წმიდა მამები ღვთისმშობლის შესახებ
წმიდა დიონისე არეოპაგელი
წმიდა დიონისე არეოპაგელი, ქრისტიანად მოქცევის შემდგომ, მესამე წელს ღირსქმნილი ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის პირისპირ ხილვისა იერუსალიმში ასე აღწერს ამ შეხვედრას: „როცა მე წარვდექი უწმიდესი ქალწულის წინაშე, მთელი ჩემი არსება შინაგანად და გარეგანად ისეთმა დიადმა და უსაზღვრო ღვთიურმა ნათელმა მოიცვა და ჩემს გარშემო სხვადასხვა არომატების ისეთი საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც თვით სულს არ შესწევდათ ძალა, გაეძლოთ მარადიული ნეტარებისა და დიდების ასეთი დიადი სასწაულისა და საწყისებისთვის. მოუძლურდა გული ჩემი, მოუძლურდა სული ჩემი მისი დიდებისა და ღვთიური მადლისგან. ადამიანის გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს იმ ნეტარებაზე უფრო მეტი დიდება და პატივი, რომელიც განვიცადე მე უღირსმა, მაგრამ მისი გულმოწყალებით წარმოუდგენლად ნეტარქმნილმა.
საეკლესიო ისტორიკოსი, ნიკიფორე კალისტი:
იგი იყო საშუალო სიმაღლისა, ანუ, როგორც ამბობენ, საშუალოზე ოდნავ მაღალი, თმა – მოოქროსფერო, თვალები – სწრაფი, ზეთისხილისფერი გუგებით. წარბები რკალისებრი, ზომიერად შავი, ცხვირი – მოგრძო, ტუჩები – აყვავებული, აღსავსე ტკბილი სიტყვებით. სახე არც მრგვალი და არც წაწვეტებული, მაგრამ ოდნავ მოგრძო. ხელები და თითები გრძელი. მაგრამ ჭეშმარიტად უწმინდეს ქალწულში ჩვენ გვანცვიფრებს არა მარტო სხეულის უმანკოება და კეთილისნაკვთოვანება, არამედ განსაკუთრებით – მისი სულის სრულყოფილება...
ადამიანთან საუბრისას იგი ინარჩუნებდა კეთილსახიერებას არ იცინოდა, არ სჩვეოდა შეცბუნება, აღშფოთება, მით უმეტეს, განრისხება. სრულიად ბუნებრივი, უბრალო. იგი სრულიად არ გამოირჩეოდა სრული მორჩილებით, რაც შეეხება ტანსაცმელს, რომელსაც ატარებდა – იგი კმაყოფილდებოდა მათი ბუნებრივი ფერით, რასაც ახლაც გვიდასტურებს მისი წმინდა საბურველი, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა საქციელში გამოსჭვიოდა განსაკუთრებული მადლი.
წმიდა გიორგი ნეოკესარიელი:
მის სახეში თავმოყრილი იყო ყველა საუნჯე მადლისა და იგი იყო წმიდა სხეულითა და სულით, სამოსი მოკრძალებული, ფუფუნებასა და გააზიზების ყოველგვარ ნიშანწყალს მოკლებული, ნაბიჯი – თანაბარი, მტკიცე, მზერა – მკაცრი, თანაც საამური, წყნარი და მორჩილი მშობლების მიმართ, საუბარი – ლმობიერი, უბოროტო, გულიდან გადმოღვრილი.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი:
იგი იყო ქალწული არა მარტო სხეულით, არამედ სულითაც, თვინიერი გულით, დარბაისელი საუბრისას, კეთილგონიერი, სიტყვაძუნწი, კითხვის მოყვარული, გამრჯე, უმწიკვლო, თავისი აზრების მსაჯულად თვლიდა არა კაცს, არამედ ღმერთს. წესად ჰქონდა, არავინ შეურაცხეყო, ყველასთვის სიკეთე ესურვებინა, პატივი ეცა უფროსებისათვის, არ შეშურებოდა თანატოლებისა, არ ეტრაბახა, ყოფილიყო ჯანსაღად მოაზროვნე, ყვარებოდა სათნოება და ზნეობა. განა როდესმე, თუნდაც სახის გამომეტყველებით გაუნაწყენებია მშობლები? მის თვალებში არ იყო სუსხის ნატამალიც კი, სიტყვებში არანაირი წინდაუხედაობა, მოძრაობები – მოკრძალებული, ნაბიჯი – ჩუმი, ხმა – თანაბარი. ასე რომ, მისი გარეგნული იერი იყო სულის გამოხატულება, სისუფთავისა და სიწმინდის განსახიერება.