როგორ „დააგირავა“ იმერეთის ტახტის სანაცვლოდ ქეთევან ბაგრატიონი მამიდამისმა დარეჯანმა
ფეოდალური ხანის საქართველოს სწორუპოვარ მემატიანეს, ვახუშტი ბაგრატიონს, ისტორიული ამბების თხრობის საკუთარი მოდელი, კონცეფცია ჰქონდა, – ასე მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, რომლის აზრითაც, მიუხედავად იმისა, რომ ვახუშტი ისტორიულ პერსონათა „ნათესავთ მეტყველებას” – ჩამომავლობისა და შეძენილ ნათესავთა შესახებ ცნობების გადმოცემის აუცილებლობას ქადაგებდა, ბოლომდე თანმიმდევრული და უშეცდომო არ გახლდათ.
– ბატონო გელა, ვახუშტი ჭეშმარიტად უდიდესი ავტორიტეტია ფეოდალური ხანის ისტორიოგრაფიისა. შეცდომები ყველას მოგვდის, მთავარი, მათი შემჩნევა და გასწორებაა... თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ბატონიშვილმა ძალზე დიდი მოცულობის ნაშრომი დაგვიტოვა. თქვენ რომელ შეცდომებზე გსურთ ყურადღების გამახვილება?
– მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების საქართველოს ისტორიის გაცნობა ბევრ სევდასა და ნაღველს აღძრავს ყოველი ჩვენგანის სულში. ეს ის დროა, რომელსაც პოეტი მურმან ლებანიძე თავის ლექსში „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”, ასეთი სტრიქონებით ახასიათებდა: „ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია, ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია”...
ტკივილით იყო სავსე როგორც მთელი ერის, ისე მის ცალკეულ მამულიშვილთა ცხოვრებაც. ამჟამად მხოლოდ ქეთევან დავითის ასულ ბაგრატიონის, ალექსანდრე ბატონიშვილის დედის ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდზე შევჩერდები.
– ბარემ, იმ „ოთხი მეფის” ვინაობაც შევახსენოთ მკითხველს და განვმარტოთ, ვინ იყვნენ, რად ეკუთვნოდნენ ისინი ქეთევან დედოფალს.
– ქეთევანი თეიმურაზ პირველის შვილიშვილი გახლავთ, არჩილ მეორის – ცოლი, ვახტანგ მეექვსის – ძალო (ბიცოლა), თეიმურაზ მეორის – მამიდა... როცა ამ მეფეთა ახლო ნათესავი ხარ, ბუნებრივია, ტკბილად ვერ იცხოვრებ.
– მაგრამ, თქვენ ხომ ინტერვიუს ჩაწერამდე მითხარით, რვაწლიანი მონაკვეთის გამოკლებით, როცა კახეთის დედოფლად იყო, ქეთევანის ცხოვრება ერთთავად ტკივილით არის აღსავსეო.
– მართლაც ასეა, 1667-1675 წლები კი მისი ბედნიერების ხანაა – მოსიყვარულე ქმარ-შვილი, ღირსება, პატივი, ნადიმები...
ვახუშტის უნებლიე, მექანიკური შეცდომა მაშინაც მოუვიდა, როცა ქეთევანის ქმარს ახასიათებდა. მას უწერია: „სამხედრო-სანადიმო ზნითა სრული”! უნდა ეწეროს: „სამხედრო-სანადირო ზნითა სრული”...
– ლაფსუს-კალამია, ეპატიება... თანაც, საყოველთაოდ ცნობილია, არჩილ მეფე მართლა არ ყოფილა ნადიმობაზე მწყრალად.
– ქეთევანს მამა რომ მოუკლეს, თავი მოაჭრეს და სპარსეთში გაგზავნეს; ძმები – გიორგი და ლუარსაბი დაეხოცა, დედა – ელენე დიასამიძე, უფროს ძმას, ერეკლეს, რუსეთში რომ გაჰყვა – ამ ფაქტებს გამოვტოვებ და იქიდან დავიწყებ, როგორ გაათხოვა ის პირველად იმერეთის მეფე ალექსანდრემ.
– ალექსანდრე მესამემ, მამიდამისის – დარეჯანის ქმარმა?
– დიახ. 1658 წელს, ალექსანდრემ, გაიმარჯვა რა ბანძასთან გამართულ ბრძოლაში, გადაწყვიტა, შური ეძია მის აქტიურ მოწინააღმდეგე ქაიხოსრო გურიელზე... ვინაიდან ვახუშტი ამ ქორწინებას დუმილით გვერდს უვლის, მოვუსმინოთ ბერ ეგნატაშვილს: „ვეღარ დაუდგა ქაიხოსრო გურიელი, მოვიდა და შემოეხუეწა იგიცა ალექსანდრეს. და შეირიგა გურიელიცა და მისცა შვილიშვილი ბატონის თეიმურაზის, ქეთევან, ცოლად გურიელს ქაიხოსროს და მოიმოყურა“. ქეთევანი ამ დროს 13-14 წლისაა და გურიის სამთავროს დედოფალი ხდება.
– 1660 წლიდან ხომ იმერეთის დედოფალია ქეთევანი, ალექსანდრე მესამის ვაჟის – ბაგრატის ცოლი. მამიდამისი დარეჯანი ბაგრატის დედინაცვალია და, გამოდის, რომ ამავე დროს ქეთევანის დედამთილადაც ითვლება!
– „ამან დარეჯან მოიყვანა ძმისწული მისი ქეთევან, მამიდამან მისმან და მისცა ბაგრატს, გერსა თვისსა, და ისიძა. ამას ჟამსა შინა ქაიხოსრო გურიელი მოეკლა ყმასა მისსა მაჭუტაძესა”...
მაჭუტაძეები ყმა გლეხები არ იყვნენ. ბერი ეგნატაშვილს რომ სცოდნოდა, მეოცე საუკუნის საქართველოში ბოლშევიკი ისტორიკოსები იმოღვაწებდნენ, აუცილებლად მიუთითებდა მაჭუტაძეთა თავადობას...
ქაიხოსრო ქეთევანზე წლოვანებით ბევრად დიდი იყო და მასზე უფროსი შვილებიც ჰყავდა...
– რატომ უვლის გვერდს ვახუშტი ქეთევანის პირველ ქორწინებას? დავიჯერო, ეს ფაქტი მისთვის უცნობი იყო?
– საეჭვოა, ქაიხოსრო ხომ მამამისის – ვახტანგის პაპაა, ანუ, დედის – ნაადრევად გარდაცვლილი თუთას მამა. განა ქართლის მეფე სუფრაზე თავის წინაპრებს არ იხსენებდა ხოლმე?
მამია გურიელის ქალი გახლდათ ქეთევანის ნამდვილი დედამთილი – ბაგრატის ბიოლოგიური დედა, რომელსაც ქუთათელი ვაჭრის ტრფობა შესწამეს... პაპამისის, თეიმურაზის პირველი მეუღლეც ამ მამია გურიელის ასული იყო – ანა, სპარსეთში ნაწამები, შაჰის მიერ დასაჭურისებული ალექსანდრესა და ლევანის დედა.
– გამოდის, არჩილი ქეთევანის მესამე ქმარი ყოფილა?
– რეალურად მესამე იყო, მაგრამ, ვახუშტის ნაწერთა სხვაგვარი ინტერპრეტაციისას, შეიძლება, მეოთხე ქმრადაც კი ვიგულისხმოთ!
– როგორ, ბაგრატის შემდეგ, რომელიც 1660 წელს სულ რამდენიმე თვით იყო მისი მეუღლე, კიდევ გათხოვდა ქეთევანი?
– როგორ გითხრათ. როცა ქეთევანის ახალციხიდან გამოხსნაზეა საუბარი (მამიდამისმა იგი „გირაოში” ჩადო, თუმცა, სიტყვა „გირაო” საბასთან არ გვხვდება და მაშინდელი სინონიმები ამ ცნებისა გახლავთ – „წინდი” და „მძევალი”), დახსნის აღწერისას ვახუშტი პუნქტუალურია: აღწერს, თუ როგორ უქეს კახელებმა არჩილს ქეთევანის სილამაზე, სიკეკლუცე, მშვენიერება... როგორ დაუწყო არჩილმა მამას ვედრება მის დასახსნელად... რომ მისი დედოფლობა კახეთის მკვიდრად დაუფლებაში წაადგებოდა... რომ, დიდი უარის მიუხედავად, „იძულებითა არჩილისათა,” მიიღო გადაწყვეტილება ვახტანგ მეხუთემ... რა თანხა დაუჯდა ქეთევანის გამოსყიდვა...
– მაინც, რა თანხა დაჯდა ქეთევანის გამოხსნა?
– ვახუშტი ფულის სხვადასხვა ერთეულს ასახელებს. ქეთევანის თავისუფლებაში გადახდილ იქნა 20 ათასი მარჩილი, ანუ 2 ათასი თუმანი, ანუ 80 ქისა... ზუსტად არ ვიცი, 1667 წელს ამ ფულადი ერთეულების როგორი გაცვლის კურსი იყო... საზოგადოდ, ერთი მარჩილი 3 აბაზზე ხურდავდებოდა.
მაგრამ ვახუშტი პუნქტუალურობას კარგავს და ჭეშმარიტებას ღალატობს, როცა საკითხი ქეთევანის ქალიშვილის გათხოვებას ეხება...
– ქეთევანს ხომ ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა – დარეჯანი, რომელიც გაუთხოვრად დაბერდა. მის გათხოვებაზე სახელმძღვანელოებში არაფერი ამომიკითხავს.
– რეალურად, დარეჯანი არც გათხოვილა, რადგან მისი საქმრო გიორგი გურიელმა 15 წლის ასაკში გამოასალმა სიცოცხლეს. ზემოთ ნახსენები ქაიხოსროს – მაჭუტაძისაგან მოკლულის ვაჟმა. მანუჩარ დადიანის სიკვდილით გურიელი ოდიშის დაუფლებას იმედოვნებდა.
– როგორც გამოიკვეთა, დარეჯანის სასიძო მანუჩარი მოუკლავს ქეთევანის გერს, თვითონ ვახუშტის პაპის – ლევანის ცოლისძმას. ისე, არჩილსაც ენათესავებოდა მანუჩარი – დედამისი თამარი არჩილის ღვიძლი ბიძაშვილი გახლდათ. თამარი ვახტანგ მეხუთეს ძმის, კონსტანტინეს ასულია...
– ეს ის თამარია, იმერეთის მეფე-მთავართა შორის ხელიდან ხელში რომ გადადიოდა და ეს ის გიორგი გურიელია, ჯერ მისი ქალიშვილი, დარეჯანი რომ შეირთო – თავის მიერ მოკლული მანუჩარის ნახევარდა, შემდეგ კი სიდედრზეც დაიწერა ჯვარი.
– მაგრამ, წეღან თქვენ სიტყვა „პუნქტუალობა” ახსენეთ... მგონი, აზრი არ დაგიმთავრებიათ...
– იმას ვამბობდი, რომ, როცა ვახუშტი აღწერს დარეჯან არჩილის ასულისა და მანუჩარ დადიანის ქორწილს, თარიღს ზედმიწევნით არ უთითებს, ამ ეპიზოდს 1672 და 1674 წლების შუა მონაკვეთში მოგვითხრობს. ვინ როგორ გაიგებს, მაგრამ, სიძე-პატარძლის წლოვანებას კი ხაზს უსვამს: ყრმაც და ქალიც იყვნენ 7 წლისანიო. ზოგმა მკვლევარმა, მაგალითად, აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემ, 1672 წელს გამოაკლო 7 და მიიღო 1665 – დარეჯანის დაბადების თარიღად. ქეთევანი კი 1667 წელს დაიხსნეს და ამის შემდეგ იქორწინა არჩილზე. ვიმეორებ: რეალურად, დარეჯანი მოყოლილი შვილი, ანუ, გერი არ ყოფილა. ახლა არ გავაგრძელებ დარეჯანის დაბადების თარიღზე სპეციალისტთა სხვადასხვა თვალსაზრისთა გადმოცემასა და მათ ანალიზს, მოკლედ მოვჭრი: ჩემი აზრით, არჩილის ქალიშვილი 1668 წელს დაიბადა, ქეთევანის მამიდის გარდაცვალების შემდეგ. მიმტევებელმა ქეთევანმა სწორედ ამიტომ დაარქვა თავის პირმშოს ხოსია ლაშხიშვილისაგან ღალატით მოკლული მამიდამისის სახელი, მის პატივსაცემად.
არის კიდევ ერთი ნიუანსი: მეჩვიდმეტე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, არჩილი თავის ცოლ-შვილთან ერთად ახალციხეშია, რათა იმერეთის ტახტი იშოვოს. იმავეს ცდილობდა მისი უმცროსი ძმა – ლუარსაბი, რომელიც თავისი რაჭველი სიდედრისა და მისი ძმის, რაჭის ერისთავის – პაპუნას იმედით იყო. ახალციხეში ამ დროს ასლან-ფაშა ზეობს. მისცა მას ქრთამი ლუარსაბმა, მაგრამ, მალევე მიხვდა, რომ „აცთუნებს ასლან-ფაშა და წარვიდა”. ამის მომდევნო წელს არჩილიც და გურიელიც ასევე იმედოვნებენ მიზნის მიღწევას. და, ამ დროს, ვახუშტი წერს, რომ ასლან-ფაშამ პატივით შეიტკბო არჩილი და „მცდელობდა არჩილისათვის იმერეთსა, რამეთუ მოყურობდა ქეთევანისა გამო.”
სიტყვა „მოყუარე,” საბას განმარტებით: „ესე არიან მზახალნი და ცოლეურნი, გინა კეთილის მოქმედი”.
რეალურად, ასლან-ფაშა მართლა კეთილისმოქმედად უნდა ვიგულისხმოთ, ხოლო ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობის ცოდნის გამო, ვახუშტის მეტი სიფრთხილე მართებდა.