როგორ გახდა მორის ჯანაშვილი ისრაელში ქართული ტელევიზიის შეფი და რატომ გადაიხადა მან წელიწად-ნახევარში ოთხი ქორწილი
მორის ჯანაშვილი მათ შორისაა, ვინც საქართველოდან ათეული წლების წინათ წავიდა, თუმცა ამ ქვეყანასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. უფრო მეტიც, როგორც თავად ამბობს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში, ბოლომდე მათიანი მაინც ვერ გახდა. ყოველთვის ენატრება თბილისი, სადაც დარჩა ის, რასაც ვერასდროს შეელევა. ბატონი მორისი ისრაელში წარმატებული ადამიანია, ხელმძღვანელობს ქართულ ტელევიზიას და ცნობილ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს. თავისი ხელოვნებით ის ერთგულად ემსახურება ქართველთა და ებრაელთა საუკუნოვან მეგობრობას.
მორის ჯანაშვილი: როცა საქართველოდან ისრაელში წამოვედი, თექვსმეტი წლის ბიჭი ვიყავი. ჩვენი წასვლა იმ მდგომარეობამ გამოიწვია, რაშიც მე და დედა აღმოვჩნდით. მოულოდნელად, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა მამაჩემი. ოპერაცია გაუკეთეს და ექიმების შეცდომის შედეგად ცოცხალი ვეღარ გადარჩა. მამა თბილისში ცნობილი საქმოსანი იყო. ის კურირებდა საქართველოში ტექსტილის შემოტანას და ვაჭრობის სისტემაში გავლენიანი კაცი გახლდათ. დიდ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მამას გარდაცვალებას მოჰყვა ბევრი სხვა უბედურებაც ჩვენს ოჯახში – გარდაიცვალა ბებია, ბაბუა, დეიდაჩემი. დედა ხშირად დადიოდა მათ საფლავებზე. ერთხელაც უთხრეს, თუ გინდა რომ იცოცხლოთ, აქედან წადითო. ჩემთვის, პატარა ბიჭისგან აქედან წასვლა რთული იყო. ექსტერნად დამამთავრებინეს სკოლა, ჩამაბარებინეს გამოცდები და ისე გამომიშვეს ისრაელში. სხვა ქვეყანაში გადასვლა საცხოვრებლად იოლი არ იყო. დიდი სახლი გვქონდა, ყველაფერი უნდა წაგვეღო. მახსოვს, დიდი ოთახის ტოლ 14 ყუთში ჩაალაგეს ყველაფერი... რთული იყო ბიუროკრატიული პროცედურებიც. ჩემი, როგორც არასრულწლოვნის ფოტო დედაჩემის პასპორტში ჩააკრეს, მაგრამ ყველაზე ძნელი და ემოციური იყო განშორება სკოლასთან, მეგობრებთან. ცრემლიანი თვალებით დავტოვე თბილისი.
– იცოდით, სად მიდიოდით? როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება უცხო ქვეყანაში?
– როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება, ამას წინასწარ როგორ გავთვლიდით. თუმცა, დაახლოებით ვიცოდით, სადაც მივდიოდით. ისრაელში გვყავდა ნათესავები, ეს იყო ჩვენი სამშობლო, მაგრამ არც შენი მიწა-წყლის დატოვებაა იოლი, სადაც დაიბადე და გაიზარდე. თან, მაშინ ასე იოლი არ იყო მოხვედრა ამ ქვეყანაში, როგორც ახლაა. იმ პერიოდში ისრაელთან საბჭოთა კავშირს თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობები. პატარა ბიჭი ვიყავი და სანამ აზრზე მოვედი, გამიჭირდა, ენაც კი არ ვიცოდი. აქ დავიწყე ივრითის შესწავლა. სანამ მე და დედას სახლს მოგვცემდნენ, დავსახლდით პატარა ქალაქში თელ-ავივთან. მე მალე მომიწია სავალდებულო სამხედრო სამსახურმა. სწორედ მაშინ დაიწყო „ლიტანის” ოპერაცია, რომელიც ომში გადაიზარდა. მე საზღვარზე ვმსახურობდი და ამ სამხედრო ოპერაციაში მივიღე მონაწილეობა. ასე მოვხვდი ომში, რომელიც დღემდე შემორჩა ჩემს ყველაზე მძიმე მოგონებებს. ომის დამთავრების შემდეგ, დავუბრუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას და ხელი მოვკიდე იმ საქმეს, რომელიც მიყვარდა. ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემი გატაცება. სკოლაში მუსიკალურ კლასში ვიყავი ჩართული, სცენის, სიმღერისა და ცეკვის ნიჭით გამოვირჩეოდი. განთქმული ანსამბლების – „ივერიის”, „ორერას”, „დიელოს” რეპეტიციებს არ ვაცდენდი. შევიპარებოდით ხოლმე ფილარმონიაში და ამით ვცხოვრობდით. ისრაელში ჩამოსულს თბილისური წარსული ძალიან გამომადგა.
– იოლად შეეჩვიეთ ცხოვრების აბსოლუტურად სხვა წესს თქვენთვის უცხო ქვეყანაში?
– მე მაინც ბოლომდე ვერ გადავედი აქაურ წესზე, ბოლომდე აქაური ვერ გავხდი. დღემდე მაქვს შენარჩუნებული თბილისური ტრადიციები, მათ შორის ქართული სუფრაც კი (იცინის). საქმემ, რომელსაც მე ვაკეთებდი, ქართული ხელოვნების სამსახურმა შემინარჩუნა ჩემი იქაურიც და აქაურიც, რაღაცნაირად თბილისში ჩამტოვა (იცინის). სანამ ჩემს ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს შევქმნიდი, რომელსაც უკვე 30 წელი შეუსრულდა, მე გამოვდიოდი აქაური ქართული თეატრის სცენაზე. მერე მოვხვდი ქართული ცეკვის ანსამბლში, რომელიც არა მხოლოდ ისრაელში, ევროპასა და ამერიკაშიც პოპულარული იყო. მერე იყო კვარტეტი „კორანი”, ცნობილი ანსამბლი ისრაელში. ახალჩამოსულმა, ჩემი შემოქმედებით რაღაცნაირად ვუწამლე ჩემნაირებს. დღეს ჩემი ანსამბლი, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ძალიან პოპულარულია მთელ ისრაელში. მე დღემდე ქართულ სიმღერებს ვმღერი. შემეძლო შემემოკლებინა გვარი, შემეცვალა ჩემი სიმღერის სტილი, გავმხდარიყავი ისრაელელი მომღერალი, მაგრამ ვერ შევძელი. რომ დავინახე ეს ხალხი, თვალცრემლიანი, საქართველომონატრებული, ნოსტალგია რომ ახრჩობდათ, ამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. მე თვითონაც ხელოვნებამ გადამარჩინა ნოსტალგიის მძიმე ემოციებისგან. 1985 წელს ისრაელში ქართული სიმღერის ფესტივალი შედგა. მე შევასრულე სიმღერა „ორი სამშობლო” და გავიმარჯვე. შემდეგ ფესტივალზე, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, აღარ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ მითხრეს, შენ უნდა იმღეროო. დავწერე სიმღერა „ბედის ვარსკვლავი”, რომლითაც ისევ მე გავხდი გამარჯვებული. მიხვდნენ, რომ არ უნდა გამოვეყვანე მეორედ, ამის შემდეგ ფესტივალები აღარ გაუკეთებიათ (იცინის).
– თქვენ ხელმძღვანელობთ ქართულ ტელევიზიას ისრაელში, ეს ტელევიზია როგორ შეიქმნა?
– ეს ტელევიზია ჩემი ჩანაფიქრი იყო. მისი განხორციელება 90-იან წლებში დავიწყე. თანამშრომლობის ბევრი მცდელობა მქონდა ისრაელის მედიაოპერატორებთან, რომელთაგანაც საკმაოდ ბევრ ბარიერს ვაწყდებოდი. როცა მათ ჩემს ჩანაფიქრზე ვესაუბრებოდი, მახსოვს, მეუბნებოდნენ: ჩემი ბიჭი, საიდან ჩამოფრინდი, მიწაზე დადექიო (იცინის). ამის მიუხედავად, ხელი არ ჩავიქნიე და ბევრი პრობლემა გადავლახე. ადამიანი ცხოვრების პირველ ნახევარში მუშაობს თავისი სახელისთვის, მეორე ნახევარში სახელი მუშაობს მისთვის. ამ გადასახედიდან, საკმაოდ ბევრი ვიშრომე, რომ აქამდე მოვსულიყავი. ეს ყველაფერი ხეზე არ იკრიფება. დღეს ისრაელის ქართულენოვანი სატელევიზიო არხი, ისრაელის ორივე ცნობილი ოპერატორის მეშვეობით ფარავს ისრაელის ტერიტორიას. საინფორმაციო გამოშვებებსაც კი ვუშვებთ. „კურიერი” პირდაპირ ეთერში გვაქვს. ეს არხი ქართველი ებრაელებისთვის და მათთვისაა, ვინც სხვადასხვა ფორმით არის დაკავშირებული საქართველოსთან. ეს მათთვის დიდი სულიერების წყაროა. როგორც გითხარით, მე მახსოვს ის დრო, როცა ქართველ ებრაელებს ნოსტალგია ახრჩობდათ. მე მაშინ ახალჩამოსული ვიყავი. მოგვიანებით, ეს გზა მეც გავიარე, არ იყო იოლი..
– როგორც ამბობენ, თქვენ ხართ გია დანელიას ფილმის „პასპორტის” მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი. ასეთი იყო თქვენი ემიგრანტული ისტორიაც?
– ჰქონდა ამ ორ ისტორიას რაღაც საერთო. სამშობლოდან წასული ყველა ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს ჰგავს. რაც შეეხება ფილმს, 1987 წელს გია დანელია და რეზო გაბრიაძე ჩამოვიდნენ ისრაელში. ფილმის სცენარის შეკვრაზე მუშაობდნენ. სცენარი ჩემ თვალწინ იქმნებოდა, ჩემს პროტოტიპზე. მთავარი გმირის როლი მე უნდა მეთამაშა. 1988 წელს გიამ ვიზა გამომიგზავნა, რომელიც პარიზში, საბჭოთა კავშირის საელჩოში დამიდასტურეს. ჩავფრინდი მოსკოვში. 1988 წელს მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ისრაელის პასპორტით საბჭოთა კავშირში ჩავიდა. მოსკოვში გადამიღეს სინჯები, თუმცა მოგვიანებით, ამ როლზე ვეღარ დამამტკიცეს. ფილმის გადამღებ ჯგუფს ფული შემოაკლდა. ერთმა ფრანგმა პროდიუსერმა ფული იმ პირობით შესთავაზათ, რომ ფილმში ფრანგ მსახიობს დააკავებდნენ, მან მართლაც არაჩვეულებრივად შეასრულა ეს როლი. მე ამ ფილმიდან ბევრი რამ „დამრჩა“. როცა მოსკოვში ჩავედი, ცოტა ხანში გია დანელიამ მითხრა: ვიცი, როგორ გინდა თბილისში წასვლა, 20 დღით გაგიშვებო. ეს იყო ჩემი პირველი ჩამოსვლა თბილისში საქართველოდან წასვლის შემდეგ. აეროპორტში დამხვდნენ ახლობლები, იყო დიდი ემოციები. ვიჯერე გული, 20 დღეში 20 კილო მოვიმატე და ასე დავბრუნდი უკან (იცინის).
– დღეს ისევ იმ პატარა ქალაქში ცხოვრობთ, სადაც დედასთან ერთად ჩახვედით?
– არა, დღეს ვცხოვრობ დიდ ქალაქში, თელ-ავივში. დედა ისე გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. დღეს დიდი ოჯახი მაქვს, მეუღლე ჩემსავით ქართველი ებრაელია. მასზე 1980 წელს დავქორწინდი. მყავს ოთხი შვილი – სამი ბიჭი, ერთი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი. ჩემი შვილები ჩემს გზას არ გაყვნენ. უფროსი ბიჭი კარგად მღერის, მაგრამ სხვა გზა აირჩია – დიზაინერული კომპანია აქვს. ჩემთანაც მუშაობს, ტელევიზიის ფინანსური განყოფილების უფროსია. 1994 წელს ჩემი შვილებიც ჩამოვიყვანე თბილისში. ორივე ფეხბურთს თამაშობდა. დიდი ტურნირი ჩავატარეთ თბილისში. ხშირად ვხუმრობ ჩემს ოჯახზე – გინესის წიგნში ვართ შესაყვანი, წელიწად-ნახევარში ოთხი ქორწილი გვქონდა ოჯახში (იცინის).
– ამ პომპეზურ ქორწილებზე თბილისშიც კი ლაპარაკობდნენ.
– კარგი ქორწილები იყო, ლამაზი, კარგი სტუმრებით და ქართულ-ებრაული ხელოვნებით. საბედნიეროდ, დღეს არის იმისი საშუალება, რომ ჩემს ქართველ კოლეგებთან მქონდეს აქტიური კავშირები. ისინიც ჩამოდიან აქ და ბოლო წლებში მეც უკვე ხშირად ვარ თბილისში. დღეს ნოსტალგია სხვა ემოციებმა შეცვალა. როცა გაქვს შანსი სადმე ხშირად ჩახვიდე, უფრო შენიანი ხდება ის ქალაქი. თბილისი ჩემთვის სამშობლოა, მანდ მყავს უახლოესი მეგობრები, მანდ არის მამაჩემის საფლავი, სადაც ყოველ ჩამოსვლაზე მივდივარ. ბავშვობა და მოგონებები ის კავშირია, რომელიც არასდროს წყდება...