კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დააკანონა ქეთა თოფურიამ ქორწინება ჯვრისწერით და რის გამო თქვა მან უარი გრანდიოზული ქორწილის გადახდაზე

მომღერალი ქეთა თოფურია, როგორც ყოველთვის, აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას რუსულ შოუ-ბიზნესში. „ა სტუდიოს” ქართველი სოლისტი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ქეთას არჩევანი ბოლო დროს ყველასთვის ცნობილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ლევ გეიხმანთან ერთად ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუკანონებია, ერთად ცხოვრობენ, თავს კარგად გრძნობენ და მალე ოჯახის ახალი წევრის შემომატებაზეც კი ფიქრობენ. რა სიახლეებია ქეთას პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– რა სიახლეა შენკენ, ამჟამად რაზე მუშაობ?
– ცოტა ხნის წინ 25 წლის საიუბილეო კონცერტი გვქონდა კრემლის სასახლეში. მართლა ძალიან დიდი შოუ მოვაწყვეთ. ეს კონცერტი ტელევიზიის ეთერითაც გავა მალე, რის შემდეგაც ტურში მივდივართ, რომელიც ყაზახეთიდან დაიწყება. გამოვიდა „ა სტუდიოს” ახალი კლიპი, რომელსაც „პროსტო პრაშაი” ჰქვია. ვმუშაობთ ახალ ალბომზეც, რომელიც გაზაფხულისთვის გამოვა გასაყიდად. ძალიან გააქტიურებულები ვართ.
– თბილისში ხომ არ გეგმავ ჩამოსვლას?
– დიდი ხანია, არ ვყოფილვარ თბილისში. მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ, ვიფიქრე, არჩევნები რომ ჩაივლის და ყველაფერი ჩაწყნარდება, მერე ჩავალ-მეთქი. როგორც ვიცი, უკვე სიწყნარეა და, თვის ბოლოსთვის ალბათ, ჩამოვალ. 
– საქმიანი ვიზიტით ჩამოხვალ თუ მეგობრების მოსანახულებლად?
– თბილისი და მეგობრები მომენატრნენ და ამიტომ.
– შენ შესახებ, როგორც ყოველთვის, ცხელ-ცხელი ჭორები ვრცელდება. ბოლო ჭორს რაც შეეხება, ის არის, რომ ქეთა თოფურია მოსკოვში „გამცილებლად“ მუშაობსო.
– ეგ რას ნიშნავს?
– როგორც ამტკიცებენ,  შეიძლება, ქეთა თოფურია თავშეყრის ადგილებში ვიხილოთ ამა თუ იმ მილიონერი პიროვნების თანმხლებ პირად. ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს ესა თუ ის ბიზნესი და ბევრი ფული და სურს, ვარსკვლავურ გარემოცვაში გაატაროს საღამო, გაიცნოს სხვადასხვა ცნობილი სახე, გიხდის ფულს იმისთვის, რომ შენ მასთან ერთად მიხვიდე ასეთ ადგილებში და წარუდგინო ის შოუ-ბიზნესის ელიტას.
– არა, რა სისულელეა! გამცილებელი არა, გამომცილებელი! მაგდენი დრო სად მაქვს, ვიღაცეები აქეთ-იქით ვატარო და ხალხი გავაცნო. ვიღაცეების ტარება კი არა, მე თვითონ მეზარება „ტუსოვკებზე” სიარული. ჩემს ცხოვრებაში იმდენად ბევრია კონცერტები და ღონისძიებები, ძალიან ვიღლები. ამიტომ, ვცდილობ, თუ ძალიან აუცილებელი არ არის, არც წავიდე და სახლში ვიყო, რაც მე საერთოდ არ მახასიათებს. მართალია, ბევრმა, შეიძლება, არც დაიჯეროს, რომ სახლში მირჩევნია თავისუფალ დროს ყოფნა, მაგრამ, ნახევრად პენსიონერი გავხდი.
– როგორ ფიქრობ, რამ შეგცვალა – ბევრმა მუშაობამ და გადაღლამ თუ, წლების მატებასთან ერთად მოგინდა ოჯახური იდილია?
– პირველ ყოვლისა, ალბათ, იმან, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ. როცა დასვენების დღე მაქვს, მინდა, მხოლოდ ის ხალხი ვნახო, ვისთან ერთადაც ვისვენებ, ვინც არ მგრუზავს და ენერგიას არ მართმევს. კაფეებში ჯდომაც მომბეზრდა, აღარ შემიძლია. ადრე თუ კაფეში მივდიოდი მეგობრებთან ერთად, ახლა ვცდილობ, რომელიმესთან სახლში მივიდე. შეიძლება, ზედმეტმი ყურადღებაც მღლის. ადრე, ალბათ, მსიამოვნებდა ხალხის ყურადღება, ახლა კი ცოტა დავიღალე ზედმეტი ყურადღებით და დაჟინებთ რომ მიყურებენ ვითრგუნები და ძალიან ვიღლები. ამიტომ, მირჩევნია, მეგობრებთან ერთად მშვიდ და წყნარ გარემოში გავატარო თავისუფალი დრო, რომელიც ისედაც ცოტა მაქვს.
– ასე მგონია, სხვაზე ლაპარაკობ, რადგან, ადრე ძალიან აქტიური და კლუბური ცხოვრების მოყვარული იყავი.
– ხომ ხედავ, დავბერდი, უკვე 26 წლის გავხდი.
– დაბადების დღე სად აღნიშნე?
– გერმანიაში ვიყავით, სადაც კონცერტი გვქონდა. გერმანიაში გასულ წელსაც ვიყავით ტურზე, თითქმის ყველა ქალაქი მოვიარეთ. ჩვენს მოსასმენად, პირველ ყოვლისა, ემიგრანტები მოდიან და დარბაზი ყოველთვის გადავსებულია, რაც ორმაგი პოზიტივია ჩვენთვის.
– კიდევ რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?
– ადრე გადაღლილობის გამო აღარ ვვარჯიშობდი, მაგრამ, ახლა გადავწყვიტე, როგორც ადრე, ისევ იოგათი დავკავდე და ვივარჯიშო.
– პირად ცხოვრებაში ხომ არ არის ცვლილება?
– არა, ჩემს პირადში ყველაფერი ძველებურად და სტაბილურად არის. მშვენივრად ვგრძნობ თავს. ყველა მეუბნება, ქორწილს რატომ არ აკეთებო. ტვინი წამიღეს, უკვე „მეღადავებიან“, პური მაინც გვაჭამეო. არ მაქვს დიდი ღონისძიების გაკეთების სურვილი. მინდოდა პატარა ქორწილის გადახდა, მაგრამ, არ გამოდის, რადგან, ყველა ვარიანტში ვიღაც მაინც ნაწყენი დარჩება. თუ გავაკეთებ, ძალიან დიდი ქორწილი უნდა გავაკეთო, რაც არ მინდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ დიდი ქორწილი სტუმრებისთვის არის, შენ თვითონ კი ვერ ერთობი. რაც კი ჩემი დიდი დაბადების დღეები გადამიხდია, გამოცდილება მივიღე და, მივხვდი, რომ ასეთ დროს მე თვითონ დიდად ვერ ვერთობი. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის რის, რომ, სულ მინდოდა, თეთრი კაბა ჩამეცვა, რაც არ გამომივიდა.
– მართალია, დიდი ქორწილის გადახდა არ გინდა, პატარა კი არ გამოდის, მაგრამ, ურთიერთობის დაკანონებას რაც შეეხება?
– ქორწინების ერთადერთი დაკანონება, რისიც მე მწამს, არის ჯვრის დაწერა, მაგრამ, ჯვარს ვერ დავიწერთ, რადგან მე მართლმადიდებელი ვარ, ხოლო ჩემი ბიჭი ებრაელია. ამიტომ, რადგან ჯვარს ვერ ვიწერთ და ქორწილს არ ვიხდით, ერთადერთი, ხელის მოწერა დაგვრჩა და ამას მოვახერხებთ – ხელის მოწერას ხომ სულ ხუთი წუთი სჭირდება. ერთად ვცხოვრობთ და თავს ორივე ძალიან კარგად ვგრძნობთ.
– თანაცხოვრების დროს ადამიანები ერთმანეთს გაცილებით კარგად იცნობენ და ბევრ სიახლეს აღმოაჩენენ ერთმანეთში.
–  მშვენივრად გავიცანით და ბოლომდე ვუგებთ ერთმანეთს. ამიტომ, ჩვენს ცხოვრებაში კრიტიკული და გაუგებარი მომენტი არ არსებობს. რომც გვინდოდეს, მაინც არ გამოგვივა. დილით, ვიღვიძებთ თუ არა, ის სამსახურში მიდის, ისევე, როგორც მე მივდივარ ჩემს საქმეებზე. საღამოს კი ისევ ვიკრიბებით სახლში. ღმერთის წყალობობით, გვაქვს საშუალება და გვყავს ადამიანი, რომელიც გვეხმარება სახლის საქმეებში.
– ბოლოს და ბოლოს, ცნობისმოყვარე ადამიანების ინტერესი დაკმაყოფილდება. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ქეთა თოფურია ასე უხმაუროდ გათხოვდა?
– დიახ.
– გილოცავ.
– მადლობა.
– მოსკოვში წლების განმავლობაში ცხოვრობდი დედასთან ერთად. როგორ შეეგუა შვილის გათხოვებას?
– ნატას და ლოვას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ამ ფონზეც ძალიან მეგობრული ოჯახი ვართ. როცა დედამ იცის, რომ თავისი შვილი კარგ ადამიანთან ერთად არის და კარგად გრძნობს თავს, ის ადამიანი თვითონაც ძალიან უყვარს და, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა აღარ არის. თვითონაც უხარია, ბედნიერი რომ ვარ.
– როგორ ეგუება შენი მეორე ნახევარი იმ ფაქტს, რომ ძალიან დაკავებული ხარ და ტურნეების სიმრავლეც არ გაკლია?
– თვითონაც ძალიან დაკავებულია და, ამიტომ, თუ დღის განმავლობაში მოსკოვში ვარ, დიდად არ განიცდის უჩემობას. ძირითადად, თითო-თითო დღით მიწევს ქალაქიდან გასვლა, მაგრამ, თუ რამდენიმე დღით ვარ გასული, მაშინ, რა თქმა უნდა, სულ მეუბნება, რომ ვენატრები. ასევე, მეც ძალიან მენატრება. ჩემი აზრით, ეს კარგიც არის, რადგან, ასეთი რეჟიმი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთს თავი მოვაბეზროთ. ჩემსა და ლოვას შორის ყოველთვის არის მონატრება, რაც ძალიან სასიამოვნოა. მოკლედ, ერთმანეთის არჩევანში არ შევცდით.
– ხშირად, ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში ბევრი არაკეთილისმსურველი ერევა. არის შურის ფაქტორიც და ასე შემდეგ. შენს შემთხვევაში ეს არ მოხდა?
– პატარა ქალაქებში უფროა ჭორების მომენტები, თორემ, მოსკოვში ვიღაც ძალიან ცუდად რომ ჩაერიოს შენს ცხოვრებაში და დამპალი ჭორები შეგითითხნოს, დიდად არ ხდება. ხანდახან მენატრება ხოლმე და ვამბობ, თბილისში წავალ, რაღაც ინტრიგას გავიგებ ჩემზე ახალს-მეთქი.
– ორი ადამიანის ერთად ცხოვრება კარგია, მაგრამ, უკეთესია, როცა მესამეც ჩნდება მათ ცხოვრებაში. ბავშვზე თუ ფიქრობთ?
– ბავშვზე უკვე ვფიქრობთ. ალბათ, ცოტა ხანში მზად ვიქნები იმისთვის, რომ დედა გავხდე.
– ქეთა თოფურიას გულშემატკივარს რას ეტყვი ინტერვიუს დასასრულს?
– მიყვარხართ და მენატრებით. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს შესახებ შეთითხნილ საშინელ ჭორებსა და ათას სისულელეს არ იჯერებს და საკუთარი აზრი გააჩნია. ვისაც რამე აინტერესებს, ჭორების მოგონებას, ვურჩევ, მე თვითონ მკითხოს ჩემს ოფიციალურ გვერდზე.

скачать dle 11.3