კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებდნენ საბჭოთა კანონიერი ქურდები ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაციას

პატიმარი ¹95271
ქალაქ ვლადიმირის განსაკუთრებული რეჟიმის დახურული ციხე, რომელიც ავადსახსენებელი „ვლადიმირის ცენტრალის“ სახელითაა ცნობილი, მოსკოვთან ახლო მდებარეობს და მასში სხვადასხვა ტიპის, სახელმწიფოსთვის საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. 1974 წლის 19 ივნისს, „ცენტრალკაში“ 39 წლის ანდრო იოსების ძე გოგოლაძე მიიყვანეს და ¹100 საკანში ჩასვეს. ციხის ჟურნალში კი, ¹95271 რიგითი ნომრით გაატარეს.
პატიმარი ¹95271 კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ბიძა“ იყო და „ცენტრალკაში“ თავის მეხუთე სასჯელს იხდიდა. გოგოლაძე ურალში 1971 წელს მოინათლა ქურდად. ეს იყო ქალაქ სოლიკამსკის სახელგანთქმულ საპყრობილე „ბელი ლებედში“, სადაც ის მეოთხე სასჯელს იხდიდა. ციხიდან გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე მას კანონიერი ქურდის სტატუსი მიანიჭეს და საქართველოს მაყურებლად გაამწესეს.
„ბიძა“ ოთხივეჯერ ქურდობისთვის იყო გასამართლებული და ეგრეთ წოდებული „ნეპმანელი ქურდების“ პლეადას მიეკუთვნებოდა, ანუ  ვინც უმკაცრესად იცავდა ქურდულ კანონებს, არ გააჩნდათ კერძო საკუთრება და არ ჰყავდა  ცოლ-შვილი. ქურდად კურთხევის შემდეგ, რომელსაც ოცი ძალიან ცნობილი საბჭოთა კანონიერი ქურდი ესწრებოდა, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სახელგანთქმულმა ქურდულმა ავტორიტეტმა, ეროვნებით რუსმა, „ძია ვასომ“ იგივე „ბრილიანტმა“, გოგოლაძეს უთხრა:
– ამიერიდან თავს უნდა გაუფრთხილდე. ქურდობა – ქურდობად, საქმე – საქმედ, მაგრამ შენ ახლა სვაბოდაზე უფრო საჭირო ხარ და იცოდე, არ ჩავარდე. საქართველოში, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და იმიტომ გნათლავთ და გიშვებთ იქ, რომ ეს პრობლემები მოაგვარო. აბა, შენ იცი, კარგად დაიხსომე ჩემი სიტყვები და ყურადღებით იყავი. წარმატებას გისურვებთ.
35 წლის გოგოლაძე რომ თბილისში დაბრუნდა, მალულად რამდენიმე სანდო პიროვნება შეკრიბა, ვისაც ენდობოდა და ზუსტად შეისწავლა რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა. მისი აზრით, სიტუაცია ძალიან არაქურდული იყო და გამოსწორებას საჭიროებდა. იმ პერიოდში, საქართველოში 36 ქურდი იმყოფებოდა. აქედან 9 ციხეში იჯდა. „ბიძამ“ ყველანი დიდ „სხოდკაზე“ შეკრიბა, საკავშირო ავტორიტეტების დანაბარები გადასცა და რესპუბლიკაში ქურდული წესრიგის დამყარება დაავალა. იმ „სხოდკაზე“, ყველას თავისი ფუნქცია მიენიჭა და ქურდული შეკრება ამით დასრულდა.
ორი წლის განმავლობაში ახერხებდა გოგოლაძე საქართველოში ქურდული ატმოსფეროს შენარჩუნებას. გროვდებოდა ქურდული „ობშჩიაკი“, ირჩეოდა საქმეები და ქურდულ საძმოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთიანდებოდა. 1973 წელს „ბიძა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა ჯგუფმა რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააპატიმრა, როცა ის ლაღიძის წყლებთან მანქანიდან გადმოვიდა. ექვსმა ოპერმუშაკმა ის იქვე, მთაწმინდაზე მდებარე სამინისტროში მოიყვანეს, გაჩხრიკეს და „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი ამოუღეს, რომელიც მას სინამდვილეში არ ჰქონია. „ბიძას“ 238-ე მუხლი მიუყენეს, გაასამართლეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. „ბიძა“ ჯერ თბილისის „კრიტში“ გამოამწყვდიეს, სადაც ერთი წელი დაყო და იქიდან მართავდა ქურდულ საქართველოს. 1974 წელს კი, გოგოლაძე მოულოდნელად, ეტაპით გაუშვეს და ერთკვირიანი „ვოიაჟის“ შემდეგ „ვლადიმირის ცენტრალში“ ამოაყოფინეს თავი.
აშკარა იყო, რომ „ბიძას“ ვიღაცა ფარულად მტრობდა, კრიმინალური ჟარგონი რომ ვიხმაროთ, „უჩალიჩებდა“. საქართველოში ხმა გავრცელდა, რომ ყოველივე ამის უკან მაშინდელი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე იდგა...
ქურდული შეთქმულება
1975 წლის 16 თებერვალს, საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე საგანგებო თათბირს ატარებდა, რომელსაც რესპუბლიკის ყველა რაიონული კომიტეტის (რაიკომის) მდივანი ესწრებოდა. თითქმის რვასაათიანი შეხვედრა, ერთსაათიანი შესვენებით, საღამოს ექვს საათზე დასრულდა. შევარდნაძე საღამოს 8 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საზეიმო კონცერტს უნდა დასწრებოდა, რომელიც ქართველ მეჩაიეებს ეძღვნებოდა. თუმცა, „პირველი“ ოპერის თეატრში არ წასულა და საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე კეთილაძის საგანგებო, საიდუმლო მოხსენებას ისმენდა, რომელიც „პირველს“ ოპერაცია „მსროლელის“ წარმატებით დასრულებას აუწყებდა.
– ძალიან კარგი, კონსტანტინ ერემიჩ, – უთხრა შევარდნაძემ მინისტრს – ინაური, ალბათ, ყველაფერს იბდღვნის ამის გამო და „კაგებე“ კვლავ პირში  ჩალაგამოვლებული დავტოვეთ. მართალია, ეს საქმე „კაგებეს“ ქვემდებარეა, მაგრამ,  როგორც პირველ მდივანს, უფლება მაქვს, თქვენს უწყებას დავუტოვო და აბა, თქვენ იცით, ყველაფერი წესისამებრ ჩაატარეთ.
კეთილაძე სამინისტროში დაბრუნდა, სადაც საგანგებო საქმეთა გამომძიებლები, სულ რაღაც 2 საათის წინ დაპატიმრებული, იური სერგის ძე ონოპკოს ინტენსიურ დაკითხვას აწარმოებდნენ.
38 წლის ონოპკო, რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკიდან იყო წარმოშობით. ის ყოფილი სპორტსმენი – ბიატლონისტი, სპორტის ოსტატი გახლდათ და ქართველმა მილიციელებმა მთაწმინდაზე, ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დააპატიმრეს. მას თან ჰქონდა დრაგუნოვის სისტემის სნაიპერული შაშხანა „ესვედე“, საბრძოლო მდგომარეობაში, ერთი მჭიდითა და მაყუჩით. ონოპკოს ქართველი ძალოვანები ერთი თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. თვალთვალის საფუძველი კი ზუსტად ერთი თვით ადრე, 1975 წლის 15 იანვარს მიღებული საიდუმლო-ოპერატიული ინფორმაცია გახდა. ინფორმატორი, ოპერატიულ მასალებში „მოლაყბის“ ფსევდონიმით იყო მოხსენიებული და მილიციას ატყობინებდა, რომ 1974 წლის დეკემბრის მიწურულს, მოსკოვში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ჩატარდა საიდუმლო შეხვედრა, რომელსაც ექვსი კანონიერი ქურდი და ერთი, ეგრეთ წოდებული ქართველი „ცეხავიკი“ ესწრებოდნენ. „მოლაყბის“ ინფორმაციით, იმ მრავალსაათიან შეხვედრაზე გადაწყდა ედუარდ შევარდნაძის ფიზიკური ლიკვიდაცია. ამის მიზეზად კი ქურდულ სამყაროსთან მისი გააფთრებული ბრძოლა დასახელდა. ინფორმატორის თქმით, „სხოდკაზე“ შეკრებილი ქურდები განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ შევარდნაძის ბრძანებებით ქურდებს შეთითხნილი ბრალდებებით იჭერდნენ, როგორც ეს გოგოლაძის შემთხვევაში იყო და მათ ძალიან ავიწროებდნენ. ამიტომ, გადაწყდა, რომ ის სნაიპერის მეშვეობით მოეშორებინათ თავიდან და შემსრულებლად დასახელდა ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული ადამიანი, მეტსახელად „ლიჟნიკი“ (მოთხილამურე). სწორედ იური ონოპკო იყო „ლიჟნიკი“ და ქართველმა ოპერმუშაკებმა ის ჯერ კიდევ ნოვოსიბირსკში აიყვანეს მეთვალყურეობის ქვეშ. 16 თებერვალს კი თბილისში დააპატიმრეს, გაასამართლეს და მკვლელობის  მცდელობისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. „ლიჟნიკი“ ეგრეთ წოდებული „შინაგანი ციხის“ (მდებარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში) ერთადგილიან საკანში იყო გამომწყვდეული, საგანგებო ბადრაგი ჰყავდა მიჩენილი და მასთან შესვლის უფლება სულ რამდენიმე, ძალიან სანდო და შემოწმებულ პირს ჰქონდა. ონოპკომ უშუალო შემკვეთი, ვინმე „მურია“ დაასახელა, რომლის ვინაობა ისედაც იცოდა მილიციამ, მაგრამ აგენტის ვინაობა რომ არ გამჟღავნებულიყო, „მურია“ ვითომდა მხოლოდ „ლიჟნიკის“ ჩვენების საფუძველზე აიყვანეს. იმავდროულად, გარეთ რჩებოდა იმ საიდუმლო „სხოდკის“ დანარჩენი ექვსი მონაწილე – ერთი „ცეხავიკი“ და ხუთი ქურდი, რომელთა შორისაც იყო „მოლაყბე“. მათ მილიცია უთვალთვალებდა და „მოლაყბე“ რომ არ გაშიფრულიყო, მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო არ აპატიმრებდნენ.
ქურდული შეთქმულება ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, მართალია, ჩაიშალა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები შავ სამყაროში დარჩნენ და მათი მოშორება ნელ-ნელა, უხმაუროდ და სხვადასხვა მეთოდით ხორციელდებოდა. ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გარდაიცვალა ოთხი შეთქმული ქურდი, ხოლო „ცეხავიკი“ ავტოავარიაში დაიღუპა. „მურია“ ციხიდან გაქცევის დროს ჩაცხრილა „ვიშკიორმა“, ხოლო იური ონოპკო, მეტსახელად „ლიჟნიკი“ ერთადგილიან საკანში ზეწრით ჩამომხრჩვალი იპოვეს... ცოცხალი იყო „მოლაყბე“, რომელიც ერთ საღამოს პირადად მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიბარა და შევარდნაძის დირექტივები გადასცა...
ვინ იყო „მოლაყბე“
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი საიდუმლო და პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა და ერთ-ერთი მათგანია „მოლაყბის“ ვინაობა. ცნობილია, რომ ის სახელოვანი კანონიერი ქურდი იყო, რომელიც პირადად ედუარდ შევარდნაძის მითითებას ასრულებდა და მისგან ქურდული სამყაროს კონტროლი ჰქონდა დავალებული.
არსებობს ვარაუდი, რომ „მოლაყბეს“ გადმობირება ჯერ კიდევ 1969 წლის დეკემბერში, პირადად შევარდნაძემ განახორციელა, როდესაც ის ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. შევარდნაძე შეჰპირდა მას, რომ თუკი უერთგულებდა, ყოველმხრივ შეუწყობდა ხელს და მფარველობას გაუწევდა.
ცნობილია, რომ „მოლაყბის“ ოპერატიული საქმე პირადად გენერალ კეთილაძის სეიფში ინახებოდა და მისი მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ ის თან წაიღო. დღესდღეობით ის ერთადერთი ცოცხალი ადამიანია, ვინც „მოლაყბის“ ნამდვილი სახელი იცის.
1994 წელს თბილისის შინაგან ციხეში გარდაცვლილი „ლიჟნიკის“ ჟურნალისტი ქალიშვილი ოლგა ონოპკო საქართველოში იყო ჩამოსული და მამამისის გარდაცვალების მიზეზებს  ფარულად იძიებდა. ცნობილია, რომ ონოპკო „მოლაყბეზე“ გავიდა და სამხილებიც კი მოიპოვა მის წინააღმდეგ. მაგრამ, 19 დეკემბერს მდინარე ვერეს ნაპირზე ის ყელგამოჭრილი იპოვეს. 26 წლის რუსი ჟურნალისტი გოგონა ნოვოსიბირსკში გადაასვენეს. იმავე ქალაქის გაზეთ „ნოვოსიბირსკაია პრავდას“ 1995 წლის 2 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ოთხგვერდიანი სტატია სათაურით „ქართული ქურდული მაფიის ბოსები“, რომელშიც ედუარდ შევარდნაძეც იყო მოხსენიებული და ეწერა, რომ ის ქართველი კანონიერი ქურდების ნათლიმამა იყო.
1981 წლის მაისში, მოსკოვში კანონიერი ქურდი „ბიძა“, ანდრო გოგოლაძე მოკლეს, რომელსაც „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლილი ტყვიები გულსა და შუბლში ჰქონდა მოხვედრილი და ორივე ჭრილობა სასიკვდილო გახლდათ. „ბიძას“ საქმეზე ყოფილი მილიციელი, 37 წლის მურაზ გობოზოვი დააპატიმრეს მოსკოვში, რომელმაც მკვლელობა აღიარა. ბუტირკის ციხეში ის იმავე ღამეს დაჩეხილი იპოვეს და ეს ამბავი ქურდებს დაბრალდა. თუმცა, არავინ გამოუაშკარავებიათ.
„ბიძას“ მკვლელობის გამოძიებით რუსი ქურდებიც დაინტერესებულები იყვნენ და ამ საქმეს პირადად „ძია ვასო“, იგივე „ბრილიანტი“ კურირებდა. ის „ბელი ლებედში“ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოკლეს...
ქურდულ სამყაროში დღემდე დიდ გამოცანად რჩება „მოლაყბის“ ვინაობა და რამდენჯერმე კონკრეტული სახელებიც დაასახელეს, მაგრამ შეგნებულად არ ვამჟღავნებთ, უტყუარი დამამტკიცებელი საბუთების უქონლობის გამო.
თუმცა, ერთი რამ აშკარაა, რასაც ყველა აღიარებს – შეურიგებელი ბრძოლა ეგრეთ წოდებული „ნეპმანელი ქურდებისა“ და ახალ თაობას შორის, ახლების გამარჯვებით დასრულდა. „ნეპმანელთა“ ბოლო და ლეგენდარული წარმომადგენლები – „ბიძა“, „ბრილიანტი“ და მათი მიმდევრები, ძალადობისა და ვერაგობის მსხვერპლნი გახდნენ. ამ ძალადობაში კი ახალი თაობის ქურდებიც მონაწილეობდნენ და მათ „მოლაყბე“ კურირებდა, რომლის ნამდვილი ვინაობა დღემდე უცნობია...
P. S. ჩვენს პუბლიკაციაში მოხსენიებული რამდენიმე ოფიციალური პირის გარდა, დანარჩენების ვინაობა შევცვალეთ. მათი ვინმესთან მსგავსება კი შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...

скачать dle 11.3