„ნასას“ სენსაციურ აღმოჩენას – დედამიწაზე ახალი ფორმის სიცოცხლის არსებობას – მეცნიერები უარყოფენ
სენსაციური ჰიპოთეზა ბაქტერიებზე, რომლებსაც დარიშხანის ხსნარშიც თავისუფლად შეუძლიათ ცხოვრება, რამაც ყველა აალაპარაკა დედამიწაზე აღმოჩენილი სიცოცხლის ახალ ფორმაზე, როგორც ჩანს, მცდარია. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ბაქტერია GFAJ-1-ს, უბრალოდ, შეუძლია, „ჩაიჭიროს“ ფოსფატი გარემოდან დარიშხანის ხსნარში ყოფნის დროსაც კი.
მნიშვნელოვანი აღმოჩენა ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააკეთეს. მათ შეძლეს, ამოეხსნათ მექანიზმი, რისი წყალობითაც, მაშინაც კი, როცა ბაქტერია ტოქსიკურ გარემოშია, მისი ცილები უკავშირდება ფოსფატს და არა თითქმის მის იდენტურ არსენატს.
მკვლევრებმა შეისწავლეს ოთხი ტიპის ფოსფატ-მაკავშირებელი ცილა ოთხი სახის ბაქტერიიდან: 2 – არსენატის მიმართ მგრძნობიარე, 2 – მისადმი მედეგი. შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვლევი ცილების უმრავლესობა ისეთ ხსნარში მოხვედრის დროსაც კი, სადაც არსენატი 500-ჯერ მეტია, ვიდრე ფოსფატი, უფრო ხშირად არამომწამვლელ მარილს უკავშირდება. GFAJ-1-ის ცილის შესწავლისას, მსგავსი ექსპერიმენტის დროს, ხსნარში, სადაც არსენატი 4 500-ჯერ მეტი კონცენტრაციით იყო, ვიდრე ფოსფატი, ბაქტერიები შეუცდომლად ირჩევენ ამ უკანასკნელს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შხამიანი მარილები საერთოდ არ მოხვდება ბაქტერიაში.
GFAJ-1 პირველად 2010 წელს აღმოაჩინეს. მაშინ „ნასას“ სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ფოსფატის დეფიციტის დროს ამ ბაქტერიას შეუძლია, დარიშხანის საფუძველზე დნმ ჩამოაყალიბოს. თუმცა, სულ ორ წელიწადში გაირკვა, რომ ამ ბაქტერიას მხოლოდ გაძლება შეუძლია ისეთ გარემოში, რომელიც ყველაფერ ცოცხალს კლავს. შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი დნმ მხოლოდ ფოსფორისგან შედგება და არ შეიცავს დარიშხანს. ვანკუვერის მკვლევრებმა კი გამოარკვიეს, რომ ბაქტერია ასეთ გარემოში არ იზრდება. თუმცა, GFAJ-1 მაინც მეცნიერთა ინტერესის სფეროში რჩება შემდგომი კვლევებისთვის.