განძარცვული
„ვითარცა უხორცონი“
ერთი მხრივ, პარლამენტის თბილისური შენობა კარ-ფანჯრისგან განიძარცვა (ისევე, როგორც სკამ-მაგიდებისგან), ოღონდ, ისევ უცნობია, საბოლოოდ, გაიყიდა თუ ჯერაც ამ არცთუ სასიამოვნო პროცესშია. მეორე მხრივ, არანაკლებ განძარცვულია პარლამენტის ქუთაისური შენობაც, თუმცა, პარლამენტის აპარატის უფროსი, ბ-ნი ჯანიაშვილი, გვარწმუნებს, რომ შენობა პირველი სხდომისთვის, ანუ 20 ოქტომბრისთვის სრულ აჟურში იქნება (რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე გეტყვით, რომ ჟურნალისტისთვის ბ-ნი ჯანიაშვილისგან საჯარო ინფორმაციის ამოგლეჯა ისეთივე რთული იყო, როგორც ფაშისტებისთვის ზოია კოსმოდემიანსკაიასთვის ინფორმაციის დაცინცვლა).
ამის პარალელურად, რაკი ქართული სატელევიზიო სივრცე კვლავაც დაყოფილია, აწ უკვე ნახელისუფლარი არხები იუწყებიან, რომ პარლამენტის ქუთაისური შენობა ავ თვალს არ ენახვება (წყარო, ბუნებრივია, აწ უკვე წამსვლელი ხელისუფლების წარმომადგენლები ბრძანდებიან), ხოლო 1 ოქტომბრამდე ოპოზიციურად წოდებული არხები კი აცხადებენ, რომ შენობაში წვიმს, ავეჯიც უხარისხოა შეტანილი და ტექნიკაცო.
სულ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისური პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის დაახლოებით 3 მეტრამდე ფანჯრის შუშა მოულოდნელად გაბზარულა. ამ ამბავს თანამშრომლები შეუშინებია – ვაითუ, შენობა „დაჯდაო“, თუმცა, მშენებლობის ფინანსურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ შენობა ისევ იქ დგას, სადაც იდგა და, რაც მთავარია, იმავე სიმაღლეზე. მეტიც, დაგვამშვიდა, გაბზარვის მიზეზი სულ სხვააო (ერთი ისაა, რომ არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ, რა).
იმ მარტივი ლოგიკით, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ბუნებრივია, პარლამენტის ქუთაისური შენობის გამძლეობას ექსპლუატაციის შემდეგ თუ გავსინჯავთ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პირველი სხდომა იქ 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ვფიქრობ, სავსებით სამართლიანი იქნება, თუკი პირველებს იმ „ვითარცა უხორცო“ დეპუტატებს შეუშვებენ, ვისაც პარლამენტის შენობა უსაფრთხოდ და დამთავრებულად მიაჩნია.