ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე და რა შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმწიფო ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ: ა) გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას; ბ) არსებობს კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს სასამართლოს სხდომის ოქმი და რა დატვირთვა აქვს სასამართლოს სხდომის ოქმს სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. ის შეიძლება შედგეს სტენოგრაფიისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. სასამართლოს სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა, სასამართლოს სხდომის დამთავრებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს ოქმის მხარეებისთვის გაცნობის შესაძლებლობა. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, როგორია საქორწინო ხელშეკრულების შინაარსი და რა საკითხების განსაზღვრა შეიძლება და რისი არა ამ ხელშეკრულებით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება, დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ, შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი. მეუღლეებს შეუძლიათ, გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება). ანდა, მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე. მეუღლეებს უფლება აქვთ, საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება, შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და დავის შემთხვევაში, სასამართლოში მიმართვის უფლება. ხელშეკრულებით, ასევე არ შეიძლება, გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ერთ-ერთ მეუღლეს.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ კონკრეტულად, რომელი ადგილი შეიძლება ჩაითვალოს გამოძიების ადგილად სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ გამოძიების ადგილად ითვლება საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის ადგილი.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გასაჩივრების წესი და აქვს თუ არა დამოუკიდებლად ადვოკატს უფლება, გაასაჩივროს აღკვეთის ღონისძიება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება, ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა ან ბრალდებულმა. ადვოკატს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი მხოლოდ მაშინ, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია, ან ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი აქვს, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელ პარტიებს გამოეყოფათ დასაფინანსებლად თანხები და რა ოდენობის თანხებს იღებენ პარტიები ბიუჯეტიდან?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4-პროცენტიანი ბარიერი ან ადგილობრივი თვითმმართველობის უკანასკნელ საერთო არჩევნებში – 3-პროცენტიანი ბარიერი. საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზისო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისთვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების ოდენობის შესაბამისი კომპონენტისგან.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რამდენია ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების საბაზისო დაფინანსება ბიუჯეტიდან?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პარტიების საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 150 000 ლარი. თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახავს 8-პროცენტიან ბარიერს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უკანასკნელ საერთო არჩევნებში – 6-პროცენტიან ბარიერს, საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში იქნება 300 000 ლარი. საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, შეიძლება, საბაზო დაფინანსებისთვის გათვალისწინებულ იქნეს უფრო დიდი ოდენობის თანხა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ინფორმაცია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია, პარტიის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე, უზრუნველყოს დეკლარაციის შესაბამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება, მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.