რომელ ცნობილ მოდელებთან ჰქონდა რომანი ლეონარდო დიკაპრიოს და რომელი სუპერგმირის როლის შესრულებაზე თქვა უარი მან
„რომეო და ჯულიეტა”, „ტიტანიკი”, „შეშლილთა კუნძული”, „პლაჟი”, „დაწყება” და სულ მალე დიდ ეკრანზე გამომავალი „გათავისუფლებული ჯანგო”. ყველა ეს ფილმი ერთი მსახიობის სახელს უკავშირდება – ლეონარდო დიკაპრიო დიდი ხანია, რაც თინეიჯერი გოგონების საყვარელი მსახიობიდან მსოფლიო კინოკრიტიკოსების ფავორიტად იქცა. „თბილისელების” ამ ნომერში ამ უაღრესად ნიჭიერი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ჰოლივუდის ვარსკვლავის შესახებ მოგითხრობთ.
* ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო 1974 წლის 11 ნოემბერს დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ლეონარდოს მამა იტალიურ-გერმანული წარმოშობის იყო, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო ქალწულობაში ინდერბირკენი, დასავლეთ გერმანულ ორ-ერკენშივკში დაიბადა, მას მამა გერმანელი ჰყავდა – ვილჰელმ ინდერბირკენი, ხოლო დედა რუსი – ელენა სმირნოვა. საკუთარ თავს ლეონარდო დიკაპრიო ნახევრად რუსად მიიჩნევს და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ნახევრად რუსია და ამაყობს ამ ფაქტით.
* სახელი ლეონარდო, დიკაპრიოს ცნობილი იტალიელი ფერმწერისა და გამომგონებლის, ლეონარდო და ვინჩის პატივსაცემად დაარქვა დედამ. ფეხმძიმობის დროს ირმელინ დიკაპრიო ერთ-ერთ გამოფენას დასწრებია და სწორედ და ვინჩის ნამუშევართან უგრძნია მუცელში ჩვილისგან პირველი „დარტყმა“. მას შემდეგ გადაწყდა, რომ ახალშობილისთვის ლეონარდო დაერქმიათ.
* როდესაც ლეონარდო ორ-წლინახევრის იყო, მამამ ის პოპულარული ამერიკული ტელეშოუს ჩაწერაზე წაიყვანა. ეს იყო მისი პირველი გამოჩენა ტელეკამერებთან და მას შემდეგ დიკაპრიო სოფიტების განათების გარეშე ვერ ცხოვრობს.
* ლეონარდოს საუკეთესო მეგობარია მსახიობი ტობი მაგუაიერი, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს. ცნობისთვის, მაგუაიერმა სახელი ადამიანი-ობობას როლის შესრულებით გაითქვა. თავდაპირველად, რეჟისორისა და პროდიუსერების ჩანაფიქრით სუპერგმირის როლი ლეონარდო დიკაპრიოს უნდა ეთამაშა, თუმცა მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა.
* ლეონარდოს მშობლები – ჯორჯი და ირმელინი ერთმანეთს მაშინ დაცილდნენ, როცა ლეო წლისაც არ იყო. თუმცა, პატარა დიკაპრიოს არ უგრძნია მშობლების დაშორება, რადგან ის თანაბრად ატარებდა დროს მამასთან, რომელიც ჰიპი იყო და ასევე, დედასთან.
* როდესაც ლეო 10 წლის იყო, მისმა აგენტმა შესთავაზა სახელი შეეცვალა და გაცილებით ამერიკული დაერქმია – ლენი უილიამსი. ამაზე დიკაპრიომ კატეგორიული უარი განაცხადა.
* ლეონარდო დიკაპრიოს ნათამაშები აქვს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტელესერიალში „სანტა ბარბარა”. ის მთავარი გმირის, მეისონ კეპველის ბავშვობას ასახიერებდა.
* ლეონარდო დიკაპრიო ფილმში „ბეტმენი სამუდამოდ” რობინის როლზე ისინჯებოდა, თუმცა, მოგვიანებით, როლი კრის ო’დონელს გადაეცა. ასევე, „ამერიკელ ფსიქოპათში” მთავარი როლი, თუმცა როლი საბოლოოდ, კრისტიან ბეილმა შეასრულა.
* ლეონარდო დიკაპრიო „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ქომაგია და საყვარელი გუნდის თამაშის გამო არაერთი წვეულება გაუცდენია.
* ლეონარდო დიკაპრიოს ოცნებაა იოსებ სტალინის როლის განსახიერება, თუმცა, მისი თქმით, ჯერაც ვერ ნახა შესაბამისი სცენარი.
* ლეონარდოს საყვარელი ფილმია „ნათლიმამა”.
* მსახიობმა ბენ კინგსლიმ, რომელიც „შინდლერის სიაში” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია, ლეონარდო დიკაპრიო საუკეთესო რომეოდ დაასახელა, მათ შორის, რომელიც კი ოდესმე კინოეკრანზე უნახავს.
* დიკაპრიოს სიმაღლე 183 სანტიმეტრია.
* ბავშვობაში ლეონარდო დიკაპრიო ბეისბოლის ბარათებსა და კომიქსებს აგროვებდა. მამამისი, ჯორჯ დიკაპრიო კომიქსების ავტორი იყო.
* 90-იანი წლების ბოლოს ავღანეთში, მოძრაობა „თალიბანმა” ადგილობრივ დალაქებს ბიჭებისთვის დიკაპრიოს სტილში თმის შეჭრა აუკრძალა. „ტიტანიკის” გამოსვლის შემდეგ, დიკაპრიო ისლამურ ქვეყნებშიც კი უზომო პოპულარობით სარგებლობდა. თინეიჯერი ბიჭები თავიანთ კერპთან მიმსგავსებას ვარცხნილობით ცდილობდნენ.
* დიკაპრიოს ფავორიტი რეჟისორია მარტინ სკორცეზე, რომელთანაც მთავარი როლი შეასრულა რამდენიმე წარმატებულ ბლოკბასტერში: „ნიუ-იორკის ბანდები”, „ავიატორი”, „განდეგილები” და „შეშლილთა კუნძული”.
* „ტიტანიკის” გადაღებების დასრულების შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიომ თავის პარტნიორს, ქეით უინსლეტს ოქროს ბეჭედი აჩუქა, რომლის შიგნით წარწერაა გაკეთებული. უინსლეტი არ ახმაურებს წარწერის შინაარსს და ბეჭედს საგულდაგულოდ ინახავს.
* ლეონარდო დიკაპრიო აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას, ჩართულია ეკოლოგიურ მოძრაობაში. გადაადგილდება მზის ენერგიაზე მომუშავე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილით. 2010 წელს დიკაპრიო სანკტ-პეტერბურგში გამართული ეკოლოგიური ფორუმის მონაწილე იყო, სადაც ციმბირელი ვეფხვების გადაშენება განიხილებოდა. ამ ფორუმზე ჩასასვლელად დიკაპრიოს პრობლემები შეექმნა – თვითმფრინავს ორჯერ მოუხდა საავარიოდ დაშვება ნიუ-იორკისა და ჰელსინკის აეროპორტებში. თუმცა, დიკაპრიომ მაინც მოახერხა ჩასვლა პეტერბურგში, რითაც პუტინის მხრიდან მადლობა დაიმსახურა. 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულების ფონდში ლეონარდო დიკაპრიომ ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა.
* 90-იან წლებში ლეონარდო დიკაპრიო დანიელ მოდელ ჰელენა კრისტენსენს ხვდებოდა, 2000-2005 წლებში – ბრაზილიელ მოდელ ჟიზელ ბიუნდჰენს, 2006-2009 წლებში ებრაელ მოდელ ბარ რაფაელის, 2009 წლის ბოლოს კი – რუს მოდელ, ანა ვიალიცინას. 2010-2011 წლებში ლეონარდო კვლავ ბარ რაფაელს დაუბრუნდა, თუმცა წყვილმა ქორწინების ნაცვლად, საბოლოო დაშორება გადაწყვიტა, 2011 წლის ივნისიდან ლეომ მსახიობ ბლეიკ ლაივლისთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა წლის ბოლოს ისინი მეგობრულად დაშორდნენ ერთმანეთს. გავრცელებული ცნობის თანახმად, ამჟამად ლეონარდო დიკაპრიო „ვიქტორიას სიკრეტის” მოდელს, ერინ ჰიზერტონს ხვდება. ხანგრძლივი ურთიერთობების გარდა, დიკაპრიოს მცირეხნიანი რომანები ჰქონდა შერონ სტოუნთან, ვირჯინია ლედუაიენთან, ქეით უინსლეტთან, კრისტინ ზენგთან.
* ჯეიმს კამერონის „ტიტანიკში” მთავარი როლი, თავდაპირველად, მეთიუ მაკკონაჰის, კრისტიან ბეილს ან მაკოლეი კალკინს უნდა შეესრულებინათ. თუმცა, პროდიუსერების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, კამერონმა ჯეკ დოუსონის როლი ლეონარდო დიკაპრიოს გადასცა.
* „ნიუ-იორკის ბანდების” გადაღებების დროს რომში, 2002 წელს ლეონარდო დიკაპრიო სასტუმროდან გაძლიერებული დაცვის თანხლებით გამოჰყავდათ, რადგან ქუჩაში შეკრებილი მისი თაყვანისმცემლები მსახიობს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. სასტუმროსთან 24-საათიანი მორიგეობა იყო დაწესებული და თუკი სასტუმროს ოთახში ლეოს სილუეტს შენიშნავდნენ, ხმამაღლა სკანდირებდნენ მის გვარს.
* მეგობრების წრეში ლეონარდო დიკაპრიო ხშირად აკეთებს რეჟისორ ჯეიმს კამერონის პაროდიას, რაც მეგობრების თქმით, მას ბრწყინვალედ გამოსდის.
* 2005 წელს ერთ-ერთმა მოდელმა, არეტა უილსონმა წვეულებაზე გატეხილი ბოთლით სახე დაუზიანა დიკაპრიოს. ლეონარდოს სახეზე ოპერაციის გაკეთება მოუწია, ხოლო არეტას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. დანაშაულის ჩადენისას მოდელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.