კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ვანაძე
გვარი ვანაძე ორი ფორმით გვხვდება, კერძოდ, ვანაძე და ვანიძე. გვარის ფუძედ გამოყენებული ჩანს გეოგრაფიული სახელწოდება ვანა, რომელიც მერე გვარად იქცა.
ვანაძე ჰქვია სოფელს შუახევის რაიონის ბარათეულის საგამგებლოში. ვანაძეები ჰქვია ხულოს რაიონის ღორჯომის საგამგებლოს სოფელს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის აჭარის აღმართის საგამგებლოს ნავანები ეწოდება. ვანი ჰქვია სათეს ადგილს ცხმორისში, შუბანის საგამგებლოში, დიდაჭარაში. არის, ასევე, სოფელი დღვანი.
ამ ძირით ნაწარმოებია გვარები: ვანაძე, ვანიძე, ღვანიძე, ჯივანიძე, სარდივანიძე, ხოზრევანიძე.
ასევე, ვიდრე საქართველოში დამკვიდრდებოდა ტერმინი სახლი, იხმარებოდა ვანი. აჭარაში შემორჩენილია თვანის სახელწოდებით, რაც ჭურს ნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს, რისი მიზეზიც ყოფილა ბატონის მიერ „პირველი ღამის წესის“ მოთხოვნა. ძმებს შეურაცხყოფა ვერ მოუთმენიათ და სოფლიდან აყრაც მოუსწრიათ. ისინი ოზურგეთის სოფელ შემოქმედიდან ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩამდე მისულან, იქ ერთ გლეხთან მოწყობილან და მევენახეობისთვის მიუყვიათ ხელი. თურმე, კარგ ღვინოს აყენებდნენ და სწორედ ამის გამო ვანაძეები ცოტა ხანში ღვანიძეები გამხდარან.
არსებობს მეორე ვერსიაც, კერძოდ: ძმები სოფელ დღვანიდან ყოფილან. იმერეთში გახიზნულან და, მდევარს რომ არ მიეგნო, ასო დ ჩამოუცილებიათ და ვანიძეებად დაწერილან.
ღვანიძე, ვანაძე და ვანიძე ერთი ძირიდან წარმოქმნილი გვარები უნდა იყოს.
საქართველოში 889 ვანაძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 148, ქობულეთში – 112, ადიგენში – 67. არიან სხვაგანაც.
გორგოშიძე
გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.
გორგი უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება. ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი გორგიშა, გორგოშა.
სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.
გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ერთ-ერთ ნაწარმოებ გვარს – გორგაეთს.
ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გიორგისთან გააიგივა, რაც დაუშვებელია და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვიდან – „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.
გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძესა და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ, გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.
გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.
გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ, მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.
ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ: კორინათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ, აქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები კი საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი – იმამოღლად.
1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.
საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
გაბიდაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბიდა.
სოფელ კოთოთაში გაბიდაური მოიხსენიება 1796 წელს, ერეკლე მეორის მიერ შედგენილ ყმების ნუსხაში.
1873 წელს, სოფელ ნამტვრევანში, მოხსენიებულია მახარობლიშვილი გაბიდაური.
საქართველოში 383 გაბიდაური ცხოვრობს: თბილისში – 132, თეთრი წყაროში – 93, თიანეთში – 31. არიან სხვაგანაც.
მატიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მატია.
1624 წელს მატია ზაზაშვილი მოიხსენიება ირაკლი და ვახუშტი მატიაშვილების ყმების ნუსხაში.
1690 წელს შავერდა მატიაშვილი მოწმედ მოიხსენიება ესტატე მოლოდინაშვილ-ქრისტესიაშვილისა და მისი ძმების მიერ, ნიგვზის გაყიდვაზე შედგენილ ნასყიდობის წიგნში.
1817 წელს კოდელი ივანე მატიაშვილი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შვილს უნათლავს დავით ბერუაშვილს.
მატიაშვილების წინაპარი, გადმოცემის მიხედვით, მატია დოლდაშვილი ყოფილა.
მოგვიანებით, მატიაშვილები რუსული გაფორმებით მატიანოვებად ჩაუწერიათ.
ამავე ძირისაა გვარები: მათიაშვილი, მატუაშვილი, მატოშვილი.
მატიაშვილების ერთი შტო, 1886 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ კოდაში აბატაშვილი გამხდარა.
საქართველოში 147 მატიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, რუსთავში – 42. არიან სხვაგანაც.
კაკაურიძე
კაკაურიძე ორსუფიქსიანი ქართული გვარ-სახელია, შედგება საკუთარი სახელისგან კაკა. ესაა კაცის უძველესი სახელი, ასევე, გვხვდება ქალის სახელადაც. ური, ისევე, როგორც ძე, გვარის მაწარმოებელი სუფიქსია. პირველი გვხვდება მთიულეთში, მეორე – იმერეთში.
ფუძით კაკა გვხვდება გვარი კაკაური, მისი სამშობლოა კახეთი.
ძნელია იმის თქმა, რომელი გვარი გაჩნდა პირველად – კაკაური თუ კაკაურიძე. კაკაურიძე შედარებით მრავალრიცხოვანი გვარია.
„კაკაურიძე მახარობელს, წყალწითელას მცხოვრებს, კოხურას ბეგარის ნუსხის მიხედვით, ემართა სანთელი – ლიტრა ორი, ღომი – გვერდი ორი, პური – გვერდი ერთი, ღვინო – კოკა სამი, ათი თეთრის საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი). იქვე მოიხსენიება მიქელ კაკაურიძე.
ფუძით კაკა რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები.
საქართველოში 2 071 კაკაურიძე ცხოვრობს: თბილისში – 489, ზესტაფონში – 480, ქუთაისში – 367. არიან სხვაგანაც.
გვენეტაძე
გვარში ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გვენე. დაფიქსირებულია სვანეთში.
ქართული გვარების „საშენ მასალად“ ხშირადაა გამოყენებული ასო ტ. გვენეს დაემატა ასო ტ და მიღებული იქნა გვენეტაძე, ამავე ძირისაა გვარი გვეტაძე.
ქართულ სამართლის ძეგლებში მიგნებულია სამი დოკუმენტი, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, დავადგინოთ, თუ რომელი წლიდან მოიხსენიებიან გვენეტაძეები, სად ცხოვრობდნენ და როგორი სოციალური მდგომარეობის იყვნენ.
ვინმე გვენეტაძე მოუკლავს მაჭავარიანების ყმას, რის გამოც შუღლი ჩამოვარდნილა მაჭავარიანსა და კონსტანტინეს შორის. ეს ფაქტი შეტანილია ისტორიულ მასალებში, რომელიც დათარიღებულია 1565-1583 წლებით.
„წყალწითელას მცხოვრებ როსტევანა გვენეტაძეს მართებს ბეგარა ორი ლიტრა სანთელი, ორი გვერდი ღომი, ერთი გვერდი პური, სამი კოკა ღვინო, ათი საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი).
„ხუცია გვენეტაძე მოწმეა კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ კანდელაკ ქავთარისათვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა“ (1673-1696 წლებში).
1840-იან წლებში იმერეთში გვენეტაძეები ცხოვრობენ სოფლებში: დაბაძველი, ეწერი, მუხაყრუა, სუფოთი, სიმონეთი.
ვარაუდით, გვენეტაძე და გვეტაძე ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. მათ სოფლებში: ქუთაისში, ციხიასა და ჭოგნარში უნდა ეცხოვრათ. იქიდან როცა გასულან, დასახლებულ სოფლებში ინფიქსი ნ ჩაუმატებიათ.
გვენეტაძეები სასულიერო პირები და საეკლესიო გლეხები იყვნენ.
25 000 გვარს შორის გვენეტაძეებს 253-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 2 750 გვენეტაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 817, ტყიბულში – 671, თერჯოლაში – 557. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3