როგორ ადამიანებს ევლინებიან დამხმარედ იდუმალი ძალები და რა ფორმით გვახსენებენ ისინი თავის არსებობას
ბევრი ადამიანი ირწმუნება, თითქოს არაერთხელ უნახავს არამიწიერი არსებები. ზოგი იმასაც ამტკიცებს, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მათი დანახვა და შეგრძნებაც რეალურადაა შესაძლებელიო. ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნელი ამ საქმეს უკვე წლებია, იკვლევს და საინტერესო ფაქტებიც დააგროვა. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ თურმე, უჩინარი, იდუმალი ძალები ჩვენს ირგვლივ ნამდვილად არსებობენ და კრიტიკულ მომენტებში ზოგჯერ მხსნელებადაც კი გვევლინებიან.
ნელი: ისეთ დროში ვცხოვრობთ, თითქოს აღარაფერი უნდა გვიკვირდეს და თითქოს ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. მაგრამ, ბევრი ისეთი ფაქტიც ხდება ჩვენ ირგვლივ, რაც მართლაც დაფიქრებას და გაოცებას იწვევს. ამაში ის ადამიანები დამეთანხმებიან, ვისაც საკუთარ თავზე გამოუცდია ეს ყოველივე. ასევე, ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ პირადად შეხვდა არამიწიერ, იდუმალ არსებებს. მათთან საუბრის შემდეგ ვრწმუნდები, რომ ამ ცხოვრებაში ასეთი ფაქტები მართლაც ხდება. ისინი ხან მხსნელად, ხანაც პირიქით, საფრთხეში ჩასაგდებად გვევლინებიან და ამის გარჩევა ძალიან რთულია.
– კონკრეტულად, როდის აქტიურდებიან იდუმალი და უჩინარი ძალები ჩვენ ირგვლივ და როგორ ვიგრძნოთ მათი სიახლოვე?
– მართალია, უამრავი ადამიანი საჭიროებს ასეთი ძალების დახმარებას, მაგრამ ისინი მხოლოდ კეთილ და დაჩაგრულ ადამიანებს ეხმარებიან. გეტყვით, რომ ისინი ჩვენ ირგვლივ მუდმივად ტრიალებენ და მათი არსებობა, უბრალოდ, უნდა ვიგრძნოთ. ეს ძალები ხშირად მაშინ აქტიურდებიან, როცა ადამიანს დაძაბული, საშიში და კრიტიკული პერიოდი უდგას. ისინი ცდილობენ, დაგვეხმარონ და განსაცდელის დროს საშველად მოდიან ჩვენთან. წლების წინ გამზრდელი მამიდა გარდამეცვალა. მაგრამ, მისი სიკვდილის შემდეგაც ვგრძნობდი, მის არსებობას სახლში. თითქოს, იქვე, გვერდით იყო და თვალს მადევნებდა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ფიქრებში ხშირად მითქვამს, ის არ წასულა, აქ, ჩემთან არის-მეთქი. ერთ ღამესაც ძილში მოვიდა და მითხრა, რასაც შენ ფიქრობ, მართალია, მე არ მაქვს უფლება, მარტო დაგტოვო, მანამდე მაინც, სანამ გჭირდებიო. სხვათა შორის, ასეთი შეგრძნებები ბევრს აქვს, მაგრამ ამის თქმა უჭირთ, რადგან იციან, გარშემო მყოფები ვერ გაუგებენ და შეურაცხადად ჩათვლიან. იმ პერიოდში, როცა მამიდა გარდაიცვალა, მარტო დავრჩი, რადგან გათხოვილი არ ვიყავი და არც დედმამიშვილები მყავს. ალბათ, ამიტომ ვებრალებოდი და ვერ მელეოდა, არ ვემეტებოდი მარტოობისთვის. სხვათა შორის, ხშირად ვხედავდი, უეცრად ოთახში როგორ შეირხეოდა ფარდა, ამ დროს კი კატა კნავილს, კუდის ქიცინსა და ერთ ადგილას ბზრიალს იწყებდა ოთახში. ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე, თუმცა ვეჭვობდი, რომ იდუმალ ძალებთან მქონდა კავშირი. სიზმრით კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს იდუმალი ძალა გარდაცვლილი მამიდის სული იყო და ის არ მცილდებოდა ჩემი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტში. საოცარი იცით, რა იყო? სიზმარში ვეკითხებოდი და ისიც პასუხს მცემდა. მეუბნებოდა, რომ დარდით და საკუთარ თავთან განმარტოებით ვერაფერს მივაღწევდი, ვერ დავიბრუნებდი წარსულს და ცხოვრებაში რაღაც უნდა შემეცვალა. მითხრა, საყვარელი მეორე ნახევრის ძიება უნდა დაიწყო, რომელიც შენი ერთგული იქნება და წარსულ დარდებს დაგავიწყებს, ჩვენ, ადამიანები იმისთვის ვართ შექმნილი, საკუთარი ბედნიერება სხვებს გავუზიაროთო. არადა, ისეთი დეპრესია მქონდა, არც კი ვფიქრობდი გათხოვებას და ვერ წარმომედგინა, თუ ოჯახს როდისმე შევქმნიდი. რომ ჩავუფიქრდი მამიდაჩემის რჩევას და ვიგრძენი მისი იდუმალი არსებობა, გადავწყვიტე, წარსულზე აღარ მეფიქრა, ახლიდან დამეწყო ცხოვრება. ასეც მოვიქეცი. დღეს ბედნიერი ქალი ვარ, ქმარიც მყავს და შვიდი წლის საბუკაც. თქვენ წარმოიდგინეთ, მამიდაჩემის უჩინარ არსებობას ისევ ვგრძნობ, თითქოს ჩემს გვერდითაა და ისიც ბედნიერია.
– მას მერე აღარ დაგსიზმრებიათ გარდაცვლილი მამიდა?
– როგორ არა. ერთხელ ისევ მოვიდა სიზმრად და მითხრა: ბოროტისგან ჩემი არსებობით გიცავ, მინდა, ბევრ რამეზე გაგაფრთხილო, მაგრამ ამქვეყნიდან ადამიანების გაფრთხილების უფლება არ გვაქვს და არ შეგვიძლია, თქვენს თავისუფალ ნებაში ჩარევა. სამწუხაროდ, სრულ ინფორმაციას ვერასდროს მოგაწვდით მომავალ საფრთხეზე, ჩემი უხილავი არსებობით კი ბოროტი ძალებისგან დაგიცავ. შენც კარგად თუ დააკვირდები, იგრძნობ, რომ მე არსად წავსულვარ და უხილავად, მაინც შენ გვერდით დავრჩიო.
– ამბობენ, ადამიანს ყველაზე მეტად ბოროტი ძალები ღამით ებრძვიანო. ხომ ვერ გვასწავლით, ასეთი ბოროტი სულებისგან დაცვა როგორ მოვახერხოთ?
– მართალია, ადამიანს ყველაზე მეტი დაცვა ბოროტი სულებისგან ღამით ესაჭიროება და ამიტომ, ის უხილავი, ზეციური იდუმალი ძალები ანუ, მფარველი ანგელოზებიც მათ დასაცავად ამ დროს აქტიურდებიან. მათი მფარველობა თითქმის ყველას უგრძნია ასევე, უჩინარი მფარველი ძალების გვერდით დგომაც და გამოუვალ სიტუაციებში მათი დახმარებაც. უამრავი ამბავი გამიგია, როცა ისეთი სიტუაციებიდან გადარჩნენ ცოცხალი, საიდანაც პრაქტიკულად, ვერ უნდა გადარჩენილიყვნენ. ბევრს უთქვამს კიდეც, ამ დროს, რაღაც იდუმალმა ძალამ ჩამავლო ხელი და მისი წყალობით, დღეს ცოცხალი ვარო. ალბათ, მსგავსი რამ თქვენთვისაც არაერთს უთქვამს.
– ბევრი იმასაც ამბობს, თუ სიზმრად გარდაცვლილი ადამიანი ნახე, ეს ცუდად აგიხდება რეალურ ცხოვრებაშიო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
– გააჩნია, ვის როგორ აქვს დაცდილი გარდაცვლილი ადამიანის სიზმრად ნახვა. საერთოდ, სიზმარში, როცა ადამიანის სული ასტრალში ხვდება, შეიძლება, გარდაცვლილი ახლობლის სახე დემონმა, ანუ ბოროტმა ძალამაც მიიღოს. დააკვირდით, თუ გარდაცვლილი ადამიანის სიზმრად ნახვა ცუდად გიხდებათ დღის განმავლობაში, ესე იგი, მისი სახე სწორედ ბოროტმა ძალამ მიიღო. ზოგ ადამიანს ღამით ფეხის ხმა, კაკუნი, სტვენა ან ძახილი აღვიძებს. დემონურ ძალებს შეუძლიათ ნებისმიერი ხმის მიღება, დაძახება და მას არ უნდა აჰყვეთ, არ გამოეხმაუროთ. ერთ ჩემს მეზობელს სწორედ ასეთი ძახილის დროს საშინელი რამ შეემთხვა. მეგობართან დარჩა. ღამით ძახილის ხმამ გამოაღვიძა, წამოდგა და იფიქრა – გავიხედავ, ვინ მეძახისო. ნასვამი იყო. ეგონა, კარი გააღო. სინამდვილეში ფანჯარა გამოუღია, გადმოვარდა და ისეთი ტრავმა მიიღო, დღესაც ინვალიდია საწყალი. მჯერა, დემონური ძალები ცდილობენ, სახე და ხმა იცვალონ, ახლობლის ხმით გაგვიტყუონ გვიან ღამით გარეთ და განსაცდელი მოგვიწყონ, საფრთხეში ჩააგდონ ჩვენი სიცოცხლე. ამიტომ, გაფრთხილებთ, თუ ღამით რამე ხმა მოგესმათ, არ მიაქციოთ ყურადღება და მშვიდად „გაატაროთ“. ჩემი ნათესავის სამი წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მანამდე ხშირად მეუბნებოდა მამამისი, ღამით იღვიძებს და ამბობს – ბებო მეძახის, მოდიო. არადა, ის ქალი გარდაცვლილი იყო. დარწმუნებული ვარ, ბავშვი, ღამით მოტყუებით, სწორედ ბებოს ხმაშეცვლილმა დემონურმა ძალამ გაიხმო გარეთ.
– ადამიანს მფარველი ანგელოზიც ხომ თან სდევს. ის რატომ ვერ ახერხებს ამ განსაცდელის ჟამს ჩვენს დაცვას?
– დიახ, ამ დროს მფარველი ანგელოზიც ჩვენს გვერდითაა, მაგრამ ის უძლურია, შესაძლო საფრთხისგან დაგვიცვას. ღამის მბრძანებლად ხომ დემონური ძალებია მიჩნეული. ამას ვერ უარვყოფთ და მათგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავიც და ახლობლებიც.