რომელ ავტომობილს ანიჭებს უპირატესობას პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი – კარლოს სლიმ ელუ და რა ღირს ბილ გეითსის „პორშე“
როგორ ავტომობილს შეიძენდით მილიარდდოლარიანი კაპიტალი რომ გქონდეთ? – ასეთი კითხვა ხშირად დაგისვამთ, ალბათ, საკუთარი თავისთვის, როცა გამდიდრებაზე და „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგის წევრობაზე ფიქრობდით. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ყველაზე ცნობილი მილიარდერების ავტომობილების ჩამონათვალს.
კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა) – 69 მილიარდი დოლარი
მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი – კარლოს სლიმ ელუ მესამე წელია ზედიზედ, რაც სტაბილურად ინარჩუნებს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს და მისი კაპიტალი წლიდან წლამდე იზრდება. სლიმ ელუს რჩეული ავტომობილია „ბენტლი კონტინენტალ ფლაინგ სპური” რომლის ფასი 300 ათასი დოლარია.
მუკეშ ამბანი (ინდოეთი) – 22,3 მილიარდი დოლარი
მუკეშ ამბანი უმდიდრესი ინდოელია „ფორბსის” ვერსიით და როგორც უმდიდრეს ადამიანს შეეფერება, მისი ავტომობილიც მდიდრულია – „მაიბახი 62”. ამის გარდა, ამბანის ავტოფარეხში სპეცშეკვეთით დამზადებულ „მერსედესის” რამდენიმე ავტომობილსაც შეხვდებით.
ბილ გეითსი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 61 მილიარდი დოლარი
„მაიკროსოფტის” დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე განთქმული ქველმოქმედი ბილ გეითსი „პორშე 959 კუპეთი” გადაადგილდება. მსოფლიოში ამ ავტომობილის სულ 230 მოდელია და თითოეულის ფასი 200 ათას დოლარს აჭარბებს.
მარკ ცუკერბერგი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 17,5 მილიარდი დოლარი
„ფეისბუქის” მფლობელი მარკ ცუკერბერგი, ერთ-ერთ ყველაზე ძუნწ მილიარდერადაა მიჩნეული „ფორბსის” რეიტინგში. ცუკერბერგი მილიარდერებს შორის, სავარაუდოდ, ყველაზე იაფფასიანი ავტომობილით გადაადგილდება – 30 ათას დოლარად შეფასებული „აკურა TSX”.
სტივ ბალმერი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 15,9 მილიარდი დოლარი
ცუკერბერგის მსგავსად, სიძუნწით გამოირჩევა „მაიკროსოფტის” აქციონერი, სტივ ბალმერიც, რომელიც „ფეისბუქის” ავტორის მსგავსად იაფფასიანი ავტომობილით გადაადგილდება – 30 ათასიან „ფორდ ფიუჟენით”.
მაიკლ ბლუმბერგი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 22 მილიარდი დოლარი
ნიუ-იორკის მერი და შეთავსებით, „ფორბსის” მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი „აუდი R8-ის“ მოყვარულია. ავტომობილის ღირებულება 150 ათასი დოლარია და „ფორბსის” მილიარდერების სიაში გაურკვეველ ამერიკელებს აოცებთ ის ფაქტი, თუ როგორ ახერხებს ქალაქის მერი, რომლის წლიური ანაზღაურება ერთი ამერიკული დოლარია, ასეთი ძვირად ღირებული ავტომობილის ყოლას.
ელის უოლტონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 26,8 მილიარდი დოლარი
„უოლ-მარტის” სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი, ელის უოლტონი პლანეტის მეორე უმდიდრესი ქალბატონია. ამ სტატუსის მიუხედავად, ელის უოლტონი 2006 წლის „ფორდ F-150 კინგ რანჩოთი” გადაადგილდება, რომლის ფასი 40 ათასი დოლარია.
პრინცი ალვალიდ ბინ ტალალ ალსაუდი (საუდის არაბეთი) – 18 მილიარდი დოლარი
საუდის არაბეთის მეფის, აბდულას ძმისშვილი, პრინცი ალვალიდ ბინ ტალალ ალსაუდი ნამდვილი მონარქია და, შესაბამისად, მონარქებისთვის შესაფერისი ავტომობილებით გადაადგილდება. ალვალიდი ავტომობილების დიდი მოყვარულია და გავრცელებული ცნობის თანახმად, მის ავტოფარეხში სხვადასხვა მარკის რამდენიმე ასეული ავტომობილია. თუმცა, პრინცი უპირატესობას 450 ათას დოლარად ღირებულ „როლს-როის ფანტომს” ანიჭებს.
უორენ ბაფეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 44 მილიარდი დოლარი
ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ცნობილი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელსაც მშობლიურ მხარეში „ომაჰელ ორაკულად” მოიხსენიებენ, 50-ათასდოლარიანი „კადილაკ DTS-ით“ გადაადგილდება. ამბობენ, რომ ბაფეტი ამ ნაბიჯით მხარდაჭერას უცხადებს „ჯენერალ მოტორსს”.
მაიკლ დელი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 15,9 მილიარდი დოლარი
„დელ კომპიუტერსის” მფლობელი მაიკლ დელი, რომლის კაპიტალი 15 მილიარდ დოლარზე მეტია, ყოველდღიურად 20 ათას დოლარად შეფასებული „პორშე ბოქსტერით” გადაადგილდება.
ერიკ შმიდტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 7,5 მილიარდი დოლარი
კომპანია „გუგლის” აღმასრულებელი დირექტორი ერიკ ემერსონ შმიდტი ბუნების მოყვარული და მისი დამცველია. ამიტომ, ის უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილს ანიჭებს – 28 ათას დოლარად შეფასებულ „ტოიოტა პრიუსს”.
ფრანსუა-ანრი პინიო (საფრანგეთი) – 13 მილიარდი დოლარი
ფრანგი ბიზნესმენი და კომპანია PPR-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფრანსუა-ანრი პინიო „ლექსუს LX SUV-ით“ მოძრაობს პარიზის ქუჩებში. ავტომობილის ფასი 80 ათასი დოლარია.
ინგვარ კამპრადი (შვედეთი) – 3 მილიარდი დოლარი
ინგვარ კამპრადი დიდი ხანია, „ფორბსის” ყველაზე ექსცენტრიკულ მილიარდერად მიიჩნევა. კომპანია „იკეას” მფლობელი ცნობილია თავისი სიძუნწით, რაც ავტომობილების არჩევანითაც კი ჩანს. ძველი „ვოლვო,” რომლითაც კამპრადი სარგებლობს, 1 500 დოლარად არის შეფასებული.
ლარი ელისონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 36 მილიარდი დოლარი
„ორაკლის” მფლობელს, ლარი ელისონს ავტომობილების დიდი კოლექცია აქვს. თუმცა, გამორჩეული ადგილი ამ კოლექციაში „ფორმულა 1-ის” „მაკლარენს” უკავია. ამ ჩქაროსნული ავტომობილების გამოშვება 1998 წელს შეწყდა და სულ 108 ცალია გამოშვებული, რომელთაგან ერთ-ერთი ელისონის საკუთრებაშია. ავტომობილის ფასი ბოლო ცნობებით 4,1 მილიონი დოლარია.
ლორენ პაუელ ჯობსი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 11 მილიარდი დოლარი
სტივ ჯობსის ქვრივი წელს პირველად მოხვდა „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში. ლორენი „ეფლის” აქციებთან ერთად, სტივის ავტომობილის მფლობელიც არის. ეს გახლავთ 40-ათასდოლარიანი „აუდი A5”.