ვინ ეძებს მამას ომსკის მხარიდან საქართველოში და რა მიზეზით დაკარგა მამა-შვილმა ერთმანეთი
24 წლის ნატალია ნიკოლოზის ასული ანტიპოვა ეძებს 69 წლის ჯუგელი საჯაიას.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 69 წლის ჯუგელი (სახელის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ) საჯაიას. მამა 5 წლის ასაკში ვნახე ბოლოს. ვიცი, რომ ის საქართველოში უნდა იყოს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ უცხოეთში წასულიყო. სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მამას ვერ ვპოულობ და, მინდა, დამეხმაროთ მის მოძებნაში. მაქვს მამის ფოტო, რომელზეც ის ხელმარჯვნივაა, მეორე ფოტოზე კი ვართ მამა, დედა და მე. იმედი მაქვს, მამიკოს ამ ფოტოების წყალობით ვიპოვი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ნატალიამ თავისი ისტორია განათავსა „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზეც. სამწუხაროდ, არც ნატას და არც დედამისს არ ახსოვთ დაკარგულის ნამდვილი სახელი და, სავარაუდოდ, მას ჯუგელი უნდა ერქვას. ჩემი რესპონდენტი კი დღესაც ქალაქ ომსკში ცხოვრობს. ის იმედოვნებს, რომ მამას რუბრიკა „დაკარგულების“ საშუალებით იპოვის.
– გვიამბე შენი ისტორია. როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი?
– ჯუგელი საჯაია მამაჩემია. ბოლოს მე ის 5 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვნახე. დედაჩემისგან ვიცი, რომ ის საცხოვრებლად საქართველოში წავიდა, მანამდე კი რუსკო-პოლიანსკის რაიონში, სოფელ ცვეტოჩნოეში ცხოვრობდა. ის მშენებლად მუშაობდა და სამსახურში გაიცნო დედაჩემი. დედა 1943 წელს დაბადებული გალინა ბურმისტროვა გახლავთ. მას შემდეგ, რაც მამა წავიდა, მის შესახებ აღარაფერი ვიცით. ძალიან მინდა, გავიგო, როგორ ცხოვრობს და რა მიზეზით არ დაგვიკავშირდა ის არც ერთხელ. დედაჩემს არ უნდოდა, რომ მე მამის ძებნა დამეწყო, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა გამიგებს. მაინტერესებს და მინდა, მამაჩემის შესახებ ყველაფერი ვიცოდე. თუკი მას ამჟამად ოჯახი აქვს (და ეს, ბუნებრივია, ასეც იქნება), მაშინ, იმედია, მისი ოჯახის წევრებიც გამიგებენ და არ ეწყინებათ ის ფაქტი, რომ მე მამას ვეძებ. იმისთვის, რომ მამაჩემი მიხვდეს, თუ ვინ ეძებს, გიგზავნით ჩემი ბავშვობის ფოტოს, რომელზეც მე 5 წლის ვარ და მამაჩემსაც ასეთი უნდა ვახსოვდე.
– შენ როგორ ფიქრობ, რა იყო იმის მიზეზი, რომ ერთმანეთი დაკარგეთ და ამდენი წლის განმავლობაში მამაშენი არც ერთხელ არ შეგხმიანებიათ?
– მიზეზი არ ვიცი. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ამდენი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ დააინტერესოს, თუ როგორაა მისი შვილი. მე მისგან არაფერი მინდა, მყავს აღმზრდელი მამა და უკვე ყველაფერს მივაღწიე ცხოვრებაში. ვსწავლობ და ჩემთვის ვცხოვრობ, მაგრამ, მინდა ვიცოდე, როგორაა მამაჩემი და რა მიზეზით არ დამკავშირებია ის ამ წლების განმავლობაში. ღმერთმა ქნას, ის კარგად და ჯანმრთელად იყოს. თუკი მამაჩემს თავისი ოჯახი აღმოაჩნდება (რაშიც მე დარწმუნებული ვარ), იმედი მაქვს, ისინი გამიგებენ და ჩემი გაცნობაც მოუნდებათ. პირადად მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
– აღმზრდელი მამის გვარზე ხარ?
– დიახ. დედაჩემი მალევე გათხოვდა და მე ნიკოლაიმ აღმზარდა. ის ძალიან კარგი ადამიანია და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს. თავდაპირველად, როდესაც დედა მეწინააღმდეგებოდა და არ უნდოდა, რომ მამა მომეძებნა, სწორედ ნიკოლაიმ დაითანხმა ის. მამაჩემს რომც მოუნდეს ჩემი მოძებნა, ის მე ვერ მომძებნის, რადგან მან ჩემი გვარი არ იცის. იმედია, ფოტოთი მიცნობს. სურათზე მე სწორედ 5 წლის ვარ – ასეთი უნდა ვახსოვდე მამას.