კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი თბილისელი მეცენატის ინიციატივით აშენდა „არტისტული საზოგადოების” თეატრი, რომელსაც შემდგომში შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა

თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრი – შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი. ამ ულამაზეს შენობას უამრავი ისტორიული ფაქტი უკავშირდება, რომელთა შესახებ „თბილისელების” ამ ნომერში ძველი ფოტოების დახმარებით ვისაუბრებთ.
„არტისტული საზოგადოების” თეატრი
1898 წელს, მაშინ ჯერ კიდევ გოლოვინის პროსპექტზე, საფუძველი ჩაეყარა „არტისტული საზოგადოების” თეატრის მშენებლობას ცნობილი თბილისელი არქიტექტორების, კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრ შიმკევიჩის ხელმძღვანელობით. თეატრის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი, გახლდათ თბილისელი სომეხი, მეცენატი ისაი პიტოევი,  რომელიც თეატრით იყო გატაცებული. 1844 წელს, მაშინდელი თბილისის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მეწარმე ეგორ პიტოევის ოჯახში დაბადებულ ისაის ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული და სანავთობო და თევზის ბიზნესში იყო ჩართული.  ისაის მეუღლე გახლდათ სტავროპოლში დაბადებული ოლღა მარქსი, მსახიობი, რომელმაც ქმარს თეატრი შეაყვარა. მეუღლის თეატრით  გატაცებამ პიტოევი არტისტული საზოგადოების შექმნაზე დააფიქრა, რასაც სათავე დაედო  1885 წელს, პიტოევების ბინაში, პასკევიჩის ქუჩაზე (საბჭოთა დროს – მახარაძის, ამჟამად – ქიქოძის ქუჩა). პიტოევების სახლი იმ დროის თბილისური ბოჰემის თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც სხვადასხვა დროს სწვევიან კომისარჟევსკაია, შალიაპინი, ჩაიკოვსკი და იპოლიტოვ-ივანოვი. ისაი პიტოევის ოცნება იყო ნამდვილი თეატრის აშენება, რასაც  მან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაუდო სათავე. ბაროკოს სტილში აგებული შენობა 1901 წელს საზეიმოდ აკურთხეს, დარბაზი 810 ადგილზე იყო გათვლილი და თეატრის შიდა ინტერიერის მოპირკეთებაზე იტალიიდან მოწვეული ხელოსნები მუშაობდნენ. ხალიჩები, სარკეები, ავეჯი, განათება და თეატრისთვის აუცილებელი სხვა მოწყობილობები ევროპიდან იყო ჩამოტანილი. სხვადასხვა ცნობით, თეატრის მშენებლობა ისაი პიტოევს ნახევარი მილიონი ოქროს რუბლი დაუჯდა. პიტოევის კიდევ ერთი ოცნება იყო საზაფხულო თეატრის მშენებლობა, თუმცა, ამ ოცნებას ასრულება არ ეწერა – 1904 წლის  22 აპრილს ისაი პიტოევი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა და იგი ხოჯავანქის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი საფლავი, ისევე, როგორც სასაფლაო, დღეს აღარ არსებობს, ხოლო მისი ოჯახის წევრები რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში გადასახლდნენ.
შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი
საქართველოს გასაბჭოების პირველივე თვეებში პიტოევის „არტისტული საზოგადოების” თეატრში ბინა დაიდო ახალმა დრამატულმა თეატრმა, რომელსაც, 1921 წლის 25 თებერვლის დადგენილებით,  შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. 1949 წლის 9 ივნისს  რუსთაველის თეატრი ხანძრის შედეგად პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა, დარჩა მხოლოდ გამზირზე გამავალი ფასადი. ძველი ფოტოების დახმარებით, შენობის აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა. მას შემდეგ თეატრის შენობას კიდევ რამდენჯერმე ჩაუტარდა განახლების სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სულ ბოლოს – 2002-2005 წლებში.
„ანონა” და „ქიმერიონი”
გარდა თეატრალური დანიშნულებისა, „არტისტული საზოგადოების” თეატრში განთავსებული იყო რესტორანი „ანონა”, რომელიც ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის თავშეყრის ადგილად ითვლებოდა. რესტორანი თეატრის ქვედა ფოიეს სართულზე იყო განთავსებული. 1919 წელს ის თბილისის გამგეობისგან მწერალთა კავშირმა შეიძინა და კაფე „ქიმერიონად” გადააკეთა. გავრცელებული ცნობის თანახმად, კაფეს სახელის შერჩევას მწერალთა კავშირმა ათი სხდომის გამართვა მოანდომა  და საბოლოოდ „ქიმერიონზე” შეჩერდა. აქ იკრიბებოდნენ „ცისფერყანწელები”. ტიციან ტაბიძე წერდა: „ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი”.
კაფეს კედლები მთლიანად იყო მოხატული. თავდაპირველად კედლების მოხატვა, რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა დაიწყო, მოგვიანებით მას შეუერთდნენ გამოჩენილი მხატვრები: კირილე ზდანევიჩი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, მოსე და ირაკლი თოიძეები, სახელოვანი  პოლონელი მხატვარი სიგიზმუნდ ვალიშევსკი, ჭერის მოხატვაზე კი ალექსანდრ ზალცმანმა იზრუნა. ოფიციალურად კაფე „ქიმერიონი” 1919 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა, ორი დღით ადრე კი კაფეში გაიმართა ქართველ მწერალთა პირველი საღამო. „ქიმერიონში” იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები, მწერლები და პოეტები კითხულობდნენ და იხილავდნენ ახალ ნაწარმოებებს, პატარა სცენაზე კი გამოდიოდნენ იმ პერიოდის გამოჩენილი ქართველი, რუსი და უცხოელი მომღერლები.
ლადო გუდიაშვილის მოგონებებიდან „ქიმერიონზე”: „ეს კაფე თვალწარმტაცი სანახაობა იყო: შადრევნების ირგვლივ, მაგიდებს შორის, თავისუფლად დასეირნობდნენ შვლები და ხანდახან სუფრაზე მწვანილსაც  წიწკნიდნენ”. გასაბჭოების შემდეგ, 1922 წელს, „წარმოების ზარალის” მიზეზით, „ქიმერიონი” დაიხურა.  ლადო გუდიაშვილი გულისტკივილით იხსენებდა: „იმ დროს თბილისში იყო სხვა კაფეებიც, სადაც თავს იყრიდნენ მწერლები და ხელოვანები, მაგრამ, ყველაზე საინტერესო „ქიმერიონი” იყო. მისი გახსნის ინიციატივა „ცისფერყანწელებს” ეკუთვნოდა და, ყველა იმ სატკივართა შორის, რომლებიც კი ოდესმე ცხოვრების გზაზე შემხვედრია, ერთ-ერთი ისიცაა, რომ ხელოვნების ეს შესანიშნავი ძეგლი ყოვლად უაზროდ გაქრა და დაიკარგა”. „ქიმერიონის” ფრესკები გასაბჭოების შემდეგ, 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. კაფე რუსთაველის თეატრის ფოიედ და გარდერობად იქცა. კედლები არაერთგზის გადაიღება და შესანიშნავი მხატვრობა დაიკარგა. საბედნიეროდ, მეოცე საუკუნის 70-იან წლებში განხორციელდა სამუშაოები  დაკარგული მოხატულობის გამოსამჟღავნებლად და გაიხსნა კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი. 80-იან წლებში ამ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა მხატვარ-რესტავრატორი ამირან გოგლიძე, რომლის სახელს უკავშირდება ლადო გუდიაშვილის, სერგეი სუდეიკინისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრების აღდგენა, თუმცა, ფრესკების უმეტესობა  დაღუპულად ითვლება.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნებიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985) და გ. ბეჟანიშვილი „რუსთაველის პროსპექტი” (თბილისი, 1956).

скачать dle 11.3