კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ უკრძალავს მრევლს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და როგორ მუშაობდა ის ფიზკულტურის მასწავლებლად ვერონაში

თბილისის ძველ უბანში, აბესაძის ქუჩაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია მდებარეობს. ამ ტაძარში მსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ატარებს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. 17 წელია, პადრე ჯუზეპე საქართველოში ცხოვრობს და ამბობს, რომ მისი სამშობლო საქართველოა.

– პადრე ჯუზეპე, რა იცოდით საქართველოს შესახებ, ვიდრე აქ ჩამოხვიდოდით?
– უკვე 17 წელია საქართველოში ვცხოვრობ. რაღაც ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მქონდა. სანამ ჩამოვიდოდი, ვცდილობდი, ცოტა ენა მესწავლა და რამე წამეკითხა. თუმცა, თავიდან ვერ მივხვდი, სად მივდიოდი, მაინც რუსეთი მეგონა. არც შუქი იყო, არც გაზი, არც წყალი, მაგრამ, ვცხოვრობდი ისე, როგორც სხვები: სიცივესაც ვუძლებდი, გაჭირვებასაც. უფრო იმაზე ვწუხდი, რომ ხალხს ასე უჭირდა. ქართულის სწავლა ძალიან გამიჭირდა, ისედაც არ მაქვს ენების ნიჭი (იცინის). რომში იყო ერთი ქართველი სტუდენტი, გვარად ლადარია და ის მასწავლიდა კვირაში ორჯერ – ვერონიდან რომში დავდიოდი ქართულის სასწავლად. მაგრამ, კვირაში ორი ლექცია არ მეყოფოდა, ამიტომ სხვასთან გადავედი – ლელა ბერიძესთან და დღეში ათ საათს ვსწავლობდი ქართულს! აქაც ყოველდღე ათ საათს ვსწავლობდი, ძალიან ბევრი დრო დავკარგე. ზმნებისა და წინადადებების გამოთქმამ მომკლა (იცინის). მინდოდა რუსულის სწავლაც, მაგრამ, მითხრეს, ნუ ისწავლი, აგერევაო და დავანებე თავი. ცოტა ფრანგული და ესპანური ვიცი, რა თქმა უნდა, ლათინურიც. ქართულ კულტურას რაც შეეხება, ვცდილობდი, მის შესახებაც გამეგო რამე, როცა საშუალება იყო, თეატრში დავდიოდი ენის შესასწავლად და კულტურის გასაგებად. საშინლად მიჭირდა. ისტორიაშიც გავერკვიე და, ვნახე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნეში იყო ერთი კათოლიკე ეპისკოპოსი და მაშინ რომისგან არცთუ განცალკევებული ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. დასავლეთს ყოველთვის სთხოვდნენ მისიონერების გამოგზავნას დასახმარებლად. როცა დრო მაქვს, ვცდილობ, ისტორიული ადგილები მოვიარო. ბევრგან ვიყავი, მაგრამ, მესტიაში არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს. ამას წინათ ვიყავი, ასევე რაბათში, სადაც ოქტომბერში იხსნება რესტავრირებული კათოლიკური ტაძარი. ეს ეკლესია დანგრეული იყო, მარტო ქვები ეყარა. ჯავახეთის ქართველი კათოლიკეებისათვის ნამდვილად ღირსების საკითხია. იქვე არის ბენედიქტელების ჩაკეტილი მონასტერიც. ძალიან ლამაზი ადგილია. მოვიხიბლე აფხაზეთით, სადაც დავდივარ ხოლმე – იქაც არის ჩვენი კათოლიკური თემი და გადასვლის პრობლემა არ მაქვს.
–  ღვთისმსახურება რატომ გადაწყვიტეთ?
–  ყველა ადამიანი ეძებს ღმერთს – ეს მისი ეგზისტენციური მოთხოვნილებაა. თავიდანვე მინდოდა, ადამიანებს დავხმარებოდი, მათთვის სიკეთე მომეტანა და ვყოფილიყავი ხალხის სამსახურში არა მარტო ფიზიკურად, არამედ, როგორც სასულიერო პირი. ღმერთის ძებნა – სიმართლის, სამართლიანობის, ღირებულებების ძებნაა. ჩემი ცხოვრების მთავარი პასუხი ქრისტეა და, მინდა, ამაში სხვებსაც დავეხმარო. ჩემი მრევლი ძირითადად ქართულენოვანია და ქართველ კათოლიკეებს  მეც ქართულად ვუტარებ წირვას, ქართულადვე სრულდება საგალობლები. საქართველოში კათოლიკური ეკლესია არსებობს სამი წესით: ლათინურით, რომელზეც ვარ პასუხისმგებელი, სომხურ-გრიგორიანულით და ასირიულ-ქალდეურით.
– მკაცრი ხართ მრევლთან?
– არა, არა მგონია (იცინის). მღვდელი არის მწყემსი, რომელმაც უნდა მისცეს მრევლს მიმართულება. განსაკუთრებულადაც არაფერს ვუკრძალავ, თუმცა, ეკლესია არ არის დისკოთეკა და კლუბი, აქ თვითონ უნდა განსაზღვროს ადამიანმა, რომ შედარებით დახურულად უნდა ჩაიცვას. თავზე დახურვის წესი ჩვენთან არ არის, თუმცა, ეკლესიასაც გააჩნია. არის კათოლიკური ეკლესიები აზიაში, ევროპაშიც, სადაც ჯერ კიდევ არსებობს გრძელი კაბითა და თავსაფრით სიარულის ტრადიცია. შენიშვნებს, საყვედურებს არ ვეუბნები მრევლს. სიმართლე გითხრათ, ქართველებისთვის კათოლიკობა ადვილი არ არის, ზოგიერთი მალავს კიდეც, რომ პრობლემები არ შეექმნას, მაგრამ, მე კმაყოფილი ვარ ჩემი მრევლით. ბევრი ახალგაზრდა გვყავს თემში, მგალობლები, ბევრიც დავკარგეთ, რადგან, საზღვარგარეთ სამუშაოდ ან სასწავლად წავიდა. თუმცა, კავშირი აქვთ აქაურ ახალგაზრდებთან. ჩვენ საქართველოდან მიგვყავს ხოლმე სტუდენტები პაპთან შეხვედრაზე, ახლახან იყვნენ მადრიდში, სადაც ბენედიქტე მეთექვსმეტე ახალგაზრდებს ხვდებოდა, შემდეგი ვიზიტი პაპს ბრაზილიაში აქვს.
–  თუ არ ვცდები, ახალი პაპი საქართველოში არ ყოფილა.
– არა, იოანე პავლე მეორე იყო პირველი და ერთადერთი პაპი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და, ხომ გახსოვთ, რა აჟიოტაჟი გამოიწვია მაშინ ამ ამბავმა. მას პირველად ვატიკანში შევხვდი – როცა გადაწყდა, რომ საქართველოს ეკლესიაზე უნდა გავმხდარიყავი პასუხისმგებელი, რომში გავემგზავრე კურთხევის მისაღებად. არაჩვეულებრივად საინტერესო, დაუვიწყარი იყო იოანე პავლე მეორესთან შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ. მან, რა თქმა უნდა, იცოდა საქართველოს შესახებ და მეკითხებოდა, როგორი იყო აქ ვითარება, რა უჭირდა ხალხს. ბოლოს ვთხოვე: თქვენო უწმინდესობავ, იქნებ პირადად ჩემთვის რამე თქვათ, რომ ჩემს გულში მუდამ დარჩეს-მეთქი. შემომხედა და რამდენჯერმე გამიმეორა: „მოთმინება, მოთმინება და მოთმინებაო” (იცინის). ის იყო უდიდესი ადამიანი და მწყემსი, ავადმყოფობასაც კი არ ნებდებოდა, დასუსტებული ხელჯოხით ძლივს მიდიოდა და მესას ატარებდა, მრევლს ხვდებოდა... თბილისში რომ ჩამოვიდა, ერთად ჩავატარეთ წირვა სპორტის სასახლეში, იყო შეხვედრა მცხეთაში მართლმადიდებელ პატრიარქთან… ძალიან ოჯახური და მშვიდი სიტუაცია იყო, ტელევიზიით პირდაპირ ტრანსლაციას აჩვენებდნენ. მართლმადიდებლებიც იყვნენ მოსულები. საოცარი ადამიანი იყო, თბილი, ყურადღებიანი, კომუნიკაბელური, მისი თვალები რომ გიყურებდა, გულში გწვდებოდა. ახალი პაპი უფრო დისტანციური და ცივი ადამიანია, არ არის მრევლთან კომუნიკაბელური. ის არის ძალიან ძლიერი თეოლოგი, იოანე პავლე მეორე კი უფრო ეკლესიის მწყემსი იყო. თუმცა, ახლოდან ბენედიქტე მეთექვსმეტე ძალიან საინტერესო ადამიანია. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პატრიარქთან, ბევრჯერ შევხვედრივარ და გვქონია საინტერესო საუბრები. ქრისტიანობა ჩემთვის ერთია, არ ვყოფ კათოლიკურად და მართლმადიდებლურად.
–  როგორი იყო თქვენი ცხოვრება ვერონაში?
– ვერონაში  ქალაქთან ახლოს პატარა, ულამაზესი სოფელია და იქ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ: დედაჩემი, ძმა, და. თუმცა, იტალიაში ხშირად ვერ ჩავდივარ და, სიმართლე გითხრათ, ვერც ვგრძნობ, რომ ჩემი სამშობლოა – იქ დიდხანს ვერ ვჩერდები, საქართველოში ბევრად მირჩევნია. საქართველოს მოქალაქეობა მაქვს, არჩევნებშიც მივიღე მონაწილეობა (იცინის). ვერონაში ვიყავი მღვდელი, მანამდე კი, იცით, ფიზკულტურის მასწავლებლად ვმუშაობდი სკოლაში, ყველანაირი სპორტით ვიყავი გატაცებული, დავდიოდი ველოსიპედით, განსაკუთრებით კი ფეხბურთი მიყვარს. მრევლის ბიჭებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და ეს სასულიერო პირისთვის ძალიან კარგია. ზოგჯერ ოფიციალური დამოკიდებულებაა საჭირო, ზოგჯერ კი – უშუალო, მეგობრული, უფრო ადამიანური დამოკიდებულება ბავშვებთან. უფრო ადვილია, როცა ფეხბურთის მოედანზე ბავშვს მათ პრობლემაზე ელაპარაკები. აქ რომ ჩამოვედი, დამთავრდა ჩემი სპორტული კარიერა – ერთი-ორჯერ ვითამაშე და მერე ვთქვი, მორჩა, აღარ ვითამაშებ-მეთქი (იცინის). იტალიური ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი ვარ – „მილანისა“ და „კიევოს“ მხარდამჭერი, ახლა უფრო მშვიდად ვგულშემატკივრობ, ადრე კი ემოციური ვიყავი, სტადიონზე დავდიოდი. „დინამოზე” ვიყავი მისული „სკუადრა აძურას” საგულშემატკივროდ, წავიყვანე ბავშვები, შევხვდით ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ... ძალიან კარგი იყო.
– იტალიელს იტალიური ოპერაც გეყვარებათ.
– მიყვარს, თუმცა თვითონ არ მაქვს სიმღერის ნიჭი. როცა დრო მაქვს, ოპერაში დავდივარ, ცეკვაც ძალიან მიყვარს.
– კათოლიკურ ეკლესიაში საგალობლები ქართულად სრულდება?
– ქართულადაც და ლათინურადაც. ჩვენი გუნდი ხშირად ასრულებს „შენ ხარ ვენახს” – რაც კანონიკურია და ლამაზია, რატომ არ უნდა შესრულდეს?! ჩვენი მგალობლების გუნდმა ახლახან გამოუშვა სიდი-დისკი, სადაც ჩაწერილია „შენ ხარ ვენახი”, ასევე, ლათინური და გრეგორიანული საგალობლები.
–  ამბობენ, ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ჰგვანანო. 
– კი, ჰგვანან, მაგრამ იტალია დიდი ქვეყანაა და ჩრდილოეთში უფრო ცივი ხალხია. ქართველები ალბათ, უფრო სამხრეთელებს ჰგვანან,  ხმელთაშუაზღვისპირეთის ტემპერამენტი აქვთ მაინც. ქართველები ძალიან კარგი და თბილი ხალხია, მაგრამ, არ მომწონს ის თვისება, რომ უფრო ხშირად გულით ფიქრობენ, ვიდრე გონებით, არადა, ცხოვრებაში რაციონალიზმია საჭირო. კიდევ, არ მომწონს,  რომ ბევრ დროს კარგავენ, არაპუნქტუალურობა და არაორგანიზებულობა ნერვებს მიშლის, რადგან, თვითონ მოწესრიგებული ადამიანი ვარ. ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი, სამაგიეროდ, ვგიჟდები ქართულ სტუმართმოყვარეობასა და სამზარეულოზე.
– კიდევ რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი?
– სომხეთში, აზერბაიჯანში, ესპანეთში, ამერიკაში, თურქეთში, კოტ-დივუარში, სამხრეთ აფრიკაში. აფრიკაში სიამოვნებით ვიცხოვრებდი, რადგან, იქ ძალიან ძლიერი ქრისტიანული რწმენა აქვთ.

скачать dle 11.3