როგორ აღმოჩნდა 39 წლის მამაკაცი საცოლის მკლავების ნაცვლად ციხეში
საცოლის გულის მოგება თემურ ს-ს ხუთწლიან პატიმრობად დაუჯდა. ორიგინალური თაღლითობა, რომელიც მან ჩაიდინა, ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება, მაგრამ, როგორც ჩანს, სიყვარულის გამო ბრალდებული სრულ მზადყოფნაში აღმოჩნდა – მან საბოლოო სიტყვაში განაცხადა „ის არაფერს ნანობს”.
მართლაც საცოდაობაა, რომ თემურ ს-ს, რომელმაც დანაშაული ქალის გულის მოსანადირებლად ჩაიდინა, არ დაუფასდა: მისი დაკავების შემდეგ, მისი რჩეული, შორენა რ., თავის გზაზე წავიდა და თან წაიღო საქმროს მიერ მიძღვნილი ის ძვირად ღირებული ნივთი, რომლის გამოც, შეყვარებული „რომეო“ ციხეში მოხვდა. ცალკე თემაა ზარალის თანხა, რომლის ანაზღაურება არც პატიმარს შეეძლო და არც მის ოჯახს, თუმცა, საჩუქრის უკან დაბრუნების შედეგად, პატიმარმა ზარალი თითქმის მთლიანად დაფარა. საჩუქარი კი, რომლის დაბრუნებასაც ქალი ნებით არ აპირებდა, არც მეტი, არც ნაკლები, 15 ათას დოლარად ღირებული ავტომანქანა იყო...
ტაქსისტის უიღბლო სიყვარული
როგორც თემურ ს-ს დები ჩვენებებში წერენ, მათი ძმა განსაკუთრებული გემოვნების ადამიანი იყო. სწორედ ამიტომ, ის ცოლის მოყვანას აჭიანურებდა, რადგან, არავინ მოსწონდა. ოჯახი ამის გამო წუხდა, ხან ვის ურიგებდნენ, ხან – ვის, მაგრამ, კაცმა გამოაცხადა, რომ უსიყვარულოდ არ დაქორწინდებოდა და, მართლაც, ნათქვამ სიტყვას ბოლომდე იცავდა.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 39 წლის თემურ ს. კომუნისტების დროიდან შემორჩენილი საკუთარი „გაზ 24-ით“ „ტაქსაობდა“. ის ძირითადად ავეჯს ეზიდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავტომანქანა ლამის ჯართში ჩასაბარებელი გაუხდა, გადაწყვიტა, „სატაქსაოდ“ სხვისი მანქანა ექირავებინა. ასეც მოიქცა, მაგრამ, აშკარად ჯობდა, ისევ დანგრეული მანქანით ევლო, რადგან, ციხეში სწორედ დაქირავებული „მარშრუტკის” გამო აღმოჩნდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, თემურ ს-მ გაზეთ „სიტყვა და საქმეში” განთავსებული განცხადებით ამერიკიდან ახლად დაბრუნებული ვინმე ლამარა ი. გაიცნო, რომელიც გარკვეული პირობების სანაცვლოდ, სამარშრუტო ტაქსის აქირავებდა. ვინაიდან მანქანის პატრონის პირობები თემურ ს-სთვის მისაღები იყო, მათ შორის გარიგება შედგა. კერძოდ, თემურ ს. სამარშრუტო ტაქსიზე იმუშავებდა და ყოველთვიურად პატრონს 500 ლარს გადაუხდიდა, მაგრამ, მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ, 450 ლარზე შეთანხმდნენ. ლამარა ი-ს თანხა ყოველ 5 რიცხვში უნდა მიეღო. მართლაც, პირველ ხანებში ყველაფერი გეგმაზომიერად მიდიოდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი დამქირავებელმა ქირის ფულის დაგვიანებები დაიწყო. მართალია, მერვე თვეს თემურ ს-მ ორი თვის ქირა ერთად გადაიხადა და აქ დასრულდა მათ შორის გარიგება – თემურ ს-ს კვალი დაიკარგა.
როგორც ლამარა ი. ჩვენებაში წერს, თემურის პატიოსნებაში ის ბოლომდე დარწმუნებული იყო, სჯეროდა, რომ ვალს აუცილებლად დაუბრუნებდა, მაგრამ, ორთვიანი ლოდინის შემდეგაც რომ აღარ გამოჩნდა, პოლიციას მიმართა, რადგან სამარშრუტო ტაქსიში, რომელიც ჯერ თემურ ს-ს სახელზე გააფორმა, შემდეგ კი მიაქირავა, 17 500 დოლარი ჰქონდა გადახდილი. სწორედ ამიტომ, „მარშრუტკის” რეალურ პატრონს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ, ნივთი, რომელზეც დავობდა, ნამდვილად მისი იყო...
გამოძიებამ თემურ ს. დაახლოებით ორ კვირაში თურქეთიდან საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ქალთან ერთად დააკავა, მაგრამ, ბრალდებულს აღარც სამარშრუტო ტაქსი ჰყავდა და არც ლამარა ი-სთვის გადასახდელი თანხა. გაირკვა, რომ მან ტაქსი გაყიდა, საცოლეს 15 ათას დოლარად ღირებული „ჯიპი” უყიდა, დარჩენილ თანხას კი თავისიც დაუმატა და ამის შემდეგ ქალი თურქეთში „აგულავა”...
თემურ ს. პოლიციას არწმუნებდა, რომ ყველაფერს უკან დააბრუნებდა, მაგრამ, თაღლითობის ბრალდებით, ის ციხეში მაინც ჩასვეს. გამოძიებით კი გაირკვა, ამ თანხების გარდა, ეგრეთ წოდებული საცოლის გამო, მას საკუთარი დის დაახლოებით 2 ათასი დოლარის ღირებულების ოქროული ჰქონდა დალომბარდებული.
რატომ გაყიდა ტაქსისტმა სხვისი ქონება
თემურ ს-მ, 35 წლის შორენა რ. სამუშაოს შესრულების დროს გაიცნო: ერთ-ერთი მაღაზიიდან თემურმა მას სახლში ჯერ გარდერობი, შემდეგ საწოლები მიატანინა. ამის შემდეგ, კლიენტმა ის სახლში შეიპატიჟა და აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა, რომელიც იქამდე მივიდა, რომ თემურ ს. ღამეებს მის ბინაში ათევდა. ბოლოს კი იმდენად დაახლოვდნენ, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ და კაცმა ქალს ცოლობაც სთხოვა, მაგრამ, რატომღაც, ქალი გათხოვებას არ ჩქარობდა...
როგორ დააკარგვინა ქალმა კაცს თავი, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ფაქტია, თემურ ს-მ სხვისი კუთვნილი ქონება, ანუ, სამარშრუტო ტაქსი, გაყიდა და ქალს „ჯიპი“ უყიდა. თავად დაუქირავა მასწავლებელიც, რომლიც ქალაქში სიარულს ასწავლიდა და, ზოგადად, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქალის გული მოეგო, რაც ცხადია, დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული...
დაზარალებული ლამარა ი-ს ჩვენებიდან: „თემურმა რომ დამირეკა, მისი ხმით მივხვდი, რომ კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო. მართლაც, რომ შევხვდით, ძალიან მომეწონა. ეტყობოდა, კარგ ოჯახში იყო გაზრდილი. სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ვაქირავებდი, მას ძალიან მოეწონა და მოვილაპარაკეთ, რომ მანქანა მასზე გაფორმდებოდა. ამის ინიციატორი მე ვიყავი, რადგან, ამ სამარშრუტო ტაქსის გარდა, კიდევ ორი მსუბუქი მანქანაც მქონდა გაქირავებული და, ვივარაუდე, რომ, შესაძლოა, პრობლემები შემქმნოდა. თანაც, თემურს რამდენჯერმე შევხვდი და დავრწმუნდი, რომ უბრალო, წესიერი ადამიანი იყო და, ამიტომ, გულშიც არ გამივლია, რომ შესაძლოა მასთან რამე პრობლემა შემქმნოდა. სწორედ ამიტომ, საბუთები ისე გავაფორმეთ, თითქოს „მარშრუტკა” მისი საკუთრება იყო. 450 ლარზე შევთანხმდით. არადა, რეალურად, ასეთ „მარშუტკას“ 700 ლარზე ნაკლებად არ აქირავებენ.
პირველ თვეებში არანაირი პრობლემა არ მქონია, ქირას პატიოსნად მიხდიდა. თანხის მოსატანად რომ მოდიოდა, შოკოლადები და ხილი არ ავიწყდებოდა. ფულის დაგვიანება რომ დაიწყო, ცუდი არაფერი მიფიქრია. თანაც, შემდეგი ორი თვის ერთად მომიტანა, მაგრამ, ბოლოს, საერთოდ დაიკარგა, ტელეფონი ან გამორთული ჰქონდა, ან არ მპასუხობდა. ორთვიანი ლოდინის შემდეგ კი პოლიციაში განვაცხადე და ვაღიარე, რომ, გადასახადის დამალვის მიზნით, ჩემი კუთვნილი ქონება სხვაზე გადავაფორმე, რითაც 17 500 დოლარი ვიზარალე,” – განაცხადა დაზარალებულმა, რომელმაც, არა თემურ ს-ს დასჯა, არამედ, საკუთარი ქონების საფასურის დაბრუნება მოითხოვა...
რაც შეეხება ბრალდებულს, მან დანაშაული გულწრფელად აღიარა და განაცხადა, რომ ყველაფერი სიყვარულის გამო ჩაიდინა, რასაც არ ნანობს. თუმცა, სულ სხვაგვარად ფიქრობდა მისი რჩეული, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მის სახელზე გაფორმებული ავტომანქანა კანონიერად ჰქონდა შეძენილი და მას არავინ მოუტყუებია. თუმცა, დაჭერის შიშით, საბოლოოდ აღიარა, რომ, თანხა, რომლითაც მანქანა ხელში ჩაიგდო, მისი არ იყო...
ბრალდებულის ჩვენებიდან: „შორენა ძალიან ლამაზი და კარგი ადამიანია. სერიოზულად ვფიქრობდი მასთან დაქორწინებაზე და, ამიტომ, რაც გავაკეთე, არ ვნანობ.
შორენასთან დაახლოების შემდეგ შევიტყვე, მთელი ცხოვრება რომ მანქანის ყიდვაზე ოცნებობდა, ამისთვის ფულსაც აგროვებდა, მაგრამ მხოლოდ 2 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო. მე კი იმდენად მინდოდა მისთვის ნატვრის ასრულება, რომ „მარშრუტკა” გავყიდე. დარწმუნებული ვიყავი, ლამარას საფასურს გადავუხდიდი, რადგან, ჩემი საქმეები კარგად მიდიოდა და კლიენტი ბევრი მყავდა. თანაც, უკეთესი მანქანა ვიქირავე და უფრო დიდი შემოსავალი მქონდა. 16 000 დოლარად გაყიდული „მარშრუტკის” ფულიდან შორენას მანქანა ვუყიდე, დარჩენილი თანხის ნაწილით კი ლამარას ქირა გადავუხადე. ვინაიდან შორენას დავპირდი, რომ ზაფხულში თურქეთში დავასვენებდი, თანხა ამისთვისაც მჭირდებოდა. ამიტომ, ჩემი და მოვატყუე, რომ ცოლი მომყავდა, ამისთვის მომზადება მჭირდებოდა და თავისი ოქროულობის დაგირავება ვთხოვე – ვიცოდი, უარს არ მეტყოდა...” – განაცხადა განსასჯელმა, რომელიც თურქეთიდან ჩამოსვლისთანავე, სარფში დააკავეს.
დაუჯერებელია, მაგრამ, თავად შორენა რ-მ თავი შორს დაიჭირა. მან განაცხადა, რომ თემურ ს. მისი საქმრო კი არა, მეგობარი იყო. პირველ ეტაპზე მან თქვა, რომ ავტომანქანა საკუთარი დანაზოგით იყიდა და თემურმა მხოლოდ 5 ათასი დოლარი დაუმატა, მაგრამ, საბოლოოდ, იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა, რადგან მისი „ჯიპის” ყოფილმა პატრონმა, რომელიც მოწმედ დაიკითხა, განაცხადა, რომ მას მთლიანი თანხა თემურ ს-მ გადაუხადა, ამასთან, გაანდო, რომ მანქანა საცოლისთვის უნდოდა, რის გამოც „მარშრუტკა” გაყიდა. თუმცა, როგორც მოწმემ განაცხადა, მან არ იცოდა, რომ სამარშრუტო ტაქსი სხვისი იყო...
სწორედ ამიტომ, შორენა რ. თავისთავად აღმოჩნდა სიტუაციაში, რომ, იძულებული გახდა, ავტომანქანა ლამარა ი-სთვის დაებრუნებინა, ამით კი ბრალდებული დაზარალებულს 16 ათასი დოლარის ზარალს უნაზღაურებდა. საგულისხმო ისაა, რომ ლამარა ი-მ თანხის ნაცვლად ავტომანქანის მიღებაზე უარი არ თქვა. მეტიც, შორენასგან განსხვავებით, ის იმდენად გულშემატკივრობდა პატიმარს, რომ მან დარჩენილ 1 500 დოლარზე უარი თქვა. თუმცა, ამის მიუხედავად, თემურ ს-ს, 5-წლიან პატიმრობასთან ერთად, დარჩენილი თანხის გადახდა მაინც დააკისრეს...