რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს – „მიცუბიში პაჯერო” თუ „ტოიოტა პრადო”?
პასუხი: ეს ორივე ავტომობილი მრავალჯერ არის გატესტილი უსაფრთხოებაზე და, შესაბამისად, რთულია რომელიმე მათგანის გამორჩევა. ორივე საკმაოდ მაღალი კლასის ავტომობილია, რომელიც აღჭურვილია როგორც წინა, ისე გვერდული აირბაგებით, ანუ, უსაფრთხოების ბალიშებით; მათი წინა მხარე საკმაოდ მტკიცეა და დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. ზოგადად, ნებისმიერ ახალ ავტომობილს ქრაშტესტი უტარდება: დაახლოებით, ორმოცდაათი კილომეტრ-საათში აჩქარებით მანქანებს კედელს აჯახებენ და ადგენენ, რამდენად უსაფრთხოა ის. მსგავსი ტესტი ორივე ავტომობილს აქვს გავლილი, მაგრამ, მაინც, გააჩნია, რა ტიპის ავარიას გულისხმობთ. სამწუხაროდ, ისეთი ავარიებიც ხდება, როდესაც ავტომობილში ადამიანის გადარჩენის ალბათობა ძალიან დაბალია.
კითხვა: რა სხვაობებია „მერსედეს ემელ 350-სა“ და „ემელ 420-ს“ შორის?
პასუხი: ალბათ, თქვენ ახალ მოდელებს გულისხმობთ. ძირითადი სხვაობა ამ ორ ავტომობილს შორის ძრავაშია. „ემელ 350” არის ბენზინის, 3.5 ლიტრაჟის, ექვსცილინდრიანი ძრავათი აღჭურვილი. რაც შეეხება „ემელ 420-ს“, ამ ავტომობილის ძრავა დიზელზე მუშაობს, ძრავას მოცულობაა 4.0 ლიტრაჟი, რვაცილინდრიანი. ეს არის საკმაოდ კარგი, თანამედროვე, სწრაფი ძრავა, რომელიც აკმაყოფილებს ეკოლოგიურ ნორმებს. „ემელ 420-ს“ მეტი აქვს აჩქარება, ნაკლებს წვავს, რადგან, მოგეხსენებათ, დიზელის ძრავა უფრო ეკონომიურია. ორივე ავტომობილი აღჭურვილია მართვის შვიდსიჩქარიანი, ავტომატური კოლოფით. მაგრამ ყველა ამ სიკეთესთან ერთად, „ემელ 350-ს“ ფასიც გაცილებით მაღალი აქვს – დაახლოებით 15 ათასი დოლარით მეტი ღირს.
კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა 2.0 ძრავით, გავლილი მაქვს 7 400 კილომეტრი და წვავს ნორმაზე ბევრად მეტს. იქნებ, მითხრათ, რამე აქვს დაზიანებული თუ რა ხდება? რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია, ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება მინიჭებული შესაბამისი გარანტია. მაგრამ, საეჭვოა, თქვენი პრობლემა გამოწვეული იყოს კვების სისტემისგან და, ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით იმ მარეგულირებელ მოწყობილობებს, რომლებიც ქარხნის მიერ არის დაყენებული. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და, უნდა უზრუნველყოთ იმ ხარისხის საწვავით, ვინაიდან, დაბალი ხარისხის საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში არ ხდება საწვავის სრული აფეთქება და ვერ გამოყოფს იმ დაწოლის ძალას, რომელმაც დგუში უნდა მოიყვანოს შესაბამის ბრუნვის მომენტამდე. ამიტომ, საწვავის მიმწოდებელი ეგრეთ წოდებული „დროსელის” საშუალებით ვუმატებთ საწვავის მიწოდებას, რათა მივაღწოთ სასურველ ბრუნვას და სიჩქარეს. წვის კამერაში კი იგივე მეორდება და, რაც უფრო მეტი ძალით გვინდა, იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს ვაწვდით სისტემას. რაც ყველაზე ცუდია, საწვავის დაბალი ხარისხის გამო, ხდება მისი გარეთ გამობოლვა ნახევრად დაუწვავი აირის სახით, ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა. კატალიზატორის მქონე ავტომობილებზე კი ეს, ხშირ შემთხვევაში, გამოიწვევს მის ძალიან ინტენსიურ გაბინდვას და, ამ დროს, შესაძლებელია, ძრავა საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ, გირჩევთ, მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ყველაზე დიდი ეკონომია. ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავასთვის. ეს არის საკითხი, სადაც ეკონომია უფრო მეტ ხარჯს იწვევს.
კითხვა: ჩემი ავტომობილის ძრავადან რაღაც წკრიალის ხმა ისმის. როგორც მეუბნებიან, მიზეზი ისაა, რომ მაღალი ოქტანობის, კარგი ხარისხის საწვავს ვასხამ. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას და არსებობს თუ არა ავტომობილები, რომელსაც დაბალი ხარისხის ბენზინი სჭირდება?
პასუხი: ასეთი ავტომობილები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგალითად, ამერიკული მოდელები, რომლებიც დაბალ ოქტონობაზე მუშაობენ. მაგრამ წკრიალის გამომწვევი მიზეზი, შეიძლება, მხოლოდ ეს არც იყოს. თუ იქაც კი, 92-ოქტანიან საწვავზე ნაკლებს ჩაასხამ, იმასაც აუცილებლად ექნება წკრიალის ხმა. წკრიალის ხმა კი შეიძლება გეგონოთ „კლაპანების” ხმა, რაც სულაც არ მოდის „კლაპანებიდან”. ვთქვათ, მართლა სარქველების ხმაა. დავფიქრდეთ, აბა, როგორ შეიძლება, სარქველის მოძრაობა შეჩერდეს და შემდეგ ხმაურით დაიკეტოს? მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება წკრიალი. ასეთი რამ, თუ ოდნავ მაინც ერკვევით ავტომობილის მექანიკაში, მიხვდებით, რომ შეუძლებელია, რადგან, მარტივად რომ გითხრათ, ასეთი რაღაც ხდება: მოჭიმული ზამბარა ექაჩება სარქველს დაკეტვისკენ, ხოლო, იმ მომენტში, როცა უნდა გაიღოს, სპეციალური მოწყობილობა ზამბარას აძალებს გარეთ გამოსვლას. თუ მართლა რაიმე გამოიწვევს სარქველის შენელებას, ის ზამბარას უნდა მოერიოს, რათა ის ღია მდგომარეობაში დარჩეს. მაგრამ, „კლაპანსა” და მიმწოლს შორის დაშორება რომ გაკეთდეს, ელემენტარული ღრიჭო, მისი დამჭერი ძალიან მარტივად ამოვარდება. ანუ, ეს მოწყობილობა წკრიალის დროსაც იდეალურად მუშაობს. რეალურად, ეს არის დეტონაციის ხმა, ანუ, რა ხდება: ძრავაში მოხვედრილი დაბალი ხარისხის ბენზინი სრულად დაწვას ვერ ახერხებს. როდესაც სანთლიდან მიიღებს ნაპერწკალს, ის ერთი აფეთქებით სრულად დაწვას ვერ ახერხებს და ზედ დარჩენილი საწვავის პატარ-პატარა დაჯგუფებები ერთმანეთის მიმდევრობით ფეთქდება და სალონში წკრიალის ხმა ისმის. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, შედარებისთვის გეტყვით: ბომბი რომ ტყვიების საწყობში ჩავარდეს, რა მოხდება?! ჯერ იქნება ერთი დიდი აფეთქება და მერე ტყვიები სულ სათითაოდ გასკდება, აფეთქდება. ზუსტად იგივე ხდება ავტომობილში: ერთ დიდ აფეთქებას მოქმედებაში მოჰყავს დგუში, ხოლო დაუწვავი საწვავი მერე ერთიანად ფეთქდება.