სკამი ოხერია
ანუ, ლიმონი თაფლით
რაკი გაცვეთილ და ურყევ ჭეშმარიტებას, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი, ვერც ეს ჩვენი პოსტრევოლუციური, ზედაც, ნაშუქურალი სამშობლო ასცდა, ხელისუფლების გადაბარების პროცესიც დაიწყო.
მართალია, მაღალ-მაღალი სკამებიდან წამსვლელები აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ხალხის არჩევანს და ირწმუნებიან, რომ ძალაუფლებას უმტკივნეულოდ გაუშვებენ ხელიდან, თუმცა, თუ მათი გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, ეს პროცესი მაინცდამაინც დიდ სიამოვნებას ვერ უნდა ანიჭებდეთ. ვერც მიანიჭებთ, ვინაიდან, ეს ოხერი სკამი, სულის არ იყოს, მაინც ტკბილია, თანაც – ბარაქიანი.
მეორე მხრივ, კმაყოფილებას ვერ მალავენ ისინი, ვინც ძალაუფლება უნდა ჩაიბაროს. რთული სათქმელია, რა უნდა იყოს წამყვანი მათ კმაყოფილებაში: რაკი იმის შანსი ეძლევათ, რომ სახელმწიფოებრივ საქმეებს შეეჭიდონ თუ, კვლავაც იმიტომ, რომ სკამი ტკბილია, თუმცა ისიცაა, რომ ამ დილემაზე სწორ პასუხს მხოლოდ დრო თუ გასცემს.
ხოლო, ჯერჯერობით, ვფიქრობ, ერთ მხარეს (აი, მათ, ძალაუფლება რომ ჩამოერთვა) პირის თაფლით დატკბობა არ აწყენდათ, მეორეს კი – შიგადაშიგ ლიმონის გაკვნეტა.