როგორ შეცვალა გვანცა წულეისკირმა ბესო ზანგურის ცხოვრება და რატომ იქნება ეს ქორწინება მისთვის მარადიული
მსახიობმა ბესო ზანგურმა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, იდეალური ადამიანი და მარადიული სიყვარული იპოვა. მისი რჩეული გვანცა წულეისკირია, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. როგორც ბესომ გვითხრა, ამჯერად მან მართლა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა და გვანცასთან ერთად მთელ სიცოცხლეს გაატარებს.
– როდის შეუღლდით?
ბესო ზანგური: ერთი თვეა, რაც გვანცა ცოლად მოვიყვანე, მაგრამ ერთად დიდი ხანი ვიყავით. უბრალოდ, ამას არ ვახმაურებდით. დაახლოებით, 8 თვე ვიყავით ერთად, რასაც ყველას ვუმალავდით. არ გვინდოდა, ვინმეს ამის შესახებ სცოდნოდა, რადგან ჯერ ერთმანეთში უნდა გაგვერკვია ბოლომდე, რა და როგორ ხდებოდა. როცა ყველამ გაიგო, აზრი აღარ ჰქონდა დამალვას. ხელიხელჩაკიდებულ სიარულს, გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა და დაგვერქმია მისთვის სახელი. ჩვენ შევქმენით ნამდვილი ქართული, ჯანსაღი ოჯახი, ქრისტიანულად კანონიერი. გვინდა, რომ ოჯახს არ ერქვას მხოლოდ სახელი – ოჯახი. ჯერ ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ მოსიყვარულეები და მერე უკვე სხვისთვის.
– ერთმანეთი სად და როგორ გაიცანით?
– ერთმანეთი „ფეისბუქში“ გავიცანით, მაგრამ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. მოკლედ, მოვახერხე ის, რომ ამ გოგოს თავი შევაყვარე.
– დიდი დრო დასჭირდა ამისთვის ბესოს?
გვანცა წულეისკირი: არა, მე ძალიან მალე შემიყვარდა. სხვათა შორის, ერთი სული მქონდა, ერთმანეთს როდის ვნახავდით. მეტყოდა, კვირა დღეს აუცილებლად გნახავო. მთელი კვირა ვემზადებოდი მასთან შესახვედრად, ღამეები არ მეძინა. მოვიდოდა კვირა დღე და დილით ინბოქსში მხვდებოდა მისი წერილი, იცი რა, დღეს არ მცალია, სპექტაკლი დამინიშნეს და აუცილებლად გნახავ იქით კვირასო. ასე გააკეთა დაახლოებით სამჯერ.
– რატომ იქცეოდი ასე?
ბესო: გვანცა ძალიან სუფთა ადამიანია და არ მინდოდა, მორიგი ფლირტი ყოფილიყო ჩემთვის, ანუ როგორც ჩემს წინა ცხოვრებაში ხდებოდა. მივხვდი, რომ ეს ადამიანი, არ ჰგავდა სხვებს. როცა ამას ხვდები, მამაკაცმა არ უნდა იკადრო და არ გააკეთო ის, რომ მას ცხოვრება დაუმახინჯო. ჩემი აზრით, ყველაზე არაადამიანური საქციელია, როცა მამაკაცი ქალის კეთილგანწყობას თავის სასარგებლოდ იყენებს. ამიტომ მინდოდა, მე თვითონ გავრკვეულიყავი რაღაცეებში და მერე მენახა პირადად. მაგრამ, როცა ყველაფერში გავერკვიე, აღარ მაცალა და თვითონ მომადგა, რატომ არ მხვდები, გეშინიაო? პირველივე შეხვედრაზე ვუთხარი, რომ მიყვარს, პირველივე შეხვედრაზე ვაკოცე და პირველივე შეხვედრაზე გავარკვიეთ ყველანაირი ურთიერთობა. მორცხვი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ. ვაღიარებ, რომ მესაკუთრე და მოძალადე ვარ. ჩემი უნდა იყოს ჩემთან. დავიწყე ახალი ცხოვრება და ძალიან ბედნიერი სხვათა შორის.
გვანცა: ყველაფერი ისე მოხდა, თვითონაც ვერ მივხვდი.
– გვანცა, ხომ არ გქონდა ცოტა დაბრკოლება ბესოსთან ურთიერთობის დაწყების დროს? ის ხომ რამდენჯერმე იყო უკვე დაოჯახებული.
– ბესო ისე მიყვარს და იმდენად ჩემია, რომ მის წარსულზე არ მიფიქრია. ყველა ადამიანს აქვს უფლება წარსული ჰქონდეს, ამიტომ, ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ ამაზე. ბესოს წარსულს პატივს ვცემ, რადგან ისიც მისი ნაწილია. ამიტომ ამის გამო არანაირი დაბრკოლება არ მქონია.
– ერთმანეთს ბოლომდე უგებთ, როგორც ვხედავ.
ბესო: ჩემი გაგება ცოტა რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის. ოჯახში ჩემი კანონები მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონოპოლია ავიღე. ყველაფერი იქნება კარგად, თუ ჩვენს ბედისწერას ვენდობით. ბედისწერა კი არასდროს მიღალატებს, რადგან არასდროს არ ვატყუებ. ვერავინ ვერასდროს იტყვის, რომ მისთვის მომიტყუებია, ან თუნდაც, ერთხელ მიღალატია. ყოველთვის ვამბობ სიმართლეს, აღარ მინდა შენთან ყოფნა, მაგრამ სანამ მე შენთან ვარ, არასდროს გიღალატებ. ვისაც გინდათ ჰკითხეთ, ასეა.
– გვანცა, შენი მეუღლე ეჭვიანია?
გვანცა: არა. დარწმუნებული ვარ, ბესომ რომ იეჭვიანოს ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდება. ბესო მესაკუთრეა, ეჭვიანი არა. აი, მე ძალიან ეჭვიანი ვარ, მაგრამ პათოლოგიურად არა.
ბესო: მე მომწონს გვანცა რომ ეჭვიანია. ეს კარგია.
– შეიძლება თამამად ითქვას, ერთმანეთისთვის იდეალური პარტნიორები ხართ და ეს თქვენთვის საბოლოო და მარადიული სიყვარულია?
– ასეა. საპატრიარქოში ვიყავით, მეუფეს ვესაუბრეთ და ჯვარი ავიყარე. სავარაუდოდ, გიორგობის მერე დავიწერთ მე და გვანცა ჯვარს. ახავე დავიწერდი, მაგრამ ლოცვები მომცეს წასაკითხად. მინდა, გავძლიერდე და ისე გადავდგა ეს ნაბიჯი, რადგან უკვე მართლა არა მხოლოდ ღვთის წინაშე, ერის წინაშეც აღარ მაქვს მეტი ქორწინების უფლება. თან, გვანცა ჩემმა მშობლემა ძალიან კარგად მიიღეს. ჩემი ოჯახის წევრები რომ მიიღებენ, მერე უკვე რთულია მათთან ლაპარაკი. ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათად მახსოვს.
– ფეხმძიმედ ხომ არ ხარ?
გვანცა: ჯერ არა, მაგრამ გვინდა, ბევრი შვილი გვყავდეს.
– ბესოს შვილებმა როგორ მიგიღეს?
– გავიცანი და ძალიან კარგად მიმიღეს. ლუკა უფრო დიდია, ნოდო კი ჯერ პატარაა და ვერ ხვდება რაღაცეებს. ლუკა ძალიან კარგი ბავშვია, ძალიან მიყვარს და რაც დრო გავა, ერთად უფრო ხშირად ვიქნებით. შესაბამისად, უფრო კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება.
– ბესოს ინტერვიუებიდან მახსოვს, რომ ძალიან უნდა, გოგოს მამა გახდეს.
– მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბესოს გოგო გავუჩინო. თუმცა, ხშირად ვეუბნები კიდეც, რასაც დათესავ, იმას მოიმკი-მეთქი. მხოლოდ ჩემზე არ არის ეს ამბავი დამოკიდებული.
ბესო: პირობას გაძლევ, როცა შვილი გვეყოლება, პირველ ფოტოს თქვენ გადაგაღებინებთ და პირველ ინტერვიუსაც „თბილისელებს“ მივცემთ.
– გვანცა, მეუღლის გვარზე თუ გეგმავ გადასვლას?
გვანცა: ამაზე არც გვისაუბრია.
ბესო: ჩვენ ჯვარს ვიწერთ. ხელის მოწერები და ქონების გაყოფები მორჩა, ჭკუა ვისწავლე (იცინის). არა, რატომ უნდა გადმოვიდეს ჩემს გვარზე, ის არ ეყოფა, ჩემი გვარის შვილს რომ გააჩენს? წულეისკირი ზანგურისა გახდეს? ისედაც ზანგურის არ არის, აბა, ვისია?
– ბესო, შენი ინტერვიუები ძირითადად ხმაურიანი და სკანდალურია.
– ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, ინტერვიუ რომ დაიდება ინტერნეტში და კომენტარებს ვკითხულობ.
– გახსენდება რომელიმე კომენტარი?
– კი, ბევრი. განსაკუთრებით ქალები აქტიურობენ. ნათელი ხდება მათი სახე, რის გამოც წერენ ასეთ დაბოღმილ კომენტარებს. მათ გასაგონად ვიტყვი, ვერასოდეს ეღირსებიან ჩემს თავს.
– მას შემდეგ, რაც ერთად ცხოვრობთ, რა შეიცვალა თქვენში?
– ჩემში ის შეიცვალა, რომ საზრუნავი გამიხდა ადამიანი და მიყვარს ის, რომელსაც ჩემი ცოლი ჰქვია. მარტო ის ხომ არ არის, ცოლი მოიყვანო და, „ვანა-კუხნა, კუხნა-ვანა!“ სხვა რაღაცეებზეც უნდა ვიზრუნოთ. ოჯახი ძალიან რთულია და ნელ-ნელა ისე უნდა ააწყო, რომ არავის არაფერი ეტკინოს.
გვანცა: ჩემში რაღაცეები კი შეიცვალა, მაგრამ ისე, რომ ვერც კი მივხვდი. ეს ყველაფერი კი მოხდა ლაღად და სასიამოვნოდ.
– რუსთაველის თეატრმა სეზონი გახსნა?
ბესო: ჩემთვის სეზონი მაშინ გაიხსნება, სტურუა რომ დაბრუნდება თეატრში. ეს კი ძალიან მალე მოხდება.
– გვანცა მეუღლის სპექტაკლზე თუ ხარ ნამყოფი?
გვანცა: კი, რა თქმა უნდა.
– მოგეწონა?
– მე ბესო ყველანაირი მიყვარს, სცენაზეც, სახლშიც, გარეთაც და ასე შემდეგ.
ბესო: ძალიან გთხოვ დაწერო. არავინ შემეხმიანოს დაოჯახებასთან დაკავშირებით, რადგან ამ თემაზე არც ერთ ჟურნალისტს არ მივცემ ინტერვიუს. იყო პერიოდი, როცა ვიღაც-ვიღაცეებმა ძალიან ცუდად აიტაცეს ჩემი ტკივილი და ქალაქში ერთ-ერთ მოარულ ჭორად ვიგრძენი თავი. ასე რომ, არც ერთი ჟურნალისტი არ შეეცადოს ამ თემასთან დაკავშირებით დამიკავშირდეს. ვიქნები მუდამ ბედნიერი და წარმატებული. ნიკო გომელაურის ფრაზას მოვიშველიებ: „სანამ არ დამმარხავენ,
მშვიდს მე ვერსად მნახავენ.”