რა იწვევს „ჭინჭრის ციებას“ და როგორი გამოვლინება ახასიათებს მას კანზე
კანზე ჭინჭრით დასუსხულ გამონაყართან მსგავსების გამო, ამ დაავადებას „ჭინჭრის ციებას“ უწოდებენ. ამ დროს კანი წითლდება, იწყება ქავილი, მაგრამ ადამიანს არ ეცვლება გუნება-განწყობა. ჭინჭრის ციების მიზეზის დიაგნოსტირებაც და მკურნალობაც ძალიან რთულია. მას იწვევს ორგანიზმში ესა თუ ის დარღვევა, ხშირად კი ალერგიული რეაქცია ამა თუ იმ საჭმელზე, საგნებზე და ასე შემდეგ.
ალერგიას იწვევს საკვებ პროდუქტებზე დამატებული საღებავები, კონსერვანტები და არომატიზატორები; წამლები – ძირითადად, ანტიბიოტიკები; საკვები პროდუქტები; ქრონიკული ინფექციები; სტრესები; კოსმეტიკური საშუალებები.
ჭინჭრის ციების პირველივე ნიშნების დროს რეკომენდებულია:
* უარი თქვათ იმ პროდუქტებზე, რომელთა მიღების შემდეგ ტანზე გამონაყარი გიჩნდებათ;
* არ მიიღოთ ცხელი აბაზანა და შხაპი, რადგან ამ დროს ძლიერდება ქავილი;
* ჭინჭრის ციებისა და ქავილის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ანტიჰისტამინური წამლები. არ მიიღოთ ეს წამლები ავტომანქანის მართვის დროს, რადგან ყურადღების მოდუნებას იწვევს;
* ქავილის შესამსუბუქებლად კანზე წაისვით გულყვითელას ან მენთოლის ერთპროცენტიანი ხსნარი;
* ყურადღება მიაქციეთ: შეიძლება, გამონაყარის მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებაა.
* სტრესის დროს მიიღეთ დამამშვიდებელი ჩაი: შეურიეთ ერთმანეთს თითო წილი კატაბალახა, პიტნა, გვირილა, კვლიავი, კამის თესლი. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი ნაყენი, დღეში სამჯერ.
რა სიმპტომებით ხასიათდება თიაქარი და როგორ დავიცვათ მისგან თავი
თიაქარი ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი, მაგალითად, მუცლის, შინაგანი ორგანოების, მუცლის კედლის, მენჯის, დიაფრაგმისა და ასე შემდეგ. ამ დაავადებას იწვევს ასაკი, მემკვიდრეობა, სიმსუქნე, მუცლის კედლის ტრავმა, პოსტოპერაციული ნაწიბურები და სხვა. ასევე, დაავადების გამომწვევია ყველა ის ფაქტორი, რაც განაპირობებს მუცლის შიდა წნევის მომატებას. ამას მიეკუთვნება მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე მშობიარობა, შეკრულობა, შარდვის გაძნელება, ხანგრძლივი ხველა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორსულობა, რადგან ამ დროს, მუცლის ღრუში წნევის მკვეთრ გაძლიერებასთან ერთად, მუცლის პრესი დუნდება და თხელდება. რაც შეეხება ბავშვებს, მათ ასაკში ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ფაღარათი, შეკრულობა, ყივანახველა, თიაქრის განვითარების ხელსაყრელ პირობას ქმნის. გარდა ამისა, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს თანდაყოლილი მანკი. გვხვდება მუცლის შიგნითა და გარეთა, ასევე, თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი. ძირითადად, მამაკაცებში ჭარბობს საზარდულის, ხოლო ქალებში კი ჭიპისა და ბარძაყის თიაქარი. ამ დაავადების მქონე ადამიანს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა. უჩივის შრომისუნარიანობის დაქვეითებას. აგრეთვე, თიაქარს ახასიათებს გამობერვა და ტკივილი თიაქრის მიდამოებში. სხვათა შორის, თიაქარი ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა. მისი გართულებებიდან აღსანიშნავია ანთება და ჩაჭედვა. ჩაჭედვის შემთხვევაში, მუცლის ღრუში წნევის უეცარი აწევის გამო თიაქრის პარკში ჩვეულებრივზე მეტი ორგანო ჩამოდის. ამ დროს თიაქრის ფარის კუნთები სალტისებურად შემოეჭირება პარკში მდებარე ორგანოებს და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, ახშობს მათ სისხლძარღვებს. თიაქრის ჩაჭედვის დროს სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო. ამ დროს დაუშვებელია, მუცლის ღრუში მისი შესწორება. ამ მძიმე დაავადებისგან რომ დაიზღვიოთ თავი, აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ზედმიწევნით დაცვა. თიაქრის განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში, რომელიც მუცლის კედლის კუნთებს ამაგრებს. ასევე, აუცილებელია შრომის სწორად გადანაწილება, ორსულობის დროს კი მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, მშობიარობის შემდეგ მუცლის მასაჟი და ვარჯიში. ბავშვებისთვის კი აუცილებელია რაციონალური კვება და კუჭ-ნაწლავის მოქმედების რეგულირება. მათ არ უნდა ჰქონდეთ ჭინთვები. გაითვალისწინეთ ეს ყოველივე და ამ საშიში დაავადებისგან დროულად დაიცავით თავი.
ხახვი შეუცვლელი სამკურნალო ბოსტნეულია
ხახვი უებარი წამალია გაციების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ, გრიპის ეპიდემიის დროს, გირჩევთ, ჭამოთ ცოცხალი ხახვი, რადგან ის გრიპის გამომწვევი ვირუსების უმრავლესობას ადვილად კლავს.
1 თავი ხახვი გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ წვენი გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ. მასში შემავალი ვიტამინები ცხელ წყალში იშლება და, ამიტომ, ცხელი უნდა დალიოთ. შეგიძლიათ, ამ ნაყენს ცოტა თაფლიც დაუმატოთ.
ანგინის დროს კარგია ხახვისა და ცაცხვის ყვავილების ნაყენის ყელში გამოვლება. კერძოდ, 1 სადილის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე თავდახურული ჭურჭლით. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შეურიეთ ერთი ხახვისგან გამოწურული წვენი. ეს ნაყენი გამოივლეთ ყელში.
ბრონქიტი ხშირად გაციების შედეგია. ამ დროს ხახვი მართლაც უებარი წამალია: 1 თავი ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. დააყარეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დაასხით ცოტა წყალი და წამოადუღეთ. მიღებული სითხე უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი, ყოველ ორ საათში ერთხელ, შვიდი დღის განმავლობაში.
კარგია რძეში მოხარშული ხახვიც: გაფცქვენით ხახვი, ჩადეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ მანამ, სანამ ხახვი დარბილდება. შემდეგ ამოიღეთ, გააცივეთ, დაჭერით და მიირთვით.
ჩირქოვანი იარების მოსარჩენად: ერთი თავი ხახვი შეწვით ტაფაზე. გადმოიღეთ, შეაგრილეთ, დაამატეთ 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სადილის კოვზი ფქვილი. მიღებული მასა კარგად ამოურიეთ და დაიდეთ ჩირქოვან იარაზე.
ხახვი მეტად კარგად მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე. თუ გსურთ, ჯანმრთელი და მაგარი კბილები გქონდეთ, ჭამეთ დიდი რაოდენობით უმი ხახვი.
თუ პარადონტოზი გაწუხებთ, აიღეთ ერთი ღერი ალოეს ფოთოლი და ერთი ხახვის მეოთხედთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ეს მასა რამდენიმე წუთით პირში გაიჩერეთ. სისხლდენაც შეგიჩერდებათ ღრძილებიდან და ტკივილიც დაგიამდებათ.
დროულად გაიწმინდეთ ორგანიზმი მავნე წიდებისგან
ბევრი ადამიანი ორგანიზმიდან წიდების გამოდევნით ცდილობს, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში დროდადრო მაინც გროვდება. ამ ნივთიერებების სრულად გამოდევნა ორგანიზმიდან თითქმის შეუძლებელია. გაცილებით კარგ შედეგს იძლევა დიდი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნა. ასევე, მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ბუნებრივი საკვების მიღება. სასმელი წყალი კი მხოლოდ გაფილტვრის შემდეგ უნდა დალიოთ. ასე დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული კენჭების გაჩენა გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნაწლავების მიკროფლორა აქვს დარღვეული. ეს პრობლემა დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას დაემატა ის, რომ ღვიძლიც ცუდად მუშაობს, წიდების დაგროვება გარდაუვალი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ სისხლში მოხდება ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას გამოიწვევს. ხშირად ამ დაავადებას ზედმეტად გასუქებაც იწვევს, რადგან ამ დროს ადამიანის ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.
ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში წიდები არ გროვდება. თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ორგანიზმში წიდები გროვდება და მისი თვითმკურნალობით გამოდევნა თითქმის შეუძლებელია.
საჭმელზე დაყოლებული ერთი ჭიქა წითელი ღვინო, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან იცავს
გულის იშემიური დაავადების მთავარი მიზეზი სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მომატება და მაღალი არტერიული წნევაა. ჩვეულებრივ, თუ სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი მომატებულია, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი ერთიორად იმატებს. რაც შეეხება წნევას, თუ მისი მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია, იშემიის განვითარების რისკიც იმატებს.
ადამიანების უმეტესობის რაციონში ნაჯერი ცხიმები საჭიროზე გაცილებით მეტია. ბევრს ჭარბი წონა აწუხებს, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა. ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინის გამოსადევნად და არტერიული წნევის დასარეგულირებლად საჭიროა, ჭამოთ ჯანსაღი საკვები.
უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან, შესაბამისად კი, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან დაიცავს.
ჭამეთ გემრიელი საკვები და დააყოლეთ ერთი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო. კერძი მცენარეული ზეთით მოამზადეთ. მასში შემავალი უჯერი ცხიმები ნაკლებად აზიანებს და ათეროსკლეროზისგან იცავს სისხლძარღვებს. მიირთვით მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტები, ხშირად კი – თევზი, რადგან ის გულს „უყვარს“. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა: სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი და ზუთხი. დღის განმავლობაში ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. ნურც პარკოსნებისგან მომზადებულ კერძებს დაივიწყებთ.
მთელი დღის განმავლობაში არ მიიღოთ ერთ ჩაის კოვზზე მეტი მარილი. დალიეთ ორ ლიტრამდე სითხე. საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენეთ მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნისა და სოიის ზეთი. მიირთვით ხიზილალა, უცხიმო ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი. არ გირჩევთ ღორისა და ცხვრის ხორცს; ასევე, იხვის ხორცის, სოსისის, შაშხის ხშირად ჭამას.
დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცალი კვერცხის ცილა მიიღეთ, ასევე, ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო, ნადუღი, ყველი, მაწონი, კეფირი და იოგურტი. არ არის რეკომენდებული, აგრეთვე, ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები და გუდის ყველი.
ჭამეთ ყველა სახის ხილი, გოგრა, მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, ზეთისხილი, ჭვავისა და ხორბლის პური, შვრია, წიწიბურა, მანანის ბურღული და ბრინჯის ფაფა.
მიირთვით ბოსტნეულით, ვერმიშელით, ბრინჯით, ყვავილოვანი კომბოსტოთი მომზადებული წვნიანები.
სვით მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩაი, დაბალკალორიული ლუდი და ნაკლები კოფეინის შემცველი ყავა.
ნევროლოგიური დაავადებების დროს C ვიტამინი შეუცვლელია
ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, თუ თავის ტვინის რომელიმე სენით დაავადებული ადამიანი სამკურნალო პრეპარატებთან ერთად C ვიტამინსაც მიიღებს, მკურნალობის ეფექტი მეტი იქნება, რადგან C ვიტამინი თავის ტვინში პრეპარატების შეღწევას აიოლებს. კერძოდ, ასკორბინის მჟავის დამატება პრეპარატებს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვაში ეხმარება, ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი, ტვინში ნივთიერებების შეღწევა გაძნელებულია.
ექიმების მოსაზრებით, C ვიტამინის ამ თვისების გამოყენება მნიშვნელოვნად გააადვილებს შიდსის, ასევე, სხვა ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ კი, ეპილეფსიის, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების მკურნალობას.