უჩინარი ანდერძი
მისტერ პეტერიკმა ახალგაზრდობის წლები ადვოკატურას შეალია. მას პატიოსან და წესიერ კაცად იცნობდნენ. თუმცა, ერთმა შემთხვევამ ლამის მისი რეპუტაცია შეიწირა. საქმე მოხუც, მდიდარ ჯენტლმენს, მისტერ კლოუდს ეხებოდა. მას ერთადერთი შვილი ადრე გარდაეცვალა. რძალი შვილიშვილის მშობიარობას გადაჰყვა და ბაბუამ ჩვილის აღზრდაზე თავად დაიწყო ზრუნვა. შვილიშვილი, პატარა, საყვარელი გოგონა მისთვის სიცოცხლის აზრად გადაიქცა. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ამიტომ, მისტერ კლოუდისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა თორმეტი წლის პატრიციას მოულოდნელი გარდაცვალება. გოგონა უეცრად გაცივდა, ამას თან დაერთო ფილტვების ანთება და ბავშვი გარდაიცვალა. იმ დღიდან მისტერ კლოუდი მხოლოდ ფიზიკურად არსებობდა. დინებას მექანიკურად მიჰყვებოდა, მაგრამ აშკარად აღარ უნდოდა სიცოცხლე. მერე ისე მოხდა, რომ ძმა გარდაეცვალა. ის კაცი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. მის სამ შვილზე მეურვეობა მისტერ კლოუდს დაეკისრა. მან საკმაოდ თბილად მიიღო ძმისშვილები. მაგრამ, თავისი გული მას უკვე აღარ ეკუთვნოდა, ის პატრიციას გაატანა. მოხუცმა ანდერძი ადრევე შეადგენინა ადვოკატს, რომლის მიხედვითაც, მთელ ქონებას თავის სამ ძმისშვილს უტოვებდა. გრეისი, მერი და ჯორჯი ჯეროვან პატივს სცემდნენ ბიძიას. განსაკუთრებულ სითბოს მოხუცის მიმართ მერი იჩენდა. გრეისი მალე დაინიშნა ვინმე ფილიპ ჰაროლდზე – ახალგაზრდა, თუმცა უკვე საკმაოდ იმედისმომცემ ქიმიკოსზე. ქორწილიც უახლოეს მომავალში იყო მოსალოდნელი, რომ ერთ დღეს, ჯორჯი ბიძის ადვოკატთან მივიდა. საკმაოდ შეშფოთებული ჩანდა.
– მისტერ პეტერიკ, იქნებ, თქვენ მაინც მოახერხოთ მასზე ზეგავლენის მოხდენა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ბიძაჩვენი სპირიტული სეანსებით ისეა გატაცებული, ვშიშობ, ეს ამბავი სიკეთეს არ მოიტანს. ის ქალი მას ჭკუიდან შეშლის. ნეტავ განახათ, ნამდვილი შარლატანია, მაგრამ ბიძაჩვენზე საოცარი ზეგავლენა მოიპოვა. ჩვენს სახლში მოიპატიჟა, ძმასთან ერთად და ისიც ისე იქცევა, თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი იყოს... მე მეშინია, რომ...
– ვხვდები, ჩემო კარგო... გეშინიათ, რომ ბიძია ანდერძს მის სასარგებლოდ შეცვლის... იცი, მგონი, ტყუილად შფოთავთ, მეეჭვება, ბიძათქვენმა საკუთარ სისხლს და ხორცს უღალატოს ვიღაც უცხო ადამიანის გამო, როგორი სიმპათიითაც არ უნდა იყოს განწყობილი მის მიმართ.
– ამას იმიტომ ამბობთ, რომ ეს ქალი და ბიძაჩემთან მისი ურთიერთობა არ გინახავთ.
– კარგი. როგორმე შემოგივლით... – უთხრა მისტერ პეტერიკმა... ზუსტად ერთი დღის შემდეგ კი, თავად მისტერ კლოუდმა უხმო. სახლში შესვლისთანავე დაინახა ის ქალი და მიხვდა, რომ ჯორჯი მართალი იყო, როცა მოსალოდნელ საშიშროებაზე ლაპარაკობდა. ამიტომ, კლოუდს პირდაპირ საქმეზე დაუწყო ლაპარაკი.
– ჩემო კარგო, იცით, რომ სპირიტიზმი საუკეთესო საშუალებაა თაღლითობისთვის. თუ აქ ანდერძის შესაცვლელად დამიბარეთ, როგორც თქვენი ადვოკატი, გეტყვით, რომ წინააღმდეგი ვარ. თქვენს ძმისშვილებს გულწრფელად უყვარხართ...
სავარძელში მიწოლილმა მოხუცმა თავი წამოსწია.
– ვიცი... ყველაფერი ვიცი... მაგრამ, ამ სამი თვის განმავლობაში ამ ქალმა უდიდესი ბედნიერება მომანიჭა. ჩემი პატარა გოგონა, ჩემი ერთადერთი სიხარული... მე მისი ხმა მესმოდა, პეტერიკ. ჩვენ შორის კავშირი აღდგა და მე არ შემიძლია, ეს არ დავაფასო. გამიგე, პეტერიკ, მას შემდეგ, რაც ჩემი ანგელოზი ხელიდან გამიფრინდა, მხოლოდ ამ სამი თვის განმავლობაში, მეძინა ისე, როგორც მის სიცოცხლეში. სისტემატურად ვგრძნობდი მის სიახლოვეს. ანდერძი უნდა შევცვალო. დაუძახე ჩემს მზარეულს და მოსამსახურეს. ისინი მოწმეები იქნებიან. ანდერძი თითქმის უკვე დავწერე. ხელმოწერებიღა დარჩა.
– არა, არა, ასე არ გამოვა. მე ეს ანდერძი სპეციალურ ფურცელზე უნდა გადავწერო.
– კალამი მანდ არის, ჩემი საწერი მაგიდის მარჯვენა უჯრაში...
ადვოკატმა უჯრა გამოაღო, მაგრამ კალამი იქ არ აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს ოთახში მოსამსახურე გოგო შემოვიდა. მან მაგიდის მარცხენა უჯრიდან ამოიღო კალამი და ადვოკატს გაუწოდა, რაზეც მოხუცი აღშფოთდა.
– მერი, რა დაუდევარი ხარ, ხომ იცი, რომ ვერ ვიტან, როცა ნივთებს ადგილს უცვლიან! რატომ იდო ეგ კალამი მარცხენა და არა მარჯვენა უჯრაში?
– მაპატიეთ, სერ, ეტყობა, უყურადღებობით დამემართა, შემიძლია, წავიდე?
– არა. აქ იყავი. მისტერ პეტერიკი ანდერძს გადაწერს და თქვენ ორნი დაამოწმებთ მას. ჰო, მართლა, ის ფილიპი ხომ არ მოსულა კიდევ? პეტერიკ, წარმოგიდგენია? გრეისის საქმრო ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ჩემი მხსნელი სახლიდან გამეგდო. ჰოდა, სწორედ თავად აღმოჩნდა გაგდებული.
ადვოკატმა კალამი აიღო. ანდერძი სპეციალურ ფურცელზე გადაწერა. იქ მყოფებს ხელი მოაწერინა და ამ შემთხვევისთვის განკუთვნილ ლურჯ კონვერტში ჩადო. კონვერტი პალტოს ჯიბეში ჩაიდო. როცა ოთახიდან აპირებდა გასვლას, მოხუცს უცაბედად საშინელი ხველა აუტყდა. პეტერიკმა ინსტინქტურად გაიწოდა ხელი პატარა მაგიდისკენ, სადაც წყლით სავსე გრაფინი იდგა. როცა დაიხარა, კონვერტი პალტოს ჯიბიდან ამოუვარდა. მოსამსახურე მერი სწრაფად დაიხარა, კონვერტი აიღო და აკურატულად ჩაუდო პალტოს ჯიბეში. მოხუცის ახალი ანდერძის თანახმად, ხუთ-ხუთი ათასი ფუნტი მის ძმისშვილებს ერგებოდათ, ორას-ორასი – მსახურებს გადაეცემოდათ საჩუქრად, ხოლო დანარჩენი ქონება, მათ შორის უზარმაზარი სახლი და ფერმა, მედიუმ ქალბატონს, მისის სპრაგს რჩებოდა. მისტერ პეტერიკი გულწრფელად წუხდა ამაზე. ის მისტერ კლოუდის ძმისშვილების მიმართ კეთილად იყო განწყობილი. სასტუმრო ოთახში ჩასულს ჯორჯმა და მერი კლოუდებმა ჩაი შესთავაზეს. მან პალტო გაიხადა და ჯორჯს გაუწოდა. კონვერტი ანდერძით ისევ ამოვარდა პალტოს ჯიბიდან. ამჯერად ჯორჯმა შეამჩნია, თუმცა რამდენიმე წუთის დაგვიანებით. აიღო და ადვოკატს გაუწოდა. პეტერიკს კონვერტი ჯერ ისევ ხელში ეჭირა, როცა სასტუმრო ოთახში მისის სპრაგი შემოვიდა. ის ძალიან მოუხერხებლად მიეჯახა ადვოკატს და კონვერტი ხელიდან დააგდებინა. შეჰკივლა და გაწითლებულმა მოუბოდიშა. კონვერტი რამდენიმე წუთით ხალიჩაზე რჩებოდა. ქალი თითქოს ელოდა, დაიხრებოდა თუ არა ადვოკატი მის ასაღებად. მერე თავად აიღო, მისტერ პეტერიკს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და კონვერტი გადასცა.
ორი თვის შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა. დაკრძალვიდან ორი დღის შემდეგ ადვოკატმა კონვერტი სეიფიდან გამოიღო და გახსნა. მისდა გასაოცრად მასში მოთავსებული ფურცელი აბსოლუტურად ცარიელი აღმოჩნდა. მისტერ პეტერიკი კინაღამ შოკში ჩავარდა... სეიფში კონვერტს ვერავინ გაეკარებოდა. მაშინ, ვინ შეცვალა ანდერძი?! კონვერტს ადვოკატის გარდა სამი ადამიანი შეეხო: მოსამსახურე გოგო, ჯორჯი და მისის სპრაგი. პირველ ორს მოტივი ჰქონდა. მესამეს მათზე მეტი შესაძლებლობა, მაგრამ მოტივი? ანდერძი ხომ მის სასარგებლოდ იყო შეცვლილი. მართალია, მან ეს არ იცოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში გრძნობდა... პეტერიკმა ბევრი იფიქრა, მიემართა თუ არა პოლიციისთვის და ოჯახში წასაკითხად ძველი ანდერძი მიიტანა. ერთი კვირის შემდეგ კი წერილი მიიღო სოლიდურთანხიანი ჩეკით. წერილში ეწერა: „თქვენში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. იმედია, მაპატიებთ ამ პატარა სიცელქეს. ბავშვობაში ჩემი მასწავლებლების გათამაშება მიყვარდა სიმპათიკური მელნით. მოგეხსენებათ, ამ მელნით დაწერილი წარწერები ოცდაოთხ საათში უკვალოდ ქრება. შეიძლება, ამანაც გადამაწყვეტინა ქიმიკოსობა. მიხარია, რომ იუმორის გრძნობაც გქონიათ და ყველაფერი სწრაფად გაიგეთ. რა ვქნა, მეცნიერი კაცი ვარ და სულებთან საუბრების არ მჯერა. მგონი, ამაშიც მეთანხმებით... მარად თქვენს სამსახურში მიგულეთ... პატივისცემით, ფილიპ ჰაროლდი...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ