კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურმილი – მოწმედ

პუარო ჩვეულ ამპლუაში იყო. რამდენიმე წუთის წინ გრაფ ფოსკატონის პირადმა ექიმმა დაურეკა და გრაფის საცხოვრებელ ბინაში სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. პრესტიჟული სახლის მდიდრულ ფოიეში პუაროს აღელვებული ექიმი, პორტიე და სახლის მეპატრონე დახვდნენ.
– მესიე პუარო, რა კარგი ჰქენით, რომ მოხვედით! ვშიშობ, რომ დავაგვიანეთ... მისი განწირული ხმა ახლაც ჩამესმის... სულ ორი სიტყვა მითხრა – „მიშველეთ, მე ის მომკლავს!“... მერე ხმა გაწყდა და დაიკარგა...
– გრაფი თქვენი პაციენტია?
– დიახ, მესიე... ძალიან კარგი ადამიანია. განსაკუთრებულად გამორჩეული, ნამდვილი გრაფი... სამი დღის წინ ვინახულე... გაცივდა და მიქსტურა დავუნიშნე...
– დროს ნუღარ დავკარგავთ... – პუარო პორტიეს მიუბრუნდა, – რომელ ოთახში ცხოვრობს გრაფი?
– მეთერთმეტეში, მაგრამ იქ სიმშვიდეა. ნახევარი საათის წინ გრაფის მსახური, მისტერ გრეივსი სადღაც წავიდა და არაფერი უთქვამს.
პუარო სახლის მეპატრონეს მიუბრუნდა.
– მეთერთმეტე ოთახს მეორე გასაღები აქვს?
– რა თქმა უნდა, ახლავე მოვატანინებ.
– გრაფი ოთახში მარტო უნდა იყოს?
– არ ვიცი, სერ. პორტიემ თქვა, რომ გრაფთან ერთად ორმა პიროვნებამ ისადილა – ქალბატონმა და მამაკაცმა. სხვა არაფერი ვიცი.
ექიმმა და პუარომ გრაფის ბინაში ზარი მაინც დარეკეს, მაგრამ შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
– ასეც ვიცოდი, – ჩაიბურტყუნა პუარომ, – ექიმო, თქვენი პაციენტი, დიდი ალბათობით, უკვე მკვდარია...
სასადილო ოთახში შესულებს თვალწინ საშინელი სურათი წარმოუდგათ. დიდი, წითელი ხის ძვირფასი მაგიდა ყავის მოოქრული ჭურჭლით იყო გაწყობილი. მაგიდის თავში პირქვე ჩამხობილი იჯდა გრაფი, რომელსაც ცალი ხელი ჯერაც ტელეფონის ყურმილზე ედო. თავი მძიმე, ბლაგვი საგნით ჰქონდა გახეთქილი. დანაშაულის იარაღის მოძებნაც არ გასჭირვებიათ. მაგიდის ფეხთან ეგდო სისხლში მოსვრილი ბრინჯაოს სტატუეტი. პოლიციიდან გამოძახებულმა დეტექტივმა ბინის შემოწმება დაიწყო. ექიმი გვამის დათვალიერებას შეუდგა. ერთადერთი, პუარო არ იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას. იდგა და მაგიდაზე განლაგებულ ნივთებს ათვალიერებდა. ცენტრში ვარდებით სავსე დიდი ლარნაკი იდგა. ჭურჭელი მაქმანებიან ხელსახოცებზე ელაგა. იქვე იდო კუბური სიგარებით სავსე კოლოფი და საფერფლე... ინსპექტორმა ვეღარ მოითმინა...
– მესიე პუარო, რატომ აკვირდებით ასე დაჟინებით მაგიდაზე დაწყობილ ნივთებს?
– ძვირფასო, ვცდილობ, დავინახო ის, რაც არ უნდა დავინახო... მაგალითად, მკვლელის მხრიდან დაშვებული შეცდომა – თუნდაც სრულიად პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო.
– როგორი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, – თქვა ექიმმა, რომელმაც ის იყო, გვამის დათვალიერება დაამთავრა, – საოცარია, როგორ მოასწრო დარეკვა და ჩემი გაფრთხილება. ფაქტობრივად, მყისიერად არის მკვდარი.
– ჰო. ეგ მართლაც საყურადღებო ფაქტია, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა და გაიცინა პუარომ. მერე სახლის მეპატრონეს მიუბრუნდა.
– ერთი მითხარით, თქვენი მობინადრეები საჭმელს აქვე უკვეთავენ?
– დიახ. რესტორანი ზედა სართულზეა. მობინადრეები რეკავენ, უკვეთავენ საკვებს და მას უკვე სპეციალური ლიფტ-სარკმელიდან იღებენ. ჭუჭყიანი ჭურჭელიც ამავე გზით ბრუნდება უკან. ბინებში მხოლოდ ბარია, სადაც ყავისა და ჩაის მომზადებაც არის შესაძლებელი.
– აჰა! – წამოიძახა პუარომ, – სწორედ ეს მაინტერესებდა. ინსპექტორო, შენიშნეთ, რომ ფინჯნებში ჩარჩენილი ყავის ნალექი საკმაოდ ინფორმაციულია?
– ყავის ნალექი? – განცვიფრდა ინსპექტორი, – ამით რის თქმა გინდათ, მესიე პუარო?
– ორ ფინჯანში შავი ყავის ნარჩენია, მესამეში კი – რძიანი ყავის.
– მერე, რას ნიშნავს ეს? ანუ, იმის თქმა მინდოდა, რა არის ამაში განსაკუთრებული-მეთქი.
– რადგან თქვენ განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავთ, უფლებას დავიტოვებ, ჩემი აზრი მოგვიანებით მოგახსენოთ. პრინციპში, ჩემთვის მკვლელობის საერთო სურათი ნათელია. რამდენიმე პატარა დეტალი დამრჩა გასარკვევი და გეტყვით, ვინც არის მკვლელი.
ექიმმა და დეტექტივმა ერთმანეთს გაოცებით გადახედეს, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრეს. კარი გაიღო და ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოვარდა, შეშლილი სახით.
– მე გრეივსი ვარ, გრაფის მსახური. რა მოხდა აქ? მე ის სრულიად ჯანმრთელი დავტოვე...
– თქვენი ბატონი მოკლეს. მოყევით იმ ადამიანების შესახებ, ვინც გრაფს სადილად ჰყავდა სტუმრად.
– მე არ ვიცნობ მათ. ბატონის ძველი მეგობარი იყო თავისი მეუღლით. ისინი იტალიიდან ჩამოვიდნენ. გრაფმა მთხოვა, სადილი შემეკვეთა, სუფრა გამეშალა და სტუმრებთან მარტო დამეტოვებინა. მითხრა, სერიოზული სალაპარაკო მაქვსო, – ამ სიტყვების წარმოთქმისას მსახური ცოტა შეყოყმანდა, – არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ, მგონი, გრაფს და იმ ქალბატონს ახლო წარსულში რომანი ჰქონდათ. შემთხვევით მოვისმინე, ტელეფონზე როგორ ეუბნებოდა, ნუ გეშინია, შენი ქმარი ვერაფერს შეიტყობს. მასთან კამათსაც არ ვაპირებ. ჩვეულებრივ, მეგობრულ სადილზე შევიკრიბოთო.
დეტექტივმა და სერჟანტმა ბინის დათვალიერება დაამთავრეს. პუარო დატექტივთან მივიდა და ხმადაბლა წასჩურჩულა:
– დააპატიმრეთ გრაფის მოსამსახურე, თანაც გირჩევთ, ეს სწრაფად გააკეთოთ.
დეტექტივმა ეჭვით შეხედა.
– მაგრამ, მესიე პუარო... მე თქვენს ნიჭიერებასა და ალღოში ეჭვი არ მეპარება, თუმცა, ვერაფერი გავიგე. მგონი, სურათი ნათელია, გრაფი საყვარლის ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, სავარაუდოდ,  არაწინასწარგანზრახვით – რადგან, მკვლელობის იარაღად პირველივე, ხელში მოხვედრილი ნივთი გამოიყენა – შანდალი.
– თქვენ ასე ფიქრობთ? – შანდალი უკვე გარდაცვლილს ჩაარტყეს თავში. გრაფი მოწამლეს. სადილამდე ორი საათით ადრე მაინც, საწამლავით, რომლის მოქმედების სისწრაფეც რძემ შეაფერხა. მე გითხარით, ყურადღება მიგექციათ ყავის ფინჯნებისთვის...  რაც შეეხება სატელეფონო ზარს, რომელიც ექიმთან გაისმა, ეს მკვლელი იყო. მან დარეკა და ამით საკუთარი ალიბი უზრუნველყო. კარგად გაქექეთ გრაფის წარსული, დეტექტივო და დარწმუნებული ვარ, მკვლელობის მოტივსაც მარტივად აღმოაჩენთ.
... პუარო, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა. მსახური  გრეივსი გრაფის უკანონო შვილი იყო, რომელსაც ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ მამა აღიარებდა და თავის მემკვიდრეობასაც დაუტოვებდა. მაგრამ, გრაფმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა. სწორედ თავისი მომავალი საცოლე და მისი ბიძაშვილი ჰყავდა სადილად სტუმრად. გრეივსმა ამ ვიზიტის შესახებ ადრევე გაიგო და შესაფერისადაც იმოქმედა. ყველაფერი გააკეთა, რათა დანაშაულში სტუმრებისთვის დაედოთ ბრალი, მაგრამ მკვლელი ყოველთვის უშვებს შეცდომას. ისეთ შეცდომას მაინც, რომელიც პუაროსთანა მაძებრებს შეუმჩნეველი არ რჩებათ...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3