როგორ აგროვებდა აჩიკო სოლოღაშვილი ქვეწარმავლებს და ვის ეძახის ის ხუმრობით „გველიკოს“
აჩიკო სოლოღაშვილი სულ ცოტა ხნის წინ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ წამყვანი გახდა გვანცა დარასელიასთან ერთად. როგორც თავად ამბობს, გონზე მოსვლაც კი არ აცადეს. აჩიკოს მეუღლე გოგი ქავთარაძის შვილიშვილი, უმშვენიერესი ნუცი ქავთარაძეა, რომელიც აჩიკომ „რუსთავი 2-ში“ გაიცნო. ახალ სეზონსა და სამომავლო გეგმებზე აჩიკოს ნახევრად ჩაბნელებულ მუსიკისა და დრამის თეატრში ვესაუბრე.
– აჩიკო, როგორ გახდი „საქართველოს ვარსკვლავის“ წამყვანი?
– მოკლედ, ყველაფერი სპონტანურად მოხდა, თან, ძალიან კარგად ვისვენებდი შეკვეთილში, თუ ამას დასვენება ჰქვია – დოიმ დადგა „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და რეპეტიციები გვქონდა. არ მაცადეს დასვენება, რა (იცინის). ჩამოვიდნენ გიორგი და დემნა და მითხრეს: „შენ უნდა გახდე „საქართველოს ვარსკვლავის“ წამყვანიო“. უცებ ავიღე ტანსაცმელი და სასწრაფოდ ჩავედი ბათუმში ქასთინგების ჩაწერაზე. ერთი კვირა გრძელდებოდა ჩაწერა, გვქონდა ზუსტად თორმეტსაათიანი რეჟიმი. ზღვას მარტო ფანჯრიდან ვხედავდი, ერთადერთხელ ვიჯექი სკუტერზე – არადა, ვგიჟდები ზღვაზე, მთა არ მიყვარს. თანაც, კარგად ვცურავ... გვანცა კარგი პარტნიორი და სასიამოვნო ადამიანია, ბავშვობის მეგობრები არ ვართ და 24 საათს ერთად არ ვატარებთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი იუმორი შესანიშნავად ესმის და როცა ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს, იქ ყველაფერი კარგადაა. ძალიან ბევრ კონკურსანტს მოვუსმინე და, საერთოდ, ჩვენ ვართ კონკურსანტების გულშემატკივრები. თან, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ვარ და ყური კარგად მაქვს განვითარებული. ეს ჩემთვის სიახლეა, ასეთი პროექტის წამყვანობის გამოცდილება აქამდე არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ „ლაივში“ მიმყავს „შუა დღე“. ამიტომ, ცოტათი ვნერვიულობ. დაღლილი ვარ, წელს საერთოდაც არ დამისვენია. შარშან ამ დროს „ქეთო და კოტე“ გვქონდა და არც შარშან დამცალდა, მაგრამ, იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ! – სასიამოვნო წამებაა. აქ, თეატრში შუადღით გვაქვს რეპეტიციები, ჭერი არ აქვს და სასწაული ამბავი ხდება ხოლმე.
– მსახიობები სულ სატელევიზიო ეთერში გადაბარგდით?
– რა გითხრა, დღევანდელ დღეს, თუ შემოთავაზება გაქვს, სამსახურზე უარი არ უნდა თქვა. სანამ შემეძლება, მაქსიმალურად ვეცდები, დაკავებული ვიყო – „შუა დღე“ ჩემი მეორე ოჯახია. თავიდან ამ პროექტს თაკო ფხაკაძე აკეთებდა. მერე თაკო „რუსთავი 2-მა“ გადაიბირა. ქასთინგიც არ გამივლია – საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდით, სანამ ეთერში გავიდოდით. ხანდახან არის თემები, რომლებიც ჩემთვის სრულიად უცხოა – მაგალითად, როცა ლევან ბუთხუზის დღეა, მაგრამ სიამოვნებით ვუსმენ. საერთოდ მე არ ვუყურებ ჩემს თავს ხოლმე. ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ვფიქრობ, ჯობია, სულ არ ვიყო-მეთქი. „ოცნების ქალაქის“ პრემიერაზე საშინელი სტრესი მქონდა. იყო კიდევ პროექტები, რომლებზეც უარი ვთქვი, რადგან საქართველოში არ უყვართ ჰონორარზე ლაპარაკი. სიმართლე გითხრა, ეგეთ დროს თავს დახლზე შემოდებულად ვგრძნობ. თანხასაც ისეთს იტყვიან, არ მიღირს – როცა გეუბნებიან, სამთვიან გადაღებაში 1 500 ლარს მოგცემო, მირჩევნია, მიმტანად ვიმუშავო და დღიური შემოსავალი მქონდეს. როცა ფილმში გიღებენ, ყველაფერი უნდა გადადო – ამიტომ, უარი ვთქვი და გული არ მწყდება. ერთადერთი გამონაკლისია, თუ ოთარ იოსელიანი შემომთავაზებს როლს – თუნდაც მესამე ხარისხოვანს. მირჩევნია, ხალხი თეატრიდან მიცნობდეს. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეა და ერთი რეკლამა უფრო პოპულარულს გახდის – თუნდაც „თვრამეტი, თვრამეტი“, რომელიც ორი წლის ბავშვმაც იცის – „25 60 60-ის” „პონტია“ (იცინის). არასდროს აღარ დამთავრდა, ვეღარ ვიტან უკვე... ადრე „მაგთის“ რეკლამაში ვმონაწილეობდი, პრაღაში მომიწია წასვლა. „საქართველოს ბანკის“ რეკლამაზე ვიმუშავე, როგორც ქორეოგრაფმა. პრაღას რა დამავიწყებს – ეს არის ულამაზესი ქალაქი. კიდევ, ჩეხური ლუდი – ფანტასტიკური! ყველაფერს „მაგთი“ იხდიდა. თეატრიდან გასტროლებით ხშირად დავდივართ – განებივრებულები ვართ ამით. ახლა ლონდონში ვიყავით – ევროკავშირის შეკვეთა იყო, კოტე ფურცელაძემ დადგა ქორეოგრაფიული სპექტაკლი „კარმენი“, სადაც ტორეადორს ვთამაშობ. 5 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ ვერ მივიღე მონაწილეობა „ვერის უბნის მელოდიებში“, სადაც პოლიციელი ქათამაძე უნდა მეთამაშა. ფესტივალზე ვიყავით ბოგოტაში, კოლუმბიაში – გავგიჟდი, არაჩვეულებრივი თეატრალური ფესტივალია! გერმანიაში ხუთჯერ ვართ ნამყოფი. სტამბული მიყვარს გამორჩეულად – ფანტასტიკურია და ლამაზი...
– შენ და ნუცი როგორ პოულობთ დროს ერთმანეთისთვის?
– ძირითადად, დილით და საღამოს. რა სახეები გვაქვს, არ იცი. გაგვიმართლა, რომ „რუსთავი 2-ში“ ვართ და ერთი 15 წუთი ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს – მე წყნარად ვარ, რადგან ვიცი, რომ სადღაც იქ ტრიალებს და აკეთებს იმას, რაც უყვარს. ჩემს სპექტაკლებზეც სულ დადის. თავის დროზე შორიდან, სპექტაკლებით მოვწონდი (იცინის). რაც ერთად ვართ, პირველი სპექტაკლის პრემიერაა – „კარმენი“.
– შენს იუმორზე ძალიან ბევრი ლაპარაკობს – შენი ჯგუფელები: გურამ ბაბლიშვილი, დათო წიგნაძე...
– გურამის იუმორზე იქით მაქვს სალაპარაკო. კარგი კახური იუმორი აქვს, დათოსთან მთელი ბავშვობა და სხვა სითბო მაკავშირებს – სამწუხაროდ, ერთმანეთს ვეღარ ვეკონტაქტებით ხშირად. გურამი ხომ რუსულენოვანია და მაგარ რაღაცეებს არტყამდა ხოლმე. ჩემს იუმორზე რა გითხრა, დღის ბოლოს ვადა გამდის ხოლმე – იმდენი რამე დადის ტვინში! ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო, მაგრამ – ყველას ჰგონია, რომ ჩემი პროფესია ტინგიცი და გართობაა. ბევრს უთქვამს – რა გენაღვლება – მიხვალ იქ, იცეკვებ, იმღერებ, იმხიარულებო – არადა, ეგრე არ არის.
ძალიან ვარსკვლავური ჯგუფი გვყავდა – 13 კაციდან 9 თეატრშია და იყო სრული საგიჟეთი! ძნელია, ერთად აიტანო გურამ ბაბლიშვილი, აჩიკო სოლოღაშვილი, გაგი სვანიძე, ლევან ხურცია... ხან აივნიდან აივანზე ვხტებოდით, ხან ოპერის ეზოში გასვენება და დასვენება გვქონდა და რა ვიცი, კიდევ რა! ბევრს ვმაიმუნობდით...
– ხალხს რომ ამასხარავებ, კარგია? ამას წინათ მოვისმინე რადიოში.
– რა მექნა, რუსკამ მთხოვა! იქვე მოვიფიქრე და დავურეკეთ ერთ ადამიანს მოხუცი ქალის ხმით. ერთ ძიძასაც მოვუშალეთ ნერვები, საწყალს – ისე „ნერვიული-ისტერიჩკა“ ქალის ხმით დავურეკე, მერე ერთი საათი ვუხდიდი ბოდიშებს, ახლაც ძალიან მრცხვენია!
– ბავშვობაში არ იყავი „მაკვარანცხი“?
– არა. იმდენად მიყვარდა ცეკვა, სიმღერა, რომ „მავნე“ ბავშვი ნამდვილად არ ვყოფილვარ. მიყვარდა ყველანაირი ცხოველი, გარდა კატისა, ეგოისტია ძალიან და ნაკლებად მიყვარს. მყავდა ძაღლი, თუთიყუში, თევზები. ჭაობებში ბაყაყებსა და ხვლიკებს ვიჭერდი, გველიც მყავდა და სახლში გავუშვი ისე, რომ დედაჩემმა არ იცოდა, გული გაუსკდა. მოლაპარაკე თუთიყუში მყავდა – „აჩიკო, პრო..ოო“, – მეძახდა, ეგრე მაღვიძებდა.
– ყვარლის ტბაზე იყავით არა „შუა დღის“ ჯგუფი?
– კი და იქ ხდებოდა საგიჟეთი! იმიტომ, რომ ყველანი მთავარი გიჟები ვართ! ბაიკოზე ცოტა უხერხულია თქვა, გიჟიაო – არაჩვეულებრივი იუმორი აქვს! მერიკოს ხანდახან ხუმრობით „გველიკოს“ ვეძახი (იცინის). ყველამ იცის, რომ ძალიან მიყვარს ჭამა და პირდაპირ ეთერში თავს ძლივს ვაკონტროლებ. თუ მივუშვი, ერთ ჭამაზე ერთი ხარი შემიძლია შევჭამო. არადა, 65 კილო ვარ (იცინის). ძალიან მიყვარს ნუცას მომზადებული საჭმელი, განსაკუთრებით, ბეფ-სტროგანოვი და ვოცნებობ, მეტი დრო ჰქონდეს. მე არ მიყვარს მზადება.