როგორ გამოვიყენოთ ჰარმონიის, იდილიისა და შეთავსების მარტივი მეთოდები ასტროლოგიის დახმარებით
ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა, რომ მოძებნოს ცხოვრების თანამგზავრი, ვისთანაც ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებს; ჰქონდეს მშვიდი და სიყვარულით აღსავსე ოჯახი; თავიდან აიცილის უთანხმოება ახლობლებთან... იმისთვის, რომ ეს საკითხები მოაგვაროთ, გირჩევთ, სანამ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ ცხოვრებაში, გადახედეთ თქვენს პირად ჰოროსკოპს – ამით შეძლებთ, საკუთარ თავსაც დაეხმაროთ და შვილებსაც გაუადვილოთ ცხოვრება. მომავალი შვილების ჯანმრთელობაზე, ნიჭსა და სილამაზეზე ადამიანმა ქორწინებამდე უნდა იზრუნოს.
ყველა ჩვენგანი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშაა დაბადებული, რომელსაც რომელიმე კონკრეტული სტიქია მართავს. საგულისხმოა ისიც, რომ ყველა ზოდიაქო და ყველა სტიქია არ ეწყობა ერთმანეთს. ამას მოწმობს ადამიანთა ხასიათსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე ვარსკვლავების ზემოქმედების ორიათასწლიანი შესწავლა-დაკვირვება და გამოცდილება როგორც ვიცით, სულ ოთხი სტიქია არსებობს: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი.
აუცილებელია, ფლობდეთ გარკვეულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი სკანდალებს, ასე გახშირებულ განქორწინებებს, ურთიერთგაუგებრობებსა და გაურკვევლობებს ოჯახის წევრებთან.
ასტროლოგიაში არსებობს ჰარმონიის, იდილიისა და შეთავსების მარტივი მეთოდები. მაგალითად: ცეცხლის სტიქიის ნიშნები, კერძოდ კი, ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, კარგად ეგუებიან ამავე ნიშნით ან მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს – თხის რქებს, კუროებს, ქალწულებს. რაც შეეხება მშვილდოსანს, მას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან ადვილად გამონახოს საერთო ენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უჭირს მორიელის, თევზებისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობა და თანაცხოვრება.
ჰაერის სტიქიის ნიშნები – სასწორი, მერწყული, ტყუპები, კარგად ეწყობიან ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოებს, მაგრამ, მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან მუდმივად პრობლემები, კონფლიქტები და გაუგებრობები აქვთ.
წყლის სტიქიის ნიშნები კარგად ეწყობიან მიწისა და თავისივე – წყლის სტიქიის ნიშნებს და ძნელად ეგუებიან ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს.
მიწის სტიქიის ნიშნები მშვიდად გრძნობენ თავს მიწისა და წყლის სტიქიების ნიშნების გარემოცვაში, ვერ ეგუებიან ლომთან, ვერძთან და მშვილდოსანთან ოჯახურ თანაცხოვრებას.
თუ გსურთ, გქონდეთ ოჯახში ურთიერთგაგება და თქვენი შვილი მშვიდ გარემოში აღიზარდოს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩვენ მიერ მოწოდებული ასტროლოგიური რჩევები და ისე დაგეგმოთ საკუთარი ცხოვრება და მომავალი. თუ ასე მოიქცევით, იმ გაუთვალისწინებელ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს აარიდებთ თავს, რომლებიც ცხოვრებაში არაერთ ბარიერს შეგიქმნით.