რატომ ცხოვრობს თამუნა მუსერიძე მხოლოდ დღევანდელი დღით და რა ექსპერიმენტებს ატარებს ის საკუთარ თავზე
თამუნა მუსერიძის სახელი არაერთ სფეროს უკავშირდება, მათ შორის არის, ტელევიზია, რადიო, ფიარი და ასე შემდეგ. ჩვენი რესპონდენტი კმაყოფილია საკუთარი ცხოვრების აქტიური სტილით, ცხოვრობს დღევანდელი დღით და არა ხვალინდელი დღის იმედით. ჰყავს 3 წლის შვილი, რომელსაც მარტო ზრდის და ორივე მშობლის ფუნქციას ითავსებს. როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს, რას არ აღიარებს არასდროს, რით არის ბედნიერი და ასე შემდეგ, ამაზე უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– საქმიანი ადამიანი ხარ: გაქვს სამი სამსახური და ცდილობ, სამივეში მაქსიმალურად წარმოაჩინო თავი.
– „პირველი არხის“ „დილაში“ კვლავ განვაგრძობ მუშაობას. წინა სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად ჩართვებზე ვიმუშავებ სხვადასხვა ადგილიდან. ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის უფრო კარგი და კომფორტულია, რადგან, სტუდიაში მაინც შეზღუდული ვიყავი ჩაცმულობის მხრივ. „პირველი არხია“ და, გინდა-არგინდა, მაინც კონსერვატიულად უნდა იყო ჩაცმული, ჩართვებში კი ამის პრობლემა არ მექნება და ჩემს ამპლუაში ვიქნები. თან, სტუდიაში ბოლომდე ვერ გამოვხატავდი ჩემს თავს, ჩართვებში კი ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია. რაც შეეხება რადიოს, განვაგრძობ მუშაობას „აფხაზეთის ხმაში.” ვაკეთებ გადაცემას „რადიომანიას,” ხოლო გადაცემა „თეთრი ღამეები” იანვრიდან გავა ეთერში. მესამე სამსახურს რაც შეეხება, ვარ „ბერმუხა ბიემჯის” ქსელის ფიარ-მენეჯერი.
– როგორ უთავსებ ერთმანეთს ამდენ რამეს? მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ხარ დედა – გყავს 3 წლის სანდრო, რომელიც შენთვის, ალბათ, ყველაფერია.
– რთულია, მაგრამ, რაღაცნაირად, ორივე შევეჩვიეთ ამ გრაფიკს. ბაღში დადის და ჯგუფელი ჰყავს – დათა. ჰოდა, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, სახელი შეიცვალოს და ამანაც დათა დაირქვა.
– როგორი დედა ხარ?
– მინდა, ცოტა მკაცრი დედა ვიყო, რადგან, არაფერს არ მიჯერებს. სულ მეუბნებოდნენ, ნუ ათამამებ, ცოტა მკაცრად მოექეცი, თორემ, მერე არაფერს აღარ დაგიჯერებსო და, აი, შედეგიც. რაც არ უნდა ვუთხრა, მართლა არაფერს მიჯერებს – მონოპოლია აქვს აღებული.
– ძალიან რთულია შვილის მარტო გაზრდა. მართალია, დამხმარეები გყავს, მაგრამ, მაინც მარტოხელა დედად ითვლები. როგორ ფიქრობ, ახერხებ, რომ ბავშვისთვის ორივე მშობლის ფუნქცია შეითავსო?
– ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ: სანდროს ვეთამაშები ფეხბურთს, ოჯახში სპორტულ ღონისძიებებს ვატარებთ. მანქანის მართვა უყვარს ძალიან, ჰოდა, ვჯდები საჭესთან, ჩავისვამ კალთაში და უბანში ვასეირნებ. ჩემი მეგობარი ნიკუშა ხაჩიძე მეხუმრება ხოლმე, შენ მართლა კაცი ხარ, ვინც შენ ცოლად მოგიყვანს, ის ტრადიციული ორიენტაციის არ იქნებაო.
– თუმცა, შენ გვერდით, როგორც ვიცი, არის ტრადიციული ორიენტაციის ადამიანი.
– დიახ, გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ყველაფერში მეხმარება, სანდროს გაზრდასა და აღზრდაშიც. ძალიან კარგი ადამიანია, ყურადღებიანი, კეთილი.
– დიდი ხანია ერთად ხართ?
– შვიდი თვეა. ის ყველა იმ თვისებით არის დაჯილდოებული, რომელსაც, შეიძლება, ნებისმიერი ქალი ეძებდეს.
– რა პროფესიის არის?
– მერიაში მუშაობს, თბილისის გამწვანების და ეკოლოგიის მთავარი სპეციალისტია.
– ერთმანეთი სად გაიცანით?
– ჩართვის თემა იყო გამწვანება. მართალია არ მეხებოდა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ჩართვაზე მე გამიშვეს ტელევიზიიდან. არც მას ეხებოდა, მაგრამ, ისიც შემთხვევით გამოუშვეს. ასე გავიცანით ერთმანეთი. ფაქტობრივად, გოგი ჩართოლანმა, ჩვენი გადაცემის პროდიუსერმა, „მწვანე“ აგვინთო ორივეს.
– ანუ სასურველი მამაკაცი იპოვე?
– ჯერჯერობით ასეა და, იმედია, ბოლომდე გაამართლებს.
– ცოტა ხნის წინ საქმე სასამართლოში გქონდა. გავიგე, კოდექსები და მუხლებიც შეგისწავლია და საქმე შენს სასარგებლოდ გადაწყვეტილა. საქმე ეხება ალიმენტის საკითხს და შენს ყოფილ მეუღლეს – „გუფის.”
– ერთი კვირა ვიჯექი და სამოქალაქო სამართალს ვსწავლობდი. რის გამოც მივიდა საქმე სასამართლომდე, ვფიქრობ, ეს ცოტა სამარცხვინო თემაა. არა მგონია, ჯანსაღ ადამიანებს და ჯანსაღ ურთიერთობებს სჭირდებოდეს, რომ ალიმენტის გადახდა სასამართლომდე მივიდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა და მოვიგე კიდეც. ალბათ, მოსამართლემ გულთან ახლოს მიიტანა ეს ყველაფერი და სამართლიანად გადაწყვიტა საქმე. სასამართლო პროცესი ერთდღიანი იყო. ჩემი ყოფილი მეუღლე ადვოკატით იყო მოსული, მე – მარტო. ახლა კი მეცინება, მაგრამ, მაშინ ბევრი ვინერვიულე.
– ბავშვთან თუ აქვს მამას ურთიერთობა?
– ისეთივე სიტუაციაა, როგორც ადრე – ძალიან იშვიათად ნახულობს ბავშვს. მართალია, მამასთან არა, მაგრამ, ბებიასთან აქვს ჩემს შვილს ურთიერთობა. ბოლო დროს, ყოველ შაბათს, მე თვითონ მიმყავს ბავშვი ბებიასთან, რადგან, მას უნდა შვილიშვილის ნახვა. მართალია, მამა არ მოდის იქ – არ სცალია, მაგრამ, ბებიასთან სანდროს ახლო ურთიერთობა აქვს. სასამართლოზე მოვითხოვე კიდეც, თუ შეიძლება, დააწესეთ ისე, რომ თვეში ერთხელ მაინც ნახოს მამამ შვილი, ან, საერთოდ არ ნახოს და ჩამოართვით მამობის უფლება-მეთქი. ეცოდინება მაინც ბავშვს, რომ მამა არ ჰყავს. ძალიან მინდა, მამა-შვილს ურთიერთობა ჰქონდეს, რადგან, სანდრო განიცდის უმამობას.
– თუ ითვალისწინებ დაშვებულ შეცდომებს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე? თუნდაც, პირად ცხოვრებაში...
– ცოტა ეგოისტი ადამიანი ვარ და, მგონია, რომ არაფერი მეშლება. ალბათ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ დაშვებულ შეცდომებს არ ვაღიარებ. თუმცა, მაინც ვფიქრობ, იმიტომ არ ვაღიარებ, რომ არ ვუშვებ.
– როდის ხდება შენთვის სიტუაცია უკონტროლო და უმართავი?
– არასდროს, რადგან მდგომარეობიდან არასდროს გამოვდივარ და არასდროს ვყვირი. რაც არ უნდა მოხდეს, აგრესიული მაინც არ ვხდები, უმშვიდესი ადამიანი ვარ. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ წყობიდან გამომიყვანოს. ამიტომ, მე კი არა, თვითონ გამოდიან წყობიდან ამ დროს. შეიძლება, გაგიჟებული იყოს ვინმე, ჩხუბობდეს, მე კი მშვიდად ვიჯდე და ურეაქციოდ ვუსმენდე. რა ვქნა, ასეთი ვარ.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– უარს არასდროს ვიტყვი შოპინგზე, ქუჩაში სეირნობაზე, მეგობრებთან ჭორაობაზე. ასევე უარს არასდროს ვიტყვი ტელევიზიასა და რადიოზე.
– რაც შეეხება პლასტიკურ ოპერაციებს. დიდი ხნის ოცნება აიხდინე და მკერდი გაიდიდე. კიდევ თუ გაქვს გეგმაში გარეგნობაში რაიმე კორექტივის შეტანა?
– ჩემი მკერდის გადიდება ჟურნალისტებმა ძალიან ცუდად გამოიყენეს. მესმის, რომ ჟურნალ-გაზეთებს სკანდალური სათაურები ყიდის, მაგრამ, ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო? ეს ამბავი რაღაცნაირად გამოიყენა ბევრმა თქვენმა კოლეგამ. მე პირადად, ოპერაციის შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემ ირგვლივ, ვინც მკერდის ოპერაცია გაიკეთა, ჩემსავით კმაყოფილი მართლა არავინ არ არის. ტუჩის გადიდებაც მინდოდა, მაგრამ, გუგამ არ გამიკეთა, რადგან, არ ითხოვდა ჩემი სახე ამას. წარბის აქაჩვაც მინდა და, არ ვიცი, რას ვიზამ. ცოტა მუღამში იცის შესვლა პლასტიკურმა ოპერაციებმა და, არ მინდა, მეც ასე დამემართოს. ტატუს შემთხვევაშიც ასე მოხდა: თითზე ჩემი შვილის სახელი რომ დავიწერე, ორი კვირა დედაჩემს ვუმალავდი. მერე ჩართვის დროს, პირდაპირ ეთერში გავიკეთე ფეხზე და ლოტოსი დავიხატე. ამ ტატუს გაკეთებას კინაღამ დავაკვდი, რადგან, ასეთი ტკივილი მართლა არასდროს განმიცდია. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. ისე მტკიოდა, ათი დღე ვერ დავდიოდი.
– ლოტოსი რატომ?
– მომწონდა, ძალიან ლამაზი ყვავილია. თან, ყველა ტატუს ხომ თავისი დანიშნულება აქვს. ლოტოსის შემთხვევაში კი ასეთი ახსნა არსებობს: ის არის ძალიან ლამაზი, ყველას ჰგონია, რომ ადვილად მისწვდება, მაგრამ, როგორც კი მიუახლოვდება, მაშინვე ჭაობში იფლობა და ზევით აღარ ამოდის. ანუ, ლოტოსი ყველასთვის ძნელად მისაღწევია. ეს ტატუ რომ გავიკეთე, ჯერ ჩემი ძმა გავუშვი დედაჩემთან, რომ ეთქვა ეს ამბავი და მე მერე მივედი სახლში. ძალიან მინდა კიდევ ერთი ტატუს გაკეთება.
– მოკლედ, საკუთარ თავზე ბევრ ექსპერიმენტს ატარებ.
– როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საკუთარ გარეგნობაშიც, ყველანაირ ექსპერიმენტს ვატარებ. რა ვქნა, მე დღევანდელი ცხოვრებით ვცხოვრობ და შორს არ ვიხედები. არავინ იცის, ხვალ რა იქნება. მინდა, დღევანდელი დღით ვიცხოვრო, დღევანდელი დღით ვიყო კმაყოფილი და გარშემო მყოფებს მაქსიმალურად კომფორტულად ვაგრძნობინო თავი.