კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიძნელეებს გაუმკლავდა კარიერის დასაწყისში ირაკლი სირბილაძე და რა შეგრძნება ჰქონდა, როცა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში პირველად მიიწვია

12 და 16 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს მნიშვნელოვანი ორი მატჩის გამართვა მოუწევს უშუალო კონკურენტებთან – ფინეთისა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებთან. ამ ორი მატჩისადმი ქომაგთა ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ ინტერვიუს ფინური „ინტერ ტურკუს” 30 წლის ქართველ ფეხბურთელთან, ირაკლი სირბილაძესთან, იგივე „სიბოსთან”, რომელიც თემურ ქეცბაიამ უკვე გამოიძახა ნაკრებში. ინტერვიუს ჩასაწერად „სიბოს” ფინეთში დავუკავშირდით.
გზა ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობამდე
ირაკლი სირბილაძე: 6 წლის ვიყავი, მამაჩემმა ფეხბურთზე რომ შემიყვანა. თავადაც ფეხბურთელი იყო და მეც ძალიან მიყვარდა სპორტის ეს სახეობა. „ნორჩი დინამოელით” დავიწყე, მათი სკოლა დავამთავრე და საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობა მქონდა კარიერის დასაწყისში. ასე ვთქვათ, იყო ხალხი, ვისაც არ სურდა, ფეხბურთი მეთამაშა. საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დროსაც კი, გოლს რომ გავიტანდი, „კეთილისმსურველები” იძახდნენ: რად გვინდა მაგის გატანილი გოლებიო. თბილისის „ლოკომოტივში” ვთამაშობდი დიდხანს, რამდენიმე წელი და იმ პერიოდში არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია, არავის მივუწვევივარ. ბევრი წინააღმდეგობა მქონდა, თუნდაც უმაღლეს ლიგაში თამაშის დროს. იყო შემთხვევა, ორი გოლი გამიტანია ერთ თამაშში და გუნდის უფროსობას მწვრთნელისთვის უთქვამს, რად გვინდა სირბილაძის გოლებიო, ჩვენ ვინც გვინდა ის ათამაშეთო. ამ ყველაფერს ვუძლებდი, იყო ბევრი უსამართლობა, თუმცა  მე მაინც მჯეროდა, რომ ღმერთის დახმარებით ბევრს მივაღწევდი და ვფიქრობ, გამომივიდა; ფინეთამდე შვედეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში ვცადე ბედი, თუმცა, როგორც ასეთი, კარიერა ფინეთის ჩემპიონატში ავაწყვე. ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი ლაშა ჩხაიძე. თავდაპირველად, სინჯებზე ჩავედი მეოთხე ლიგის კლუბში, იქიდან გადავედი მესამე ლიგაში და მინდა ვთქვა, რომ სანამ ფინეთში ფეხს მოვიკიდებდი, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. მარტო  ვიყავი, მეგობრები კი მეხმარებოდნენ, მაგრამ ყველას თავისი პრობლემა აქვს და სულ მეგობრის იმედზე ხომ ვერ იქნები. საშინელი ზამთარი იცის აქ, 30-40 გრადუსი ყინვები. არაფერი მქონდა, ტანსაცმელიც კი და ვიყინებოდი. ფულიც არ მქონდა. ეს არის ფინეთის ჩრდილოეთი მხარე და ნამდვილი საყინულეა. ქუჩაში გასვლა იყო კოშმარი, სახლში მისულიც ვერ ვთბებოდი ისე ყინავდა. თუმცა, ყველა სიძნელე დავძლიე. როდესაც პირველი ლიგის გუნდში მიმიწვიეს სინჯებზე, იქ ვთქვი, რომ საუკეთესო უნდა გავხდე-მეთქი. მონდომება არ მაკლდა. ვითამაშე ძალიან კარგი სეზონი, გავხდი ბომბარდირი, წლის საუკეთესო ფეხბურთელი და წლის საუკეთესო თავდამსხმელი. ეს ხდებოდა 2010 წელს. თუმცა, სანამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი ვიღაც-ვიღაცეები, ქართველები, რა თქმა უნდა, იძახდნენ, ეს რა ფეხბურთელია, მაგან რა უნდა ითამაშოს, მეორე ლიგასაც ვერ გასცდებაო. როცა დავიწყე გოლების გატანა, მერე დამიწყეს რეკვა, დამეკონტაქტნენ, შენ რა მაგრად თამაშობო, რატომ არ გვითხარი მანამდე, კარგ გუნდში გადაგიყვანთ, შენი მენეჯერები ვიქნებითო. ქუჩაში რომ ვიყავი, უგუნდოდ და უყველაფროდ, იყვნენ ადამიანები, ვისაც შეეძლოთ დახმარება. იცოდნენ, რა დღეში ვიყავი და ჩემზე ამბობდნენ, ეგ მანდ ფეხბურთს ვერ ითამაშებსო. თამაში რომ დავიწყე, ზუსტად იგივე ხალხმა მითხრა, ჩვენ ხომ მეგობრები და ძმაკაცები ვართო. მე პასუხი არ გამიცია მათთვის, ერთი ის ვუთხარი, ჩემით გავაკეთებ ყველაფერს და არავის დახმარება არ მჭირდება-მეთქი. ამჟამად „ინტერ ტურკუში” ვარ, ორწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს („ინტერ ტურკუ” ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო თავად ირაკლი ფინეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 15 გატანილი გოლით – ავტორი).
ფინური ფეხბურთი
სერიოზული ჩემპიონატია ფინეთში, საუცხოო პირობებია და არცთუ ხელწამოსაკრავი გუნდები მონაწილეობენ. ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ, რომ ფეხბურთი ითამაშონ და არ იფიქრონ გაფუჭებულ მოედანსა და უვარგის ბუცებზე. ყველა პირობა გაქვს, გაძლევენ საჭმელს, სპორტულ ფორმას, ავტომობილსა და ყველაფრით უზრუნველყოფილი ხარ. ძალიან მკაცრი ზამთარია ფინეთში, მაგრამ აქ ისეთი ბალახია, ვფიქრობ ხოლმე, რატომ არ არის ასეთი ბალახი თბილი ქვეყნების მოედნებზე, იგივე საქართველოში. წელიწადში 9 თვე ზამთარია, ფაქტობრივად,  და ამის მიუხედავად, სავარჯიშოდ და სათამაშოდ ყველა პირობა აქვს ფეხბურთელს. საკმაოდ დიდი ტრამპლინია ფეხბურთელისთვის – თავს თუ გამოიჩენ, აუცილებლად წახვალ ევროპის კარგ გუნდებში. ტური ისე არ გავა, ცენტრალურ მატჩზე მაინც, სადაც ლიდერი გუნდები თამაშობენ, თამაშს ბევრი უცხოელი მენეჯერი და მწვრთნელი არ დაესწროს. კონკრეტულად არ მინდა საუბარი, მაგრამ არის რაღაც ვარიანტები ჩემთან დაკავშირებითაც, რომ უფრო ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში მოვსინჯო ძალები. ესპანური კლუბები მომწონს, მადრიდის „რეალს” ვგულშემატკივრობ.
ცხოვრება მოედანს მიღმა
ტურკუ მეორე ქალაქია ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკიდან 170 კილომეტრითაა დაშორებული, ავტომობილით საათ-ნახევარში ჩახვალ. 180 ათასი კაცი ცხოვრობს, ზღვისპირა ლამაზი ქალაქია. კარგი ხალხი ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ქართველებისგან განსხვავებული, სხვანაირები არიან. ამბობენ, ფინელები ცივები არიანო, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ასე. უფრო ცივი ხალხი ჩრდილოეთში ცხოვრობს და ესენი კონტაქტურები არიან, მეგობრული. მე პირადად, ძალიან ვუყვარვარ მათ და პატივს მცემენ. ანალოგიურად ვარ განწყობილი მათ მიმართაც. თავის ქებაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ტურკუში მცხოვრებ მანდილოსნებში ძალიან პოპულარული ვარ და ზოგადად, ფინეთშიც. სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ მთელ ფინეთში მიცნობენ. სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ მათგან. ფინელებს ძალიან ლამაზი გოგოები ჰყავთ, ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ საერთოდ, ფინელი ქალი ლამაზია. ძირითადად, ქერები, ღია ფერის ქალები არიან. დაოჯახებული არ ვარ, თუმცა დროა, ალბათ. 30 წლის გავხდი და ძიებაში ვარ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ქართველი კაცისთვის ქართველ ქალზე კარგი არ არსებობს. გართობას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, ძირითადად, ვარჯიშზე ვარ გადართული – გუნდთან ერთად და შემდეგ ცალკე, მარტოც სულ ვვარჯიშობ. უფრო სახლში ვისვენებ, მაგრამ თუ ხდება, რომ თამაშის შემდეგ ბიჭები ვიკრიბებით, მივდივართ კლუბებში, დედაქალაქში. მაგრამ, არა მხოლოდ ღამის კლუბებში, სხვაც ბევრი გასართობია – ბოულინგი, ბილიარდი. ფინური საუნა განთქმულია მთელ მსოფლიოში. ჩვენს გუნდს საკუთარი საუნა აქვს და ძალიან კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის, სასიამოვნოა თამაშის შემდეგ იქ დასვენება, თუმცა, მე ნაკლებად მიყვარს საუნა. ფინელები ძალიან მსმელი ხალხია, ქართველები არაფერი არიან მათთან შედარებით. უყვართ ლუდი, ვისკი, არაყი. მე გავასინჯე ქართული ღვინო და ძალიან მოეწონათ. შეიძლება, ითქვას შეუყვარდათ. პირადად მე არ ვარ მსმელი. საჭმელები კი გემრიელი აქვთ, უფრო ხორცი და თევზეული. მე თვითონ ვიმზადებ ჩემთვის კერძებს, ყველაფრის გაკეთება ვიცი, ნამცხვრის გამოცხობაც კი. კარგი მზარეული ვარ. მეხერხება ის, რაც მჭირდება. ამას წინათ ბაჟეში ჩადებული ქათამი გავაკეთე და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ხინკლის მოხვევაც ვიცი, მაგრამ ნაკლებად ვჭამ. მძიმე საჭმელებს ვერიდები, ჩემი რეჟიმი მაქვს. ჩემმა მეგობარმა, ცხონებულმა გოგიტა ლობჟანიძემ მასწავლა, „ლოკომოტივში” ექიმი იყო.
ეროვნული ნაკრები
სიმართლე გითხრათ, ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი. უკვე ვთქვი, რომ არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია და როდესაც ნაკრებიდან მოწვევა მომივიდა, ძალიან გამიხარდა. მანამდე რამდენი მწვრთნელი იყო ნაკრებში და არც ერთხელ არ დაინტერესებულან ჩემით, ვარჯიშებზეც კი არავის მივუწვევივარ. თემურ ქეცბაიას მადლობელი ვარ, რომ შანსი მომცა, ვფიქრობ, შრომა დამიფასდა. ახალი ფეხბურთელი ვარ ნაკრებში და  კარგი სიტუაცია დამხვდა. ბიჭების უმეტესობას ვიცნობ და მეგობრული გარემოა. ესპანელებთან მესამე მატჩი იყო ჩემთვის ნაკრებში და მგონი, ცუდად არ გვითამაშია. ფრეს თამაში შესაძლებელი იყო. მაგარი შეგრძნებაა, როცა ასეთი ტიტულოვანი ნაკრების წინააღმდეგ თამაშობ. მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონები – ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყველას სურვილია. საუკუნეში ერთხელ ხდება, მგონი, ასეთი რამ. ყველა გუნდთან შეიძლება თამაში და მათ შორის ესპანელებთანაც. თუნდაც ის, რომ კასილასი ხელს ჩამოგართმევს და გეტყვის, წარმატებას გისურვებო, ნამდვილად კარგი შეგრძნებაა. ფინეთის ნაკრებთან გვიწევს თამაში და ვფიქრობ, ეს ნამდვილი ბრძოლა იქნება, შანსები კი 50/50-ზეა. ძლიერი გუნდი ჰყავთ ფინელებს, რამდენიმე ჩემი მეგობარი თამაშობს. ჩემი გუნდელი ფინეთის საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება (მიკა ოიოლა – ავტორი). ჰელსინკიში, ალბათ, ერთად მოგვიწევს ჩასვლა, სადაც ნაკრებები შეიკრიბებიან. გარდა ამისა, ძმებ ერიომენკოებთან ვმეგობრობ, ყაზანის „რუბინში” თამაშობენ. ფეხბურთელების უმეტესობა ლეგიონერები ჰყავთ – ჰოლანდიის, ბელგიის, რუსეთის, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონატებში თამაშობენ და ძლიერი ნაკრებია. იოლი თამაში არ გვექნება. გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფი საკმაოდ რთულია. ესპანეთისა და საფრანგეთის გარდა, ძლიერია ბელარუსი, რომელსაც თბილისში მოვუგეთ და ეხლა გასვლითი მატჩი გვექნება. ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვნახავთ, რა გამოვა.

скачать dle 11.3