კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-40(614)

ლუკა აუჩქარებლად ათვალიერებდა ბოლო ხანებში ვასილიჩის მიერ თავმოყრილ მონაცემებს.  საქაღალდე საკმაოდ სქელი იყო: იქ იდო კლიმის დაჯგუფების წევრების ფოტოსურათები, სამისამართო და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები.
– პატივს ვცემ ადამიანს, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე. არც კი ვიცი, რა უნდა გაგვეკეთებინა შენ გარეშე, – ლუკამ კმაყოფილი იერით გახედა ვასილიჩს.
– მე კი მაინცდამაინც არ ვარ კმაყოფილი, – უპასუხა ვასილიჩმა.
– რატომ? – გაუკვირდა ლუკას.
– მე არასდროს ჩავრეულვარ შენს საქმეებში და მომავალშიც ასევე დარჩება. რასაც ახლა გეტყვი მეგობრულ რჩევად მიიღე. უკრაინა დიდი ქვეყანაა. ყველას დაგვიტევს. კლიმი კიევში ჩალიჩობს, ჩვენ – ხარკოვში. ერთმანეთისთვის არასდროს შეგვიშლია ხელი. მასთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს. ამ ომიდან სისხლდაუდენელი ჩვენც ვერ გამოვალთ. რისთვის უნდა გავანადგუროთ ერთმანეთი?!
– სიბერე ხომ არ მოგეძალა, ვასილიჩ? – ჩაიცინა ლუკამ.
– რა შუაშია სიბერე?! – მოიღრუბლა ადვოკატი.
– მაშინ, პირდაპირ მითხარი, მაინც, საით მიგყავს საუბარი?
– ლუკა, შენ უკვე მიაღწიე შენსას – ეკა თავისუფალია. რაში გჭირდება კლიმი და მისი სასტავი?! – ჰკითხა ვასილიჩმა.
– დროდადრო მართლა მაკვირვებ, – ლუკა სავარძლის საზურგეს მიაწვა და სიგარეტს მოუკიდა.
– რით?
– შენ გგონია, რომ ყოველივე ეს ეკას გამო ხდება?
– აბა, რის გამო?
– არა, ვასილიჩ, ეკა არაფერ შუაშია, ეს ჩემი პირადი საქმეა. ჩემს საქმეებს კი „ვერშინას” ჩარევის გარეშეც მოვაგვარებ. მე იმისთვის ვიბრძვი, რომ ახლო მომავალში სამუშაო არ დაკარგო და ცოცხალიც დარჩე!..
– არ გეწყონოს, ლუკა. მაგრამ, მე ვერ ვგრძნობ, რომ ასე ცუდად იყოს საქმე, – ჩაილაპარაკა ვასილიჩმა.
– ცუდადაა... მენდე, ვასილიჩ, ცუდადაა. გუსმანმა წინადადება არ შემომთავაზა; ასეთი ძალაუფლების მქონე ადამიანს არაფერი აქვს ჩემთვის სათხოვარი. ეს ულტიმატუმი იყო. რაღაცა – რაღაცის სანაცვლოდ!.. მან კარგად შეისწავლა ჩემი დოსიე და იცის, რამდენად ძვირფასია ჩემთვის „ვერშინა”. იცის ისიც, რომ უომრად მას არავის დავუთმობ. მაგრამ, მხოლოდ სულელი დაიწყებს ომს სახელმწიფოსთან, რომელსაც იმ წუთებში სტეფანე გუსმანი წარმოადგენდა.
– ანუ...
– ანუ მისი ულტიმატუმი დაახლოებით ასე ჟღერდა: ომი ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ, ისეთ ძალასთან, რომელთანაც გამარჯვება შეგვიძლია. ესაა მომავალში ჩვენი მშვიდად ცხოვრების საზღაური!.. ახლა ხვდები, რისთვისაც მჭირდება კლიმის სასტავთან დაკავშირებული მონაცემები?
– ესე იგი არჩევნის საშუალებას არ გვიტოვებენ. გუსმანი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაგვითრევს ამ ავანტიურაში! – შენიშნა ვასილიჩმა.
– ჰო, მაგრამ, არსებობს  წამგებიანი პოზიციიდან სარგებლის მიღების თეორია, – თქვა ლუკამ.
– რას გულისხმობ?
– ბრიტანეთში პოლიციელ ქალებს ასეთი სახის რეკომენდაციას აძლევენ: თუ თქვენ თავს დაგესხათ მოძალადე და დაგიპირათ გაუპატიურება, გააფრთხილეთ, რომ ამისთვის ის საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება!.. თუ მოძალადე გაფრთხილებამ ვერ შეაჩერა, დაუსტვინეთ სასტვენით!... თუ ამანაც არ გაჭრა, თავში ჩაარტყით ხელკეტი!... თუ მოძალადე ამანაც ვერ შეაჩერა, გაშალეთ ფეხები და მიიღეთ სიამოვნება!...
– არა!... – გაიცინა ვასილიჩმა, – მითხარი, რომ ხუმრობ!
– არ ვხუმრობ, – თავი გააქნია ლუკამ.
– ჩვენს შემთხვევაში როგორ იმუშავებს ეს თეორია? როგორც ვხვდები, დაწოლას და ფეხების გაშლას არ ვაპირებთ!
– რა თქმა უნდა, მაგრამ, როდესაც ყველაფერი  ჩაივლის, მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მოთხოვნებით დავსხდებით. ჩვენ წავაყენებთ ისეთ პირობებს, რომლებზეც გუსმანი უარს ვერ გვეტყვის!
– მაინც რა პირობებს? – დაინტერესდა ვასილიჩი.
– ამაზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ, – თქვა ლუკამ და ვოვას მიუბრუნდა, – შენი სასტავიდან ხუთი-ექვსი კაცი შეარჩიე, ხვალ კიევში მივემგზავრებით...
* * *
კლიმი აგარაკის ფანჩატურში მეგობარ ქალთან ერთად შამპანურს მიირთმევდა, როდესაც ეზოში საბურავების წივილით შედგა მანქანა. მანქანიდან მისი მარჯვენა ხელი, გენადი მერკულოვი გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ფანჩატურისკენ.
– კარგი, ძვირფასო, მოგვიანებით გავაგრძელებთ საუბარს... შენ რა, ვერ გაიგე?! – მოულოდნელად აუწია ხმას კლიმმა, როდესაც ქალმა წასვლა დააგვიანა.
მას გამეორება აღარ დასჭირვებია – უმალ ადგა და იქაურობას მოშორდა. ამასობაში მერკულოვი ფანჩატურში შევიდა და მის პირისპირ ჩამოჯდა.
– რა მოხდა, გენა? – ჰკითხა კლიმმა.
– ციგანოვი გვაფრთხილებდა, ფრთხილად იყავი, თავზეხელაღებული ტიპიაო, მაგრამ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ნაგლი იქნებოდა!
– ვერაფერს მივხვდი, ვისზე ამბობ?
–  გეგეშიძეზე!..
– რა?! შენ რა გეგეშიძეს შეხვდი?! – გაუკვირდა კლიმს.
– შენ წარმოიდგინე, რომ შევხვდი, – თავი დაუქნია მერკულოვმა.
– სად?
– არ დაიჯერებ რომ გითხრა. არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენს ღამის კლუბში გაბედა მოსვლა!...
– დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა! – თქვა კლიმმა.
მერკულოვი მცირე ხნით ჩაფიქრდა და იმ ღამის გახსენებას შეუდგა:
ტანმაღალი მამაკაცი შესასვლელთან შედგა, ყურადღებით შეათვალიერა დარბაზი და მზერა იმ მაგიდაზე შეაჩერა, რომელთანაც მერკულოვი რამდენიმე კრეშატიკელთან ერთად იჯდა. შემდეგ აუჩქარებლად გადმოკვეთა დარბაზი და მერკულოვის პირისპირ მიუჯდა მაგიდას. უცნობის თავხედობით გაღიზიანებულმა კრეშატიკელებმა მაშინვე ადგილებიდან წამოიწიეს, მაგრამ მერკულოვმა შეაჩერა. მან დამცინავად შეათვალიერა უცნობი და შემდეგ თქვა:
– მისამართი ხომ არ შეგეშალა, მეგობარო?! თვითმკვლელობისთვის შეუფერებელი ადგილი შეგირჩევია! აქ... – მერკულოვმა ბოლომდე არ მიიყვანა სათქმელი, რადგან, მოეჩვენა, რომ მის პირისპირ მჯდარ ადამიანს ნაცნობი სახე ჰქონდა, ოღონდ, ვერ გაიხსენა, სად და რა ვითარებაში ჰყავდა ნანახი.
– ადრე შეგხვედრივარ? – ჰკითხა მცირე პაუზის შემდეგ.
– არა... მაგრამ, მე მაინც გიცნობ, – უპასუხა უცნობმა.
– ვინ ხარ?
– ლუკა გეგეშიძე. გსმენია?.. – მშვიდად თქვა უცნობმა.
მერკულოვს უმალ თვალწინ დაუდგა ბოლო შეხვედრა მალიშევთან, როდესაც ის გეგეშიძეზე ესაუბრა, მისი რამდენიმე ფოტოსურათიც უჩვენა და „ვერშინის” ადვოკატის მოტაცებაც დაავალა, რომელსაც გეგეშიძისთვის მალიშევის დანაბარები უნდა გადაეცა. ამის გააზრებისას მერკულოვი უმალ წაეტანა ქურთუკის ქვეშ მიმალულ პისტოლეტს.
მისმა ფრთხილმა მოძრაობამ ცივი ღიმილი მოჰგვარა გეგეშიძეს.
– მე უფრო გონიერი მეგონე, გენადი, – ჩაილაპარაკა მშვიდად, – არ გინდა, მე სალაპარაკოდ მოვედი.
მისმა სიმშვიდემ კიდევ უფრო დაძაბა მერკულოვი. გამორიცხული იყო, რომ გეგეშიძეს არ სცოდნოდა, ვის ღამის კლუბში იმყოფებოდა და ვის პირისპირ იჯდა. ის კი ისეთი სულელი არ იყო, რომ თავის დაზღვევის გარეშე „ვეგასში” მისვლა გაებედა. მერკულოვმა პისტოლეტისთვის ხელის შეუშვებლად მოათვალიერა დარბაზი. მაშინვე თვალში მოხვდა რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც მისი მაგიდის სიახლოვეს იმყოფებოდნენ: ორნი ბარის დახლთან იდგნენ და მშვიდად წრუპავდნენ კოქტეილს, ორნიც მეზობელ მაგიდასთან ისხდნენ, ერთი კი, აშკარა კავკასიური გარეგნობის დარბაზის შესასვლელის სიახლოვეს იდგა. ის განსაკუთრებით არ მოეწონა მერკულოვს. კავკასიელი დაჟინებული შემოსცქეროდა სახეში, თითქოს აგრძნობინებდა: „ხელის განძრევა არ გაბედო, თორემ”...
მერკულოვმა ხელი შეუშვა პისტოლეტის ტარს და ლუკას მიუბრუნდა:
– კეთილი, ვილაპარაკოთ...
– ასე ჯობია, – ჩაილაპარაკა ლუკამ და „მაგიდასთან მყოფ კრეშატიკელებზე მიანიშნა, – მაგრამ, მანამდე ეს შნირები სასმლის მოსატანად გაგზავნე!
შეურაცხოფილი მერკულოვი წამოჭარხლდა, მაგრამ, შეძლო თავის მოთოკვა.
– რას დალევ? – ჰკითხა დაუპატიჟებელ სტუმარს.
– მინერალურ წყალს...
– აქ მუშათა სასადილო არ არის! – ცივად შენიშნა  მერკულოვმა.
– მაშინ, უახლოეს  სუპერმარკეტში გაგზავნე!
მერკულოვი მიხვდა, რომ გეგეშიძეს პირისპირ სურდა მასთან საუბარი და კრეშატიკელებს ანიშნა: დაგვტოვეთო. ისინი უმალ წამოდგნენ და მაგიდას მოშორდნენ.
– ხომ ხედავ, ზედმეტი დავიდარაბის გარეშეც შეგვიძლია, გავუგოთ ერთმანეთს, – განაგრძო ლუკამ, – ახლა მთავარზე გადავიდეთ... ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ შენს ადგილას კლიმი მჯდარიყო, მაგრამ არა უშავს, შენც გამომადგები. რაც არ უნდა იყოს, იმდენი გონება მაინც გექნება, რომ ჩემი დანაბარები გადასცე, თუმცა,  ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა კი, რაც პირადად შენ გეხება, ახვარო!.. შენ ხარკოვში ჩამოსვლა და ჩემი ადვოკატის მოტაცება გაბედე. სხვა ვითარებაში ამისთვის ყურებს, ენასა და ხელებს ულაპარაკოდ დაგაჭრიდი, მაგრამ, გპატიობ. სამომავლოდ კი იცოდე: შენთვის და დანარჩენი გორილებისთვის, – მაგიდის სიახლოვეს მდგარ კრეშატიკელებზე მიანიშნა ლუკამ, – ხარკოვში მხოლოდ ტურისტული საგზურითაა დაშვებული ჩამოსვლა. შეგიძლიათ, გორკის პარკში ისეირნოთ, ჰიდროპარკში გაირუჯოთ და კაფეში ნაყინი ჭამოთ. ამას თუ გასცდით, ულაპარაკოდ აგისრულებ იმას, რასაც წეღან დაგპირდი!.. გასაგებია?!
მერკულოვი გაოგნებული იყო. ყველაზე ძალიან ის აღიზიანებდა, თუ როგორ ითმენდა დაუპატიჟებელი სტუმრისგან ამდენს. წამიერად გონებაში გაუელვა, ახლა წამოვვარდები და საცერივით გავხდი ამ დამპალსო, მაგრამ, თანამოსაუბრის აუხსნელი თვითდაჯერებულობა და დარბაზის შემოსასვლელთან ასვეტილი კავკასიელის დაჟინებული მზერა ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. ბოლოს ხარკოვში ორი წლის წინ ვიყავი, – პაუზის შემდეგ უპასუხა მერკულოვმა.
– დაკითხვაზე არ ხარ, კრეტინო!.. – ავად შეუღრინა ლუკამ, – შენს პასუხს თანდაყოლილ გონებაჩლუნგობას მივაწერ და აღარ ჩაგეძიები. რაც სათქმელი იყო, უკვე გითხარი. ასე თუ გააგრძელებ, ტურისტული საგზურითაც ვეღარ ჩამოხვალ ხარკოვში... ახლა, რაც შეეხება კლიმს... შენ კარგად ხარ ჩახედული მის საქმეებში?
– რა გაინტერესებს? – ჰკითხა მერკულოვმა.
– „ნორდსტრიმის” საქმე, რომლის გამოც შენ რამდენიმე კაცი მოკალი... არ გინდა!... – ცივად მოსხიპა ლუკამ, როგორც კი მერკულოვმა უარის თქმა დააპირა, – კიდევ ერთხელ მაგრძნობინებ თავს პროკურორად და ამ ბოთლს თავზე დაგაფშვნი!.. მიპასუხე მოკლედ და გასაგებად: ხარ თუ არა ჩახედული „ნორდსტრიმის” საქმეში?!
– ვარ, – ჩაიხიხინა მერკულოვმა.
– ძალიან კარგი.... – ლუკამ პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო, – ყურადღებით მისმინე, გენა. არ მინდა ჩვენს სასტავებს შორის რამე გაუგებრობა მოხდეს, მაგრამ აქ მშვიდობის სათხოვნელად არ მოვსულვარ. მოკლედ გეტყვი ჩემს სათქმელს: კრეშატიკელები ამ საქმეს უნდა შეეშვნენ! მე კარგად ვიცნობ თქვენს სასტავს. არ ვიტყვი იმას, რომ სერიოზული ხალხი არ ხართ. გარკვეული გავლენაც გაგაჩნიათ და უფულობასაც არ უჩივით, მაგრამ, ამ სიმაღლეს მაინც ვერ შესწვდებით!..
– შენ?! – მზერა გაუსწორა მერკულოვმა, – შენი სასტავი თუ შესწვდება ამ სიმაღლეს?!
– ვერა და ჩვენ არც გვაქვს ამის პრეტენზია! – გულწრფელად უპასუხა ლუკამ.
– ვერაფერს ვხვდები, – დაიბნა მერკულოვი, – მაშინ, რა ინტერესი გამოძრავებს?!
– შენი ეფესბეშნიკი ბოსისგან განსხვავებით, მე კანონიერი ქურდი ვარ და დროდადრო ადამიანები ჩემთან გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად მოდიან. ახლაც იგივე სიტუაციაა – გარკვეულმა პიროვნებებმა თქვენი შეჩერება მთხოვეს და მიმაჩნია, რომ ისინი მართლები არიან. თქვენ იმას ეპოტინებით, რაც არ გეკუთვნით!.. ჩავთვალოთ, რომ, რაც აქამდე მოხდა, გაუგებრობა იყო. თქვენ რაღაც ვერ შეაფასეთ, რაღაცა ვერ მოზომეთ, რაღაც ვერ მოტვინეთ და, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. გასაგებად აგიხსენი?
– მე არ მაინტერესებს ქურდული აბდაუბდა! ვაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი! – ცივად თქვა მერკულოვმა.
– მანამდე, სანამ ვინმე არ შეგაჩერებს!
– და, ვინ უნდა შემაჩეროს?!
– მაგალითად, მე!
– გაქაჩავ?!
– გავქაჩავ!.. – ლუკა წინ გადაიხარა, სახეში ჩააცქერდა და ისე დაამატა – შენც კარგად იცი, რომ გავქაჩავ. ასე რომ არ ფიქრობდე, ულაპარაკოდ მომიქსევდი შენს გორილებს!
– ზედმეტი ბაზარია. ასეთ საკითხებს მხოლოდ კლიმი წყვეტს, – თვალი აარიდა მერკულოვმა.
– ვიცი, კლიმი წყვეტს, შენ კი ასრულებ!.. მაგრამ, შენ ყველაფერს გადასცემ მას და, იცი, კიდევ რას გადასცემ? ნუ გადააყოლებთ თავს მალიშევის უკანალის თამაშს. ის ჩვენსავით პრისტუპნიკი არ არის, ის სახელმწიფოს სპეცსამსახურის წარმომადგენელია და თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. შენ და კლიმი კი მის ხელში მხოლოდ იარაღი ხართ. დარწმუნებული იყავი, რამე რომ შეგემთხვათ, მაგალითად, შუბლში ტყვიის მოხვედრის პონტში, თქვენს პანაშვიდებზე თაიგულსაც კი არ გამოგზავნის. დაგივიწყებთ და თავისი საქმისთვის სხვა თავქარიანებს დაუწყებს ძებნას!
– შენ?! – ბრაზი მოერია მერკულოვს, – შენ ვისი ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებ?!
– ჩემი!
– შენი?! – ეჭვით ჰკითხა მერკულოვმა.
– ჰო, ჩემი და ჩემი ხალხის... მე ქველმოქმედი არ ვარ და არც მძაფრი შეგრძნებები მიზიდავს, რომ ასეთ საქმეში მხოლოდ სხვისი ინტერესისთვის შევეტენო. თქვენ გახვალთ ამ საქმიდან. თუ არ გახვალთ, გაგიყვანთ. შეიძლება, ამ საქმეს რამდენიმე ჩემი ახლობელი შეეწიროს, შეიძლება მეც, მაგრამ, ჩვენ ვიცით, რისთვისაც მივდივართ ამ რისკზე. ჩვენ ჩვენს პალაჟენიებს გავიმყარებთ და, თუ დღეს მილიონს ვშოულობდით, ხვალ ხუთს ვიშოვით. მაგრამ, რას მიიღებთ თქვენ, ესეც, იმ შემთხვევაში, ცოცხლები თუ გადარჩით?! მთავარ კუშს მალიშევი წაიღებს, თქვენ კი ამ ქვეყანის პროკურატურის, „ძაღლობისა” და ათასი სხვა ჯურის „ნაგაზის” პირისპირ მარტონი აღმოჩნდებით!... როგორ  გგონია, როდემდე გაქაჩავთ, გენა?
– სანამდეც გავქაჩავთ, მანამდე!.. – რიხით თქვა მერკულოვმა.
– მაგარია... – გაიცინა ლუკამ, – „დო პოსლედნეგო პატრონა ი დო პოსლედნეი კაპლი კროვი”!.. ასეთი იდეებით „სპეცნაზში” უნდა დარჩენილიყავი!..
– მინდა, რომ შენ და შენმა ბოსმა სწორი დასკვნები გააკეთოთ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მტრების გამრავლებას არ ვცდილობთ და მაშინვე სროლაზე არ გადავდივართ. ნუ მიგვიყვანთ იქამდე – სულ ეს არის. რაც მინდოდა, ყველაფერი გითხარი. შენგან პასუხს არ ველი. კლიმი თვითონ დამიკავშირდეს. სამი დღე დაველოდები. თუ არ დამიკავშირდა, ჩავთვლი, რომ თქვენ ვერაფერი შეიგნეთ და... – ლუკამ ამ სიტყვებთან ერთად მაგიდაზე ფურცელი დააგდო, რომელზეც ტელეფონის ნომერი ეწერა, შემდეგ ადგა და გასასვლელისკენ წავიდა.
* * *
– და შენ ასე მშვიდად გაუშვი?! – კლიმს ცეცხლი მოედო  მერკულოვის ნაამბობის მოსმენისას.
– სხვა რა უნდა მექნა? – გაიკვირვა მან, – ხომ გითხარი, „ვეგასი” მისი ხალხით იყო სავსე. ასეთ საქმეებში ჩემზე უკეთ ვერავინ ერკვევა. სამი-ოთხი კაცი შეგნებულად მემარიაჟებოდა, მაგრამ, იქ სხვებიც იყვნენ, რომლებიც ჩვენ ვერც კი გავშიფრეთ!
– ესე იგი, ისინი შენზე უკეთ ერკვევიან ასეთ საქმეებში!... სად არის ტელეფონის ნომერი?!
მერკულოვმა ჯიბიდან ლუკას დატოვებული ფურცელი ამოიღო და გაუწოდა. კლიმმა ნომერს დახედა და ჩაფიქრდა.
– რას აპირებ? – ჰკითხა მერკულოვმა, როდესაც მან პასუხი დააგვიანა.
– რას უნდა ვაპირებდე?! – ცერად გახედა კლიმმა, – ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია!
– იყო, – შეუსწორა მერკულოვმა.
– რას ნიშნავს – იყო?! – ხმას აუწია კლიმმა, – რა, ხუთწუთიანი ბაზარით მოგაცემინა ზადნი გეგეშიძემ?!
– შენ კარგად იცი, რომ ზადნის ვერავინ მიმაცემინებს. მაგრამ, როცა ვამბობ – „იყო”... ეს იმას ნიშნავს, რომ იყო და მას შემდეგ რაღაც-რაღაცეები შეიცვალა!
– მაინც, რა შეიცვალა?
– ჩვენ არ ვჩანდით... აქამდე ჩვენი ყველაზე დიდი ჩავარდნა ბაბიცკი იყო. კიდევ კარგი, მანამდე მიაბარა უფალს სული, ვიდრე რამის თქმას მოასწრებდა. მაგრამ, ჩვენ მაინც გაგვშიფრეს. არ ვიცი, როგორ და რა არხებით, მაგრამ, ფაქტი სახეზეა – ჩვენზე იმაზე მეტი იციან, ვიდრე საჭიროა!
– მოიცა... მოიცა... – ხელი აუქნია კლიმმა, – მე მაინც ვერ ვხვდები, საით მიგყავს ბაზარი!
– უნდა დავატორმუზოთ! – მოკლედ თქვა მერკულოვმა.
– დავატორმუზოთ?! – ბრაზი მოერია კლიმს, – ხომ არ შეიშალე, გენა?! მერე „მალიშს” რა პასუხი გავცეთ?! ამას არ გვაპატიებს და, ხომ იცი, რაც მოჰყვება მის გადამტერებას?  მან თუ მოინდომა, სამუდამოდ დაგვიკეტავს რუსეთის ტერიტორიას. უკრაინაც ვერ დაგვიცავს. აქაც მოგვაგნებს!
– მალიშევის დედაც!... – შეიგინა მერკულოვმა, – რა ვალდებულება გვაკისრია მის წინაშე და რა ფასი აქვს მის სიტყვას?! დაგავიწყდა, რას დაგვპირდა?!  როგორც მახსოვს, გეგეშიძეს მის სასარგებლოდ უნდა ემოქმედა. ხვდები, რა სირობასთან გვაქვს საქმე?! გეგეშიძე ასი წელი არ გამოიხედავდა კიევისკენ, ნაბიჭვარ მალიშევს ძალით რომ არ გამოეთრია ბუნაგიდან. კარგა ხანი ათამაშა ტრაკი. ხან აქედან შემოუარა, ხან – იქიდან და, რას მიაღწია? იმის მაგივრად, რომ მისი საქმე გააკეთოს, აქეთ გვიწყობს ნაეზდს!..
– კარგი რა, გენა, უკვე ლიშნის ბაზრობ! – მოიღუშა კლიმი.
– ლიშნის?! არა, ლიონია. მე რეალობას ვბაზრობ. „ვეგასს” ორი შესასვლელი აქვს და ორივე შესასვლელში მეტალოდეტექტორები დგას.  მისი ხალხი კი ისე შემოვიდა იარაღით, თითქოს ელიტურ კლუბში კი არა, დიშოვი ზაბეგალოვკაში შესულიყვნენ. მათი წასვლის შემდეგ მაგარი რაზბორი მოვუწყვე კლუბის დაცვას, მაგრამ, ვერავინ ამიხსნა, როგორ მოხვდა შიდა, დაცულ ზონაში რვა თუ ათი შეიარაღებული ტიპი!.. იცი, რას ნიშნავს ეს?!
– რას ნიშნავს?!
– გეგეშიძემ ნათლად მაგრძნობინა, რომ ნებისმიერ დროს მოგვძებნის და, თუ დასჭირდა, იქაც კი მოვა, სადაც ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს...
მის სიტყვებზე კლიმმა ფარულად გახედა აგარაკს შემორტყმულ მაღალ ღობეს და ჭიშკართან მოტრიალე მცველებს. მისმა მზერამ ცივი ღიმილი მოჰგვარა მერკულოვს.
– სამი დღე კიდევ გაქვს, მერე შეგიძლია დაცვის გაძლიერებაზე იფიქრო... – თქვა ირონიით.
კლიმმა უეცრად იფეთქა, მაგიდას მუშტი დაჰკრა, ფეხზე წამოიჭრა და იყვირა:
– კრიშა ხომ არ გაგიცხელდა, ნაბიჭვარო?! დაგავიწყდა, ვინ ხარ და ვის ელაპარაკები?! მე შევქმენი ის ყველაფერი, რითაც შენ და შენნაირი ნაბიჭვრები საზრდოობთ! მე რომ არა, აქოთებულ ყაზარმაში ჩალპებოდი, ან, გროზნოს გარეუბანში ჩაგკლავდნენ ჩეჩნები!.. როგორ გგონია, რამდენი გეგეშიძისნაირი შემხვედრია ცხოვრებაში?!  ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ზადნი რომ მიმეცა, სად ვიქნებოდი ახლა?! – იქ, საიდანაც შენ გამოგათრიე... ვიღაცის უკანალში!.. კარგად გაითვალისწინე, ვინ ხარ და სად იქნები ხვალ ჩემ გარეშე?! მაქსიმუმ, ქილერობას თუ გაქაჩავ და, ისიც მანამდე, ვიდრე ბაბიცკივით არ მიგაბრიდავენ!.. მე ნაღდ პერსპექტივას გთავაზობ – საქმეს, რომლის მსგავსიც  არც გქონია და არც გექნება, მაგრამ შენ პადაჩკებით გირჩევნია ცხოვრება!.. ძალას არავინ დაგატანს. შეგიძლია, დაახვიო. უშენოდაც მივხედავ გეგეშიძესა და მის სასტავს!...
კლიმის ყვირილზე აგარაკის მხრიდან რამდენიმე მცველმა მოირბინა. ისინი გაოცებულები შედგნენ ფანჩატურის სიახლოვეს – არ იცოდნენ, რა მოემოქმედებინათ და ვერც მიმხვდარიყვნენ, რით გააღიზიანა კლიმი მისმა მარჯვენა ხელმა.
ამასობაში კი კლიმი წინ გადაიხარა, ტუჩები ყურზე მიაბჯინა მერკულოვს და გველივით ჩაისისინა:
–  შენ ახლა აქედან წახვალ. კიევში გამოჩენა არ გაბედო, ნაბიჭვარო, შენ იქ  არაფერი გესაქმება და აღარც ჩაგესვლება. არ დაგავიწყდეს, რომ ის აფეთქებები და მკვლელობები შენი მოწყობილია. ვნახოთ, რამდენ ხანს გაქაჩავ ჩემს გარეშე! – ამ სიტყვების დასრულებისთანავე კლიმი წელში გაიმართა და მცველებს უბრძანა, ეს „დიშოვკა” აგარაკიდან გააგდეთო.
– კლიმ! – წამოიძახა მერკულოვმა, როგორც კი მცველები მისკენ დაიძრნენ.
– რა გინდა?
– დავილაპარაკოთ, – სთხოვა მერკულოვმა.
კლიმმა ნიშანი მისცა მცველებს, მარტო დაგვტოვეთო.
– გისმენ, – მიუბრუნდა მერკულოვს, როგორც კი ისინი იქაურობას გაეცალნენ.
– შენ მე სწორედ ვერ გამიგე. ყველაზე მეტად მე ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად. როგორ გგონია, ასე იოლი ასატანი იყო ჩემთვის გეგეშიძესთან ლაპარაკი?
– მაგრამ, აიტანე და, იმის ნაცვლად, რომ რამე მოგემოქმედებინა, იმ ნაბიჭვარს მშვიდად წასვლის საშუალება მიეცი, მერე კი ამ ტელეფონის ნომრითა და დაკლადით გამოიქეცი ჩემთან. დაივიწყე ეგ არმეისკი ზამაშკები, მე შენი პოლკის მეთაური არ ვარ და შენგან მოხსენებები კი არა, მოქმედება, ნაღდი საქმე მჭირდება, – უპასუხა კლიმმა.
მერკულოვმა ჭიქა არყით შეივსო, ერთი მოყუდებით გამოცალა და შემდეგ თქვა:
– კარგი... რაც იყო, იყო. ვაღიარებ – გადავამლაშე. უბრალოდ, მალიშევის დაუდევრობამ გამაღიზიანა. მან ჩვენთვის მოცემული არც ერთი პირობა არ შეასრულა, შენ კი მაინც მას იცავ.
– მალიშევი არაფერ შუაშია, უბრალოდ, მე შენზე მეტხანს ვიცხოვრე უკრაინაში და შენზე კარგად ვიცნობ გეგეშიძეს. იცი, როგორ ამოიდო ქვეშ მთელი ხარკოვი?
– არა, – თავი გააქნია მერკულოვმა.
– პირდაპირ გეტყვი: სერიოზული და ანგარიშგასაწევი ტიპია. თავისებური მოქმედების ტაქტიკა აქვს. აწყობს ერთ, მაგრამ კარგად ორგანიზებულ ნაეზდს. თუ შეატყო, რომ ზადნის მიმცემი ხარ, შეგჭამს, გადაგთელავს. მაგრამ, ატპორი თუ მიეცი, უკან იხევს და უკეთეს მომენტს ელოდება. ეგეთ ტიპებს მოსვენება არ უნდა მისცე. როგორც კი უკან დაიხევს, უნდა მიჰყვე და მანამდე ურტყა, სანამ მუხლებზე არ დაეცემა. შენც რაღაც ამდაგვარი მოგიწყო. „ვეგასში” რამდენიმე ტიპთან ერთად შემოვიდა, შენც ეგრევე ავარდი და ისტერიკა გამიმართე. ასეთი რაზბორკები შენი საქმე არ არის. აკეთე ის, რაშიც ყველაზე კარგად ერკვევი: ნაღმი, ავტომატი... – ამაში მართლაც შეუცვლელი ხარ, დანარჩენს კი მე მოვაგვარებ. ის ნაბიჭვარი მალე მიხვდება, ვისთანაც დაიჭირა საქმე! – თქვა კლიმმა.
– მაინც, რა გადაწყვიტე, არ დაუკავშირდები? – ჰკითხა მერკულოვმა.
– შენ რაღაც-რაღაცეები არ იცი. ამ დღეებში მარჩუკსა და ციგანოვს ქურდების წრეში უნდა წამოეწყოთ ბაზარი. გეგეშიძეს ისეთ ტისკში მოაქცევენ, რომ ჩვენთვის აღარ ეცლება. როგორც კი ისინი მიაწვებიან, ჩვენ დავცხებთ! ასე რომ, მასთან ბაზარს აზრი აღარ აქვს! – უპასუხა კლიმმა. მერე კი ფურცელი, რომელზეც ლუკას ნომერი ეწერა, თითებით მოსრისა და შორს მოისროლა.    
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3