კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევიდა „ტფილისის უნიკა“ მსოფლიოს უძვირეს მარკათა ათეულში და ვინ შეიძინა მისი ეგზემპლარი ნახევარ მილიონ დოლარად

ალბათ, ცოტამ თუ იცის‚ რომ რუსეთის იმპერიის მასშტაბით პირველი საფოსტო მარკები თბილისში დაიბეჭდა, თუმცა, ამ ფაქტის მიჩქმალვას რუსული ისტორიოგრაფია დიდი მონდომებით ცდილობს. ასევე‚ საქართველოში, თბილისსა და კოჯორს შორის დამყარდა პირველი სატელეფონო კავშირი. საკითხზე, რომელზეც ქართველი და რუსი ისტორიკოსები  დღემდე დავობენ, გვესაუბრება ისტორიკოსი ალექსანდრე ბოშიშვილი.

ალექსანდრე ბოშიშვილი: დღეს ელექტრონული ფოსტების გამო, შეიძლება‚ ბევრმა აღარც იცოდეს‚ რა საჭიროა საფოსტო მარკები. საფოსტო მარკა საფოსტო მომსახურების (კორესპონდენციის გაგზავნისა და ადრესატთან მიტანის) გადახდას ამოწმებს. ტრადიციულად, მარკას, ქაღალდის ნაჭრების სახით, საფოსტო უწყება უშვებს, რომლებიც გამიზნულია კონვერტებზე დასაწებებლად. საფოსტო მარკების შექმნის იდეა მეცხრამეტე საუკუნეში, ინგლისში გაჩნდა. შემდეგ მარკები სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში და მათ შორის რუსეთის იმპერიაშიც. იმხანად საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და კავკასიის მეფისნაცვალი ალექსანდრ ბარიატინსკი გახლდათ‚ რომელიც ამ თანამდებობაზე მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში‚ კერძოდ, 1856 წელს დაინიშნა. იგი თავისი დროის საკმაოდ განათლებული ადამიანი გახლდათ. სწორედ მის მიერ გატარებულ რეფორმათა შორის, ერთ-ერთი უპირველესი იყო თბილისში შესაფერისი ფოსტის დაარსება. მან ააშენა თბილისის საფოსტო სახლი‚ რომლის ფოტო‚ სხვათა შორის‚ შემორჩენილია. მომდევნო წლის 20 ივნისს, კავკასიის ოლქის ფოსტის მმართველის, ნიკოლოზ კახანოვის ინიციატივით, დაიბეჭდა საფოსტო მარკა „ტფილისის უნიკა”. თუმცა‚ როგორც ჩანს, მაშინ არც მეფისნაცვალს და არც მთავრობას არ უფიქრია‚ რომ ეს იქნებოდა იმპერიის მასშტაბით პირველი საფოსტო მარკები‚ რაც, რაღა თქმა უნდა‚ ცენტრს არ მოეწონებოდა. კავკასიის მეფისნაცვალს აგარაკი კოჯორში ჰქონდა, ამიტომ, პირველად ეს მარკები მიმოქცევაში გამოიყენებოდა სწორედ თბილისსა და კოჯორს შორის საფოსტო გზავნილებისთვის. თბილისის საფოსტო მარკა‚ რომელსაც „ტფილისის უნიკას” უწოდებენ‚ პირველად გამოყენებაში 20 ივნისს გაუშვეს. ამ მოვლენას მაშინდელ პრესაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
–  მაგრამ‚ ალბათ‚ ცენტრი დროულად მიიღებდა ზომებს იმისთვის‚ რომ პირველობა პერიფერიისთვის არ დაეთმო.
– ცხადია‚ მთავრობა ამ ამბით აღფრთოვანებული არ დარჩენილა‚ თუმცა‚ ისიც ცხადია‚ რომ მარკაზე თბილისის გუბერნიის გერბი იყო გამოსახული და, თუნდაც ამის გამო, მას რუსულად ვეღარ გაასაღებდნენ‚ გაყალბება ვერ მოხერხდებოდა. რუსეთის იმპერიაში ყველა გუბერნიას, მათ შორის თბილისსაც, თავისი გერბი ჰქონდა. რა თქმა უნდა, გერბი რუსების მიერ იყო შექმნილი‚ რუსული ჰერალდიკის ტრადიციებით, მაგრამ, ქართული სიმბოლიკის გათვალისწინებით.
– როგორ ან რა მიზეზით მოხდა  „ტფილისის უნიკას“ ხმარებიდან ამოღება?
– გადაწყდა‚ რომ მარკები მთლიანად გაენადგურებინათ. ხალხში ხელოვნურად გაავრცელეს ხმა‚ თითქოს თბილისის საფოსტო მარკები შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებას უწყობდა ხელს. თან, იმ დროს თბილისის გუბერნიაში ეპიდემია მძვინვარებდა და ხალხმა ჭორი ადვილად დაიჯერა. ამ მარკებთან კიდევ უამრავი ლეგენდა იყო დაკავშირებული – თითქოს მარკებს შავ ძალებთან ჰქონდა კავშირი და მათ პატრონს აუცილებლად უბედურება შეემთხვეოდა. „უნიკასთან“ დაკავშირებით, მეოცე საუკუნეში კრიმინალური ჟანრის რომანი – „ეშმაკის ბორბალიც” კი დაიწერა (ავტორი მიხეილ გოგოლაშვილი).
იმპერიაში გადაწყდა, გამოეშვათ საფოსტო მარკა, რომელიც ოფიციალურად იქნებოდა პირველი რუსული მარკა. მართლაც, პირველი რუსული საფოსტო მარკა 1857 წლის 7 დეკემბერს გამოუშვეს‚ მაგრამ, მას მერე‚ რაც თბილისის მარკების არსებობის შესახებ უკვე ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის, რუსული ისტორიოგრაფია ყველა ღონისძიებით ცდილობდა‚ დაემტკიცებინა‚ რომ ქართული მარკა დეკემბრის ბოლოს იქნა გამოშვებული, მაგრამ‚ ვერაფერი დაამტკიცეს, თუმცა, დღემდე ამბობენ‚ რომ „ტფილისის უნიკა“ დეკემბრის ბოლოს გამოუშვეს, ან, საერთოდ გვერდს უვლიან ამ თემას.
მაგრამ, მარკის სამი ეგზემპლარი განადგურებას გადაურჩა და მეოცე საუკუნის დასაწყისში სამივემ ცნობილი კოლექციონერის, აგაფონ ფაბერჟეს კოლექციაში მოიყარა თავი.
– ფაბერჟეს კოლექციაში როგორ მოხვდა „ტფილისის უნიკა“?
– ფაბერჟეს კოლექციაში სულ სამი ეგზემპლარი ინახებოდა, თუმცა‚ ეს არ არის გამოყენებული მარკები. ჩვენთვის უცნობია‚ როგორ გადაურჩა ეს მარკები განადგურებას. ამ ყველაფერმა სწორედ ცნობილი საგვარეულოს დიდ კოლექციაში მოიყარა თავი  ევროპული მარკების კოლექციასთან ერთად. არც ის არის ცნობილი‚ რა გზით მოხვდა ეს სამი ეგზემპლარი ფაბერჟეებთან – შესაძლოა‚ შავ ბაზარზეც შეიძინეს. აგაფონ ფაბერჟემ მარკები 1928 წელს ჰელსინგფორში (ჰელსინკი), ხოლო 1933 წელს ვენაში, მის მიერვე მოწყობილ  გამოფენებზე წარმოადგინა და უფრო მეტად სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი  ამ მარკების არსებობის შესახებ. ფაბერჟეების საგვარეულო დაახლოებული იყო საიმპერატორო კართან, თუმცა, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იძულებულნი გახდნენ, დასავლეთ ევროპაში გადასახლებულიყვნენ.
1936 წელს „ტფილისის უნიკა” ევროპის წამყვანი მარკების კატალოგში შევიდა, შემდგომ მრავალი კოლექცია მოიარა და მოგვიანებით ორი ეგზემპლარი შვეიცარიაში მცხოვრები ფილატელისტის ზბიგნევ მიკულსკის კოლექციაში მოხვდა. მიკულსკიმ მარკები 1997 წელს გამოფინა, ხოლო 2000 წელს აუქციონზე გამოიტანა და საწყის ფასად 500 ათასი ამერიკული დოლარი დასახელდა. ახალი მფლობელი ანონიმური დარჩა. მესამე, შედარებით შელახული ეგზემპლარი, ლუქსემბურგელი ფილატელისტის, ბელინჟერის კოლექციაში ინახება.
– სულ რამდენი მარკაა დღეისთვის შემორჩენილი?
– არის სხვადასხვა ვერსია, მაგრამ დადასტურებული და ცნობილი იყო სამი ეგზემპლარი და, ერთიც, მეცხრამეტე საუკუნეში შესრულებული, ეგრეთ წოდებული „ტფილისის უნიკის“ პარიზული ასლი. მაგრამ, წელს, თებერვალში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სმითსონის ინსტიტუტის მარკების კოლექციაში აღმოჩნდა რუსეთიდან ემიგრირებული ფილატელისტის ალბომი, რომელიც მის შთამომავლებს მუზეუმისთვის 1983 წელს ჩაუბარებიათ. სხვა მარკებთან ერთად, ალბომში  „ტფილისის უნიკის” ახალი ეგზემპლარიც აღმოჩნდა.
დღეისთვის „ტფილისის უნიკა“ მსოფლიოს უიშვიათეს და უძვირფასეს საფოსტო მარკათა ათეულში შედის‚ შესაძლოა‚ ხუთეულშიც კი. მარკის აუქციონზე გატანის შემთხვევაში, მის საწყისი ფასად 1 მილიონი ამერიკული დოლარი სახელდება.
– როგორც ვიცი‚ იმპერიის მასშტაბით პირველი სატელეფონო კავშირიც  საქართველოში‚ თბილისსა და კოჯორს შორის დამყარდა.
– დიახ, ნამდვილად ასეა. თუმცა‚ რუსი ისტორიკოსები ამ ფაქტის მიჩქმალვასაც ცდილობენ. რუსული ოფიციალური გამოცემების მიხედვით‚ პირველი სატელეფონო კავშირი 1893 წელს 128 ვერსზე, ოდესასა და ნიკოლაევს შორის დამყარდა, სადაც გამოიყენეს ტელეგრაფის ხაზი. ამ უკანასკნელით ერთდროულად გადაიცემოდა დეპეშები და სატელეფონო საუბარი, რომელიც გვოზდევმა განახორციელაო.
სპეციალურ ლიტერატურაში არსად არის აღნიშნული, მაგრამ, პ. კარბელაშვილმა ყურადღება მიაქცია იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ, სანამ გვოზდევი ოდესაში ჩავიდოდა და თავის გამოგონებას დანერგავდა, პეტერბურგიდან ჯერ თბილისში ჩამოსულა და დეპეშებისა და სატელეფონო საუბრის ერთი ხაზით გადაცემა პირველად თბილისი-კოჯრის ტელეგრაფის ხაზზე განუხორციელებია.
1893 წლის 11 ივლისს გაზეთი „ტიფლისსკი ლისტოკი” წერდა: „ამ დღეებში თბილისი და კოჯორი ერთმანეთს დაუკავშირდა გვოზდევის ტელეფონით, რომელიც ტელეგრაფთან ერთდროულად და ერთ ხაზში მოქმედებდა“. იგივე „ტიფლისსკი ლისტოკი” 15 ივლისის ნომერში იტყობინებოდა, რომ, „ამ დღეებში თბილისში ტელეფონის ქსელის მშენებლებმა ჩაატარეს თბილისსა და კოჯორს შორის ტელეფონირების ცდები”.
1893 წლის 15 ივლისს, გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე” წერდა: „ამჟამად ცდის სახით თბილისსა და კოჯორს შორის მოქმედებს გვოზდევის სისტემის ტელეფონი, რომელიც დამზადებულია ფირმა „ობრის” მიერ საზღვარგარეთ, დადგმულია ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში გამომგონებლისა და პეტერბურგში ახალი სატელეფონო ამხანაგობის აუქციონერის, თბილისელთათვის ცნობილი რკინიგზელი მოღვაწის, ბატონ ბუნგეს მიერ”. გაზეთში დაწვრილებით არის აღწერილი გვოზდევის აპარატის უპირატესობა სხვა მსგავს აპარატებთან შედარებით.
„ნოვოე ობოზრენიე“ 27 ივლისს წერდა: „ამ დღეებში გაუმჯობესებული ტელეფონის გამომგონებელი ბატონი გვოზდევი თბილისიდან ოდესაში გაემგზავრა თავისი ტელეფონების იქ დასადგმელად და ტელეფონების ხაზის გასაყვანად ოდესასა და ნიკოლაევს შორის“.
რუსმა გამომგონებელმა გვოზდევმა პირველი ექსპერიმენტი საქართველოში ცნობილი კომერსანტის ბუნგეს ხელშეწყობითა და რჩევით ჩაატარა‚ რომელიც ნიკო ნიკოლაძესთან მეგობრობდა. ბუნგე, იმავდროულად, მეცნიერის კვლევებსაც აფინანსებდა. იმხანად ნიკოლაძე კოჯორში ისვენებდა და ამიტომაც ჩატარდა ექსპერიმენტი თბილისი-კოჯრის სატელეგრაფო ხაზზე – როგორც ჩანს, ეს ექსპერიმენტი ნიკო ნიკოლაძის იდეა იყო. ექსპერიმენტით კმაყოფილი გვოზდევი კი, რუსეთში გაემგზავრა ოდესა-ნიკოლაევის ხაზზე ანალოგიური ცდის ჩასატარებლად.

скачать dle 11.3