რა ტრაგედია მოხდა გულიკო ჩაფიძის ცხოვრებაში და როგორ გაუშრა მას ცრემლი
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობის წლები მძიმე წლები იყო, მე და ჩემს დას ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა, – გვიამბობს თავის დღიურებში მედიცინის მეცნიერებათა დოქტოორი, პროფესორი, ცნობილი ქართველი კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე, – მამა, ემილ ჩაფიძე, გახლდათ წამყვანი სპეციალისტი, საქართველოში შამპანური-ღვინის წარმოების დამფუძნებელი. 1947 წელს ის მიავლინეს კრასნოდარში, სადაც მან წარმატებით აღადგინა შამპანური-ღვინოების წარმოების საკავშირო მნიშვნელობის ტრესტი „აბრაუ-დიურსო”, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. დედა, მარიამ მგალობლიშვილი, თამარ ვაჩნაძისა და გიორგი მგალობლიშვილის შთამომავალი გახლდათ. დედას წინაპრებს, სვანეთის თავადებს – გელოვანებს, ჰყოლიათ სილამაზით განთქმული და. იმ დროს დასავლეთ საქართველოში ჯერ ისევ არსებობდა საშინელი სოციალური სენი „ტყვეთა სყიდვა”, რის გამოც გელოვანები გამოიქცნენ სვანეთიდან, თავი ალავერდის ტაძარს შეაფარეს და საეკლესიო გუნდს შეუერთდნენ. მეფე ერეკლემ ერთ-ერთ საეკლესიო დღესასწაულზე შეამჩნია არაჩვეულებრივი მგალობელი და-ძმა, რომელთა ვინაობა არავინ იცოდა. მეფემ მათ გვარი – მგალობელი და ტახტის აზნაურობა უბოძა. ბაბუა (დედის მამა), გიორგი მგალობლიშვილი, გენერალ-მაიორი გახლდათ. 1918 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღემდე წარმატებით მსახურობდა ქართულ არმიაში“.
– ქალბატონო გულიკო, გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა მედიცინაში მოხვედით. რა გზა გამოიარეთ?
– მეათე კლასიდან რუსეთში გადავედი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, მამა რუსეთში მიავლინეს. სკოლის დამთავრების შემდეგ დადგა ჩემი უმაღლესში ჩაბარების საკითხი. ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებდა, ხან რა მინდოდა ხან – რა, ბოლოს მოსკოვში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარებაზე ვფიქრობდი, მაგრამ, კატეგორიულად არ მინდოდა ექიმობა. იქ თავისუფლად მოვხვდებოდი, როგორც მედალოსანი, გასაუბრებაც არ იყო, მხოლოდ საბუთების გაგზავნა იყო საჭირო და ჩაგრიცხავდნენ. სკოლის გამოცდებს რომ მოვრჩი, საქართველოში იმ იმედით წამოვედი, რომ ჩემს საბუთებს ჩემი მშობლები გადაგზავნიდნენ მოსკოვში, მაგრამ, მამაჩემისგან მომდის დეპეშა: „სამედიცინო ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტობას გილოცავ!” ეს ჩემთვის იყო ტრაგედია, არ მინდოდა და მაინც ჩავირიცხე სამედიცინოზე. მშობლებს სულ ვეუბნებოდი, ექიმი მაინც არ ვიქნები-მეთქი. აბსოლუტურად არ მქონდა შინაგანად ამის მოთხოვნილება, პირიქით, ძალიან ნეგატიურად ვიყავი განწყობილი. მერე ჩამოვედი და, მეორე კურსიდან ისევ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განვაგრძე სწავლა სამკურნალო ფაკულტეტზე. მშობლებს ვუთხარი: მე ვისწავლი, დავამთავრებ, ავიღებ დიპლომს, ამ დიპლომს თქვენ გაჩუქებთ და მაინც ვისწავლი იქ, სადაც მე მინდა-მეთქი. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. პირველი წლები ცოტა მიჭირდა ქართულად სწავლა, განსაკუთრებით – მარქსის-ლენინიზმის, იქ ძალიან ბევრი უნდა გელაპარაკა. ლექტორი გადაკიდებული იყო ჩემზე – ქართულად ვერ ლაპარაკობ და რუსულ სექტორზე გადადიო. ის რომ მებრძოდა, მე პროტესტის ნიშნად არ გადავდიოდი. სწრაფად დავძლიე ეს ბარიერი და მშობლიური ენა კარგად ავითვისე. მეოთხე კურსზე, როდესაც უკვე პრაქტიკებზე შევედით საავადმყოფოებში და კონტაქტი დავამყარე ავადმყოფებთან, შეიცვალა ჩემი ამ პროფესიისადმი მიდგომა, მაშინ ვიგრძენი, რომ ეს, ალბათ, საბოლოო იქნება და მე სამედიცინოს დავამთავრებ-მეთქი. ინსტიტუტი წარმატებით დავამთავრე.
– როგორ აეწყო თქვენი პირადი ცხოვრება? სურათებს ვუყურებ და ძალიან ლამაზი გოგო ყოფილხართ, ბევრი თაყვანისმცემელი უნდა გყოლოდათ.
– ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, რომ გავთხოვდი ჩემს თანაკურსელზე, ზურაბ ცხაკაიაზე, რომელიც ძალიან წარმატებული, ცნობილი ქირურგი გახლდათ. სამეგობრო წრე ერთი გვყავდა, ინტერესები ერთი გვქონდა, ერთმანეთს ძალიან ვეხმარებოდით კიდეც. მე თერაპევტი-კარდიოლოგი ვიყავი, ის ქირურგი იყო და ბევრი რამე მისგან ვისწავლე, ასევე, მან – ჩემგან. ერთმანეთს ძალიან ვავსებდით. ურთიერთობაში ადამიანი ყოველთვის გრძნობ შენ მიმართ დამოკიდებულებას, ასე რომ, მას ოფიციალურად არ უთქვამს – მე შენ მიყვარხარ და ცოლად გამომყევიო. იმდენად შეზრდილები ვიყავით და იმდენი საერთო გვქონდა, სხვაზე არც არასდროს მიფიქრია. ინსტიტუტში რომ მოვედი, ყველა ახალი იყო ჩემთვის, მაგრამ, ეს უფრო ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ. ალბათ, ესეც ბედისწერაა. დედამ იცოდა, მამამ – არა. მას ვერ წარმოედგინა, თუ შეიძლებოდა, რომ 23 წლის ასაკში გავთხოვილიყავი. ეს მომენტი განიცადა, მაგრამ, ეს იყო პირველ ხანებში, მერე ყველა ერთად ვცხოვრობდით და ისეთი აწყობილი ოჯახი გვქონდა – ვინ შვილი იყო, ვინ სიძე, განსხვავება არ არსებობდა. ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ჯერ მარნეულის რაიონში გაგვგზავნეს. ამ დროს 4 თვის ბავშვი მყავდა. მე ძალიან ცოტა ხანს ვიყავი იქ, ვერ გავჩერდებოდი – მიწის იატაკი, საშინელი პირობები, ჩემმა მეუღლემ კი თითქმის წელიწადი დაყო. ბავშვი ერთი წლის რომ გახდა, სამინისტროს მივმართეთ თხოვნით და გაგვგზავნეს ბორჯომში: ჩემი მეუღლე – ბორჯომის საავადმყოფოში მთავარ ქირურგად, მე – ლიკანის სანატორიუმში ექიმ-კოორდინატორად. იქ ვიცხოვრეთ სამი წელი. ჩასვლისთანავე ორივეს ერთი მიზანი გვქონდა – კარგად მოვმზადებულიყავით და ასპირანტურაში ჩაგვებარებინა. გადავწყვიტეთ მოსკოვში წასვლა და ამ ხნის განმავლობაში ძალიან მაგრად მოვემზადეთ. მან ქირურგიაში ჩააბარა მე – თერაპიაში. მახსოვს, ბიბლიოთეკის ეზოში ვიდექით. იყო ასეთი ექიმი – ჯიმშერ ანთელავა, ის შეგვხვდა და გვკითხა: აქ რატომ ხართო. ჩვენ ვუპასუხეთ, ასპირანტურაში ჩასაბარებლად ჩამოვედითო. გაეცინა – იმის იმედი გაქვთ, რომ მოხვდებითო (მართლაც, ძალიან დიდი კონკურსი იყო, ქირურგიაში 13 კაცი იყო ერთ ადგილზე, თერაპიაში – 11) რას ლაპარაკობთ, ვიღაც ცოლ-ქმარი არიან ჩამოსულები, ალბათ, ებრაელები, გლეჯენ ყველაფერსო. ის „ებრაელი“ ცოლ-ქმარი მე და ჩემი მეუღლე ვიყავით. ფიზიკურად არ გვიცნობდა, მან მხოლოდ იცოდა, რომ ვიღაც ცოლ-ქმარი ძალიან კარგად აბარებს და ორი ადგილი მარტო მათ მიაქვთ. ჩავაბარეთ ასპირანტურაში, გადასარევი წლები გვქონდა. ბავშვი ჩემს მშობლებთან მყავდა დატოვებული, პერიოდულად ჩამოდიოდა დედა, ბავშვი ჩამოჰყავდა, ზამთრისა და ზაფხულის არდადაგებზე ჩვენ ჩამოვდიოდით.
– რა ბარიერებს წააწყდით ცხოვრების განმავლობაში თქვენს პროფესიულ საქმეში?
– თუ მე ჩამოვყალიბდი როგორც ექიმი და რამე ვიცი, ეს ჩემი პედაგოგის, პროფესორ ბორის ვოტჩალის დამსახურებაა. ის წარმოშობით ჩეხი იყო. მან მასწავლა კლინიკური აზროვნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვის. მართალია, დავიცავით დისერტაცია, ვიყავით კანდიდატები, მაგრამ, რომ ჩამოვედით, ჩემი მეუღლე ლაბორანტად მუშაობდა პროფესორ დავით მამამთავრიშვილთან, რადგან, ექიმის ადგილი არ იყო – მაშინ ძალიან ძნელი იყო ექიმად მუშაობა, თუმცა, მამამთავრიშვილი ურთულეს ოპერაციებს აკეთებინებდა. მე მოვხვდი თერაპიის ინსტიტუტში. ჯერ ვიყავი უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი, ძალიან სწრაფად გავხდი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მერე ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი, შემდეგ კი ორივემ დავიცავით სადოქტორო დისერტაცია. ამ პერიოდში მეორე შვილი გავაჩინე – პირველი ბავშვის გაჩენიდან რვა წლის შემდეგ. დაგვიანება და სამსახურის გაცდენა არ არსებობდა, რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, რომ სამსახური გამეცდინა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვახერხებდი: ბავშვებისთვის მომევლო, კიროვის პარკში გავსულიყავით, მერე მომეყვანა სახლში და სამსახურში წავსულიყავი, მაგრამ, მაინც, რომ არა ჩემი ოჯახი, ამდენს ვერ გავაკეთებდი.
– მრავალი წლის წინ თქვენს ოჯახში ტრაგედია მოხდა: დაგეღუპათ ჯერ ერთი შვილი, მერე მეორე, ასევე – მეუღლე. ვიცი, ძალიან მტკივნეულია ამის გახსენება, მაგრამ, ეს თქვენი ცხოვრების შემდგომი ეტაპია, რასაც გვერდს ვერ ავუვლით.
– ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა სამსახურშიც და ოჯახშიც, ძალიან ბედნიერი ქალი ვიყავი, მაგრამ, ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1989 წელს უმცროსი ვაჟი დამეღუპა ავარიით. მისგან დამრჩა პატარა გოგონა – წლის და ოთხი თვის იყო. ორი წლის წინ მეორე ვაჟიც დამეღუპა ფილტვის სიმსივნით, მას ორი შვილი დარჩა. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და მეტს ვერ ვილაპარაკებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მყავდა არაჩვეულებრივი, წესიერი, უნიჭიერესი, განათლებული შვილები, მაგრამ, ეტყობა, ეს იყო ჩემი ბედი, რომ ასე მოხდა. მას შემდეგ, რასაკვირველია, მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. უმცროსი შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და ვერავის წარმოედგინა, თუ შეიძლებოდა, რომ ავად გამხდარიყო ან სხვა რამე მოსვლოდა, მაგრამ, ინფარქტი დაემართა. ყოველ დილას მიდიოდა ჯერ სასაფლაოზე, ანთებდა სანთელს, მერე მიდიოდა სამსახურში, სამსახურიდან წამოსული ისევ ავიდოდა სასაფლაოზე, ანთებდა სანთელს და მერე მოდიოდა სახლში. დღეს როგორია ჩემი ცხოვრება?! რასაკვირველია ძალიან აქტიურად ვმუშაობ, რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. მგონია, რომ რაღაც წვლილი შევიტანე საქართველოს მედიცინაში, კერძოდ, კარდიოლოგიაში, მაგრამ, ახლა ჩემი ცხოვრება ასეთია: ერთ სასაფლაოზე მყვანან დედა, მამა, ბებია, ქმარი, შვილები. ერთ დღეს ერთ საფლავზე ვარ, მეორე დღეს – მეორე საფლავზე.
– მთელ საქართველოში ცნობილი კარდიოლოგი ბრძანდებით, 81 წლის ასაკში დღესაც აქტიურად მუშაობთ, რასაც ახალგაზრდებიც ვერ ახერხებენ, ეს კი ძლიერი ადამიანის ბუნებაზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, თქვენს შვილებს სულაც არ მოეწონებოდათ, სახლში რომ ჩაკეტილიყავით და ცხოვრებაზე ხელი ჩაგექნიათ.
– იცით, უმცროსი ბიჭი რომ გარდამეცვალა, ვერავინ მელაპარაკებოდა სამსახურში გამოსვლაზე. არც კი მიფიქრია, სამუშაოს დავბრუნებოდი, მაგრამ, წამიყვანეს ჩვენს უწმიდესთან, ილია მეორესთან და, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ფეხზე ვდგავარ და არ წავიქეცი. ცხოვრებისგან გაქცევა მინდოდა. ქრისტიანი ვარ და სხვა რამეს ვერ ჩავიდენდი. იყო პერიოდი, მონასტრიდან სამსახურში მივდიოდი, მერე საპატრიარქოში შევივლიდი და ისევ მონასტერში ვბრუნდებოდი. მეორედაც ის დამეხმარა, როცა უფროსი ბიჭი გარდამეცვალა. ეს ამბავი რომ მოხდა ორ-სამ კვირაში გერმანიაში მიდიოდა და იძულებით წამიყვანა თან – ხვალ დილით გერმანიაში მივფრინავ და შენც უნდა წამოხვიდეო. ის გამოკვლევებზე მიბრძანდებოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, უჩემოდაც მშვენივრად წავიდოდა და გამოკვლევას ჩაიტარებდა, მაგრამ, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ცოტა ხნით მაინც გავერიდებინე აქაურობისთვის. ვესწრებოდი მის გამოკვლევებს, მაგრამ, აქტიურად არ ჩავრეულვარ. იქიდან ადრე წამოსვლა რომ დავაპირე, მკითხა: რა გინდა, რატომ მიდიხარო. საფლავი მენატრება-მეთქი, – ვუპასუხე. აღარ შევუჩერებივარ, გამომიშვა. ვერავინ გააკეთებდა იმას, რაც უწმიდესმა გააკეთა. მაშინ მითხრა: თუ გინდა, რაღაც გაუკეთო შენს ოჯახს, შვილიშვილებს, უნდა იმუშაო სანამდეც შეგიძლიაო. ელემენტარულად, ეს საჭირო იყო არსებობისთვის. მეუღლე აღარ მყავდა და შვილები, ბავშვები დარჩათ ერთსაც და მეორესაც, თუმცა, იმ დროს ამ საჭიროებაზეც არ ვფიქრობდი. სულიერად, შეიძლება, ახლა უფრო მეტად მიჭირს, ეს უსაშველო სიყვარული და მონატრება უფრო ძლიერდება. ვცოცხლობ და ვემზადები იმისთვის, რომ ჩემს შვილებს შევხვდე. ამიტომ, ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს შვილებთან პირნათელი წარვდგე. ამქვეყნად ყველა ცოდვილია. იმ პერიოდში რეანიმაციაში ვმუშაობდი, კლინიკურ ავადმყოფებთან მქონდა საქმე და უწმინდესს რომ შევხვდი პირველად, ეს ვუთხარი – შეიძლება, ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რომ რეანიმაციაში ვმუშაობ-მეთქი. გაეღიმა – ამას შენ კი არ აკეთებ უფალი აკეთებს შენი ხელებით და უნდა განაგრძო შენი საქმეო. ექიმი სასწაულმოქმედი არ არის და, რასაკვირველია, ბევრი რამ ცუდად მთავრდება, მაგრამ, რომ ლაპარაკობენ, ექიმი ეჩვევა სიკვდილსო, ტყუილია. ექიმი ვერავის სიკვდილს ვერ ეჩვევა, ერთადერთი, ამ დროს ექიმი სწავლობს თავის დაჭერას. სულ ვცდილობ, ჩემ გარშემო არავინ (მით უმეტეს, ჩემმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა) იგრძნოს ჩემი ტრაგედია, ჩემი განცდები. ვერავინ ნახავს ამას, შეგიძლიათ, ექიმებსაც ჰკითხოთ – მათ ჩემს თვალზე ჯერ ცრემლი არ უნახავთ, თუმცა, კარგად იციან, რასაც განვიცდი. ვცდილობ, ყველაფერი ჩემი ჩემში იყოს. მე მაქვს ჩემი ოთახი, სადაც, შემიძლია, თავს უფლება მივცე და ვიტირო. არ არსებობს, ვიწუწუნო – ეს არ ზის ჩემში. შვილი ავად რომ მყავდა, ძალიან დიდი გაჭირვება მქონდა ყველანაირად, მაგრამ, არავის არაფერი უგრძნია, არავინ შემიწუხებია ჩემი მდგომარეობით, იმიტომ რომ, არავინ არის დამნაშავე იმაში, რომ ასეთი ცხოვრება მაქვს. ვცდილობ, სიკეთე გავაკეთო და ყველანაირად დავეხმარო გაჭირვებულს, ნათესავსაც, მეგობარსაც და უცხო რომ დააკაკუნებს კარზე – მასაც...
1977 წელს გულიკო ჩაფიძე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის პირადი ექიმი გახდა. ქალბატონი გულიკო უპარტიო იყო, ამდენად, ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა წარმართულიყო მათი ურთიერთობა. ბატონმა ედუარდმა სწრაფად მოუხსნა პირად ექიმს უხერხულობა: აღდგომა დღე იყო. ქალბატონი გულიკო აუცილებლად უნდა სწვეოდა ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს წყნეთის სამთავრობო აგარაკზე და გადაწყვიტა, წინასწარ დაერეკა. ყურმილი ბატონმა ედუარდმა აიღო, მიესალმა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ქალბატონმა გულიკომ არ დააყოვნა და წყნეთში ესტუმრა. მასპინძლის თავმდაბლობამ ისე გააოცა და მოხიბლა, რომ ყოველგვარი უხერხულობა მაშინვე მოეხსნა და მას შემდეგ ათეული წლებია, მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. პირველი დღეების დამოკიდებულება ძალიან სწრაფად გადაიზარდა თბილ ურთიერთობაში, მეტიც – ნათესაურ კავშირში – 1992 წელს ედუარდ შევარდნაძე უწმიდესმა ილია მეორემ და ქალბატონმა გულიკომ მონათლეს.