მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-41(615)
ჯამალ სალეხი თელ-ავივში ჩავიყვანე და სანამ ის მიზანს გაანადგურებდა, ზუსტად ნახევარი წუთით ადრე მოვშორდი, საფარში მოვყუჩდი და იქიდან ვადევნებდი თვალყურს ოპერაციის ფინალურ სტადიას.
ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც განსაზღვრული გვქონდა: სალეხი შეიპყრეს, გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. ამან კი ჩვენს პროტეჟეს არჩევნებში გამარჯვება მოუტანა. ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „კაგებეს“ კაცი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოწინავე, სუპერსახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირები პოსტებზე დანიშვნამდე ან არჩევამდე უმკაცრეს ფილტრაციას გადიოდნენ კეთილსაიმედოობაზე, „კაგებე“ მაინც ახერხებდა ხოლმე იქ თავისი კაცის შეგზავნას და მრავალი ჩვენი აგენტი დღემდე წარმატებით განაგრძობს წლების წინ, „კაგებეს“ ხელშეწყობით დაწყებულ კარიერას.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე რვა თვით ადრე ერთი „ჩეპე“ მოხდა, რომელმაც დიდი შეშფოთება გამოიწვია საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელობაში და ზოგიერთი ამბის უშუალო მოწმე და მონაწილე მეც გავხდი.
აპრილის დასაწყისში შჩუკინმა თავისთან მიხმო და მითხრა:
– გუშინ აი, ეს კაცი გაქრა და ვერსად აღმოვაჩინეთ.
გენერლის მიერ დასახელებულ პიროვნებას არ ვიცნობდი, ამიტომ ვკითხე:
– ამ კაცის სახელი პირველად მესმის.
– ძალიან გასაიდუმლოებულია და იმიტომ. მან ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო საიდუმლოება იცის და ჩვენი ქვეყნის ძლიერების ერთგვარი გარანტია.
– მაინც, ვინაა ასეთი, ამხანაგო გენერალო?
– ამ კაცმა იცის ყველა ჩვენი საიდუმლო აგენტის ვინაობა, ვინც ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ჩანერგილა სხვადასხვა სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში. ის ჯერ კიდევ თავად სტალინსა და ლავრენტი ბერიას უწევდა მომსახურებას და აძლევდა რჩევებს. მისი დონის ინფორმაციები არც მე გამაჩნია, არც ანდროპოვს გააჩნდა და არც სტალინის შემდეგ მოსულ არც ერთ საბჭოთა მეთაურს. ახლა კი ის უეცრად გაუჩინარდა და ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება, ის რომ მტრის ბანაკში აღმოჩნდეს?
– კატასტროფა, – ერთმნიშვნელოვნად ვუთხარი შჩუკინს და მანაც დამიდასტურა:
– დიახ, კატასტროფა მოხდება და ეს ერთმნიშვნელოვანია. ამიტომ, ის სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ და დავადგინოთ მისი თითოეული ნაბიჯი, თუ, რა თქმა უნდა, უკვე გვიანი არაა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ის მტრის ბანაკში გადაბარგდა?
– არ მგონია, თუმცა, გამორიცხული არაფერია.
– რამდენი წლისაა?
– ოთხმოცდასამის.
– რა ბრძანეთ?
– არ იფიქროთ, რომ გამოშტერებულია. ტვინი ხომ უჭრის და უჭრის. გარდა ამისა, ფიზიკურადაც ბრწყინვალე ფორმაშია. ყოველ დილით ვარჯიშობს, დარბის, ცურავს და, შენ წარმოიდგინე, არც ქალებისადმი შენელებია ინტერესი.
– გასაგებია. ჩემი მისია რაში მდგომარეობს?
– სასწრაფოდ მის კვალს უნდა დაადგე, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, დამატებითი ინფორმაციები პირადად გამაცნო, კაბინეტის კარამდე მიმაცილა და მითხრა – წადი, იმოქმედე, შენი დიდი იმედი მაქვს...
იმ, ეგრეთ წოდებული „საიდუმლოების ყულაბის“ ისტორია ტრაგიკომიკურად დასრულდა: მე ის მდინარე იაუზას მარცხენა ნაპირზე თევზაობის დროს აღმოვაჩინე და საკმაოდ მოზრდილი თევზის ამოყვანაშიც მივეხმარე. მოხუცმა „სუპერმენმა“ რომ შემომხედა, ჩემი გამოცნობა არ გასჭირვებია და მითხრა:
– გმადლობთ, ახალგაზრდავ, რომ თევზი ამომაყვანინეთ, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენ აქ სულ სხვა მისიით მოხვედით.
– დიახ, თქვენს წასაყვანად მოვედი.
– ალბათ, მიხვდით, რომ ეს იყო ჩემი მცირედი ხუმრობა, ასე ვთქვათ, მოხუცური ოინბაზობა. მინდოდა, გამეგო, რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანი პერსონა ვარ ჩემი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ მოვაწყვე ეს კუკუდამალობანა. ახლა კი წავედით.
მე მართლაც მალე მივხვდი, რომ მოხუცმა თავადვე მოაწყო ყველაფერი, მის მიერ ეშმაკურად დატოვებულ კვალს გავყევი და სულ რაღაც ორ საათში მივაგენი კიდეც. თუმცა, მოხუცს ძალიან ძვირად დაუჯდა ეს კუკუდამალობანა. მას ჯერ ყველა საიდუმლო დააფქვევინეს სპეციალური წამლის შეშხაპუნების შემდეგ, ბოლოს კი სხვა სითხე შეუშხაპუნეს და სულ კაიფ-კაიფით გაამგზავრეს საიქიოში. ასეთი რამ კი იმიტომ გააკეთეს, რომ მას სხვა დროსაც არ მოეწყო მსგავსი სიურპრიზი, რაც, შეიძლება, არც ისე მშვიდობიანად დასრულებულიყო... ამ ისტორიით მე იმის ხაზგასმა მინდა, რომ „კაგებესთან“ ხუმრობა არ შეიძლებოდა და, საერთოდ, მსგავსი ტიპის უწყება ასეთ ტრიუკებს არც თავისიანებს პატიობს და, მით უმეტეს, არც სხვებს.
ერთხელ „ძიასთან“ საუბარს შევყევი და მოულოდნელად მითხრა:
– იცი, რა არის შენი დღეგრძელობის საიდუმლო?
– ჯანმრთელობა, – მივუგე მე, მან კი მიპასუხა:
– მე შენს პროფესიულ დღეგრძელობას ვგულისხმობ.
– ერთგული პარტნიორი შენი სახით, – ვუთხარი რომანს და თითი გავიშვირე მისკენ.
– ესეც, მაგრამ, მთავარი საიდუმლო შენშია და ესაა შენი სერიოზულობა, ანუ ის, რომ საქმის ყველა დეტალს სრული მობილიზებით, ყოველგვარი მოდუნების გარეშე ასრულებ. მე ვერ წარმომიდგენია ჩვენს ბიზნესში მოღვაწე მეორე ადამიანი შენ გარდა, რომ ასე წარმატებული ყოფილიყოს და ასე დიდხანს გაეძლოს ცოცხალსა და უვნებელს. შენ ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი ხარ.
– არ დამთარსო, „ძიაჯან“, – ვეხუმრე რომანს, მან კი აბსოლუტური სერიოზულობით მითხრა:
– შენზე დათარსვაც კი არ იმოქმედებს, რადგან, ძალიან ძლიერი მფარველი გყავს და ეს მფარველი თვით სიკვდილის ღმერთია, რომელიც ჯერჯერობით თავის სამფლობელოში არ გიშვებს, არ მიჰყავხარ.
– ხუმრობის ხასიათზე ხარ, „ძია“?
– სულაც არა, ჩემო კოკი, პირიქით, ესაა ჩემი დიდი ხნის ნაფიქრი და სწორედ ასეთ დასკვნამდე მივედი.
– კარგი, ასე იყოს. ახლა კი ჩემი დაბარების მიზეზი მითხარი, – ვუთხარი რომანს და სმენად ვიქეცი.
– ახლა კი საქმე, – მითხრა „ძიამ“, პატარა პაუზა გააკეთა და დაამატა – აი, ამ კაცს თუ იცნობ?
სურათზე საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო აღბეჭდილი, რომელსაც მოქერაო თმა და მკვეთრად გამოხატული ბრიტანული სახის ნაკვთები ჰქონდა. თუმცა, მე ის არ მეცნობოდა და რომანს მივუგე:
– არა, არ მეცნობა.
– ეს ერთ-ერთი ბრიტანული ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელია და მის ლიკვიდაციაში სამ მილიონ გირვანქას იხდიან.
ბრიტანელი სუპერტერორისტის მკვლელობა ლოგიკურად ინგლისელების შეკვეთილი უნდა ყოფილიყო, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ ინგლისელებს ებრძოდა. ამიტომ „ძიას“ ვუთხარი:
– როგორც ვიცი, ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბრიტანეთის კუნძულებზე ფუნქციონირებს, ინგლისელებს ებრძვის და მისი მკვლელობაც ინგლისელების შეკვეთილი უნდა იყოს, მაგრამ, მათ ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი საშემსრულებლო ინსტიტუტი აქვთ და ეს საქმე კერძო ფირმას რატომ მიანდეს?
– ალბათ, იმიტომ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევისას პასუხისმგებლობა აიცილონ თავიდან, – მომიგო „ძიამ“, – წარმოიდგინე, რომ „დაიწვი“ და აგაგდეს. ხომ იცი, რასაც გიზამენ? – ყველაფერს დაგაფქვევინებენ. შენ კი იტყვი, რომ ეს კერძო შეკვეთა იყო და ინგლისის მონაწილეობა ამ საქმეში თავისთვად გამოირიცხება.
– საკმაოდ ეშმაკური სვლაა, – გამეცინა მე, „ძიამ“ კი დაამატა:
– კი, გეთანხმები და, სამ მილიონ გირვანქასაც ამიტომ იხდიან.
შეკვეთა, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ შევასრულე და ობიექტი სნაიპერული შაშხანიდან განვგმირე მისსავე მშობლიურ ქალაქში, თუმცა, იქიდან გამოსვლა საკმაოდ გამიჭირდა. გზები ისე სწრაფად შეკრეს და ყველგან თავიანთი ხალხი განათავსეს, რომ ყოველ ნაბიჯზე მაჩერებდნენ, მჩხრეკდნენ და საბუთებს მიმოწმებდნენ.
იქიდან რომ გავაღწიე და ლონდონში ჩავედი, რათა მოსკოვის გავლით თბილისში დავბრუნებულიყავი, თვალთვალი შევნიშნე. გამორიცხული იყო, რომ მოკლული ობიექტის ხალხი დამჯდომოდა კუდზე – ასეთ შემთხვევაში ლონდონამდე ვერ ჩამოვაღწევდი. ესე იგი, თავად შემკვეთები მითვალთვალებდნენ. შემკვეთი კი ბრიტანული სპეცსამსახური იყო და ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ ჩემი თავიდან მოშორება სურდათ. მართალია, კარგად შენიღბული ვიყავი, მაგრამ, ჩემი შესაძლებლობები ლონდონში შეზღუდული იყო და ერთ მცდარ ნაბიჯსაც კი უბედურების მოტანა შეეძლო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არც ისე ადვილია ხელიდან დაუსხლტე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სპეცსამსახურს მისსავე ტერიტორიაზე.
ლონდონი-მოსკოვის რეისის გაფრენამდე სამი საათი რჩებოდა, მაგრამ, აშკარა იყო, რომ ამას ვერ შევძლებდი და იქიდან თავის დაღწევის სხვა საშუალებები უნდა მეძებნა. ლონდონი ჩემი საბრძოლო ნათლობის ქალაქი იყო – სწორედ იქ შევასრულე ჩემი პირველი დავალება, „ესესელი“ პოლკოვნიკი კურტ შტაინერი იქ მოვიტაცე და საბჭოთა საელჩოში მივიყვანე, საიდანაც შემდეგ მოსკოვში გადავაფრინეთ. მას მერე ლონდონში კიდევ არაერთი დავალება შევასრულე და ბევრჯერ ტრანზიტულადაც გამივლია ამ ქალაქში. ერთი სიტყვით, ბრიტანეთის მთავარ ქალაქს საკმაოდ კარგად ვიცნობდი და მასში გადაადგილება არ მიჭირდა, თუმცა, ტოტალური თვალთვალისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთული იყო.
„აბა, კოკი, დავიწყოთ მანევრი და ბრიტანულ ჯეიმს ბონდებს თავი არ მოვახელთებინოთ“, – შევუძახე საკუთარ თავს და ტაქსით ჯერ ვატერლოოს სადგურზე მივედი, რომ ბრბოში შერევა მეცადა.
უზარმაზარი დარბაზი გადავჭერი, ტუალეტში შევედი და ჯერ მოხუცის გრიმი მოვიშორე, შემდეგ ვიღაც რესპექტაბელური ჯენტლმენი გავთიშე, მისი სმოკინგი ჩავიცვი და, ტუალეტიდან რომ გამოვედი, მდევრები აღარ ამდევნებიან... ჩვენს საქმეში ერთ წამსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და, თუკი დროს მოიგებ და უმოკლეს ვადებში შეასრულებ დასახულ გეგმას, გაიმარჯვებ, წინააღმდეგ შემთხვევაში – დამარცხდები, დამარცხება კი ჩვენთან სიკვდილს ნიშნავს... მე კვლავ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გავედი, ტაქსიში ჩავჯექი და ჰაიდპარკთან ჩამოვედი, იქ კი, გაზონებზე, სმოკინგი გავიძრე, შორტებში გამოვეწყვე, მზის სათვალე გავიკეთე და ტურისტული ზურგჩანთა მოვიგდე ზურგზე, რომელშიც საკრედიტო ბარათი და 300 გირვანქა სტერლინგი მედო, პასპორტი კი მდინარე თემზაში გადავაგდე, რადგან უკვე აღარ მჭირდებოდა და ზედმეტი ნივთმტკიცება იყო.
ამ მანევრის მერე, მართალია, სპეცსამსახურებს ხელიდან დავუსხლტი, მაგრამ, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე უკვე არალეგალურად ვიმყოფებოდი და, შემთხვევით ვინმეს საბუთები რომ მოეთხოვა და დავეკავებინე, აუცილებლად გავიშიფრებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ყველა თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში, გადაადგილება შეუზღუდავი იყო, მისი სპეცსამსახურებიც ძალიან ეფექტურად მუშაობდნენ და დიდი ხნის განმავლობაში არალეგალურად ყოფნა ქვეყნის ტერიტორიებზე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ტოტალურად გეძებენ, ძალიან ძნელია. ასეთ შემთხვევაში, როგორც „კაგებეში“ მასწავლეს და გამომწვრთნეს, ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება და დევნილი მუდმივ მოძრაობაში უნდა იმყოფებოდეს, ამავდროულად, შეძლებისდაგვარად, გარეგნობას უნდა იცვლიდეს. იმ დღეებში ბრიტანეთის ტერიტორიაზე რვა დღე დავყავი და მთელი ეს პერიოდი მუდმივ გადაადგილებებსა და გარეგნობის ცვლილებაში გავატარე. დღე-ღამეში მაქსიმუმ ორსაათ-ნახევარი მეძინა და ვგრძნობდი, როგორ მასხდნენ კუდზე მკვლელები. კუნძულიდან გამოღწევა კი ბარჟით შევძელი, რომელზეც არალეგალურად მოვეწყვე შავ მუშად. ბარჟას ნაგვის ნარჩენები მიჰქონდა ევროპაში და, სანამ გერმანიაში ჩავაღწევდით, ორი დღის განმავლობაში აყროლებული კონტეინერების გვერდით ვიმყოფებოდი. გერმანიიდან მოსკოვში ჩასვლა ბევრად უფრო გამიადვილდა, თუმცა, არც ეს იყო იოლი საქმე და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე თავისუფლად, როდესაც ძველი არბატის ბანკში შევედი, ჩემი ანგარიში შევამოწმე და დავრწმუნდი, რომ სამი მილიონი გირვანქა ადგილზე იყო.
ბრიტანელების ჩათვლით, შემკვეთებმა ჩემი ლიკვიდაცია სულ ხუთჯერ სცადეს და ყველა შემთხვევაში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან, ხელიდან დავუსხლტი. რამდენჯერმე კი თავად მე მქონდა შემკვეთთან პრობლემები, რომლებიც ყოველთვის ჩემს სასარგებლოდ გადავწყვიტე.
ერთხელ, ერთმა სამხრეთამერიკულმა ნარკოკარტელმა კონკურენტი კარტელის შეფის დაკვეთა მომცა და მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო. მე ეს საქმე პარიზში შევასრულე და, როდესაც საბანკო ანგარიში შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ფული ჩარიცხული არ იყო. სამი დღე ველოდე და, ფული რომ ვერ მივიღე, მოქმედება გადავწყვიტე.
მიუხედავად იმისა, რომ მილიონი დოლარი დიდი თანხაა, მე ეს დანაკლისი მატერიალურად არ დამაზარალებდა, თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი მაინც მორალური ფაქტორი იყო და შემკვეთის კვალს გავყევი, რომელიც მარსელში, ერთ-ერთ ოფისში მოვიხელთე. ოფისში ოფიციალურად თევზის სავაჭრო კანტორა იყო, სინამდვილეში კი ნარკოტრანზიტულ პუნქტს წარმოადგენდა, სადაც შეუნიღბავი მივედი, შემკვეთს ვეწვიე და გავეცანი:
– ანრი ფურნიე, მესიე, – ხელი გავუწოდე ლათინოსის ჰაბიტუსიან კაცს, რომელიც ოფისს ხელმძღვანელობდა და სწორედ პირადად მან მომცა ეს შეკვეთა, როდესაც მას იქვე, მარსელში შევხვდი შენიღბული.
– ოსკარ ვალდესი, – ხელი ჩამომართვა შემკვეთმა, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და მკითხა, – რით შემიძლია, გემსახუროთ, მესიე?
ვალდესის კაბინეტი ჰერმეტულად იყო დაკეტილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ შიგნით შეღწევა არ იქნებოდა ადვილი. იქ, სავარაუდოდ, დიდ თანხებსა და ნარკოტიკებს უყრიდნენ თავს. მას მეორე ოთახიც ჰქონდა. იმ მომენტში ჩვენ ორნი ვიყავით კაბინეტში, კარი ჩაკეტილი იყო და მას მივუგე:
– პატარა ფინანსური პრობლემაა მოსაგვარებელი.
– ფინანსური?
– დიახ, მესიე.
ვალდესმა გაკვირვებული მზერა მომაპყრო და მითხრა:
– გისმენთ, ბრძანეთ.
– მესიე ოსკარ, მილიონი დოლარი მჭირდება.
– ასე ცოტა? – ირონიით მითხრა შემკვეთმა, მე კი მივუგე:
– ეს სულაც არაა ცოტა, მესიე, მაგრამ, მე ეს თანხა მჭირდება.
– მძარცველი ხართ?
– არა.
– აბა, ვინ?
– შემსრულებელი, მესიე, – მივუგე ვალდესს და სანამ ის უჯრიდან პისტოლეტს ამოაცურებდა, მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და დავამატე – ზედმეტი მოძრაობა და გესვრით!
ვალდესი არ განძრეულა, შავტუხა სახე გაუფითრდა და მითხრა:
– ბოდიშს გიხდით, რომ თანხა დაგიგვიანეთ, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ მილიონი დოლარი მაქსიმუმ ნახევარ საათში დაგიჯდებათ ანგარიშზე. ასე რომ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ და მშვიდად იყოთ.
– მშვიდად ვერ ვიქნები, ფული!
– კეთილი, ფულს ახლავე გადაგიხდით. ოღონდ, მეორე ოთახში გავიდეთ.
– გავიდეთ, – ვუთხარი ვალდესს, კეფაზე პისტოლეტი მივადე და გვერდითა ოთახში გავყევი, სადაც დაპაკეტებული ჰეროინი და დასტებად დაწყობილი ასდოლარიანები ელაგა:
– აი, აქ შვიდი მილიონი დოლარია და აქედან ერთი თქვენია, – მითხრა ვალდესმა, რომელსაც ვკითხე:
– ჰეროინი რამდენია?
– ორასი კილოგრამი.
– მილიონი დოლარი გადათვალე და მომეცი!
ვალდესმა ასი ცალი ასდოლარიანების დასტა კაპრონის პარკში ჩაალაგა, წინ დამიდო და თან მითხრა:
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. ნახვამდის.
– მშვიდობით.
– რატომ მშვიდობით? გამორიცხული არაა, რომ თქვენი მომსახურება ისევ დაგვჭირდეს.
– იმიტომ მშვიდობით, რომ ჩემი სახე ნახეთ, ეს კი ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, – მივუგე შემკვეთს და შუბლში ტყვია მივაჭედე... შემდეგ მისი კაბინეტი დავტოვე და ორ საათში მარსელიდან გავუჩინარდი...
ვალდესს სიხარბემ სძლია, ფულის ეკონომია გააკეთა და თავიც წააგო. ამგვარად, როცა ამ თამაშში ჩართული ადამიანი დაუწერელ კანონებს არღვევს, ის აუცილებლად თავს აგებს.
დამალვა, რა თქმა უნდა, შეიძლება და, საკმაოდ დიდი ხნითაც, ზოგჯერ სამუდამოდაც კი. მაგრამ, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და თვით მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართული ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ ხოლმე საკუთარი სიცოცხლის დაცვასა და გადარჩენას.
ერთხელ ერთი მილიონნახევრიანი კონტრაქტი შევასრულე, რომლის მიხედვითაც, ერთ დროს გავლენიანი მაფიოზი უნდა მომეძებნა და მომეკლა, რომელსაც ამერიკის მთავრობა იცავდა. ობიექტს სტენლი ერქვა, ერთ დროს ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო და სამი წლის განმავლობაში ემალებოდა ყოფილ თანამოძმეთა საშინელ შურისძიებას. მისი აღმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი „კაგებეშნიკური“ გამოცდილების შედეგად შევძელი. მე მისი ძველი საიდუმლო ვიცოდი, კერძოდ, ის, რომ ჰყავდა ქალიშვილი, რომელსაც ყველასგან მალავდა და სწორედ მისი მეშვეობით გავედი მასზე... ობიექტი კალიფორნიის ერთ-ერთ პატარა დაბაში მოვიხელთე. სადაც ის ქალიშვილისა და შვილიშვილის სანახავად ჩავიდა – ისინი სწორედ იქ ცხოვრობდნენ. სტენლის, რა თქმა უნდა, პლასტიკური ოპერაციით ჰქონდა გარეგნობა შეცვლილი და არ ეგონა, თუ მას ვინმე ოდესმე მოიხელთებდა, ამიტომ, ძალიან ლაღად და თავისუფლად გრძნობდა თავს. მე ორი დღე ვუთვალთვალებდი, როდესაც ის თავის შვილიშვილს ოკეანის სანაპიროზე ასეირნებდა და მასთან ყოფნით ტკბებოდა. ხოლო, როდესაც ის სახლში დაბრუნდა და მატარებელში ჩაჯდა, რომ წასულიყო, მე კუდზე დავაჯექი. სტენლი სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა, მე მას შუაღამით, პირდაპირ საძინებელში დავადექი და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– ილოცე, სტენლი, შენ უნდა მოკვდე.
– ჰმ, – თავი გააქნია ობიექტმა, რომელიც საცვლებისამარა იდგა, – მაინც მომაგენით, ხომ? აი, ესეც თქვენი მოწმის დაცვის პროგრამა... გამყიდეს, ხომ?
– არა, მე მოგაგენი და, მესამე დღეა, მოთმინებით ველოდები შენს დამარტოხელებას.
– ესე იგი, მე რომ შვილიშვილთან ერთად ვერთობოდი, მითვალთვალებდი?
– გითვალთვალებდი და არ მინდოდა, რომ შენთვის ეს სიხარული ჩამეშხამებინა, ახლა კი დროა, ილოცე და მოვრჩეთ!
– ღვთის გულისთვის, – სტენლი მუხლებზე დაეცა და დაამატა, – გთხოვ, ნუ მომკლავ. ნუ წამართმევ ჩემებთან ყოფნის ბედნიერებას. მე რომ მოვკვდე, ისინი ძალიან უბედურად იგრძნობენ თავს.
– უფრო დიდი უბედურება შეიძლება დატრიალდეს, თუკი არ მოგკლავ. მაინც მოგაგნებენ და, შენ გამო, შეიძლება, შენი ქალიშვილი და შვილიშვილი დაზარალდნენ. ამიტომ, ილოცე და სიკვდილისთვის მოემზადე.
სტენლის მეტი აღარაფერი უთხოვია ჩემთვის, თავი იატაკს დაადო და ჩუმ ლოცვას შეუდგა, ხოლო, როდესაც თქვა: „ამინ“, მე მას თავის ქალა გავუხვრიტე და იქაურობას მოვშორდი... მეორე დღეს კი ჩემს საბანკო ანგარიშს მილიონი დოლარი შეემატა, რადგან ნახევარი მილიონი წინასწარ მქონდა აღებული და სწორედ მაშინ შევასრულე ოცი მილიონი, რაც ბევრი რამის გაკეთებისა თუ ფლობის საშუალებას მაძლევდა...
ჩემს მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს, თუ რამხელა კაპიტალის მფლობელი ვარ და რა უძრავ-მოძრავი ქონება გამაჩნია. ქონების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რათა არ გავიშიფრო, თუმცა ვაღიარებ, რომ საკმაოდ მდიდარი ვარ. ხოლო, რაც შეეხება ჩემ მიერ ქეშად გამომუშავებულ თანხას ჩემი მრავალწლიანი ქილერ-საქმიანობის განმავლობაში, 150 მილიონი დოლარის მფლობელი ვარ. არ მინდა, ჩემი პროფესიის რეკლამა გამომივიდეს, მაგრამ, ეს ნამდვილად ასეა და ეს ფული მე მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთების შესრულების შედეგად ვიშოვე. ამ ყველაფერში ერთი შესწორება უნდა შევიტანო: ნურავინ იფიქრებს, რომ ყველა ქილერს ამდენს უხდიან, ასეთ კაპიტალს აგროვებს, ან ამდენ ხანს ცოცხლობს... არამც და არამც არ ვურჩევ არავის, რომ ასეთი ილუზიების ტყვეობაში გაებას, რადგან, მე ერთადერთი ვარ, ვისაც ასე გაუმართლა ყოველმხრივ და ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი... წესი კი, ჩემის ღრმა რწმენით, წესიერი ცხოვრება, პატიოსანი შრომა და შემოქმედებაა. ამიტომ, ვინც ჩემს ჩანაწერებს კითხულობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვურჩევ, რომ ქილერობაზე არც კი იფიქრონ და აზრადაც კი არ გაივლონ თავში... ქილერობა რომ კარგი ყოფილიყო, ამ პროფესიას, უპირველესად, საკუთარ შვილებს შევასწავლიდი...
მე საკუთარი თავი კარგი მამა მგონია და არ ვიცნობ ისეთ ქურდს, კრიმინალს, ან ნებისმიერ გზაგამრუდებულ, მაგრამ ავტორიტეტულ ადამიანს, ვისაც საკუთარი შვილისთვის იგივე ცხოვრება უნდოდეს. ქურდები და კრიმინალები უფრო ხშირად პროფესორებისა და წესიერი ოჯახის შვილები გამოდიან ხოლმე და არაერთ ასეთ ადამიანს ვიცნობ.
ერთხელ, ერთ ქურდს შევხვდი, რომელიც კუნძულ პალმაზე ცხოვრობდა. მის ვილაში, ვერანდაზე ვისხედით და ვსაუბრობდით.
– იცი, ჩემო კარგო, რომ მამაჩემი ცნობილი პროფესორი იყო? – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, რაზეც მივუგე:
– არა. ნამდვილად არ ვიცოდი.
– დიახ, სწორედ ასე იყო, მე კი ქურდი გავხდი და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ მამის ჩრდილქვეშ არ ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება.
– ცოტა უცნაური ლოგიკაა, – მივუგე ქურდს, – შე კაი კაცო, შენც გესწავლა, გეღვაწა და გამოჩენილი კაცი გამოსულიყავი, რაღა ქურდობა აირჩიე?
– აი, სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. მამის გზას რომ გავყოლოდი და მასავით ცნობილი გავმხდარიყავი, ამას მრავალი წელი სჭირდებოდა. ქუჩაში კი ძალიან მალე შეიძლებოდა სახელის მოხვეჭა და მეც სწორედ ეს გზა ვარჩიე, მივყევი, მივყევი და ქურდიც გავხდი.
– საინტერესოა. მოდი, ახლა ჩვენს ინტერვიუს დავუბრუნდეთ, – გავუღიმე მასპინძელს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში