მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-41(615)
მალიშევის მოღუშულმა სახემ მაშინვე მიახვედრა ციგანოვი და მარჩუკი, რომ მშვიდი საუბარი არ ელოდათ.
– ვითარება შეიცვალა, – წამოიწყო მასპინძელმა, – პროკურატურის დოსიესთან დაკავშირებით „ბაზარის“ წამოწყება მოგიწევთ!
– რატომ?.. რა შეიცვალა? – ჰკითხა მარჩუკმა.
– ეგ თქვენ არ გეხებათ, – ცივად უპასუხა მალიშევმა.
– ასე ვერ შევთანხმდებით, ბორია, – ჩაურთო ციგანოვმა, – ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ!
– მე შენთვის ბორია არ ვარ! – შეუღრინა შინაურული მიმართვით გაღიზიანებულმა მალიშევმა, – შეგახსენოთ, ვის ელაპარაკებით?!
– არ არის საჭირო, მაგრამ, საქმის გაკეთება თუ გინდა, სხვანაირად უნდა გველაპარაკო. მე მგონი, ამისთვის ვართ აქ, – შემრიგებლური ტონით თქვა ციგანოვმა.
– გეგეშიძის გამოხდომამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, – შუბლი მოისრისა მალიშევმა, – მისგან სულ სხვა რამეს ველოდი, ის კი, ამ დროს, კლიმის სასტავს დაეტაკა!
– რას გულისხმობ დატაკებაში? – ჰკითხა მარჩუკმა, – სისხლი დაღვარა?
– არა, – თავი გააქნია მალიშევმა, – საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა, უბრალოდ, კლიმს „ნორდსტრიმის“ საქმიდან გასვლა ურჩია.
– კლიმი რას ფიქრობს? – ჰკითხა ციგანოვმა.
– კლიმი ზადნის არ მისცემს, მაგრამ, მას დახმარება დასჭირდება. თქვენგან მხოლოდ ერთს მოვითხოვ: გეგეშიძეს მოსვენება არ უნდა მისცეთ.
– სხვანაირად ხომ არ ჯობია მისი საკითხის მოგვარება? – თქვა ციგანოვმა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა მალიშევმა.
– ტყვია შუბლში! – ცივად თქვა ციგანოვმა.
– მაგის დროც მოვა, მაგრამ, ჯერჯერობით გეგეშიძეზე მეტად „ნორდსტრიმის“ აქციები მაინტერესებს.
– მერე, მაგ საქმეში გეგეშიძე არ გიშლის ხელს?! – გაუკვირდა მარჩუკს.
– ჰო, მაგრამ, ის მთავარი ფიგურა არ არის. როგორ გგონია, რა მოხდება, გეგეშიძე რომ მოკვდეს?
– კლიმი ბოლომდე მიიყვანს საქმეს, – უპასუხა მარჩუკმა.
– კლიმს არ ვგულისხმობ. რას გააკეთებს კაცი, რომლის ინტერესებსაც იცავს გეგეშიძე? – განაგრძო მალიშევმა.
– აზრზე არ ვარ, – მხრები აიჩეჩა მარჩუკმა.
– სხვას მოძებნის, თავზეხელაღებულების მეტი რაა უკრაინაში!.. ერთი მხრივ, კარგიც კია ამ საქმეში გეგეშიძის ყოფნა. ნაღდად აქვს ძლიერი მხარეები, მაგრამ, აქვს სისუსტეც ყველას – ძალიან მოაბეზრა თავი, მათ შორის – ქურდებსაც... რას იტყვით ამაზე?
– მართალი ხარ, – თავი დაუქნია ციგანოვმა, – ჩვენ შორის ბევრია ისეთი, რომელიც სიამოვნებით დაღვრის მის სისხლს.
– არ ღირს ამ შანსის ხელიდან გაშვება. ამიტომაც გეუბნებით: ქურდების წრეში დოსიეების თემაზე წამოწიეთ ბაზარი. უნდა თუ არ უნდა, გეგეშიძეს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ამ ბაზარში ჩართვა. სულ მცირე, ეს დროს მოგვაგებინებს და კლიმს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
ციგანოვი მცირე ხნით ჩაფიქრდა და მერე თქვა:
– გასაგებია, მაგრამ არა მგონია, გეგეშიძე მოსკოვში ჩამოვიდეს. მით უმეტეს – ახლა. მან ხომ იცის, რომ „ეფესბე” ეძებს. უკრაინაში კი ბევრი არ მოისურვებს მასთან დაპირისპირებას.
– თავად ქურდებს არ აინტერესებთ იმ დოსიეებში ჩახედვა? – ჰკითხა მალიშევმა, – ვინმესთან გქონდათ ამაზე ბაზარი?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მარჩუკმა.
– მერე, როგორია მათი აზრი?
– ვინ როგორ უყურებს ამ საქმეს და ვინ – როგორ, – თქვა მარჩუკმა, – ზოგს სერიოზულად აშინებს ამ დოსიეების გაბაზრება; ზოგს არ სჯერა, რომ ის დოსიეები ნამდვილია, ზოგს მიაჩნია, რომ მთელი ეს ისტორია „ეფესბეს” მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, უმეტესობას კი საერთოდ არ ადარდებს ეს ამბავი.
– არ ადარდებთ?! – გაუკვირდა მალიშევს, – იქ ხომ იმ ხალხზეა საუბარი, რომლებიც ძალოვანებთან თანამშრომლობენ!
– ასეთ დოსიეებს თქვენთვის აქვს ღირებულება, ქურდებს კი ასეთ ბრალდებაზე უბრალო პასუხი აქვთ: „ეფესბეს” შედგენილ დოკუმენტზე დაყრდნობით პრეტენზიას არავის წაუყენებენ!
– თვითონ გეგეშიძეს როგორ უჭირავს თავი? – ჰკითხა მალიშევმა, – დაუკავშირდა ქურდებს ამ საკითხზე?
– არა, – უპასუხა ციგანოვმა, – თავი ისე უჭირავს, თითქოს არაფერი მომხდარა.
– კარგი... „ბაზარის“ საკითხს დავუბრუნდეთ, – განაგრძო მალიშევმა, – რას იზამთ?
– რას იტყვი? – მარჩუკს გახედა ციგანოვმა.
მარჩუკი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– რაა სათქმელი... ავწევთ!...
* * *
მოსკოველი ქურდები ზურაბ კოპაძე და რომან ბუცა საგანგებო დავალებით ჩავიდნენ ხარკოვში – ქურდები ლუკასგან დოსიეებს ითხოვდნენ.
– ვინ ასწია ბაზარი ამ საქმეზე? – დაინტერესდა ლუკა.
– მარჩუკმა და ციგანოვმა, – უპასუხა ზურაბმა.
– სხადნიაკმა გადაწყვიტა?
– ჰო... მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს, – უპასუხა ბუცამ.
– რაში სჭირდებათ ქურდებს ის დოსიეები? – განაგრძო ლუკამ.
ზურამ და ბუცამ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ზურაბმა განაგრძო ლაპარაკი:
– არ დაგიმალავ, ლუკა – ქურდებს არ მოსწონთ ეს საქმე. ხმამაღლა პრეტენზია არავის გამოუთქვამს, მაგრამ, ვიღაცეები ჩურჩულებენ: ეგ დოსიეები შემთხვევით არ მოხვდა გეგეშიძესთანო!
– შენ იცი, რომ არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული. თუ დაიწყე, ბოლომდე თქვი სათქმელი! – მოიღრუბლა ლუკა.
– მოკლედ, ქურდებს ჰგონიათ, რომ „ეფესბე” შენი ხელით აპირებს ვიღაც-ვიღაცეების თავიდან მოშორებას! – უპასუხა ბუცამ.
– მაგ ბრძნული აზრის ავტორები მარჩუკი და ციგანოვი იქნებიან! – თქვა ლუკამ.
– ოფიციალურად ვერაფერს გეტყვი, მათგან ასეთი ბაზარი არ მომისმენია.
– და, ქურდებს ჰგონიათ, რომ დოსიეები „ეფესბემ” მომცა? – ჰკითხა ლუკამ.
– ჰო... ვინ დაიჯერებს ტელევიზორიდან მოსმენილ ბაზარს! – თქვა ზურაბმა.
– კარგი... – თქვა ლუკამ. მერე ადგა, თანამოსაუბრეებს მოშორდა და ტელეფონით დარეკა. მცირე საუბრის შემდეგ მობილური გამორთო და ქურდებს მიუბრუნდა:
– ესე იგი, მოსკოვში ჩემს ჩასვლას ითხოვენ?
– ჰო... სხადნიაკი შედგება, – დაუდასტურა ბუცამ.
– „ეფესბე” გაცოფებული მეძებს. უკრაინაში შევხვდეთ. გარანტიას ვიძლევი, რომ ადგილობრივი მილიცია არავის შეეხება, – თქვა ლუკამ.
– ახლა ვერაფერს გეტყვი. ქურდებს უნდა დაველაპარაკოთ, – თქვა ბუცამ.
– ისე, არა მგონია, მარჩუკმა და ციგანოვმა აქ ჩამოსვლა გაბედონ, – ცივად ჩაიცინა ლუკამ, – ეს ამბავი ჩემგან კი არა, მათგან წამოვიდა.
– მათგან?! – ბუცამ და ზურაბმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს, – ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ, ასეთი რამ სხადნიაკზე არ თქმულა.
– მარჩუკი და ციგანოვი თვე-ნახევრის წინ იყვნენ ჩემთან და სლივას დანაბარები გადმომცეს. ის ერთ საქმეში ჩარევას მთხოვდა. საქმე თუ მოგვარდებოდა, ძაღლები სლივას დოსიეების გადაცემას ჰპირდებოდნენ...
– რა სირობაა!.. – ჩაილაპარაკა ბუცამ, – „ძაღლები“ არასდროს გაშიფრავენ თავიანთ ნაბოზრებს!
– მეც ეგ ვუთხარი და უკან, მოსკოვში გავისტუმრე.
– მაგრამ, როგორ მოხვდა ის დოსიეები შენთან? – ჰკითხა ზურაბმა.
– მაგასაც აგიხსნით, – უპასუხა ლუკამ.
ვიდრე ქურდები საუბრობდნენ, ოთახში ჯაბა შემოვიდა, რომელსაც უკან რიბკინი მოჰყვებოდა. ქურდები გაოცებულები დარჩნენ გამომძიებლის დანახვაზე. მათ კარგად იცოდნენ, ვინ იყო რიბკინი, ისიც იცოდნენ, რომ ოფიციალურად ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და რომ პროკურატურამ და „ეფესბემ” დღემდე ვერაფრით გაარკვია მისი ადგილსამყოფელი.
– ჩამოჯექი, – სავარძელზე მიანიშნა ლუკამ.
გამომძიებელი დაჯდა და ლუკას მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.
– ესენი ჩემი ახლობლები არიან, – ქურდებზე მიანიშნა ლუკამ, – მოუყევი, როგორ მოხვდა ის დოსიეები შენთან.
რიბკინი ქურდებს მიუბრუნდა და ლაპარაკი დაიწყო.
– მურტალი საქმეა, – ჩაილაპარაკა ბუცამ, როგორც კი რიბკინმა თხრობა დაამთავრა.
– დაგვტოვე, – გამომძიებელს გადაულაპარაკა ლუკამ და, როცა ის ოთახიდან გავიდა, ისევ ქურდებს მიუბრუნდა, – ეს ყველაფერი არ არის: მარჩუკისა და ციგანოვის ჩამოსვლიდან მესამე დღეს სლივა მოკლეს. მე ვერ მოვასწარი იმის გარკვევა, თუ საიდან დაიწყო დოსიეებთან დაკავშირებული ბაზარი. ისე კი, მგონია, რომ მას საერთოდ არაფერი უთქვამს მარჩუკისა და ციგანოვისთვის. უბრალოდ, ვიღაცამ მისი ავტორიტეტი გამოიყენა. ყველამ კარგად იცოდა, რომ სლივას არასდროს ვეტყოდი უარს დახმარებაზე, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.
– ოფიციალურად სლივა ციროზით დაიღუპა, – თქვა ზურაბმა.
– შენ არ გესწავლება, როგორ აგვარებს ასეთ საქმეებს „ეფესბე”, – გახედა ლუკამ.
– შენ როგორ გგონია, ვის დასჭირდა რეალურად ამ ბარდაკის მოწყობა? – ჰკითხა ბუცამ.
– დოსიეები არაფერ შუაშია, ასეთ საბუთებს პროკურატურა ჩვენ არასდროს ჩაგვიგდებდა ხელში. რეალურად, საქმე უკრაინული გაზსადენის აქციებს უკავშირდება, მაგრამ, ამაზე ბაზარი შორს წაგვიყვანს. თანაც, ეს საქმე არაფრით უკავშირდება სლივას. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს: სხადნიაკის წინ ქურდები გააფრთხილეთ, ტყუილად ნუ გამოიდებენ თავს მარჩუკისა და ციგანოვის დასაცავად, – ლუკამ მცირე პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა – იმათ აღარაფერი ეშველებათ, ისინი იმ სხადნიაკიდან ცოცხლები ვერ წავლენ!
* * *
კლიმი გაშმაგებული სახით უსმენდა მერკულოვს, რომელიც წინა დღით მომხდარი თავდასხმის შესახებ უამბობდა. ეს მისი უკანასკნელი დავალება იყო, რომელიც პირადად მალიშევისგან ჰქონდა მიღებული. ამჯერად მათი სამიზნე თავად სტეფანე გუსმანი იყო. მალიშევის ბრძანებით, ის სასწრაფოდ უნდა მომკვდარიყო. მაგრამ, მერკულოვის ქილერებმა მიზანს ვერ მიაღწიეს – პირადმა მცველებმა შეძლეს გუსმანის გადარჩენა.
– როგორ მოხდა ეს? – მერამდენედ იკითხა გააფთრებულმა კლიმმა, – როგორ დაუშვით ასეთი შეცდომა? ასეთი მომზადების შემდეგ გუსმანს წასვლის შანსი მიეცით?! მორჩა, ასეთი შესაძლებლობა აღარ მოგვეცემა. თავდასხმის შემდეგ გუსმანს დაცვას გაუსამმაგებენ!.. შენ, პირადად შენ იყავი პასუხისმგებელი ამ საქმეზე და ყველაფერი ჩააფლავე!
– დამიჯერე, კლიმ, ბიჭების ბრალი არ იყო. პირადი დაცვა ვერაფერს უშველიდა გუსმანს. მაგრამ, შემთხვევით, იმავე ქუჩაზე სამინისტროს სპეცნაზის – ბერკუტის სასტავმა გამოიარა. რა უნდა გვექნა, ბერკუტთან ომს ხომ არ გავმართავდით?! იძულებული გავხდით გუსმანისთვის თავი გაგვენებებინა! – თავი იმართლა მერკულოვმა.
– რომელიმე იდიოტი ხომ არ აიყვანეს? – ჰკითხა კლიმმა.
– არა... ყველა წავედით.
– კიდევ კარგი ეს მაინც მოახერხეთ, – კლიმი ჩაფიქრდა და მერე დაამატა – თუმცა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. არც ისეთი სულელია გუსმანი, რომ ვერ მიხვდეს, ვინ იყო ის ხალხი.
– უშიშროება ამუშავდება ჩვენზე, – ჩაილაპარაკა მერკულოვმა.
– შენი ხალხი სასწრაფოდ უნდა გაიყვანო რუსეთში – ახლა რომელიმეს ჩავარდნა მაგრად აგვირევს საქმეებს.
– მალიშევს რა მოვუხერხოთ? – ჰკითხა მერკულოვმა.
– მას მე მივხედავ, – კლიმმა სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ მისი მობილური ტელეფონი აწკრიალდა. კლიმმა ეკრანს დახედა და შემდეგ უპასუხა:
– გისმენ...
მისთვის მოულოდნელად, ყურმილიდან ლუკას ხმა გაისმა:
– როგორც ჩანს, მაგ თავში ტვინის ნასახი არ გქონია... რას ფიქრობდი, როცა ამ საქმეზე მიდიოდი?!
– შენ... შენ... – წამოიწყო კლიმმა, მაგრამ, ლუკამ აღარ გააგრძელებინა:
– შენი განმარტებები არ მჭირდება, ისედაც „იასნია“ ყველაფერი. შენი ბედი, რომ არავინ დაიღუპა, თორემ, ლაპარაკს აღარ დაგიწყებდი. ყურადღებით მისმინე, კლიმ, ეს შენი ბოლო შანსია – შენს კრეტინებთან ერთად გადაიკარგე უკრაინიდან. კიევში გამოჩენა არ გაბედო, თორემ, საკუთარი ხელით გაგათხრევინებ საფლავს!.. გაიგე, რაც გითხარი?!
– ვის აშინებ, შენი!... – შეიგინა კლიმმა, – გირჩევნია, თვითონ მოხიო უკრაინიდან. იცოდე, მანამდე არ მოგეშვები, ვიდრე მიწაში არ ჩაგაწვენ!
– შენ მართლაც სულელი ყოფილხარ... – მშვიდად ჩაილაპარაკა ლუკამ და მობილური გათიშა.
კლიმმა გაშმაგებით დაახეთქა მობილური იატაკზე და აყვირდა:
– რამდენს ბედავს ეს ნაბიჭვარი! მე მემუქრება. მოვკლავ, ნაკუწებად დავფლეთ!..
– დამშვიდდი, კლიმ, – ფრთხილად შეაპარა მერკულოვმა, – ჯობია, იმაზე ვიფიქროთ, თუ რა მოვუხერხოთ გეგეშიძეს – ნაღდად ვიცი, ეგ აღარ მოგვეშვება.
კლიმი ჩაფიქრდა, მერე მერკულოვს მიუბრუნდა და უთხრა:
– ყველა საქმე გვერდზე გადადე. დღესვე უნდა ჩახვიდე კიევში და ტიხონოვს შეხვდე...
ოლეგ ტიხონოვი უკრაინის რადაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კლიმთან და მისი კომპანიის თანამფლობელიც იყო.
– რა გადავცე ტიხონოვს? – ჰკითხა მერკულოვმა.
– მოკლედ, არ ღირს ლოდინი – გეგეშიძე სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ თავიდან. უშიშროებასა და გუსმანს მოევლება, მთავარია, გეგეშიძეს მივაყენებინოთ. მაგრამ, მასთან ომს არ ვაპირებ, მაგ ნაბიჭვარს მილიციის ხელით მოვაშთობ. ვნახოთ, რამდენს გაქაჩავს გუსმანი.
– ვერ მივხვდი, რა უნდა გააკეთოს ტიხონოვმა? – ჰკითხა მერკულოვმა.
– ცოტა ხანში გეგეშიძესთან ქურდები ჩავლენ. როგორც ვიცი, სხადნიაკზე თხუთმეტი ქურდი მაინც მოიყრის თავს. ტიხონოვისთვის კარგი შანსია. ამდენი ქურდის აყვანით მაგარ აჩკოს დაიწერს მთავრობასთან. შეხვედრისას გააფრთხილე, რომ ამ ინფორმაციის სანაცვლოდ გეგეშიძის თავს ვითხოვ. არავითარი აყვანა, გეგეშიძე იქვე უნდა დაბრიდონ!... გასაგებია?
– გასაგებია, – თავი დაუქნია მერკულოვმა.
– ჰო კიდევ... – სწრაფად დაამატა კლიმმა, – ეს ოპერაცია ცენტრალურმა აპარატმა უნდა ჩაატაროს. ხარკოვის ოლქის მილიციაზე და პროკურატურაზე ბაზარი არც ღირს – იქაურობა გეგეშიძეს ნაყიდი ჰყავს!.. ტიხონოვთან შეხვედრის შემდეგ დამიკავშირდები და მის პასუხს მაცნობებ... ესეც გასაგებია?
– ჰო... ყველაფერი გავიგე.
– თუ გაიგე რაღას ელოდები? საქმეს მიხედე! – ცივად მოსხიპა კლიმმა..
მერკულოვმა თავი დაუქნია. მერე ადგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
* * *
ზურა და ბუცა გაოცებულები შეეგებნენ მოსკოვში მოულოდნელად ჩასულ ლუკას. მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ზურა და ბუცა მოსკოველ ქურდებთან ერთად ხარკოვში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ და ლუკასა და მისი ხალხის მოსკოვში ჩასვლას არავინ ელოდა.
– რა მოხდა, რამე შეიცვალა? – მისალმების შემდეგ ჰკითხა ზურამ ლუკას.
– ხარკოვში ვერ შევიკრიბებოდით – იქ უკვე მზადაა ზასადა. სხადნიაკზე შეგროვების საშუალებას მოგვცემდნენ და მერე ყველას აგვყრიდნენ.
– საიდან იცი? – ჰკითხა ზურამ.
– სუფთად ვერ იმუშავეს – დროზე ადრე გაუბაზრდათ ოპერაცია და გამაფრთხილეს.
– ვისგან უნდა გასულიყო სიტყვა? სხადნიაკის შესახებ მარტო ქურდებმა იცოდნენ, – ჩაილაპარაკა ბუცამ.
– ვერ ხვდები? – მზერა გაუსწორა ლუკამ.
ზურამ და ბუცამ უხმოდ დაუქნიეს თავები.
– დღესვე შეძლებთ ქურდების შეკრებას, არ გვინდა ლიშნი ბაზარი. ხუთი-ექვსი კაციც გვეყოფა, სხვებს შემდეგ ჩავაყენებთ საქმის კურსში. ის ორი ნაბიჭვარი აუცილებლად უნდა მოიყვანოთ. ნუ ეტყვით, რომ სხადნიაკი მე მიკავშირდება. ეს რომ გაიგონ, შეიძლება, აქაც ჩაგვიშვან! – განაგრძო ლუკამ, – საღამოს შემეხმიანეთ და ადგილი მითხარით – ჩემს ხალხთან ერთად მოვალ.
შეხვედრა საღამოს, მოსკოვი-მინსკის მაგისტრალის სიახლოვეს, მდინარის პირას შედგა. მარჩუკსა და ციგანოვს მშვიდად ეჭირათ თავი. მათ არაფერი იცოდნენ ლუკას მოსკოვში ყოფნის შესახებ და, დარწმუნებულები იყვნენ, რომ შეხვედრაზე ხარკოვში გამგზავრებაზე იქნებოდა საუბარი. მაგრამ, მათ სიმშვიდეს უმალ მოეღო ბოლო, როდესაც მდინარის პირას შეჩერებული მანქანიდან ლუკა, ჯაბა და ირაკლი გადმოვიდნენ.
– გამარჯობა, ქურდებო! – ლუკა ნახევარწრედ მდგარ ქურდებს მიუახლოვდა, – რისთვის გინდოდათ ჩემი ნახვა?
– ის დოსიეები ყველას პრობლემას გვიქმნის. ძაღლები გაცოფებულები დაეძებენ. ავიწროებენ ქურდებს, ფუჭდება პალაჟენიე, – უპასუხა მარჩუკმა.
– შენ მეუბნები ამას?! – ცივად გახედა ლუკამ, – მეხსიერება ხომ არ გღალატობს? თქვენ არ იყავით ჩამოსული ჩემთან და თქვენ არ წამოწიეთ ბაზარი იმ დოსიეებზე?!
– ჩვენ მხოლოდ სლივას დანაბარები გადმოგეცით, – თქვა ციგანოვმა.
– ესე იგი ფოსტალიონების პონტში იყავით?! მხოლოდ ქურდის დანაბარები გადმომეცით და ეს საქმე თქვენ არაფრით გეხებოდათ?!
– ბაზარს მიხედე! – ბრაზით მიუგო ციგანოვმა, – ქურდს ელაპარაკები!
– ქურდს!.. – ჩაილაპარაკა ლუკამ, – ახლავე გავარკვევთ, ვინ ვინ არის!
– შენ რა, პრეტენზიას გვიყენებ?! – ერთხმად თქვეს მარჩუკმა და ციგანოვმა.
– პრეტენზია ის სიტყვა არ არის. გაფრთხილებთ: თავს თუ ვერ გაიმართლებთ, აქედან ცოცხლები ვერ წახვალთ!
– რა პრეტენზია გაქვს, მგელო? – ჰკითხეს ქურდებმა.
– სლივათი დავიწყებ: თქვენ მითხარით, რომ სლივამ საქმეში ჩართვა მთხოვა და იმ საქმის სანაცვლოდ მას მისცემდნენ იმ დოსიეებს... ასე იყო თუ არა?
– ასე იყო, – უხალისოდ დაუდასტურეს მარჩუკმა და ციგანოვმა.
– ქურდებო, გჯერათ ამის?! – ქურდებს მიუბრუნდა ლუკა.
– ჯერ ამათ მოვუსმინოთ, – უპასუხეს მათ.
– მოვუსმინოთ, – განაგრძო ლუკამ, – ახლა მითხარით როდის და სად შეხვდით სლივას?
– რეზბალნიცაში, – უპასუხა მარჩუკმა.
– ორივე იყავით შესულები?
– ჰო, – თავი დაუქნია ციგანოვმა.
– ვინ ესწრებოდა თქვენს შეხვედრას?
– არავინ... სლივას პირისპირ შევხვდით, – ჩაილაპარაკა მარჩუკმა.
– რამდენი ქურდი იჯდა მაშინ რეზბალნიცაში? – ჰკითხა ლუკამ.
– ზუსტად არ ვიცი, ხუთი თუ ექვსი, – თქვა ციგანოვმა.
– და, რეზბალნიცაზე შესულები არც ერთს არ შეხვდით?!
მარჩუკმა და ციგანოვმა ერთმანეთს გადახედეს. ბრალდება საფუძვლიანი იყო – იმას, რომ ციხის საავადმყოფოში შესული ქურდები სხვა ქურდებს არ შეხვდნენ, სხადნიაკზე არავინ დაიჯერებდა.
– რა ჰქვია კაცს, რომელიც ქურდულ სხადნიაკზე ტყუილს ამბობს?
მარჩუკმა და ციგანოვმა ისევ დუმილით უპასუხეს.
– მე გეტყვით, რაც ჰქვია – ბოზი! – ცივად თქვა ლუკამ, – მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. ამისთვის თითო პანღურს ამოგარტყამდით და ნაბოზრებივით გაგყრიდით სხადნიაკიდან!... – ამ სიტყვებთან ერთად ლუკამ ჯიბიდან გრაგნილად დახვეული ბარათი ამოიღო და ციგანოვს გაუწოდა, – შენ თვითონ წაიკითხე. იგორ სუმსკის ქსივაა. ერთი კვირის წინ გამომიგზავნა რეზბალნიციდან, ხმამაღლა წაიკითხე, რომ ყველამ გაიგოს, რას იწერება ქურდი კაცი ციხიდან!
ციგანოვმა გრაგნილი გაშალა და გაუბედავად შეუდგა კითხვას.
– „გამარჯობა, ქურდებო. ქსივას ლუკა გეგეშიძეს სხადნიაკისთვის ვუგზავნი. ჩემი სიტყვა ასეთია: ბუტირკაში მე და სლივა ერთად ვიჯექით. იქიდან ერთი ეტაპით გადავედით რეზბალნიცაზე და შემდეგაც ერთ პალატაში ვისხედით. ჩვენთან ერთად იჯდა ოთხი ქურდი. თუ საჭიროა, ამ სიტყვებს ისინიც დაადასტურებენ. მარჩუკი და ციგანოვი რეზბალნიცაზე მოსული არავის გვინახავს. სლივა ცუდად იყო, საწოლიდან საერთოდ არ დგებოდა. პალატის გარდა, მას ვერსად შეხვდებოდნენ და ვერც დაებაზრებოდნენ. ჩემს სიტყვაზე ყველგან ვაგებ პასუხს და ვამბობ, რომ ეგ ხალხი აქ არ ყოფილა და სლივასაც არ შეხვედრია“.
– ასეა საქმე... – ლუკამ ბარათი ჩამოართვა ციგანოვს და ჯიბეში ჩაიდო, – ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება, რომ ეს ნაღდად სუმსკის ქსივაა?
– არა, – უპასუხეს ქურდებმა.
– ახლა რას იტყვით?! – მარჩუკსა და ციგანოვს მიუბრუნდა ლუკა, – თუ სლივასგან არა, საიდან მოვიდა ის ბაზარი?
მარჩუკი უეცრად მოსწყდა ადგილს და გზატკეცილისკენ გაიქცა. იგივე მოიმოქმედა ციგანოვმაც. მათ გაქცევას უმალ დაერთო სროლა. პირველივე გასროლას მარჩუკის წაქცევა მოჰყვა. ციგანოვმა კიდევ რამდენიმე მეტრის გარბენა მოასწრო, შემდეგ კი მასაც წამოეწია ლუკას ნასროლი ტყვია. ლუკა ელვის სისწრაფით წამოეწია წაქცეულებს. მარჩუკს ბეჭის ქვეშ მოხვედროდა ტყვია, ის ხროტინებდა და წყლიდან ამოყვანილი თევზივით აფჩენდა პირს. როგორც კი ლუკა დარწმუნდა, რომ მისგან ვეღარაფერს მოისმენდა, თავი მიანება და წელში დაჭრილი ციგანოვისკენ გადაინაცვლა:
– დროზე ამოღერღე, ნაბიჭვარო! საიდან მოვიდა ის საქმე?! – ლუკა ზემოდან მოექცა დაჭრილს და პისტოლეტი შუბლზე მიაბჯინა.
– მალიშევი... იმან შემოგვთავაზა ეს საქმე... – გაჭირვებით თქვა ციგანოვმა.
– სლივა?.. ვინ მოაკვლევინა სლივა? – ჩაჰყვირა ლუკამ.
– მან... მალიშევმა...
– ვინ გააბაზრა სხადნიაკის ამბავი, რომელიც ხარკოვში უნდა შემდგარიყო? – განაგრძო ლუკამ.
– კლიმმა... ჩვენ კიევთან კავშირი არ გვქონია... – დაიკვნესა ციგანოვმა.
– ქურდებო, კიდევ გაინტერესებთ რამე? – უკან მიიხედა ლუკამ.
– არა, – უპასუხეს მათ.
– მოკვდი, ნაბიჭვარო! – ლუკამ ავად გააღრჭიალა კბილები და ზედიზედ სამი ტყვია დაახალა მოკრუნჩხულ ციგანოვს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში