სად გამოსცადა საკუთარი თავი ნინი მახარაძემ და რას განიცდიდა ის მძაფრად
„მეორე ვიცე-მის საქართველო“ ნინი მახარაძე „მის საქართველოს“ კონკურსის შემდეგ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო კონკურსში „მის ევროპის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. ნინი ამჟამად გერმანიაში წასასვლელად ემზადება, სადაც საქართველოს სახელით კიდევ ერთ საერთაშორისო კონკურსზე წარდგება.
ნინი მახარაძე: 21 წლის ვარ, ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამერიკისმცოდნეობის განხრით. 15 წლის ვიყავი‚ როდესაც სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ შემიყვანეს, რათა დავხვეწილიყავი, სიარული მესწავლა, მოკლედ‚ გოგონას რომ დავმსგავსებოდი. გვასწავლიდნენ სიარულს, პოზირებას, მაკიაჟის გაკეთებას. შემდეგ მონაწილეობა მივიღე „ელიტ მოდელ ლუქში“, გავედი ტოპ-ხუთეულში და ახლა უკვე გამოვედი „მის საქართველოზე“. ზოგადად‚ ასეთი კონკურსები ძალიან დიდ გამოცდილებას გძენს, თან – აბსოლუტურად ყველაფერში. თითოეული ჩვენგანი ძალიან დაიხვეწა კონკურსის დაწყებიდან დღემდე. რაც მთავარია‚ საინტერესო ხალხი გავიცანი.
– სირთულეები არ იყო, თუნდაც ის, რომ 19 უცხო გოგონასთან ერთად გიწევდა სამი კვირის გატარება?
– ეს არ იყო ჩემთვის რთული, პირიქით‚ მაინტერესებს ხალხთან ურთიერთობა, განსხვავებული, საინტერესო ადამიანების გაცნობა, მათი ფსიქოლოგია. საკმაოდ მყარი ნერვები მაქვს, ბევრი გოგონა კონკურსის განმავლობაში სტრესის ქვეშ იყო, მე – ნაკლებად, რადგან, ყველაფერს მსუბუქად ვუყურებ. ჩემს ცხოვრებაში იყო რთული მომენტები. თინეიჯერობის ასაკში ამას უფრო მძაფრად განვიცდიდი, მაგრამ, ახლა მივეჩვიე, გავმაგრდი და ვიცი, როგორ მოვიქცე განსაცდელის, რთული სიტუაციის დროს.
– როგორ იქცევი იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც არ გამოგდის, სერიოზული წინააღმდეგობები გხვდება?
– ნებისმიერ საკითხს ძალიან მარტივად ვუყურებ. როცა რაღაც მინდა გავაკეთო, მე ჩემსას ვცდილობ, არ ვნებდები და, მერე ვნახოთ‚ რა იქნება. ასევე‚ ვცდილობ, მაქსიმალურად პოზიტიური ვიყო. მიზანდასახული ადამიანი ვარ, როცა რაღაცას ვაკეთებ, მთელ სულსა და გულს ვდებ და, საბოლოო ჯამში‚ მიმართლებს.
– რა თვისებები შეგმატა ამ კონკურსმა?
– მანამდე ნაკლებად დამოუკიდებელი ვიყავი, ამიტომაც‚ სულ მინდოდა, საკუთარი თავი ამ კუთხით გამომეცადა, უფრო დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. შესაბამისად‚ ამ კონკურსის კიდევ ერთი პლუსი ის იყო, რომ ჩემი თავი ბევრ რამეში გამოვცადე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
– რატომ გადაწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა?
– „მის საქართველოს“ ბევრი მონაწილე თავის კარიერაში ძალიან წარმატებულია. ამიტომ‚ მეც ვიფიქრე, რომ ჩემს კარიერას წაადგებოდა, თან‚ არა მხოლოდ სამოდელოს. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება ჩემი, მშობლების, მეგობრების, ნათესავების – ყველას ძალიან უნდოდა, ამ კონკურსზე გამოვსულიყავი და, ბოლოს მეც გამიჩნდა სურვილი. ადრე უფრო ერეოდნენ ჩემი მშობლები ჩემს გადაწყვეტილებებში, თან‚ მაშინ ბავშვი ვიყავი და საჭიროც იყო, რადგან, ჯერ არ ვიყავი ჩამოყალიბებული და მჭირდებოდა დირექტივების, რჩევების მოცემა. ახლა უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ და ჩემით ვიღებ გადაწყვეტილებას, თუმცა‚ რჩევებს მაძლევენ და მეც‚ ხშირ შემთხვევაში‚ ვითვალისწინებ. მშობელი ცუდ რჩევას არასდროს მოგცემს. შესაბამისად‚ თუ ეს ჩემთვისაც მისაღებია და ჩავთვლი საჭიროდ, რომ უნდა გავითვალისწინო, ვითვალისწინებ კიდეც.
– როდესაც „მის საქართველოს“ კონკურსზე გამოდის გოგონა და, თან, საუკეთესო სამეულში შედის, მის მიმართ ხშირად არის კრიტიკა.
– რას იზამ‚ ყველას მოსაწონი ვერ იქნები, მაგრამ‚ მესმის მათიც. კრიტიკაზე არანაირი რეაქცია არ მაქვს, მაკრიტიკონ, არ მაღიზიანებს. ჯანსაღი კირტიკა კარგია და ამის შედეგად ყოველთვის იზრდები. მაგალითად‚ როდესაც „კიკალა სტუდიაში“ გვქონდა გადაღება, იქ იყო კრიტიკა, რჩევები და რა თქმა უნდა‚ ეს ყველაფერი მისაღები იყო, რადგან, ეს ისევ შენთვის არის უკეთესი. მაგრამ, კრიტიკა ლანძღვისგან უნდა გავარჩიოთ ქართველებმა.
– როდესაც ადამიანი ცნობილი სახე ხდება, მას ხშირად ასი თვალი უყურებს, აკვირდება და ამის გამო ბევრი კომპლექსდება.
– მე არ ვკომპლექსდები, რადგან, მიმაჩნია, რომ არ ვარ ცუდი რამის გამკეთებელი ადამიანი. ამიტომ, არ მჭირდება ჩემს ცხოვრებაში რამე შევცვალო, დავმალო – ამის არ მეშინია, ისეთი ვარ, როგორიც ვარ.
– როგორც ვიცი, გოგონებმა „მის საქართველოს“ მოსამზადებელ პერიოდში და კონკურსზეც ძალიან სასიამოვნოდ გაატარეთ დრო.
– ძალიან დატვირთული რეჟიმი გვქონდა, მაგრამ, ძალიან კარგი იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა დილით ადრე გაღვიძებაა, ძალიან მიყვარს ძილი – აი, ეს იყო ჩემთვის მთავარი სტრესი. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, ძალიან კარგი გოგონები გავიცანი და მათთან ერთად გატარებული ბევრი ლამაზი დღე გამახსენდება.
– დაგვიანებაც ხომ არ გიყვარს?
– ამ კონკურსმა ის პლუსიც მომცა, რომ ვისწავლე დილით ადრე გაღვიძება, რეჟიმში ჩავჯექი, ვცდილობ‚ ნაკლებად დავაგვიანო ხოლმე. ხანდახან ვაძლევ საკუთარ თავს ამის უფლებას, მაგრამ, ახლა ვცდილობ, გამოვსწორდე.
– შეცვალა ამ კონკურსმა შენი ცხოვრების სტილი?
– რადიკალურად – არა, მაგრამ, რაღაცეები შეიცვალა. დავდივარ გადაღებებზე, ინტერვიუებზე, სხვადასხვა ქალაქში. ახლახან ანტალიაში ვიყავით, მე, თიკა ნოზაძე და ქალბატონი ია კიწმარიშვილი. „ნიუ-იორკ ფეშენ ლაიფი“ ატარებდა სილამაზის კონკურსს – „მის ფეშენ ელექშენ“, სადაც მონაწილეობა მივიღე და ავიღე ტიტული „მის ევროპა“, ასევე‚ გავხდი ჩვენი სასტუმროს სახე. მოვიგე ერთკვირიანი საგზური იმავე სასტუმროში და ამ წლის განმავლობაში შემიძლია‚ წავიდე და დავისვენო. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, სხვათა შორის, ამ ტიტულის მიღებას არ ველოდი‚ როცა კონკურსზე გამოვდივარ, არ ვფიქრობ, რა იქნება მისი შედეგი, რადგან ეს, შეიძლება‚ სტრესიულიც იყოს. ასეთ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მაქსიმალურად წარმოვაჩინო საკუთარი შესაძლებლობები, გამოცდილება მივიღო, მერე რა მოხდება, ეს უკვე ჟიურის გადასაწყვეტია. კონკურსს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებსაც ჩემთან მუშაობა უნდოდათ. ქალბატონი ია ესაუბრა მათ და, ვნახოთ‚ რა იქნება. თვის ბოლოს გერმანიაში მივდივარ საერთაშორისო კონკურსზე „მის ინტერკონტინენტალი”, ძალიან მიხარია და ვემზადები.
– როგორ ცხოვრობდი „მის საქართველომდე“?
– ვსწავლობდი. მყავს ბევრი მეგობარი, დიდი სამეგობრო წრე მაქვს, ძალიან კარგი ადამიანები არიან და ვცდილობდი, კვირის განმავლობაში მათთან რამდენიმე საათი გამეტარებინა. ვსაუბრობთ ბევრს, ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, საინტერესო თემებს განვიხილავთ, ვცეკვავთ, ვმღერით.
– გეხერხება სიმღერა?
– დიახ, მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე და ოთხწლიანი მუსიკალური სასწავლებელი – ფორტეპიანოს განხრით. კონსერვატორიაში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ‚ ამისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო და, თუ აირჩევ ამ პროფესიას, მერე მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა. ძალიან მიყვარდა დაკვრა, იყო პერიოდი‚ როდესაც ამ საქმეს დიდ დროს ვუთმობდი, მაგრამ, მქონდა ისეთი პერიოდიც, როდესაც აქეთ-იქით სიარული, მეგობრებთან ერთად ყოფნა მერჩივნა და, მივხვდი, რადგან ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა გართობა უფრო მეტად მიყვარდა, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ეს არ იყო ჩემი პროფესია. რაც შეეხება სიმღერას, ძირითადად, მეგობრების წრეში ვმღერი.
– შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული ჯერჯერობით არ მყავს და არც ვფიქრობ, რომ მყავდეს, შესაბამისად‚ არავის მოვუშვებ ახლოს. ვცდილობ‚ არავინ შევიყვარო. ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე კარიერას მივხედო, სიყვარული და შეყვარებული ყოველთვის მოესწრება.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– გარეგნობას მეტ-ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. უნდა იყოს ჩემსავით მხიარული, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ჯენტლმენი უნდა იყოს, განათლებული, რადგან, მიყვარს განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მოკლედ‚ დადებითი ადამიანი უნდა იყოს, ყურადღებიანი – ეს აუცილებელია, მაგრამ‚ ზომიერების ფარგლებში. თავად საკმაოდ ყურადღებიანი ვარ ჩემი ყველა საყვარელი ადამიანის მიმართ. სიურპრიზების გაკეთებაც მიყვარს და, მომეწონება, თუ მეც გამიკეთებენ სიურპრიზს – რატომაც არა‚ კარგია, როდესაც ადამიანი შენზე ზრუნავს და ხვდები, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ.