე, რომ გიორგი რეპმა გაიტაცა, ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ, გიორგიმ ისე მელოდიურად გააკეთა რეპი, ახლა მისი სიმღერები მეც მომწონს და ჩემს მეგობრებსაც.
– შვილის წყალობით, თქვენ როგორ ხართ ახლა რეპთან?
გიორგი: ბოლომდე  მაინც ვერ ჩავითრიე, თუმცა, ისეც ხდება ხოლმე, რომ, დამირეკავს და მეუბნება: შენი ახალი სიმღერა რომ გამოვიდა, ჩამიწერეო. რამდენიმე გადაღებასაც კი დაესწრო.
სოლომონი: მე მიყვარს პოეზია, რეპში  კი პოეზია ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რეპისგან აღარ ვარ ძალიან შორს.  მე, როგორც ჩემი თაობა, ვუსმენდი „ბითლზს”, „პინქ ფლოიდს”, ვგიჟდები ერიკ კლაპტონზე, ქართულ სიმღერაზე.  გიორგის შემოქმედებამ ჩემს მუსიკალურ ორიენტაციაზე მოახდინა გავლენა და ახლა ვუსმენ მასტერსა  და ტიმოტის (იცინის).  
– გიორგი, შენ ერკვევი ეკონომიკის ანა-ბანაში, იცი, რა არის მაკრო და მიკროეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი?
გიორგი: აუ, არა, არ ვიცი. მე იურისტი ვარ,  იურისტს კი მაკროეკონომიკის ცოდნა არ ევალება. ნუ შემარცხვენთ ეკონომისტების წრეში. მამა, მიკარნახე რა (იცინის).
– აბა, ახლა შენ ჰკითხე მამას რამე, გავიგოთ, რეპში როგორ ერკვევა.
– არა, მამას ჩამჭრელ კითხვას ვერ დავუსვამ (იცინის).
– მამა-შვილს საერთო გატაცებები გაქვთ?
სოლომონი: მოგზაურობა გვიყვარს ერთად,  გიორგი კარგი კომპანიონია, ვერ იგრძნობ, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი განსხვავებაა. თან,  ისეთი აზრები მოსდის ხოლმე, გაოცებული ვრჩები. იტალიასა და საფრანგეთში ვიყავით ერთად –  ჩემი ქალიშვილი  პარიზში  სწავლობს და ხშირად  ჩავდივართ  მასთან. მინდა, რომ  ბავშვებმა  ბევრი რამ ნახონ. 
გიორგი: მამა ლიბერალი კაცია, ჩვენ ისე ვმეგობრობთ, ერთმანეთთან ყველა თემაზე ვსაუბრობთ. რესტორანში თავის მეგობრებთან ერთად ყოფნის დროსაც კი მირეკავს ხოლმე, ჩვენთან მოდიო.  ხანდახან მეც ვეპატიჟები ხოლმე ჩემს მეგობრებთან, თუმცა, უცხოეთში  ერთად ყოფნა მაინც სხვაა, დღედაღამ ერთად ვართ, ბარებში, რესტორანში  დავდივართ. მამაჩემი 20 წელს მაინც იკლებს ხოლმე იქ (იცინის). ფლორენციაში ყოფნისას მე და ჩემი და აკადემიის მუზეუმში წაგვიყვანა –  აუცილებლად მიქალანჯელოს „დავითი“  უნდა განახოთო.  სკულპტურის  ორიგინალი  აკადემიის შენობაში დგას, ასლი – შენობის გარეთ. მუზეუმში დამაყენა ექვსი  საათი, მამა წავიდა და მთელი ქალაქი მოიარა. ჩემი მოთმინებისა და ხასიათის  კარგი გამოცდა იყო ის რიგი. მერე კი ვუთხარი მამას:   ისე ჰგავს ეს ასლი ორიგინალს, რას მერჩოდი, რიგში რატომ დამაყენე-მეთქი.          
სოლომონი: პეტრეს ტაძარში  ისეთი რიგი იყო, არ გვინდა აქ შესვლაო, მეუბნებოდნენ, ამათ შოპინგისკენ უწევდათ  გული. მე ვუთხარი: ჯერ პეტრეს ტაძარს ნახავთ და მაღაზიებისკენ მერე გაიქცევით-მეთქი.
გიორგი: პარიზში ყველაზე ძალიან რამაც გამახარა, ის იყო, რომ, როცა ქართველებს ვხვდებოდით, მამას თითქმის ყველა ცნობდა და ესაუბრებოდა. ეტყობა, ადრე მართლაც ძალიან ცნობადი სახე იყო. ახლა ტაიმაუტი აქვს აღებული, ცოტა ხანს მე გავასწრებ პოპულარობით, მერე კი ისევ  მას დავუბრუნებ მაგ პოზიციას (იცინის).  
– გიორგი, ალბათ, მამა შენი სიმღერებისა და კლიპების მთავარი დამფინანსებელია.
– მე მაქვს ჩემი საკუთარი მუსიკალური სტუდია, ტექსტებსაც მე ვწერ, არანჟირებასაც თვითონ  ვაკეთებ და კლიპის მონტაჟსაც, ამიტომ, ამ მხრივ ხარჯი ნაკლები მაქვს და, ვერ ვიტყვი, რომ მთელი კარიერა მამაჩემის მატერიალურ უზრუნველყოფაზე მაქვს დაფუძნებული, მაგრამ, ჯერჯერობით მაინც ასეა.
– გიორგის პირად ცხოვრებაში ერევით? ახალგაზრდა  რეპერი  ბევრი თაყვანისმცემლის გარემოცვაში თავსატეხებს არ გიჩენთ?
გიორგი: მამაჩემი ამ თემას ისე მაგრად უდგება, ბევრი ძმაკაცი რომ ვერ გაიგებს (იცინის).
სოლომონი: უნდა იაროს პაემნებზე, მაგრამ, მთავარია, დაფიქრდეს ოჯახის შექმნის დროს. ადამიანისთვის  ოჯახი ისეთი მნიშვნელოვანია, ბევრი რამ არსებობს, რასაც ვერ დავუშვებ.
– რეპერს ტრადიციების განსაკუთრებულ  დაცვას ნუ მოსთხოვთ.
– რატომაც არა. თვითონ ამბობს, ცოლს ისე არ მოვიყვან, შენ რომ არ იცოდეო. მე ის კაცი არ ვარ, გიორგის საცოლე შევურჩიო, მაგრამ როგორი გოგო უნდა მოიყვანოს, მგონი, თვითონაც კარგად იცის.
გიორგი: „ტაკოი“ გოგოები  მე თვითონ არ მომწონს და მამაჩემს როგორ მოეწონება? რეპში ერკვევა და ეს დარჩებოდა გაურკვეველი (იცინის)?!

скачать dle 11.3