მკვდარი ზღვის მინერალები – ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტი
* თუ სხეული დაგეძაბათ და გრძნობთ დაღლილობას, პატარა ღრუბლით მთელ ტანზე წაისვით მკვდარი ზღვის ტალახი, გაიჩერეთ 30 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მაშინვე იგრძნობთ სიმხნევესა და ხალისიან განწყობას.
* წყალმცენარეების შემადგენლობა ყველაზე ახლოს დგას სისხლის პლაზმის შემცველობასთან. ამიტომ, მათზე დამზადებული კოსმეტიკა განსაკუთრებით უხდებათ მათ, ვისაც ალერგია აწუხებს. ერთადერთი უკუჩვენებაა იოდის მიმართ ინდივიდუალური შეუთავსებლობა. ცნობისთვის: წყალმცენარეები 300 000-ჯერ მეტ იოდს შეიცავს, ვიდრე ზღვის წყალი.
* თუ არ გყოფნით დრო და ფინანსები იმისთვის, რომ ეწვიოთ სპა-სალონს და იქ გაიკეთოთ წყალმცენარეებით შეფუთვა, შეგიძლიათ, ტალასოთერაპია სახლში ჩაიტაროთ: ცხელ წყალში დაასველეთ ლამინარიის ფირფიტები (100 გრამი წყალმცენარე 1 ლიტრ წყალზე), დაიფინეთ ზურგზე, თეძოებსა და დუნდულებზე 40 წუთის განმავლობაში. ფირფიტების სიმხურვალე გააძლიერებს ცხიმების დაწვას, რისი წყალობითაც, 12 სეანსის შემდეგ 3 კილოგრამით დაიკლებთ წონაში.
* ზღვის წყალი ძალიან სასარგებლოა სახის კანისთვის: ასწორებს ნაოჭებს და აცოცხლებს ფერს. ზღვის წყალი შეიცავს სილამაზის 26 მიკროელემენტს, რომელთა შორის არის კალციუმი, რომელიც ამკვრივებს კანს; მაგნიუმი, რომელიც აცხრობს შეშუპებას, ბრომი კი, ხსნის კუნთების დაჭიმულობას და „ებრძვის“ მიმიკურ ნაოჭებს.
* მსხვილკრისტალებიანი ზღვის მარილი არაჩვეულებრივი პილინგია თავის კანისთვის. შეიზილეთ მარილი თმის ძირებში, დაიმასაჟეთ და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თმის გაშრობისთანავე გაოცდებით – თქვენი თმა ისეთ მოცულობას მიიღებს, ვერანაირი სალონური ვარცხნილობა ვერ შეედრება.
* ფრჩხილების მოსავლელად გამოიყენეთ ზღვის მარილიან წყალში გაზავებული ეთერზეთები, ოღონდ, უნდა იცოდეთ, რომელ ეთერზეთს რა დანიშნულება აქვს, მაგალითად: ფრჩხილების გასამაგრებლად გამოიყენება ილან-ილანგისა და ფიჭვის, ფრჩხილის ზედაპირის გასამაგრებლად – ევკალიპტის, გასაპრიალებლად კი – ლავანდის ეთერზეთი.
1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი და 5 წვეთი ის ეთერზეთი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში გჭირდებათ და ამ ხსნარში 20 წუთით ჩააწყვეთ ხელები. შემდეგ არ გაიმშრალოთ, აცადეთ, თვითონ შეშრეს და წაისვით ხელის მკვებავი კრემი.