ტიტანების ჭიდილი
ის აღარ დაწერს ნაგავს
მათი შეერთება ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა, კავშირი, ერთი შეხედვით, ერთობ მყარის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ან კი როგორ არ დატოვებდა, როდესაც დედაქალაქის მესვეურები გვარწმუნებდნენ, რომ ნაგვისა და შუქის უერთმანეთოდ ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. უფრო მეტიც, ციფრებსაც იშველიებდნენ იმის დასტურად, თუ როგორ შეუმსუბუქდა თბილისელების უმეტესობას დასუფთავების გადასახდელი, როდესაც ეს უკანასკნელი ელექტროენერგიას დაუკავშირდა.
მეორე მხრივ, თავად თბილისელები არაერთ კვლევაში ლამის ნომერ პირველ პრობლემად შუქ-ნაგვის ჯიბის დამანგრეველ კავშირს მიიჩნევდნენ.
მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, რაკი ამ ჩვენს სამშობლოში ლამის დასავლური სტანდარტების არჩევნები ჩატარდა (ბუნებრივია, გარე თვალისთვის), ოპონენტები კი, განსაკუთრებით – მაჟორიტარები, ლამის 1-2-პროცენტიანი სხვაობით ჭიდაობდნენ, აშკარა შეიქნა, რომ ამომრჩევლის გულის მონადირება უფრო კონკრეტული წინადადებებითაა ეფექტიანი.
შესაძლოა, ამ ან სხვა მიზეზით, ქდმ-ს ბევრი არ უფიქრია (თანაც, ტიტანთა შერკინების გამო, მათი ადგილი პარლამენტში სეკვესტრირდა, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ საკრებულოს ტატამზე აქტიურობის გარდა, ყოველ შემთხვევაში, სხვა არაფერი დარჩენიათ) და საკითხს საკრებულოდან შემოუარა. საკრებულოს წევრმა ქდმ-ელმა ბ-ნმა სამუშიამ მყისვე მოიწვია პრესკონფერენცია და დედაქალაქის მესვეურებს, რომელთა უმრავლესობა კვლავ „ნაცმოძრაობაა“, მიმართა, მხარი დაგვიჭირეთ ნაგვისა და შუქის დაშორების საქმეშიო. კოლეგებს არც საკრებულოს უმრავლესობა ჩამორჩა: მათაც შეგვაგულიანეს, დაშორების მოდელებს ვიხილავთო.
ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, შუქი ნაგავს აღარ დაყრის, თუმცა, რატომ დასჭირდა წელიწადზე მეტი დრო იმ ადგილთან მისვლას, საიდანაც საკრებულო წამოვიდა, ჩემი მოკვდავური ტვინისთვის კვლავაც ამოუხსნელია, მაგრამ, არც ისაა გამორიცხული, საქმე სტალინურ მეთოდთანაც გვქონდეს: ჩვენ ვქმნით სირთულეებს, რათა შემდეგ წარმატებით დავძლიოთ ისინი!
P. S. თუ გავიხსენებთ, რომ „სი თი პარკის“ საქმიანობა დედაქალაქში მხოლოდ მანქანის დასაყენებელი ადგილების თეთრი საღებავით გადაღებვით გამოიხატება, ვფიქრობ, ნაგვის გზას „სი თი პარკის“ გადასახადიც უნდა გაუყენონ!