რით დაამახსოვრა თავი ენრიკე იგლესიასს გია ფარადაშვილმა და სად გამოდიოდა ის შერისთან, მადონასთან და დემის რუსოსთან ერთად
ილუზიონისტი გია ფარადაშვილი უკვე კარგა ხანია, თბილისში აღარ გამოჩენილა. ის თურქეთში იმყოფება და თავის საჩვენებელ შოუებს მართავს იქ ჩასული უცხოელებისა და ადგილობრივებისთვის. როგორც მასთან საუბარში შევიტყვეთ, არც ბედს უჩივის, აქტიურად ცხოვრობს, თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და ცოლ-შვილთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. ხოლო, დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში და რა გეგმები აქვს მას მომავალში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
გია ფარადაშვილი: ყველას ვეუბნები, ანტალია, როგორც კურორტი, მე აღმოვაჩინე-მეთქი და არ ვაჭარბებ. ამ ქალაქის სახელწოდებაც რომ არ იცოდნენ საქართველოში, მე მაშინ ჩამოვდიოდი და ვმართავდი შოუებს. 1991 წლიდან, ყოველ წელს, ერთ თვეს ვატარებდი ამ ქალაქში და სასტუმროებში ვმუშაობდი. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ, მართლა „შოუ-ბიზნესის მამას“ მეძახდნენ თურქები. ძალიან მოსწონთ აქ ჩამოსულ სტუმრებს ჩემი გამოსვლები და ბევრი ემოცია და ტაშიც მიმიღია. ძირითადად, შვიდვარსკვლავიან სასტუმროებში გამოვდივარ. თავს არ ვიქებ, მაგრამ, საერთაშორისო კლასის ილუზიონისტი ვარ და მსოფლიოში პირველი ილუზიონისტი, რომელიც თან ცეკვავს და თან თანამედროვე ილეთებით მუშაობს.
– ბევრმა არ იცის, რომ ოთხი წლის წინ პოპულარული ჯგუფის – „ჯიფსი კინგის” ჩაყვანა შეძელით თურქეთში და თუ არ ვცდები, მათი მენეჯერიც გახდით. ეს როგორ მოახერხეთ?
– დიახ, ოთხი წლის წინ ანტალიაში მყავდა „ჯიფსი კინგი” ჩამოყვანილი და სამი კონცერტი ანშლაგით ჩავატარეთ. „ჯიფსი კინგის” ერთ-ერთი სოლისტი, რაფაელო, უცხოეთში ყოფნის დროს გავიცანი. რომ გაიგო, თურქეთში ვმუშაობდი, გამომიტყდა, რამდენიმე დღით ანტალიაში მინდა დასვენებაო. შევთავაზე – თან რომ დაისვენო და თან კონცერტებიც ჩაატარო-მეთქი?! დაფიქრდა და დამთანხმდა. ერთი თვე დარჩნენ ანტალიაში. ასე გავხდი ამ პოპულარული ჯგუფის მენეჯერი თურქეთში. მე და რაფაელო, თურქეთში ყოფნისას სასტუმროში ერთ ნომერში ვცხოვრობდით. თითქმის მსოფლიო მოვიარე გასტროლებით და უარყოფითი შეფასება ჯერ არავისგან მომისმენია. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჩემი გასტროლი ლას-ვეგასში, როცა კაზინო „ცეზარ პალასში” ჩავატარე კონცერტი და ოქროს მედალიც დავიმსახურე. ამ მედალზე წერია: „ცეზარ პალასის კაზინოს საპატიო წევრი”. ამ კაზინოს მენეჯერმა რომ ნახა, კარტით როგორ ვმანიპულირებდი, თვალები გადაუბრიალა იქ მომუშავე პერსონალს – მაგიდასთან დამჯდარი და მოთამაშე არ ვნახო აქ ეს კაციო (იცინის).
– ამბობენ, წლების წინ, ამერიკაში ყოფნის დროს, ბევრი ცნობილი ვარსკვლავი გაიცანით და მათთან დამეგობრდით, ეს სიმართლეა?
– ამერიკაში ყოფნის დროს, ერთ კონცერტზე გამოვდიოდით მე და შერი. საოცრად ნიჭიერი ქალია, თბილი და მეგობრული. ჩემი კონცერტი რომ მთავრდებოდა, მერე იწყებოდა შერის კონცერტი, იმავე დარბაზში. ამიტომ, ერთმანეთს, გვინდოდა ეს თუ არა, კულისებში ვხვდებოდით (იცინის). არა მარტო შერი გავიცანი უცხოეთში კონცერტების დროს, არამედ, მადონასთან ერთადაც გამოვსულვარ გერმანიაში, ჯგუფ „ბონიემთან” შრი-ლანკაში გამოვდიოდი, დემის რუსოსთანაც მიმუშავია. მახსოვს, 1979 წელს რომ ვნახე დემის რუსო, ძალიან მსუქანი იყო, 1988 წელს კი ისეთი გამხდარი დამხვდა, ძლივს ვიცანი (იცინის). ჩემ გარდა, კონცერტზე, პანტომიმის თეატრი, ცირკის სხვა მსახიობებიც გამოდიოდა და იქ ყველა ვარსკვლავი იყო, მიუხედავად ცნობადობისა. სხვათა შორის, სულ რამოდენიმე დღის წინ, თურქეთში, ერთ-ერთი დიდი ფირმის კორპორაციულ საღამოზე, სადაც მეც გამოვდიოდი, მოწვეული იყო ენრიკე იგლესიასი. ენრიკეს მანამდეც ვიცნობდი. მოსკოვში შევხვდი, კონცერტზე, ერთ გასახდელში მოგვიწია ყოფნა. მივედი საგრიმიოროში და გავახსენე თავი. ვერ გამიხსენა. ვიფიქრე, ახლავე გაგახსენებ ვინც ვარ-მეთქი: „დავაძრე“ ხურდა ფული და ჩავუტარე ფოკუსი – ხელში გავაქრე ხურდა. თვალებდაჭყეტილი მიყურებდა. გაეცინა – ახლა არასდროს დამავიწყდებიო. ფოკუსი ჩემი ენაა და თუ საუბრით არ დავამახსოვრდი ვინმეს, ფოკუსებით მაინც გამიხსენებს და მიცნობს (იცინის).
– არასდროს გიცდიათ ფსევდონიმის აღება?
– უცხოეთში ჯორჯს მეძახიან, თუმცა, არასდროს მიცდია გვარისა და სახელის ფსევდონიმით შეცვლა. ხელებით მომუშვე ყველაზე მაგარი ილუზიონისტი იყო დათიკო ჩიტოშვილი. ის, თურმე, თავად სტალინის ფავორიტიც ყოფილა. მას ჰქონდა ფსევდონიმი – „დიკი”. კიდევ იყო ერთი ხაინდრავა და მას ზედმეტი სახელი ჰქონდა „დრავა ხან”.
– არასდროს გიფიქრიათ უცხოეთში დარჩენაზე?
– არასდროს. მე რომც დავრჩე, ჩემი მეუღლე, ირაჩკა არ დარჩება. ისეთ ლამაზ ქალაქებში გვიცხოვრია, ენით რომ ვერ აღწერ, მაგრამ, იქ დარჩენაზე არასდროს დავფიქრებულვარ, ჩემი საქმე გამიკეთებია და უკან დავბრუნებულვარ. ასე რომ, სადაც არ უნდა დამტოვოთ, დავკრავ ფეხს და საქართველოში ჩამოვსკუპდები. ამას წინათ ჩავბარგდით და წამოსასვლელად გავემზადეთ, მაგრამ ისეთ კონცერტებში შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება, უარი ვერ ვთქვი. მართალია, კონტრაქტი უკვე დავასრულე, მაგრამ, კარგად იხდიან და ამის გამოც დავთანხმდი. რომ ხედავენ ანტალიაში, როგორ სახლში ვცხოვრობ, თავისი აპარტამენტებითა და აუზებით და რა მაგარი მანქანით დავდივარ, ყველას მილიონერი ვგონივარ (იცინის). მილიონერობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, მე და ჩემი ცოლ-შვილი არაფერს ვიკლებთ და ვცდილობთ, ყველა ოცნება ავიხდინოთ. არც ღარიბი ვყოფილვარ ოდესმე და არც მილიონერად ჩამითვლია თავი, მაგრამ, საქართველოში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვა ქვეყანაში და მალე ჩამოვალ. არც ბავშვობაში მიგრძნია გაჭირვება, რადგან, მამაჩემი, გივი ფარადაშვილი, საბჭოთა კავშირში ცნობილი იუველირი გახლდათ და ბრეჟნევის ცოლის პირადი იუველირი იყო. მას „ბრილიანტების მამას“ ეძახდნენ. დედაჩემი – დორა კი თბილისში პირველი სტილისტი გახლდათ. რა ვქნათ, გვიყვარს ფარადაშვილებს პირველობა და არ გვეთმობა (იცინის).
– სცენაზე დახმარებას ცოლი გიწევთ. ახლა შვილიც წამოგეზარდათ. ხომ არ აპირებს, მომავალში ისიც მამის კვალს დაადგეს?
– ირინკა, ჩემი ცოლი, სულ ჩემ გვერდითაა, არაჩვეულებრივად მომხიბვლელია სცენაზე. ჩემი შვილი კი სულ დარბაზში ზის, წინა რიგში და ყურადღებით მაკვირდება. თან სცენიდან ვუყურებ და, რასაც მე ვაკეთებ, იმავეს იმეორებს ხელებით. ხანდახან ავიწყდება, სად არის და წამოიყვირებს ხოლმე: მამა, მამა, გამომივიდაო (იცინის). სახლში კი დადის და ხელებით იმეორებს ჩემს ნომრებს. ილუზიონისტობა, გარდა თანდაყოლილი ნიჭისა, დიდ შრომის უნარსა და სწავლას მოითხოვს. ამ დარგში „სამაუჩკა” ვერ გახდები. ხელები ისე სწრაფად, ოსტატურად და ორიგინალურად უნდა ამოძრაო, მაყურებელი ამ სისწრაფით დააბნიო და გააოცო. ჰოდა, მინდა, ბავშვობიდანვე შევასწავლო ეს პროფესია და, თბილისში რომ ჩამოვალთ, ქართლის დედის გაქრობის მსგავსი კიდევ ერთი გასაოცარი სანახაობა ვაჩვენოთ მამა-შვილმა. ამაზე უკვე დიდი ხანია, ვმუშაობთ.
– თუ საიდუმლო არ არის, რას აპირებთ საქართველოში დაბრუნებული მამა-შვილი?
– ნიკა აქ, ანტალიაში გახდა 6 წლის. ძალიან მონდომებული ბავშვია და, მჯერა, მალე გაითქვამს სახელს საერთაშორისო კონკურსებზე როგორც პატარა ქართველი ილუზიონისტი. არის ერთი ამერიკელი ილუზიონისტი, კრის ანჯელი, რომელმაც წყალზე გაიარა. ჰოდა, ახლა მე და ნიკუშა ვამზადებთ ნომერს – ვაპირებთ პანტომიმის ნაბიჯებით თბილისის ზღვაზე ფეხით გადავლას. ეს არავის გაუკეთებია და მე და ჩემი შვილი, აუცილებლად შევძლებთ.