როგორ შეუყვარდა ზურა შევარდნაძეს ასაკით უფროსი ქალი და რატომ დაარქვა საყვარელმა ქალმა შვილს მისი სახელი
ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ზურა შევარდნაძის‚ ასე ვთქვათ, ბოტანიკური ბაღი თბილისში, ყველა მასზე ლაპარაკობს. გარდა იმისა, რომ ამ გურული კაცის ბაღში სრული სამოთხეა, მსოფლიოში ულამაზესი ჯიშის ასზე მეტი დასახელების დეკორატიული მცენარე ხარობს. თავად ეზო საოცარი გემოვნებით აქვს მოწყობილი ძველი, დღესდღეობით გამოუსადეგარი საოჯახო ნივთებით. ამჯერად ზურიკელა შევარდნაძეს სხვა გატაცებაზე – ქალებსა და სიყვარულზე სალაპარაკოდ ვესტუმრეთ, გურული დიალექტით შევყევით ერთმანეთს და ძალიან სახალისო ინტერვიუც გამოგვივიდა.
– ჯერ მინდა გკითხო‚ როგორ გაჩნდა ასეთი ლამაზი ბაღის შექმნის იდეა. ვიცი, პროფესიით ბიოლოგი ხარ, მაგრამ‚ ზოგადად‚ ქართველი მამაკაცი იშვიათად ინტერესდება მცენარეებით, სახლის ინტერიერით, ეზოს დიზაინით...
– სულაც არაა მასე... შენ წარმოიდგინე, იმდენი სტუმარი მამაკაცი მოდის ჩვენთან, იმდენი კაცი იჩენს ინტერესს, ვერ აგიწერ. სხვათა შორის, თუ ვინმე საფუძვლიანად, გემრიელად და გულით უდგება ამ საქმეს, ეს მამაკაცია. ქალების შემთხვევაში, ხშირად მოდა და მოწონებაა, ხოლო, მამაკაცები კონსპექტებითაც კი მოდიან, აინტერესებთ კონკრეტული მცენარე ან რომელიმე მცენარესთან დაკავშირებული საკითხები. სულ მცენარეებთან მაქვს საქმე, ერთი დღეც არ მახსოვს ამ საქმის გარეშე. ერთი პერიოდი იყო მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, ომის შემდეგ, როცა ამ საქმიდან არავითარი შემოსავალი არ არსებობდა. ვის რა ეყვავილებოდა, ძალიან დათრგუნული იყო ხალხი და, აი, მაშინ დავფიქრდი პირველად – რა უნდა ვქნა, თუ ეს საქმე აღარ იქნება ჩემთვის შემოსავლიანი, რით უნდა ვიცხოვრო, როგორ უნდა წარვმართო ჩემი ცხოვრება?.. აი, მაშინ დავფიქრდი‚ ხომ არ შემეცვალა მიმართულება. მოდი, თუ ადამიანები ყვავილების მიმართ ინტერესს არ გამოიჩენენ, არ ექნებათ შეძენის საშუალება, იქნებ ბოსტნეულ-წიწილებზე გადავიდე-მეთქი. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ჭკვიანი კაცი ყოველთვის მონახავს გამოსავალს ყველაზე რთული მდგომარეობიდანაც კი, მაგრამ მაშინაც ვერ დავუშვი. რაც შეეხება ძველი ნივთებით ჩემს გატაცებასა და ინტერიერს, ეს მოდა და დიზაინერობა კი არა, ჩემი ცხოვრებაა. ვცხოვრობ ისე, როგორც და რაფერაც მე მომწონს; იმ ნივთებთან ერთად‚ რომლებსაც სხვები ყრიან, არ სჭირდებათ. ყოველთვის მიზიდავდა სიძველეები და ასეთი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლისა და ფუნქციის დაბრუნება, რომლებიც ვიღაცისთვის არამნიშვნელოვანი და არაფასეულია. სხვანაირად ვცხოვრობ‚ რაც ჩემი ცხოვრების ყველა ნიუანსიდან ჩანს. ისე არ ვუდგები ბევრ რამეს, როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, არ დავდივარ სუპერმარკეტებში, „გუდვილში“ ნამყოფიც არ ვარ, გჯერა? უცნაურია, ხომ‚ ახალგაზრდა კაცისთვის, ისე ცხოვრობდეს‚ როგორც მე. ევროპაში ყოფნის დროსაც არ დავდივარ ასეთ ადგილებში. ნავთლუღის ბაზარში სიარული მირჩევნია. ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება დეზერტირების ბაზარი, რომ ისევ განვაახლო იქ სიარული, სხვანაირად ვიკვებები, სხვანაირად ვიცვამ. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი: ახალი თეფშიდან არ შევჭამ, არ მიყვარს ოქრო, ბრილიანტი, ვერცხლი, ახალი რაც არის... ძალიან უბრალოდ მაცვია, ჩვეულებრივად, ადამიანურად, ბუნებრივი ქსოვილისგან. გინახავთ ვინმე ქართველი კაცი, რომ პერანგს იკერავდეს? მე ვაკერინებ, ძველი‚ საბჭოთა დროის „პროსტინებიდან“. მეც ვიცი, რომ აგი უცნაურია, განა ვერ ვამჩნევ‚ რომ ჩვეულებრივი არაა, მაგრამ, მეც არ ვარ ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი ვარ.
– ვიცი‚ ბებია საინტერესო წერილებს გწერდა თბილისში. გოგოებზე რას გეუბნებოდა?
– ქართველები განებივრებულები ვართ ბებია-ბაბუებისგან სიყვარულით, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით გამორჩეული მდგომარეობა იყო, იმიტომ, რომ ბებია იყო დამრიგებელიც, მეგობარიც, დარდის, სიხარულის გამზიარებელიც. ბევრ წერილს მწერდა სტუდენტობაშიც და გერმანიაში ყოფნის დროსაც. გრძნობდა‚ როგორ მშველოდა ამ წერილებით; იცოდა‚ რომ ამ წერილებით მამხნევებდა, მაძლიერებდა, სოფლის ამბებს მიყვებოდა, რაც იმ პერიოდში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღემდე ვინახავ. პირველ ხანებში მწერდა – ქალაქელ თხაი გოგოებს არ აჰყვეო. სხვათა შორის, ანდერძი მაქვს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ვიპოვეთ, მასში ბევრი რამ წერია, მაგრამ წერია ასეთი რეცეპტებიც, როგორი წარმოუდგენია და როგორ ქალს მისურვებს: რომ უნდა იყოს გამრჯე, ჩემი შრომის დამფასებელი. ჯერჯერობით მის ანდერძს ვერ ვასრულებ ვერანაირად. დაუწერლადაც ახერხებდა ჩემთვის ამის თქმას, მაგრამ, ამჯერად ანდერძში ეს წერილობით ჩამოაყალიბა.
– ბებიას ქალაქელი თხაი გოგოები რომ არ ემეტებოდა შენთვის ეგი გევიგე, თვითონ რაფერ ფიქრობ‚ როგორი უნდა იყოს შენი მომავალი მეუღლე?
– ჭკვიანი, გამრჯე გოგოები მომწონს, ბევრი კაცი ამ პასუხს არ გაგცემს. ქალს არა შეხედულებით, შინაგანი თვისებებით ვაფასებ. გიჟი უნდა ვიყო, ვთქვა, ლამაზი ქალი არ მომწონს-თქვა, მარა, ჩემ გვერდით უნდა იყოს სხვანაირი ქალი. უკვე დრო მოვიდა, 33 წლის ვარ, მარა სიმართლე გითხრა‚ ჩემ გვერდით ადამიანს გოუჭირდება.
– ბევრი კაცი არც ამას იტყოდა. რეიზა გოუჭირდება‚ ზურიკელა?
– იმიტომ‚ რომე, მე უფრო მასზე ვფიქრობ‚ ვიდრე ჩემს თავზე. გურულებს გვაქვს ასეთი სიტყვა – უსაშველო ადამიანი. მე ვარ უსაშველო ადამიანი, უსაშველოდ სიყვარული ვიცი, იმდენი ემოცია მაქვს გაფლანგული (თუ შეიძლება სიყვარულს გაფლანგული ვუწოდო)‚ ორმოცდაათ ქალს ეყოფოდა.
– ეუჰ... აბა, მომიყევი შენს გაფლანგულ გრძნობებზე...
– შეყვარებული ხშირად ვარ – ზოგჯერ გადარევამდე, ზოგჯერ – ნაკლებად. თუ შემიყვარდა ვინმე, მერე მისი საშველი არაა. მინდა‚ სულ მის გვერდით ვიყო, სულ გახარებული იყოს, ბედნიერი... არა, მაი არ იფიქროთ‚ რომ უკულტურო ვარ, ჩემს სიყვარულს ძალიან არ მოვახვევ თავს და ვაგრძნობინებ, მარა‚ აი ზოგჯერ იმდენად ინტენსიური ხდება, რომე...
– ყვავილები კი გაქვს ბევრი...
– შენ წარმოიდგინე‚ თანამედროვე გოგოს მაინცდამაინც არ უყვარს ყვავილები‚ ბევრი შემხვედრია ასეთი. სხვათა შორის‚ ერთი ისეთი გოგო შემხვდა‚ რომელმაც მითხრა, ჩიტების ჟღურტულს ვერ ვიტანო, წარმოგიდგენია?! ეგეც რომ არ იყოს, ხომ გითხარი პატარა ნიუანსი – ნავთლუღის ბაზარში ჩავდივარ სავაჭროდ-თქვა; რომელ ახალგაზრდა ქალს მოუნდება, ჩემთან ერთად იაროს ნავთლუღის ბაზარში? დედაჩემა მითხრა: შენი საქმე‚ დედა‚ მგონი‚ ცუდად უნდა იყოს – თუ იპოვი საცოლეს‚ ისევე‚ ნავთლუღის ბაზარშიო.
– ეჰ, დაძველებულხარ, აბა, ჩემო ზურიკელა, ამ შენს ნივთებთან ერთად და ეგაა...
– სხვათა შორის, არ ვთვლი‚ რომ არათანამედროვე ადამიანი ვარ. ჩემ ირგვლივ რომ ხედავენ ამდენ ძველ ნივთს, ჰგონიათ‚ მეც დაძველებული ვარ, ამ დროს‚ მინდა გითხრა‚ რომ სულ არ მაქვს ჟანგი.
– მაინც‚ როგორი ცოლი გინდა?
– იმ გოგოების მიმართ, რომლებიც ჩემს მიმართ იჩენენ ინტერესს, მე არ მაქვს ინტერესი. ჩემ გვერდით ადამიანი უნდა იყოს გაწონასწორებული‚ ჩემგან განსხვავებით. იმის მოთხოვნა და ამბიცია არ მაქვს, მაინცდამაინც‚ ჩემი საქმე უყვარდეს და მებაღე იყოს-მეთქი, მაგრამ‚ მინიმუმ‚ ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ პატივისცემით იყოს ჩემი საქმის მიმართ, იმიტომ, რომ მე იმდენ დროს, ენერგიასა და სიყვარულს ვდებ ამაში, ამის არდანახვა და არგაცნობიერება არ შეიძლება. საინტერესო უნდა იყოს ჩემი ცოლი.
– უფროსი ასაკის ქალი თუ შეგყვარებია?
– ვიყავი უფროსი ასაკის ქალზე შეყვარებული და სულაც არ მიმაჩნია ეს სამარცხვინოდ, მარა, დამთავრდა‚ იმიტომ რომ, არ იყო სწორი ადრესატი ჩემგან შერჩეული. თუ გამოჩნდება ვინმე, მის მიმართ მთელი გრძნობით ვიქნები. ჩემი ყველა რომანი არის ხანგრძლივი, ერთკვირიანი და ორკვირიანი გატაცებები არ მახასიათებს.
– მთელი გრძნობით თუ გიყვარდება და მერე შორდები, რაფერ ინელებ?
– პერიოდი მჭირდება მოსანელებლად. აი, ახლა ვარ ამ მონელების პერიოდში – გავწბილდი, მარა, იმედგაცრუება ცხოვრების ნაწილია. ხან ასეა‚ ხან – ისე, რა ვქნათ? იმედების დამყარება ვიცი და ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ. იტყვიან ხოლმე კეთილგანწყობილი ადამიანები, ვისაც უნდა‚ რომ რჩევა მომცეს: რას ფიქრობ, არავითარი მომავალი ამ ურთიერთობას არ აქვს... რას ელოდებიო... – ამას ვერ ვიგებ! რას ჰქვია‚ მიყვარდეს ადამიანი, არ მივილტვოდე და ყველაფერს არ ვაკეთებდე მისთვის, ასეთი ურთიერთობა არ მესმის. გერმანელ ქალზე ვიყავი შეყვარებული ჩემი იქ ცხოვრების პერიოდში და, მერე მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი უცხოელთან ერთად ცხოვრებას, მიუხედავად იმისა‚ რომ ძალიან პატივსაცემი ხალხია, მოწესრიგებულები და ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩვენ ერთად არაფერი გამოგვივიდოდა. სხვათა შორის‚ ძალიან დაგვწყდა ორივეს გული. მის შვილს ჩემი სახელი ჰქვია. ახლაც გვაქვს ურთიერთობა. რომ ჩავდივარ გერმანიაში, მის ოჯახში მივდივარ‚ თბილად ვხვდებით ერთმანეთს. ეს იყო ერთადერთი მიზეზი – არ მინდოდა გერმანელი ქალი. ტყუილა არ დადის ქართველ ქალზე ამდენი ლეგენდა, ვეთანხმები ყველა იმ მამაკაცს‚ ვისაც მიაჩნია, რომ ქართველი ქალები განსაკუთრებულები არიან. რაცხა, სხვანაირები ვართ ქართველები, სხვა ემოციის, სიძლიერის ხალხი. ქართველ ქალს, დედას, სხვა მოთმინების უნარი აქვს.
– როცა საპასუხო გრძნობას ვერ იღებ, რაფერ გამოხატავ წყენას?
– იმდენნაირი ინტერესი მაქვს, ვცდილობ‚ ეს გაწბილება თუ იმედგაცრუება სხვა რამეზე გადავიტანო, არ მემჩნევა ხოლმე. ვცდილობ‚ ცუდად არასდროს ვიყო, იმიტომ, რომე, მიმაჩნია‚ რომ ცხოვრება ხანმოკლეა და დროის უარყოფით ემოციებზე დახარჯვა არ ღირს. იმდენი კარგი რამ ხდება, იმდენი საინტერესო ადამიანია ირგვლივ, რომ ბედნიერი ვარ.
– სოფელში იმდენი კაი გოგოა, დედაშენი ვინმეზე გეტყოდა, მოიყვანეო...
– რა თქმა უნდა‚ დედაჩემი ჯავრობს, რომ ჯერჯერობით ოჯახი არ მაქვს, მარა‚ ჩვენ ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ, არც მე ვაძლევ უფლებას‚ რომ ჩემს პირად საქმეში ჩაერიონ და არც ისინი აძლევენ თავიანთ თავს. რა თქმა უნდა‚ სოფელში გავიზარდე, სოფლელი ადამიანი ვარ, სოფელში გაცილებით ადრე შეიძლებოდა, ოჯახს მოვკიდებოდი, არაა მაი გამორიცხული და არც ვარ წინააღმდეგი, სოფლიდან ავირჩიო. ისე მივილტვი ჩემი სოფლისკენ, რომ არც ერთ მიზეზს არ ვტოვებ‚ არ წავიდე. თუ რამე კარგი თვისება არის ჩემში, ყევლაფერი იქიდან გამომყვა.
– ისე, არავის უცდია შენთვის ქალის გარიგება?
– აღმოვჩენილვარ სუფრასთან მსგავს სიტუაციაში‚ ამ ბოლო დროსაც კი – აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ვიღაცის გარიგება უნდათ. მგონია‚ რომ ჩემს პატივსაცემად გაიშალა სუფრა, მერე ვხვდები‚ რომ‚ თურმე‚ გადანახულებაზე ამოვყავი თავი და ვინცხა უნდა შევათვალიერო. ამ დროს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, ვტოვებ სუფრას და მოვდივარ სახლში. მიმაჩნია‚ რომ არავის დახმარება ამ საკითხში არ მჭირდება. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ამ საქმით არიან დაკავებულები. არა მგონია‚ ეს საინტერესო საქმე იყოს და, ვერ ვხვდები‚ რატომ არ შეუძლია ამ ხალხს, თავიანთი ცხოვრება უფრო საინტერესოდ დაგეგმონ – ნუთუ ამაზე საინტერესო არაფერია?! მაჭანკლობის მართლა არ მესმის და რა ვქნა? ეს თვითონ უნდა გადავწყვიტო.
– რა შეგიძლია‚ საყვარელი ქალისთვის გააკეთო?
– ყოლიფერის გაკეთება შემიძლია... შემიძლია‚ მისთვის არ დამეძინოს.
– ოჰ, ძალიან მოიხიბლება ან იდარდებს...
– შემიძლია‚ ისე გავაკეთო‚ რომ მისთვის არც დღე იყოს, არც ღამე, მაგრამ, ეს არ უნდა იყოს ის უძილო ღამეები‚ რომ შემდეგ ინანოს. სხვათა შორის, როცა ასეთ მდგომარეობაში ვარ, სულ მშია. სტრესთან დაკავშირებითაც მემართება ასე – როცა გადაღლილი ვარ, როცა სანერვიულო მხვდება და რთული დღე მაქვს‚ მადა მაქვს გაძლიერებული. დამიხრჩვია ადამიანი ყვავილებში – მე რომ ადამიანი შემიყვარდება‚ ხომ წარმოგიდგენია‚ იმას რა რაოდენობის ყვავილი ექნება ირგვლივ. ალერგია რომ დაემართება‚ წარმოგიდგენია?
– ვის დაემართა შენზე ალერგია?
– არა‚ კაცო, ჩემზე კი არა‚ ყვავილებზე. იმდენად მძაფრი ალერგია დაემართა იმ გოგოს, მშობლებმა იტალიაში გადააფრინეს, გამოიკვლიეს სასუნთქი გზები, თხუთმეტი სხვადასხვა ჯიშის ყვავილის მტვერი ამოუღეს იმის დასადგენად‚ თუ რომელ მცენარეზე ჰქონდა რეაქცია და ამ თხუთმეტი მცენარის სია რომ ჩამოწერეს, სუყველა ჩემგან მირთმეული იყო. არაფერი კარგი არ მოჰყვა ამ ურთიერთობას, მაგრამ, არა ამ ალერგიის გამო – ალერგიანიც მიყვარდა დიდხანს, სხვა მიზეზებით დავშორდით. როცა ვინმე მიყვარს, რომანტიკულ საღამოებს ვაწყობთ... სხვათა შორის‚ სხვებიც მართავენ აქ რომანტიკულ საღამოებს – მოსულან და უთხოვიათ‚ თუ შეიძლება, თქვენი სივრცე დაგვითმეთო და დავთანხმებივარ. იცი? ერთი ძალიან კარგი, სიმპათიური ბიჭი მოვიდა, მიხვდებოდი‚ რომ მართლა კარგი ოჯახის შვილი იყო, მოვიდა და მთხოვა: ძალიან შეყვარებული ვარ, ვერაფერს ვუხერხებ ამ გოგოს და იქნებ დამეხმარო... თქვენზე ამბობენ‚ ძალიან რომანტიკოსი ხართ და, გთხოვთ‚ მომეხმაროთ‚ რომ მოვხიბლოთ ეს ადამიანიო. როგორც ჩემი სიგიჟეებისას გამიკეთებია, ასე გულწრფელად დავუდექი გვერდით და, მე მგონი‚ გადავრიეთ ერთად, ისეთი საღამო მოვუწყვეთ – ვიოლინო, სანთლები და რა ვიცი… მეც მქონია ასეთი საღამოები‚ აბა‚ არა?! ფოირვერკები და მთელი ამბები, მაგრამ, რა შედეგი?
– თვითონ არ გიკეთებენ საჩუქრებს?
– ჩემთვის საჩუქრის შერჩევა ხომ რთულია – არ გამოსდით ხოლმე ხშირად და მაშინ ვხვდები‚ რომ ვერ მიცნობენ; ისეთ რამეს მჩუქნიან, რომელიც ჩემთვის არ არის ფასეული. ხშირად მჩუქნიან‚ რაც ჩემთვის არ არის ფასეული და არ მომწონს‚ თავის გზას მოვუძებნი – გავასაჩუქრებ. მიყვარს საჩუქრები, მაგრამ, ხშირად არ ემთხვევა ჩემს გემოვნებას და ეს საჩუქარი მეუბნება იმას, რომ ეს ადამიანი ვერ მხედავს სწორად.
– შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, მგონია‚ რომ გრძნობებს ხმამაღლა ვერ გამოხატავ, გოგოსთან რამეზე ლაპარაკი გერიდება?
– მე ვარ ადამიანი‚ რომელსაც გრძნობების გამომჟღავნების არ ერიდება. ხშირად ნახევარი თბილისი მეორე ნახევარს ეჭორავება ჩემს გრძნობებზე და ეს მაბრაზებს. ყვებიან, რომ, თურმე, ასე უყვარს, ისე უყვარს, იქ წაუყვანია, აქ წაუყვანია, ის უჩუქებია, ეს უჩუქებიაო. ტყუილი არაა, მარა, ის მაკვირვებს – რატომ არ აქვთ ამ ხალხს სხვა‚ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი‚ ჩემზე რომ ლაპარაკობენ?!
– როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ქმრის როლში?
– მე რომ ცოლს მოვიყვან‚ სავარაუდოდ‚ ბევრ რამეზე მომიწევს უარის თქმა, რაღაც-რაღაცეების შეკვეცა. ასე გალაღებული‚ ახლა რომ ვარ, ალბათ‚ აღარ ვიქნები, მაგრამ, ისე, არა მგონია‚ ბევრი რამის შეცვლა დასჭირდეს ჩემს ცხოვრებას. მე ის შემთხვევა ვარ, როცა მე უნდა ამეწყოს ადამიანი. მიმაჩნია‚ რომ ბევრ საინტერესო რამეს ვაკეთებ და ამის დათმობა‚ ალბათ‚ არ ღირს. თუ თვითონ შემომთავაზებს უფრო საინტერესო საქმეს, კი ბატონო. ძალიან მინდა‚ ხუთი შვილი მყავდეს. ამას წინათ ერთი მღვდლის ოჯახში ვიყავი და ექვსი შვილი ჰყავდათ. ისე შემეხარბა, გინდ დაიჯერე გინდ – არა... მე და ჩემი ძმა ვართ მარტო და სულ მინდოდა კიდევ მყოლოდა დედმამიშვილი.