კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვერ პოულობს ზოგიერთი მამაკაცი საერთო ენას საყვარელ ქალთან და რატომ გარბის მისგან

განშორება და მრავალწლიანი ურთიერთობის დანგრევა მტკივნეულია მაშინაც კი, როცა სიყვარული ქრება. ადამიანებს ბევრი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან. ისინი თითქოს უხილავი ძაფებით არიან ერთმანეთზე მიჯაჭვულნი. სიყვარულის გარდა, არსებობს მეგობრობა, შეჩვევა, პასუხისმგებლობა, ვალდებულებები... მით უმეტეს, მტკივნეულია, წახვიდე მაშინ, როცა შენში სიყვარული მძლავრობს; როცა ხვდები, გრძნობ, რომ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგიჭირდება... რა შეიძლება, გახდეს იმის მიზეზი, რომ გაიქცე საყვარელი ადამიანისგან, წახვიდე უკანმოუხედავად და მარტოდ დარჩენილმა იდარდო?! არცთუ იშვიათია, როცა კაცი ტოვებს ქალს, რომელიც ძალიან უყვარს. რატომ აკეთებს ის ამას? ღალატი? სულაც არა! მიზეზს ფესვები გაცილებით ღრმად აქვს.

ზაზა (34 წლის): იცით, თავს როგორ ვგრძნობ? როგორც ადამიანი, რომელსაც ხელი ან ფეხი მოკვეთეს, თანაც, ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებლის გარეშე. სიყვარული ჩემთვის ნამდვილ ტანჯვად იქცა. დღესაც მის ტყვეობაში ვარ და ჩემი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. სწორედ ამ გამოუვალმა მდგომარეობამ შემიქმნა პირობა, რომ ასე მოვქცეულიყავი. ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი... ამ გადაწყვეტილებამდე წვალებით მივედი. მშურს იმ კაცების, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ ცხოვრება, ფიქრის, სიყვარულის, ერთ ქალზე მიჯაჭვულობის გარეშე.
– ანუ, თქვენი აზრით, „მოგულავე“ კაცი უფრო ბედნიერია?
– ბედნიერება ფარდობითი ცნებაა, თან –ინდივიდუალურიც. ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე. ბედნიერები თუ არა, მშვიდად მაინც ხომ არიან?! ჩემი ცხოვრება სულ დაძაბულ რიტმსა და რეჟიმშია. ნორმალურად არ მძინავს და აღარაფერი მიხარია. ხომ ჯობდა, საერთოდ არ მყვარებოდა, მაშინ ხომ უფრო ნორმალურად ვიცხოვრებდი?! მეყოლებოდა ცხოვრების ისეთი თანამგზავრი, რომელთანაც მშვიდი, დაბალანსებული ურთიერთობა მექნებოდა... არ არის აუცილებელი გიჟური სიყვარული, მას კარგი არაფერი მოაქვს. მე არავინ მინახავს დიდი სიყვარულით გაბედნიერებული, არც ქალი და არც კაცი. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ სიყვარული საერთოდ არ არის საჭირო, არამედ, ზომა უნდა იცოდე. არც ქალები არიან ხოლმე ბედნიერების მწვერვალზე, როცა კაცი უყვარდებათ. თმობენ ბევრს, პატიობენ ბევრს, იკლავენ წყენას, ყლაპავენ შეურაცხყოფას... ეს ყველაფერი კი უკვალოდ არ ქრება, ნელ-ნელა გროვდება და მერე საშინელ აგრესიად ამოიფრქვევა. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე.
– ყველა შეყვარებული ასეთ მდგომარეობაშია? ძალიან ნეგატიური სურათი დახატეთ. აბა, უსიყვარულოდ უნდა ვიცხოვროთ?
– მე რომ სიყვარულით ვიცხოვრე, რა მოვიგე? რამდენი დღე ვიყავი ბედნიერი? – სულ რამდენიმე კვირა – ზუსტად ის დრო, რაც ეს ეიფორია გაგრძელდა. მე არ ვიტყვი, რომ ჩემი ყოფილი ცოლი ცუდი ქალი ან ცუდი ადამიანია, მაგრამ, მე სრულ კოშმარად მექცა მისდამი სიყვარული... როცა პირველად დავინახე, მაშინვე „მოვიწამლე“ მისით. მანამდე არ მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების. თითქოს რაღაც ძალიან მძიმე დამეცა თავში და ფეხებში გამიარა ჟრუანტელმა. იმიტომ არა, რომ ულამაზესია, მაგრამ, ეტყობა, ეს ზევიდან ხდება. დენის დარტყმასავით არის. ვისაც ეს არ გამოუცდია, ის ვერც გამიგებს. სიტუაცია, როცა მთლიანად გრძნობის ტყვეობაში ხარ, ყველასთვის გასაგები ვერ იქნება.
– სიყვარულის ამ ჭრილში განხილვა ძალიან უცნაურია. თითქმის ყველა ამბობს, რომ სიყვარულს ბედნიერება მოაქვს.
– გეუბნებით, ეს ამბავი ინდივიდუალურია-მეთქი. დასაწყისში მეც ასე მეგონა, რომ ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი, სანამ ბოლომდე არ გავაცნობიერე, რაც მჭირდა. ჩემი ცოლის მიმართ, იცით, როგორი განცდა მქონდა და პრინციპში, ახლაც მაქვს? – რომ ის ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია.
– მიუხედავად ამისა, მაინც გაგიჭირდათ მის გვერდით ცხოვრება?
– გამიჭირდა – რბილად ნათქვამია, ცხოვრება ჯოჯოხეთად გადამექცა. არადა, რამდენი ვიწვალე და ვიომე, რომ ჩემი გამხდარიყო! წინააღმდეგობას მიწევდა.
– რატომ, არ უყვარდით?
– სხვათა შორის, არც ერთხელ არ უთქვამს, არ მიყვარხარო. თუმცა, ყოველთვის ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ მე გაცილებით მეტად მიყვარდა. მაგრამ, ეს არ ყოფილა პრობლემა. თითქოს, თავიდან მეგობრებიც ვიყავით. თუმცა, მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არ არსებობს. მე ის მეგობრის ამპლუაში არც განმიხილავს, იმიტომ, რომ მაშინვე საოცარი ლტოლვა ვიგრძენი მისადმი. გელაპარაკებით, ყველა ემოცია გამიჩნდა, თანაც ერთბაშად გამიჩნდა, რაც კი შეიძლება ქალის მიმართ კაცს გაუჩნდეს. მე ჩემს თავს ვუთხარი, ამ ქალისთვის ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი და ეს ჩემი დიდი შეცდომა იყო.
– შეყვარებული ადამიანისთვის, სწორედაც რომ, ბუნებრივი მოთხოვნილებაა საყვარელი არსებისთვის ყველაფრის გაკეთება, მისი განებივრება.
– გეთანხმებით, მაგრამ, მეტისმეტი არ უნდა მოგივიდეს, თურმე. ვგულისხმობ იმას, რომ, საკუთარი თავიც არ უნდა დაივიწყო. თავმოყვარეობა და სახე უნდა შეინარჩუნო. იცით, რა მითხრა ჩემმა ცოლმა?! იმდენი ქენი, რომ ჩემს თვალში შენი პიროვნება მთლიანად დაიკარგა და წაიშალაო. ეს ხომ ჩემი ბრალია? მე არ მივიყვანე სიტუაცია აქამდე?! კერპთაყვანისმცემლობა ცუდად მთავრდება ხოლმე. თითქოს საღად ვაზროვნებ, რეალურად კი მაინც ისევ გრძნობის ტყვეობაში ვარ. ჩემი ცოლის გარეშე არსებობა მიჭირს, მაგრამ, მისგან გავრბივარ – სხვანაირად არ შემიძლია.
– გიღალატათ?
– არა, ამაზე არც არის ლაპარაკი. მაგრამ ჩემი სიყვარული მასში არაადეკვატურ რეაქციებს იწვევს. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ – ღიზიანდება, თანაც – ძალიან. მეუბნება, მაქსიმალისტი ხარო. მე ყველაფერს ვუყვებოდი, ყველაფერს ვუზიარებდი, ყველაზე დიდ საიდუმლოებებსაც კი. არაფერი არ მქონდა მისგან დაფარული. თქვენ წარმოიდგინეთ, ფლირტზეც კი, თუ ვინმესთან მქონია, ყველაფერს ვუყვებოდი.
– კი, მაგრამ, რატომ? ამით ხომ გულს სტკენდით მას?
– რატომ ვტკენდი გულს, ფლირტი ხომ ღალატი არ არის? მე სუფთა გულს ვაჩვენებდი და მივანიშნებდი, რომ უახლოესი და უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო ჩემთვის. მე ვფიქრობდი, რომ ასეთი გულახდილობა და უშუალობა კიდევ უფრო დაგვაახლოებდა. როგორ წარმოვიდგენდი, თუ იბოღმებოდა და წყენას იგროვებდა, რომელიც მერე აგრესიად გადმოიღვრებოდა. პრობლემა ის არის, რომ ჩემმა ცოლმა ვერ გამიგო. უფრო სწორად, ძალიან ცუდად და არასწორად გამიგო. ფლირტი ჩემთვის არასოდეს ყოფილა სერიოზული რამ. თუ ზოგჯერ ვერთობოდი, მერე ჩემს ცოლთან ერთად იუმორით განვიხილავდი.
– ქალისთვის ქმრის სხვა ქალთან ფლირტი გასართობი ვერ იქნება. არ გიფიქრიათ, რომ ამით თქვენდამი ნდობა დაუკარგეთ? მას ეჭვი შეეპარა თქვენს სიყვარულში.
– არა, არ მიფიქრია ამაზე. იმიტომ, რომ მე მართლა სუფთა გულით ვიყავი. როგორ შეიძლებოდა, ჩემი დიდი სიყვარული არ დაენახა? თვალებში შევციცინებდი და ფეხქვეშ ვეგებოდი.
– მაგრამ, მაინც გქონდათ სხვასთან ფლირტის მოთხოვნილება...
– ეს ყველა კაცს აქვს. რა მოხდა მერე? რას ვაშავებდი? „დაშავება“ და ღალატი რომ მდომოდა, მოვუყვებოდი ამ ყველაფრის შესახებ? ეს ხომ ძალიან არასერიოზულია? მგონი, თქვენც ვერ მიგებთ.  თანაც, არის მეორე მომენტი – მე რომ მდომოდა ჩემი ცოლის ღალატი, აბსოლუტურად სხვანაირად მოვიქცეოდი. თანაც, ერთხელაც არ უთქვამს, რომ სწყინდა. თუ აწუხებდა, რატომ არ დამელაპარაკა? რატომ მოიქცა ისე, რომ ჩემი თავმოყვარეობა გაანადგურა? ერთ დღესაც, აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ დამცინოდა. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, ისე გავმწარდი. ჯერ დაიწყო წვრილმანი დამცირებით – დამამცირებელი მეტსახელები მომიგონა და სახლში, ჩემს ან თავის მეგობრებთან, ირონიული, ცინიკური ტონით „მეღადავებოდა“. არ ვაქცევდი ყურადღებას და უარს მაინც არაფერზე ვეუბნებოდი – რა უნდა ეთხოვა, რომ ფული არ მეშოვნა და არ მიმეცა. არანორმალურ რეჟიმში ვმუშაობდი. იმაზე მეტს ვიღებდი საკუთარ თავზე, ვიდრე ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა და, არც კი ვიცი, როგორ ვართმევდი საქმეს თავს. ის კი მაინც უკმაყოფილო იყო. მერე დაიწყო საკუთარი თავის დაყვედრება.
– ეგ რას ნიშნავს?
– დღე არ გავიდოდა, არ ეთქვა, რომ მე მისი ღირსი არ ვარ, რომ უმადური ვარ და მისი ფასი არ ვიცი; რომ თავზე რქები უნდა მქონდეს; რომ ჩემი სიყვარული მისთვის სულის შემხუთველია და ტვირთად აწევს. ეს კიდევ არაფერი. სახლში საერთოდ აღარ ვარსებობდი მისთვის. ზედაც არ მიყურებდა. ან, თუ მიყურებდა, ისეთი სახით, რომ  თავს უსარგებლო ნივთად ვგრძნობდი. ვერ წარმოიდგენთ, რა  ეპითეტებით მამკობდა, რა სიტყვებს მეძახდა ხალხის თანდასწრებით. კაცი ვარ, ბოლოს და ბოლოს. მე მასთან საერთო ენის გამონახვა ვეღარ შევძელი, ურთიერთობის მართვის სადავეები ხელიდან გამეშვა. ეს ისე მოხდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ფაქტის წინაშე დავდექი. ისიც გავაცნობიერე, რომ სიტუაციას ჩემს სასარგებლოდ ვეღარ შემოვაბრუნებდი. მე არ შემიძლია, მასთან მკაცრი ვიყო.
– დაშორდით? აღარ ცხოვრობთ მასთან?
– ჯერ კიდევ ბოლომდე არ წამოვსულვარ მისგან. ვურეკავ, ფულს ვაძლევ, მაგრამ ერთი თვეა, სხვაგან ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გამოუთქვამს სურვილი, დავბრუნებულიყავი. ისევ განაგრძობს ჩემს დამცირებას. ერთ ჩემს მეგობარს უთხრა, ეგ ისეთი უტრ...ოა, არც ერთი ქალი მასთან ცხოვრებას არ მოინდომებსო. წარმოგიდგენიათ?! მე უკვე არ ვიცი, რა უნდოდა ჩემგან – მაგიდაზე მუშტები მერტყა, კეთილები მეგინებინა და ისე მოვქცეულიყავი, როგორც ტრ...იანი ქმრები იქცევიან?! ვფიქრობ, არ ვჭირდები, არ ვუყვარვარ და იმიტომაც იქცევა ასე. ჩემი დიდი სიყვარული მისთვის ბედის საჩუქარი არ აღმოჩნდა. ეტყობა, შეყვარებული მამაკაცი ყველასთვის ძალიან სასაცილოა.
– ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ არც შეგედავებით. ხომ არ ეჭვიანობთ?
– არა, არ ვეჭვიანობ. მე კარგად ვიცნობ ჩემს ცოლს და, დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე სხვა მამაკაცი მის ცხოვრებაში არ გამოჩენილა. პრინციპში, ჩემთვის ეს შეღავათი სულაც არ არის.
– ანუ, საყვარელი რომ ჰყავდეს, სულერთი იქნებოდა თქვენთვის?
– მე ეს არ მითქვამს. მაგრამ, ვერ დავდებ თავს და ვერ ვიტყვი, რომ ღალატს არ ვაპატიებდი. გიკვირთ, ალბათ, ჩემი სიტყვები, მაგრამ ბევრი თავმომწონე მამაკაცი ვიცი, ცოლისთვის ღალატი რომ უპატიებია და მე მესმის მათი – სიყვარული უარეს შეურაცხყოფას გადაგაყლაპინებს.
– იცით, მე ცოტა დავიბენი. ამბობთ, გავიქეცი ცოლისგანო, თან, თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ გინდათ მასთან დაბრუნება.
– არა, უკვე აღარ მინდა. ახლა მხოლოდ ერთადერთი სურვილი მაქვს – განვიკურნო გრძნობისგან, გავთავისუფლდე მისი სიყვარულისგან. აღარ მინდა მტკიოდეს. ვიცი, რომ დავბრუნდე, ზუსტად იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდები – ისევ დამცინებს, ისევ შეეცდება ჩემს განადგურებას.
– რატომ? თუკი არ უყვარს სხვა, თუკი თქვენი ერთგულია...
– მე ორი მიზეზი დავასახელე, თუმცა, არც ერთში არ ვარ დარწმუნებული. უბრალოდ, ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ: ან ძალიან არ ვუყვარდი და ჩემზე „აკრიფა“, ვერ აპატია საკუთარ თავს, რომ ცოლად გამომყვა და მთელი ბოღმა ჩემზე გადმოანთხია; ან, მეორე ვარიანტია – იმ გულახდილობის გამო დაიბოღმა, წყენა ჩაიდო გულში და გადაწყვიტა, დავემცირებინე. თუ მან ჩემი სილაღე პირად შეურაცხყოფად მიიღო, მაშინ ლოგიკურია, ჩემთვის შეურაცხყოფის მიყენების სურვილი გასჩენოდა. კიდევ ერთი მოსაზრება გავიგე: მითხრეს, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც მამაკაცში ძალას ეძებენ, უხეშ ძალას და, როცა ვერ პოულობენ, მერე მის დაკნინებას, დაჩაგვრას ცდილობენ. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს, მაგრამ, მგონი, გამორიცხვაც არ შეიძლება. ფაქტია, რომ მე უკვე მეშინია სიყვარულის.

скачать dle 11.3