როგორ დაკარგეს შვილებმა დედა და რა მიზეზით არ დაბრუნებულა სახლში მივლინებაში წასული 42 წლის ქალი
38 წლის მარინა იურის ასული კლიმოვა ეძებს 66 წლის მარგარიტა კლიმოვას.
ისტორია: ვეძებ დედაჩემს – 66 წლის მარგარიტა კლიმოვას. დედაჩემი 1988 წელს 10 დღით გაემგზავრა იაროსლავლიდან თბილისში, სადაც, ის 10 დღის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრობდა, შემდეგ ის სოჭში უნდა ჩასულიყო, იქიდან კი იაროსლავლში დაბრუნებულიყო, მაგრამ, სოჭში ის აღარ ჩასულა. იმ დროს მე 14 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი – 9 წლის. მას შემდეგ 24 წელი გავიდა, მაგრამ ის ტრაგედია, რაც ჩვენ ოჯახს გადახდა თავს, სულ გვახსოვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დედა ცოცხალია და ჩვენ მას ვიპოვით, რადგან, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ის სრულიად შემთხვევით უნახავს ტელევიზორით ჩვენს მეზობელს, როდესაც საქართველოს აჩვენებდნენ. დიდი იმედი მაქვს თქვენი რუბრიკის.
– 24 წელია გასული მას შემდეგ, რაც თქვენ დედა ბოლოს ნახეთ. როგორ ფიქრობთ, მაინც, რა მოხდა? გვიამბეთ ყველაფერი, რაც იცით.
– 1988 წლის 11 ივნისს დედაჩემი, მარგარიტა კლიმოვა, მივლინებით გაემგზავრა თბილისში. ის იაროსლავლის ავტოქარხანაში მუშაობდა. მივლინების დრო 10 დღეზე იყო გათვლილი, შემდგომ კი დედა უკან უნდა ჩამოსულიყო. ოჯახში მას ელოდებოდა ორი შვილი: მე 14 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი – 9 წლის. წარმოიდგინეთ, რამხელა შოკი იყო ჩვენთვის, როდესაც დედა არ ჩამოვიდა. აღმოჩნდა, რომ თბილისში ყოფნისას ის 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სასტუმროში, 23 ივნისს უნდა გაფრენილიყო სოჭის აეროპორტში, სადაც შეკვეთილი იყო მისთვის ბილეთი იაროსლავლში დასაბრუნებლად, მაგრამ, სოჭში ის არ ჩასულა – ვიღაც კაცს ჩაუბარებია უკან მისი ბილეთი სოჭამდე. ამის შემდეგ ჩვენ დედა აღარ გვინახავს.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?
– ნამდვილად არ ვიცი, რა ვიფიქრო. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო და დღემდე ვერ მოვსულვართ აზრზე. მე ყოველდღე ვლოცულობ, რომ ამგვარი რამ არ გადაიტანონ სხვა შვილებმა, ვინაიდან, ეს არის უმძიმესი შოკი და ტრაგედია. მინდა, კარგზე ვიფიქრო. დედა ძალიან კეთილი ქალია, ის არაფრის დიდებით არ დაგვტოვებდა ჩვენ – შვილებს. მაგრამ, ჩვენს მეზობელს სრულიად შემთხვევით რამდენიმე თვის წინ უნახავს დედა ტელევიზორით – ის საქართველოში, თბილისში იმყოფებოდა. იმედია, ის ამჟამადაც იქ არის და თქვენ მას გვაპოვნინებთ. მინდა, მას მივმართო: ძვირფასო დედიკო, ჩვენ არც ერთი წუთით არ დაგვვიწყებიხართ. მეც და ჩემს ძმასაც უკვე შვილები გვეზრდება, ანუ, შენ ბებია გახდი. ძალიან გთხოვ, გამოგვეხმაურე, დაგვიბრუნდი!
– აქამდე თუ გიცდიათ მისი მოძებნა?
– როდესაც ეს მოხდა, მე 14 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, აზრად მქონდა თბილისში ჩასვლა და იქ დედაჩემის მოძებნა, მაგრამ, 14 წლის გოგონას ეს არ შეუძლია. შემდგომ კი, როგორც გითხარით, გამოვიძიეთ ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ და მეტი არაფერი. ჩვენთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ასე. საქართველოში დედა პირველად იყო, ანუ, მანამდე მას იქ არავინ ჰყოლია და, ბუნებრივია, ის მანდ ვერავისთან ვერ დარჩებოდა, მით უმეტეს, ორი შვილი ელოდებოდა სახლში. მე ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს და არ მინდა, ცუდზე ვიფიქრო. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა უნდა მომხდარიყო. იმედია, დედას ვიპოვით და მაშინ გავიგებთ ყველაფერს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.