მამათა შეგონებანი
იოანე ოქროპირი: თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას – ამ უდიდეს და, სამწუხაროდ, ძალზე გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.
მარკოზ განშორებული: როცა განსაცდელს ნებაყოფლობით ვიღებთ, ერთმანეთს ეხმარებიან: გონებრივი განსაცდელი – ხორციელს და ხორციელი – გონებრივს; მათი ერთობა კი უფრო მეტად სავალალოა.
პაისი მთაწმინდელი: ის, ვინც თავის გონიერებას საღმრთო საქმეზე კი არა, ცბიერებაზე ხარჯავს, საკუთარ თავს ეშმაკს გადასცემს. მისთვის უმჯობესი იყო, საერთოდ დაეკარგა გონება, რომ საშინელი სამსჯავროს დღეს დანაშაულის შემამსუბუქებელი მდგომარეობა ჰქონოდა.
გაბრიელ ეპისკოპოსი: თუ დედაკაცი თავის ქმარზე უფროსობს, ეს დიდი სირცხვილია. ცოლი ქმარზე რაგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს, მაინც მას უნდა დაემორჩილოს; ეს ოჯახის წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს არ შეუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება ოჯახურ ზრუნვასა და შრომასთან შეიძლება, კეთილად შეერთდეს.
იოსებ ისიხტასი: ეშმაკი წინ ეღობება ლოცვას, რათა ჩვენი დატყვევება იოლად შეძლოს. განგვაცდევინებს უბედურებას, გაგვიჩენს სხვადასხვა საზრუნავს, შეგვიქმნის ასობით დაბრკოლებას ერთადერთი მიზნით – ხელი შეუშალოს ლოცვას. დემონებს, როგორც ეს მრავალი შემთხვევით დადასტურდა, ქრისტეს სახელის გაგონებისას ძრწოლა იტანს. ეშმაკეული პირით ისინი თავად აღიარებენ, რომ ალი ედებათ, როცა ადამიანი ლოცულობს.
წმიდა სილუანი: რა უნდა გავაკეთოთ, რათა გვქონდეს სულსა და სხეულში მშვიდობა? ამისთვის ყველა უნდა გვიყვარდეს როგორც საკუთარი თავი და სიკვდილისთვის უნდა ვიყოთ მზად ყოველ წუთს. როცა სულს ახსოვს სიკვდილი, მაშინ მოდის მორჩილებაში, მთლიანად ეძლევა ღმერთის ნებას, სურს ყოფნა ყველასთან მშვიდობიანად და ყველა უყვარს. როცა ქრისტესმიერი მორჩილება შემოდის სულში, მაშინ მას უხარია, იჯდეს, როგორც იობი, ჩირქში, სხვებს კი ხედავდეს დიდებაში; მაშინ სულს უხარია, რომ იგი ყველაზე უარესია; საიდუმლოება ქრისტესმიერი მორჩილებისა დიდია და შეუძლებელია მისი ახსნა. სიყვარულით ავსებულ სულს უხარია და სურს სხვებისთვის ამაზე მეტი სიკეთე, ვიდრე თავისთვის უხარია სულს, როცა ხედავს, რომ სხვები კარგად არიან და მწუხარებს, როცა ხედავს, რომ სხვები იტანჯებიან.
***
ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შევიცანით მადლი სულიწმიდისა.
მაქსიმე აღმსარებელი: პატივმოყვარეობის დაძლევა დიდი ღვაწლია. ამისთვის კარგი საშუალებაა ფარულად სიკეთის ქმნა და ხშირი ლოცვა, ხოლო, ნიშანი იმისა, რომ ამ ვნებისგან გათავისუფლდი, ავისმთქმელზე ურისხველობაა.