ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ჩემი ძაღლი ძალიან ბევრ წყალს სვამს. მაინტერესებს, ეს ჩვეულებრივი შემთხვევაა, თუ, შეიძლება იყოს დიაბეტის ბრალი, ისევე, როგორც ადამიანებში?
პასუხი: არ არის გამორიცხული, რომ ძაღლს დიაბეტი ჰქონდეს. ამიტომ, გადამოწმებაა საჭირო. მიიყვანეთ ძაღლი ვეტერინართან, რომელიც გასინჯავს მას, ჩაუტარებს სხვადასხვა გამოკვლევას და მიზეზსაც დაადგენს.
კითხვა: ხშირია თუ არა ცხოველებში კოჟრები და ხდება თუ არა მისი მკურნალობა?
პასუხი: ძაღლებს კოჟრები უჩნდებათ იდაყვისა და მუხლის ადგილებში. კოჟრის გამოვლინება ჯიშობრივ ფაქტორზეც არის დამოკიდებული და წონაზეც. შეიძლება, ძაღლს კოჟრი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჰქონდეს და არ შეაწუხოს, უბრალოდ, გამოხატული ფორმით იყოს. იმ შემთხვევაში, თუ კოჟრები გაღიზიანებულია და ხელს უშლის ცხოველს ადგომასა და დაწოლაში, უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა და ამოიკვეთოს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლი გამოვკვებოთ სახლში დამზადებული წვნიანით და სხვა კერძებით, რითაც ოჯახის წევრები ვიკვებებით.
პასუხი: რაც არ შეიძლება, იმით დავიწყებ: ცხოველური ცხიმები მავნებელია როგორც ადამიანისთვის, ისე ძაღლებისთვის. ასევე, არ შეიძლება ცხოველმა მიიღოს შემწვარ-მოხრაკული, ღორის ხორცი, მაღალცხიმიანი ნახარშები და ძვლები. რაც შეეხება წვნიანს, თუ ის დამზადებულია კარტოფილითა და ბოსტნეულით, შეგიძლიათ, აჭამოთ, მაგრამ, არა სისტემატურად, რადგან ეს არ იქნება ძაღლისთვის სრულფასოვანი კვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს იჩენს პრობლემა როგორც ბეწვის ცვენასთან, ისე ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.
კითხვა: ძალიან მინდა ვიყოლიო ძაღლი, მაგრამ, ყველა მაფრთხილებს, რომ ამისთვის მარტო სურვილი არ კმარა, რადგან ცხოველის შეძენასთან ერთად, მის მოვლა-შენახვას დიდი ხარჯები სჭირდება. მართალია?
პასუხი: საკმაოდ ბევრი ძაღლია, რომლის ღირებულებაც ძვირია, ისევე როგორც შემდგომ მისი შენახვა და მოვლა-პატრონობა და ეს ყველაფერი მართლაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როგორც ადამიანს სჭირდება ხარისხიანი კვება, ისევე უნდა ცხოველსაც. ამას ემატება მკურნალობა და სხვა ხარჯები. შესაბამისად, ძაღლი სათანადოდ მოვლილი რომ გყავდეთ, მართლაც საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიკრიჭოს პუდელი?
პასუხი: დავუშვათ მყავს პუდელი და მიყვარს მისი ბეწვი, რომელიც ივარცხნება, ხუჭუჭდება და ლამაზი შესახედია. ამ შემთხვევაში შეიძლება 6 თვეში ერთხელ მოხდეს მისი გაკრეჭვა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პატრონის სურვილია მის პუდელს დაბალი ბეწვი ჰქონდეს, მაშინ არსებობს სხვადასხვა ფორმის ვარცხნილობა, არის როგორც მთლიანი აღება ბალანის, რომელიც მხოლოდ ერთ სანტიმეტრზე რჩება, ასევე საშუალო. ეს განისაზღვრება, თვითონ მეპატრონეს როგორი მოსწონს თავისი ძაღლი.