ინტიმური საუბრები
ალბათ, ჯოჯოხეთი მელის
ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, წლების წინ მოხდა. ახალგაზრდა აღარ ვარ და აღარც არაფერი მაქვს დასაკარგავი. ჩემი ცხოვრება დასრულდა, თუმცა, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ალბათ, ესეც ღვთის ნებაა, მაგრამ, არ ვიცი, რიღასთვის ვარ საჭირო ამქვეყნად.
მინდა, თავიდან მოგიყვეთ ჩემი უბედური ცხოვრებისა და ჩემი შეცდომების შესახებ და მოვუწოდო ქალებს, რომ მსგავსი შეცდომები არ გაიმეორონ და იბრძოლონ როგორც თავიანთი უფლებების დასაცავად, როგორც კუთვნილი ბედნიერების მოსაპოვებლად, ისე შვილების მოვლისათვის.
სოფელში დავიბადე და გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები არ იყვნენ შეძლებულები, მაინც ბევრი მომწონებელი და მთხოვნელი მყავდა, რადგან, ლამაზი გოგოც ვიყავი, სკოლაშიც ძალიან კარგად ვსწავლობდი და ჩვენს პატარა მიწის ნაკვეთს და მეურნეობასაც ვუვლიდი ჩემს მშობლებთან ერთად. ამიტომ, სოფელში ძალიან კარგი სახელი მქონდა და თითქმის ყველა ოჯახს, ვისაც საცოლე ბიჭი ჰყავდა, რძლად ვუნდოდი. მაგრამ, მე არავინ მაინტერესებდა, რადგან მყავდა შეყვარებული – ჩემი თანაკლასელი და მეზობელი დიტო. მე და დიტოს მეხუთე კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი და პირობაც გვქონდა დადებული, რომ ერთად ჩაგვებარებინა უმაღლეს სასწავლებელში და მერე დავქორწინებულიყავით. ჩვენი სიყვარულის შესახებ ორივეს ოჯახებმა იცოდნენ და არც ერთი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ გვქონია. მაგრამ, ერთ საღამოს, როცა სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში პურის საყიდლად წავედი, გზაში მანქანა წამომეწია, იქიდან სამი ბიჭი გადმოვიდა (მეოთხე საჭესთან იჯდა), დამავლეს ხელი, შემაგდეს უკანა სავარძელზე, ორი აქეთ-იქიდან მომიჯდა, მესამე მძღოლს დაუჯდა გვერდით და მომიტაცეს. არც ვიცოდი, ვინ იყვნენ. დავიწყე ტირილი, ხვეწნა, ბოლოს კივილი ავტეხე, მაგრამ პირი ამიკრეს, ხელ-ფეხი გამიკოჭეს და თან დამემუქრნენ, თუ არ გაჩუმდები, ხვალ იმ შენს დიტოს ყელგამოჭრილს იპოვიან შენი სახლის წინო. ისე შემეშინდა, მართლა გავჩუმდი. ორი-სამი საათის შემდეგ, ჩემთვის უცხო სოფელში, ვიღაცის ოჯახში მიმიყვანეს, სადაც ჩემი მომავალი ქმარი და „ქორწილში“ მოწვეული სტუმრები მელოდნენ გაშლილ სუფრასთან. „ნეფე“ რომ დავინახე, მაშინ გავიგე, ვინც იყო ჩემი საქმრო – ჩვენივე თანასოფლელი, ჩემზე 13 წლით უფროსი, ციხიდან ახალგამოსული (ბანდიტობისთვის იჯდა რამდენიმე წელი) ომარი, რომლის სახელის გაგონებისაც კი ეშინოდა მთელ სოფელს. იმ ოჯახში ქალებიც იყვნენ და ასაკოვანი მამაკაცებიც, მაგრამ, ერთს არ მოსვლია აზრად, რომ ჩემი ინტერესები დაეცვა, არავის არაფრად ჩაუგდია ჩემი ტირილი და ხვეწნა-მუდარა, დამსვეს ომარის გვერდით, რომელიც ჩურჩულით დამემუქრა, თუ ჭკვიანად არ იქნები და ისე არ მოიქცევი, როგორც მე გეტყვი, თქვენს სახლს გადავწვავ და შენს მშობლებს შიგ ცოცხლად გამოვბუგავო. ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ მივხვდი, მართლა იყო ამის გამკეთებელი და შიშისგან ბედს დავემორჩილე, თუმცა, მაინც მქონდა იმედი, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემებიც და დიტოც გაიგებდნენ, მომაგნებდნენ და ამ ტყვეობიდან გამათავისუფლებდნენ. ეშმაკობა უნდა მეხმარა და როგორმე დრო გამეყვანა, ამიტომ, გავჩუმდი, ვითომდა ბედს შევეგუე. მერე ჭამაც კი დავიწყე და ქალების ცნობისმოყვარე კითხვებსაც კი გავეცი პასუხი, მაგრამ, ომარი მიმიხვდა ეშმაკობას, ვითომ რაღაცის საკითხავად ამიყვანა მეორე სართულზე და იქ ძალა იხმარა.
მეორე დილას ჩემებმა მომაკითხეს (რამდენიმე ნათესავი და მეზობელიც ახლდათ), მაგრამ, ომარმა გამოუცხადა, ნატო უკვე ჩემი ცოლია და ვეღარ წაიყვანთო. მე მაინც ვეხვეწებოდი მშობლებს, აქედან წამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ, არ წამიყვანეს – სოფელში სახელი გაგიტყდება და მეზობლები ჩვენც გაგვინაპირებენო. იმ დღეს გამოვიტირე ჩემი თავიც, ჩემი სიყვარულიც, დიტოც და ბედისწერას დავნებდი, თუმცა, ყოველი ურთიერთობა ომართან წამების ტოლფასი იყო, რაც მას აბოროტებდა და საშინლად მემუქრებოდა.
ერთი კვირის შემდეგ სოფელში დავბრუნდით და ომარის ოჯახმა დიდი ქორწილი გადაგვიხადა, მაგრამ მე არაფერი აღარ მახარებდა. მეზობელი გოგოსგან ჩუმად გავიგე, რომ დიტო რუსეთში წავიდა, რაც ძალიან მეწყინა, რადგან, მეგონა, რომ ჩემი დახსნის მცდელობა მაინც ექნებოდა, თუმცა, ამის მსგავსიც კი არაფერი მომხდარა.
ერთი წლის თავზე ბიჭი მეყოლა და მთლიანად შვილზე გადავერთე. ომარს კი გაუხარდა შვილის გაჩენა, მაგრამ, მაინც მიუბრუნდა თავის შავბნელ საქმეებს და ხანდახან მთელი კვირა ისე გაივლიდა, სახლში ღამის გასათენებლად კი არ მოდიოდა, მაგრამ, არც მაინტერესებდა, სად იყო და რას აკეთებდა, მერჩივნა კიდეც, რომ სახლში არ ყოფილიყო, რადგან, ვეღარ ვუძლებდი მის აუტანელ ეჭვიანობას და უაზროდ მკაცრ მოთხოვნებს. თუ სახლში იყო, დღეში ასჯერ წამომაძახებდა, შენ ისევ დიტო გიყვარს, იმას ელოდები და ფიქრებშიც კი მღალატობო. მაგრამ მე არავინ აღარ მიყვარდა, არც დიტოს ველოდებოდი და აღარც იმის იმედი მქონდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ოდესმე რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ.
ერთ დღეს კი, დიტო მართლა ჩამოვიდა. იმ დღეს ბავშვთან ერთად ვიყავი დედაჩემთან და იქიდან რომ ვბრუნდებოდი, ჭიშკართან შემხვდა. ალბათ, სულ რამდენიმე წამით შევჩერდი, ერთმანეთს მივესალმეთ და მომიკითხა – როგორ ხარო. მე მხოლოდ ის ვუპასუხე, როგორ ვიქნები, როცა ყველამ მიღალატა-მეთქი და წამოვედი. იმ მომენტში ერთმა მეზობელმა ქალმა ჩაგვიარა მე და დიტოს და მაშინვე ჩემს ქმართან გაქცეულა ენის მისატანად – შენი ცოლი დიტოს შეხვდა და ღალატზე ელაპარაკებოდაო. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემმა ქმარმა მცემა, მერე მან და დედამისმა ბავშვი წამართვეს და სახლიდან გამომაგდეს. ისეთი წივილ-კივილი იყო, მთელი სოფელი ჩვენს ჭიშკართან შეგროვდა. ჩემი დედამთილი კი გამოვიდა და ყველას ხმამაღლა მოუყვა, ჩემმა შვილმა ღალატზე წაასწრო, ამიტომაც სცემა და სახლიდან გააგდო. მაგ ქუჩის ქალს შვილის ნახვასაც აღარ ვაღირსებთო.
ერთ-ერთმა მეზობელმა ჩემს მშობლებთან მიმიყვანა ნაცემ-ნაგვემი, მაგრამ დედაჩემმა უარესი დამაწია. არც მამაჩემს დაუკლია – შერცხვენილი და თავმოჭრილი შვილი არ მჭირდებაო. ის ღამე კი გამათენებინეს სახლში, მაგრამ, მეორე დღეს გამომიცხადეს, სადაც გინდა, წადი, შენ ჩვენი შვილი აღარ ხარო. არც კი უკითხავთ, სინამდვილეში რა მოხდა. არც დიტო გამოჩენილა – ეტყობა, შეეშინდა და დაიმალა. მშობლებმა რომ გამომაგდეს სახლიდან, ერთ მოხუც ქალს შევეცოდე და რამდენიმე დღით იმან შემიფარა (სანამ სილურჯეები გამივლიდა), მერე ჩუმად მინახულა ჩემმა თანაკლასელმა გოგომ, რომელთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობდი, თავისი ნაგროვები ფული მომცა და მითხრა, აქ აღარ დაგედგომება, ჯობია, თბილისში წახვიდე. იქ სამუშაოს იშოვი, ფეხზე დადგები და ახალ ცხოვრებას დაიწყებო. არ მინდოდა შვილის დატოვება, მაგრამ, მანანამ დამარწმუნა, მერე უფრო ადვილად დაიბრუნებ შვილსო და მეც დავუჯერე.
თავს აღარ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თბილისში რა სირთულეებს წავაწყდი, მაგრამ, ბოლოს, ასე თუ ისე, ყველაფერი მოგვარდა: პროფტექნიკუმში მოვეწყვე, იქ საერთო საცხოვრებელში ოთახიც მომცეს (ოთხი გოგო ვცხოვრობდით ერთად), რაღაც სამსახური მიშოვეს და, როგორღაც, გამქონდა თავი, მაგრამ, შვილი ვეღარ დავიბრუნე. დაბრუნება კი არა, ნახვის უფლებასაც არ მაძლევდნენ. ჩემმა მშობლებმაც ამომიკვეთეს ფეხი სახლიდან და არც დიტო შემხმიანებია. ასე გავიდა წლები. რა თქმა უნდა, გათხოვებაზე აღარც მიფიქრია. შორიდან ვკითხულობდი ჩემი შვილის ამბებს და გული ტკივილისგან მეკუმშებოდა, როცა ვიგებდი, რომ ბავშვობიდან შეაძულეს დედა და, თან, მამამისმა ისიც თავის კვალზე გამოზარდა, რისი წყალობითაც დიდი ხნით მოხვდა ციხეში (დანაშაულზე დაიჭირეს და 14 წელი მიუსაჯეს), მერე კი ციხეშივე გარდაიცვალა.
ახლა, 65 წლის ასაკში, ვარ სრულიად მარტო, მაგრამ ჩემს სიმარტოვეს კი არ ვჩივი, თავს იმაში ვიდანაშაულებ, რომ არ ვიბრძოლე, არ შევძარი ქვეყანა შვილის დასაბრუნებლად, ასე მონასავით დავემორჩილე ქმრის ოჯახის ძალადობას, მშობლების შეუგნებლობას და ერთადერთი შვილი დავღუპე. ალბათ, ამის გამო ჯოჯოხეთი მელის, მაგრამ ამასაც შეგუებული ვარ.
ნატალია, 65 წლის.