როგორ გახდა ცია ოშაყმაშვილი „მის მოტორს ინტერნეიშენალზე“ „ფერარების“ ავტორბოლაში გამარჯვებული და როდის გადაიღებენ მას იტალიური კალენდრისთვის
20 წლის მოდელი ცია ოშაყმაშვილი ახლახან იტალიაში იმყოფებოდა საერთაშორისო კონკურსზე – „მის მოტორს ინტერნეიშენალ“, სადაც საუკეთესო ათეულში მეხუთე ადგილზე გავიდა და სხვადასხვა ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
ცია ოშაყმაშვილი: ვსწავლობ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, მესამე კურსზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ინგლისურ ფილოლოგიურზე. გარდა ამისა‚ მოდელობითაც ვარ დაინტერესებული. დაახლოებით ერთი წელია‚ რაც ამ სფეროში ვარ. მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ჩვენებაში. ცოტა ხნის წინ იტალიიდან, ერთ-ერთი კონკურსიდან მივიღე მოწვევა. ანდრო დეკანოიძემ გადამიღო ფოტოები, პორტფოლიო გამიკეთეს და შემდეგ ეს ფოტოები გაიგზავნა იტალიაში. იმ საღამოსვე მომივიდა დადებითი პასუხი – მოწონება დავიმსახურე, დაინტერესდნენ ჩემით, ინფორმაცია შეაგროვეს. ეს არის საერთაშორისო კონკურსი „მის მოტორს ინტერნეიშენალ 2012“, რომელიც ტარდებოდა იტალიის რვა ქალაქში. საქართველოდან 7 სექტემბერს გავემგზავრე, 17 სექტემბერს კი იტალიიდან დავბრუნდი. კონკურსში მონაწილეობდნენ გოგონები მსოფლიოს 60 ქვეყნიდან. სპონსორები იყვნენ „ფერარისა“ და იტალიური მოტოციკლების წარმომადგენლები. სერიოზული კონკურსია, რომლის პრეზიდენტია ბრუნო დალტო და უკვე 25 წელია, არსებობს. როგორც მე‚ ისე სხვა მონაწილეებიც მოდელები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სამოდელო სააგენტოებიდან და, გარდა იმისა, რომ ეს იყო სილამაზის კონკურსი, მას სპორტული დატვირთვაც ჰქონდა. 60 ქვეყანას შორის მე მოვხვდი საუკეთესო ათეულში მეხუთე ადგილზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა‚ მონაწილეობა მივიღე ავტორბოლაში, რომელიც‚ გარდა იმისა, რომ შეჯიბრი იყო, ასევე‚ კონკურსიც იყო და მასში ყველა გოგონა მონაწილეობდა. სამი წელია‚ ავტომობილს ვმართავ და ამ რბოლაში გავიმარჯვე, სერტიფიკატიც მივიღე. რაც მთავარია‚ წითელი „ფერარებით“ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ კარგად ვმართავდი, ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. ძალიან მომეწონა „ფერარით“ სიარული. შეჯიბრების პირობა ასეთი იყო: მაქსიმალური სიჩქარით უნდა გაგვევლო. თავიდანვე, როგორც კი „ფერარიში“ ჩავჯექი‚ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: რაც შეიძლება ჩქარა გამეტარებინა და სხვა მონაწილეებისთვის მომეგო. თან‚ ამ დროს სულ პაპაჩემი მახსენდებოდა, რომელმაც ტარება მასწავლა და, შესაბამისად‚ ჩემს ამ დიდ წარმატებაში, მას, გოგი ტალიკიშვილს‚ დიდი წვლილი მიუძღვის. გადმომცეს სერტიფიკატი – „2012 წლის საუკეთესო მძღოლი“. გარდა ამისა‚ მოტოციკლებზე გვქონდა ფოტოსესიები და შეჯიბრება. აქაც ერთ-ერთი ნომინაცია ავიღე და გადმომცეს მოტოციკლის ძალიან ლამაზი შლემი, რომელიც თბილისში ჩამოვიტანე. ანუ, კონკურსის თემა იყო – ვინ უკეთ იპოზირებდა მოტოციკლზე და მე „საუკეთესო ფოტო-მოდელი“ გავხდი.
– როგორი გრაფიკი გქონდათ?
– ძალიან დატვირთულები ვიყავით, ყოველდღე სხვადასხვა ქალაქში მივდიოდით. სულ იტალიის რვა ქალაქში ვიყავით. ძალიან მომეწონა. ვენეციაში მთელი დღე გავატარეთ, გონდოლებით ვსეირნობდით, გარდა ამისა‚ გვქონდა ჩვენებები და ფოტოსესიები. ასევე‚ ვიყავით რომის „მაკდონალდსში“, სადაც ჩვენი სპონსორები იყვნენ მოწვეული და გავმართეთ ჩვენება. სპონსორებმა აარჩიეს გოგონები და მათ შორის ვიყავი მეც – სპონსორი, რომელმაც მე ამირჩია, გერმანელი იყო. ის ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა და შემომთავაზა გერმანიაში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება. ასევე‚ დამიკავშირდნენ საბერძნეთიდან და იქაც მიმიწვიეს კონკურსზე. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, სამი დღის შემდეგ დამიკავშირდნენ იტალიიდან და, რადგან ათეულში მოვხვდი, ამიტომ მიმიწვიეს კონკურსზე „მის მოტორს იტალია 2012“. 23 ოქტომბერს მივემგზავრები და მონაწილეობას მივიღებ, გარდა ამისა‚ ჟიურიშიც ვიქნები. ეს მოწვევა პირადად ბრუნო დალტოსგან, კონკურსის პრეზიდენტისგან მომივიდა.
– თუ გრჩებოდათ გართობისთვის დრო?
– კი, როგორ არა. ღამის 12 საათისთვის მივდიოდით იტალიის საუკეთესო კლუბებში და მთელი ღამე იქ ვიყავით. ძალიან ლამაზი, კარგი კლუბები იყო, აღფრთოვანებული დავრჩი. ასევე‚ ვიყავით იტალიის ცნობილ პიცერიაში, საიდანაც დაიწყო პიცის ისტორია და იქ გადმოგვცეს სერტიფიკატები. ზოგადად იტალიამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით მომეწონა რომი და ვენეცია. რაც შეეხება აკრძალვებს, საკმაოდ დიდი სიმკაცრე იყო, სულ დაცვა დაგვყვებოდა. როდესაც შოპინგებზე გავდიოდით‚ არ შეიძლებოდა, დიდხანს გავჩერებულიყავით და ამაზე დიდი დრო დაგვეკარგა. მონაწილეები ძალიან კარგები იყვნენ. პატარ-პატარა ინციდენტები კი ხდებოდა, შურის მომენტებიც იყო, მაგრამ, სერიოზული არაფერი მომხდარა. ქუჩაში რომ გავდიოდით‚ ხალხი დიდი ემოციებით გვხვდებოდა, მაგრამ, არ შეიძლებოდა მათი გაცნობა, ურთიერთობა – ამის გამო ფინალის დღეს მინუსს გვიწერდნენ. ასევე‚ არ შეიძლებოდა მათთან ფოტოების გადაღება, არადა‚ ბევრი მოდიოდა, გვთავაზობდა გადაღებას. სულ უნდა ვყოფილიყავით ფორმაში, მოწესრიგებულები და უნდა გვცმოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. იტალიელ მსახიობებსაც შევხვდით, ისევე როგორც ცნობილ ფოტოგრაფებს. ფრანცესა გაბრიელა იტალიაში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფოტოგრაფია, გადაგვიღო ფოტოები და საიტებზეც განათავსეს. გამარჯვებული გოგონები უნდა გადაგვიღონ წლის კალენდრისთვის – ყველა გოგონა სხვადასხვა თვე იქნება და ამას თვითონ გადაწყვეტენ. თუმცა‚ მე მინდა‚ აგვისტო ვიყო – აგვისტოში ვარ დაბადებული და, თან, ზაფხულის ცხელი თვეა. წინა წლის კალენდარი ვნახე, ძალიან ლამაზია და, დარწმუნებული ვარ‚ ჩვენიც ასეთი ლამაზი იქნება.
– როგორ ჩატარდა საფინალო შოუ?
– საფინალო შოუ ძალიან ლამაზი იყო. თავიდან „მის მოტორსის“ ოფიციალური ფორმით გავედით, შემდეგ – საცურაო კოსტიუმებით და, ბოლოს – საღამოს კაბებით. ჟიურის წევრებისგან დიდი მოწონება დავიმსახურე და, სხვათა შორის‚ გამარჯვებას თუ არა‚ მეორე-მესამე ადგილზე გასვლას მაინც ველოდი. გოგონებიც მეუბნებოდნენ, აუცილებლად აიღებ რამე ნომინაციას‚ თუ არა‚ მოწვევას მაინც მოგცემენო. ჟიურის წევრებიც ანალოგიურს მეუბნებოდნენ, თან‚ ხშირად არ ხდება, რომ გოგონას კიდევ გაუგზავნონ მიწვევა და მან კიდევ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. გამოსვლის დროს ჟიურის წევრები ინიშნავდნენ გოგონების სახელებს. ბევრი არ მოუნიშნავთ, დავინახე, რომ მე მომნიშნეს და ძალიან გამიხარდა. კონკურსის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს: თავი დაგვამახსოვრე შენი ქცევით, თვალებით და ღიმილითო. სულ გვაკვირდებოდნენ‚ როგორ ვიქცეოდით, განსაკუთრებით – რესტორნებში, რას გავაკეთებდით და როგორი ურთიერთობა გვექნებოდა იტალიელებთან. ერთმა გოგონამ ფინალის დღეს ვერ მოასწრო მომზადება, დააგვიანა და სასტუმროში დატოვეს – მოხსნეს კონკურსიდან. საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მყავდა და გამიხარდა‚ ათეულში რომ მოვხვდი‚ თან‚ მეხუთე ადგილზე – ეს ჩემთვის დიდი წარმატება იყო, მით უმეტეს, რომ პირველად ვიღებდი კონკურსში მონაწილეობას. ახლა უკვე მეორე კონკურსისთვის ვემზადები: დავიწყე კაბების შეკერვა. ვვარჯიშობ, დიეტაზეც ვარ; რაც მოდელს სჭირდება‚ ყველაფრით ვარ დაკავებული და ამას თავად კონკურსის ორგანიზატორებიც მოითხოვენ. ბრუნო დალტომ ბოლო დღეს დამიძახა და გადმომცა ულამაზესი და უძვირფასესი ყელსაბამი, სვაროვსკის თვლებით. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, ყველას გაუკვირდა, თუმცა‚ მეუბნებოდნენ – შენ რაღაც პრიზს მაინც აიღებო. ეს ბრუნოს მხრიდან პირადი საჩუქარი იყო.