მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-40(614)
ობიექტი ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი იყო. ის უშიშროებაში მუშაობდა, მაღალი დონის პროფესიონალად ითვლებოდა და მისი მოკვლა იმიტომ შემიკვეთეს, რომ ნარკომაფიას ებრძოდა. საქმე საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო. ჯერ ერთი, ის ასეთ რამეს ელოდა და ძალიან ფრთხილად იქცეოდა, თანაც, ნებისმიერ იარაღს ბრწყინვალედ ფლობდა და მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელს. მიუხედავად ამისა, წინასწარ გამოვითვალე პოლკოვნიკის ერთ-ერთი ღამის გასათევი, იქ ჩავუსაფრდი და დავიმალე. ეს იყო თბილისის ერთ-ერთი პერიფერიული რაიონის თექვსმეტსართულიანი სახლის ბოლო სართულზე განთავსებული სამოთახიანი ბინა. ჩასაფრებიდან მესამე დღეს ობიექტი ღამის 3 საათზე მოვიდა ბინაში, ტანსაცმელი გამოიცვალა, ცოტა ჭამა და დასაძინებლად დაწვა. ეს ყველაფერი მან კატისებური სიფრთხილით, სრულ სიბნელეში გააკეთა, მე უზარმაზარი საწოლის ქვეშ ვიყავი დამალული და, რა თქმა უნდა, ობიექტის მოკვლა მისი მოსვლისთანავე შემეძლო, თუმცა, ჩემი მოსაზრებები მქონდა და მის დაძინებას დაველოდე. შემდეგ სამალავიდან ფრთხილად გამოვძვერი და მძინარე პოლკოვნიკს გასათიში გაზი მივასხი. ბოლოს ხელბორკილებით მაგრად მივაბი საწოლზე და მის გაღვიძებას დაველოდე.
ინათა თუ არა, პოლკოვნიკმა თვალი გაახილა და რომ დამინახა, მშვიდად მითხრა:
– ჩემს მოსაკლავად დაგიქირავეს?
– დიახ.
– მერე, რას უცდი, მიდი!
– სად მივიდე, აქ ვარ.
– შეასრულე შენი საქმე!.. ცოტას არ გადაგიხდიდნენ. ვიცი, რომ სერიოზულ ნაძირლებს ვეჩხირები ყელში და ფულს არ დაინანებდნენ.
– სამასი ათას დოლარს იხდიან.
– მე კი ათჯერ მეტს მთავაზობდნენ.
– უნდა აგეღო.
– ამეღო?
– რა თქმა უნდა.
– ფული ამეღო და ნარკოტიკების გაყიდვისა და ჩვენი გენოფონდის გასანადგურებელი ვიზა მიმეცა?
– ახლა არც ფული გაქვს და შენი სიცოცხლეც ბეწვზე ჰკიდია. არ ჯობდა, რომ ცოცხალი და მდიდარი ყოფილიყავი, ვიდრე უფულო და მკვდარი?
– არ ჯობდა.
– ახლა კარგად მომისმინე, ერთ რამეს შემოგთავაზებ და, თუკი უარს იტყვი, ამით არა მარტო საკუთარ თავს დაღუპავ, არამედ ბევრ სხვასაც და მათ შორის, მეც.
– თქვი, გისმენ.
– უპირველესად, ხელბორკილებს მოგხსნი, – ვუთხარი პლკოვნიკს, ავხსენი და დავამატე: – შენი აშკარად მოქმედება აღარ გამოვა და იატაკქვეშეთში უნდა გადახვიდე.
– იატაკქვეშეთში?
– ჰო. შენთვის ხომ მთავარია, დანაშაული აღკვეთო და, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებ ამას?
– მე ყოველთვის კანონიერი მოქმედების მომხრე ვარ.
– ეს ყოველთვის არ ხერხდება, – ვუთხარი პოლკოვნიკს, – შენი კოზირი ისაა, რომ არც ცოლ-შვილი გყავს და არც ისეთი ახლო ნათესავი, რომ დაგაშანტაჟონ. აქედან გამომდინარე, არც სტატუსის შეცვლა გაგიჭირდება, წმინდა კანონიერ მოქმედებებზე კი, ისევ საქმის სასარგებლოდ, ზოგჯერ უარის თქმა მოგიწევს.
– კონკრეტულად რას მთავაზობ?
– მე შენს მანქანაში მორგში ნაყიდ ტრუპს ავაფეთქებ, ანუ, „მოგკლავ“ და ამით შენი ლეგალური მოღვაწეობა სამუდამოდ დასრულდება. შემდეგ ისეთ კაცს გაგაცნობ, ვინც შენსავით დაუნდობლად ებრძვის ნარკოვაჭრებს, მის გვერდით ფრთებს გაშლი და იმდენ კეთილ საქმეს გააკეთებ, რაზეც ლეგალური მოღვაწეობისას ვერც კი იოცნებებდი. რას იტყვი, გაწყობს?
– მაწყობს.
ვიცოდი, რომ პოლკოვნიკი დამთანხმდებოდა და ყველაფერი წინასწარ მოვიმარაგე. მორგში ნაყიდი უპატრონო გვამი მანქანის საბარგულში მყავდა მოთავსებული და ის პოლკოვნიკის დახმარებით მის „ნივაში“ საჭესთან დავსვით. შემდეგ მე ნაღმმტყორცნიდან ავაფეთქე მანქანა და, როცა მასში ყველაფერი ჩაიფერფლა, იქაურობას გავშორდით.
შემკვეთებმა ფული ჩემს ანგარიშზე ჩარიცხეს, პოლკოვნიკი კი მუხინს გავაცანი, რომელმაც ის თავის არალეგალურ ორგანიზაციაში ჩართო და დღემდე წარმატებით ასრულებენ თავიანთ მისიას.
სხვათა შორის, ერთხელ „ძიამ“ ერთი შემკვეთის თხოვნა გადმომცა, რომ მას შევხვედროდი. როცა მას მილანის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში შევხვდი, რა თქმა უნდა, საიმედოდ შენიღბული, მითხრა:
– თქვენზე მითხრეს, სუპერშემსრულებელია და ყველაზე რთული, თითქმის წარმოუდგენელი დავალებების შესრულება შეუძლიაო.
– სიმართლე უთქვამთ.
– მაშინ, ასე ვქნათ: მე თქვენ დაგიფინანსებთ ნებისმიერ ღონისძიებას, ბოლოს კი ათ მილიონ დოლარსაც გადაგიხდით, თუკი მიაგნებთ იმ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, ვინც ჩვენს ორგანიზაციას ებრძვის და, თანაც, საკმაოდ ეფექტურად.
– რას საქმიანობს თქვენი ორგანიზაცია?
– ნარკოტიკებით ვვაჭრობთ, – პირდაპირ მითხრა შემკვეთმა, – ჩვენ შიდა გამოძიებაც კი ჩავატარეთ და, რამდენიმე ადამიანი, ვისზეც ეჭვი გვქონდა, შემოგვაკვდა კიდეც, მაგრამ, ყველაფერი ისევ ძველებურად გრძელდება: ჩვენი ხალხის ნაწილს კლავენ, ნაწილს იჭერენ, და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საქონლის ნახევარიც კი ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე, რადგან, ან მისი კონფისკაცია ხდება ინტერპოლის ან სხვა პოლიციური სტრუქტურის მიერ, ან, სულაც, სხვადასხვა საშუალებით ანადგურებენ ჩვენთვის უცნობი პირები. ჩვენ სწორედ იმ პირების აღმოჩენა და დასჯა გვსურს და ამდენ ფულს ამიტომ გიხდით.
– გასაგებია. ამიტომ, მეც პირდაპირ გეტყვით. მსგავსი პრობლემები აწუხებს თქვენი პროფილის სხვა ორგანიზაციებსაც და ერთ-ერთმა მათგანმა, რომლის ვინაობასაც ვერ გავამხელ, ასევე მომართა ჩვენს კანტორას ანალოგიური თხოვნით. მაშინაც მე ჩამრთეს იმ საქმეში და, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, აბსოლუტურად არაფერი გამოგვივიდა. თქვენი საერთო მტრები ისე ეფექტურად და სუფთად მუშაობენ, რომ მოუხელთებელნი არიან. ამიტომ, რომ არ მოგატყუოთ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან, ერთხელ უკვე ვცადეთ და მათთან ბრძოლის მწარე გამოცდილებაც გვაქვს.
– მაინც, რას ფიქრობთ, ვინ უნდა გვებრძოდეს?
– უდავოა, რომ ასეთი მასშტაბებით და ასე სუფთად მოქმედება სახელმწიფოს დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. მეტსაც გეტყვით: ჩემი აზრით, ამ საქმეს აკეთებს რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ერთდროულად შექმნილი საიდუმლო ორგანიზაცია, რომელსაც, რა თქმა უნდა, ყველა სახის რესურსი გააჩნია.
– მაგალითად?
– მაგალითად, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ორგანიზაცია შეიძლება შედგებოდეს რუსი, ამერიკელი, ბრიტანელი და სხვა ქვეყნების პროფესიონალი, იდეური კადრებისგან, რომელთა მიზანიც თქვენი ბიზნესის მოსპობაა და ამას ახორციელებენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი საშუალებით.
– ასეთ რამეს ჩვენც ვფიქრობდით, მაგრამ, თქვენ მიერ დასახელებული ქვეყნების ვერც ერთ მთავრობაში ვერ მივაგენით მათ კვალს.
– იმიტომ, რომ ისინი ღრმად კონსპირირებულები არიან.
– არა მგონია, – თავი გააქნია შემკვეთმა, – რუსეთში ფულით ყველა დონეზე ინფორმაციას მოიპოვებ, მაგრამ ჩვენ იქ ამის კვალსაც კი ვერ მივაგენით. ამიტომ, ეს ვერსია გამორიცხულია და, ვფიქრობთ, რომ სულ სხვა რამ ხდება. ჩვენს შემთხვევაში, უფრო კერძო სტრუქტურებთან უნდა გვქონდეს საქმე.
– არა მგონია, – ღიმილით მივუგე შემკვეთს, გუნებაში კი გავიფიქრე: „საკმაოდ ჭკვიანი და ეშმაკი ჩანხარ, ვაჟბატონო, ამიტომ, მუხინს უნდა შევატყობინო, რომ უფრო ფრთხილად იმოქმედოს“.
– ესე იგი, ამ შეკვეთაზე უარს აცხადებთ?
– დიახ, – მივუგე შემკვეთს, – თაღლითი რომ ვიყო, თქვენს შეკვეთას ავიღებდი და თქვენი ფულითა და ნდობით ვისარგებლებდი, ბოლოს კი გეტყოდით, არაფერი გამოვიდა-მეთქი, მაგრამ, მე პროფესიონალი ვარ, კლიენტებს არასოდეს ვატყუებ და ასე პირდაპირ იმიტომ გეუბნებით უარს.
– კეთილი. მშვიდობით, – მითხრა კლიენტმა და რესტორანი პირველმა დატოვა, თუმცა მე უკვე მქონდა მისი ფოტო, რომელიც სანთებელაში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატით გადავუღე. სამი დღის შემდეგ უკვე მოსკოვში ვიმყოფებოდი და ის მუხინს ვუჩვენე, რომელიც ყურადღებით დააკვირდა ფოტოებს და მითხრა:
– თუ იცი, ვინ არის?
– არა, – მივუგე მუხინს.
– შენი თანამემამულეა. სტატუსით ქურდი არ არის, მაგრამ, გავლენით ბევრ მათგანს ჯობნის და თავის ჭკუაზე ატარებს. მისი ხელიდან გამოდის საქართველოში გაყიდული ნარკოტიკების 99 პროცენტი. პრაღაში პოლკოვნიკის მკვლელობაც სწორედ მისმა კაცმა შეგვიკვეთა.
– გასაგებია. ისე სუფთა იტალიურით ლაპარაკობდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ქართველი იყო.
– უნიჭიერესი ადამიანია და ცხრა ენა იცის, თუმცა, ძალიან ვერაგი და დაუნდობელია. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გახდა ქურდი, რომ ზედმეტი პრობლემები არ შექმნოდა ძალოვან სტრუქტურებთან. როგორ არ ვცადეთ მასთან ჩვენი კაცის შეგზავნა, მაგრამ, არაფერი გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზიანი მივაყენეთ და სამ კონტინენტზე მისი საქონელი გავანადგურეთ, ზოგი კი ინტერპოლს ჩავუგდეთ ხელში, მაინც ძალიან მყარი პოზიციები უჭირავს. თუმცა, შეკვეთის მისაცემად პირადად რომ მოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან შეშფოთებულია, თან, საშინელი შურისძიების ჟინი ამოძრავებს.
– თქვენი კვალი, თურმე, რუსეთის მთავრობაში უძებნია და, თქვენზე მითხრა, ისინი კერძოდ მოქმედებენო. ასე რომ, ის სწორ კვალზე დგას. ვფიქრობ, თქვენს მოძებნას სხვას დაავალებს და ძალიან ფრთხილად იყავით.
– გეთანხმები. ამიტომ, პრობლემა რომ მოვიშოროთ, ჯობია, ის გავანადგუროთ, ფიზიკურად მოვსპოთ. იმ ნაძირლის მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში შეტანილი ნარკოტიკებით მთელი თაობა ისპობა. ამიტომ, ის, როგორც ერისა და ხალხის მტერი, ფიზიკურად უნდა განადგურდეს და ამას ჩემი ბიჭები მიხედავენ, – მითხრა მუხინმა, მისი სიტყვები ისე მრისხანედ ჟღერდა, როგორც მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი.
– ანდრეი ლუკიჩ, ამ საქმეს მე გავაკეთებ. არა როგორც შეკვეთას ან როგორც თქვენი ორგანიზაციის წევრი, არამედ, როგორც მამა, როგორც პატრიოტი და სამართლიანობის მომხრე.
– კეთილი, ასე იყოს. მონაცემებს მის შესახებ ახლავე გადმოგცემ. გაეცანი და იმოქმედე.
მუხინის მიერ მოწოდებულ დოსიეში ეწერა, რომ ობიექტი ცხოვრობდა ქალაქ ვენაში, ყველაზე ფეშენებელური რაიონის მდიდრულ ვილაში და უსაფრთხოების საკმაოდ ძლიერი სამსახური იცავდა მის სიცოცხლეს. თავისი ქართველი თუ არაქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, ის არანაირ საქველმოქმედო საქმიანობას არ ეწეოდა და ეკლესიისთვისაც კი არ ჰქონდა გაცემული არც ერთი ცენტი. ის მთელ თავის შემოსავალს პირად ფუფუნებასა და ბიზნესს, აგრეთვე, კრიმინალური სტრუქტურების გაძლიერებას ახმარდა. მას არც ცოლ-შვილი ჰყავდა, არც მშობლები და არც ახლო ნათესავები. ამიტომ, ვერაფერი აიძულებდა, რომ მიზნისგან გადაეხვია, მისი მიზანი კი ის იყო, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მოეპოვებინა. დოსიეში, აგრეთვე, ეწერა, რომ ორი კვირის შემდეგ ის თბილისში უნდა ჩასულიყო. ობიექტის საქართველოს დედაქალაქში ვოიაჟის მიზანი „ტავარის“ გაყიდვის, მინიმუმ, გაორმაგება იყო, ანუ, იმ ნაძირალას საქართველოში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის გაორმაგება სურდა...
– რას იტყვი, კოკი, შემზარავი პერსპექტივაა, ხომ? – მკითხა მუხინმა, როდესაც ინფორმაციას გულდასმით გავეცანი.
– ცოტათი გადაჭარბებული ხომ არ არის?
– უზუსტესია. იქ ჩვენი კაცი მუშაობს და ყველა ინფორმაციას ის გვაწვდის. ხვალ კიდევ უფრო ზუსტი, სრული ინფორმაცია გვექნება ამ შეხვედრის შესახებ და იმის მიხედვით იმოქმედე.
ახალი და ამომწურავი ინფორმაციის მიხედვით, ნარკობარონთა თბილისური შეხვედრა წყნეთის ერთ-ერთ ფეშენებელურ აგარაკზე უნდა გამართულიყო. მას, ობიექტის გარდა, სხვა კავკასიელი ნარკომოვაჭრეებიც უნდა დასწრებოდნენ, ყველაზე ამაზრზენი კი ის იყო, რომ იქ მთავრობის ორი წარმომადგენელი: შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე და პარლამენტის წევრი უნდა დასწრებოდა.
– ანდრეი ლუკიჩ, მთელი ეს ბანდა ერთდროულად ხომ არ გაგვეწყვიტა?
– ამას ახლა ვერ შევძლებთ. საამისოდ, მინიმუმ ერთი ვერტმფრენი და სპეცრაზმის ოცეული მაინც დაგვჭირდება. თან, შეიძლება, უდანაშაულო ხალხიც დაიხოცოს და ამას ვერანაირად ვერ დავუშვებთ. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ და ჯერჯერობით ობიექტის ლიკვიდაცია ვიკმაროთ. მით უმეტეს, რომ ისაა იქ მთავარი და მისი მოშორება მნიშვნელოვნად შეარყევს მათ პოზიციებს.
მუხინი მართალი იყო. წყნეთში ნარკობარონების ლიკვიდაცია უდანაშაულო ადამიანების დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა, რადგან მათ დიდი და ძლიერი შეიარაღებული დაცვა ჰყავდათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის სახით, რომელიც არანაირ მსხვერპლს არ მოერიდებოდა. ამიტომ, ობიექტს ექვსასი მეტრის მანძილიდან, პირდაპირ თვალებშუა ჩავუსვი 7,62 კალიბრის ტყვია და ტვინი გავასხმევინე. მაშინ ეს შემთხვევა ქართულ მასმედიაში არ გაჟონილა და ობიექტი თბილისის ერთ-ერთ პანთეონში დაასაფლავეს. მუხინმა კი ნარკობარონებს მორიგი ანონიმური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ მათზე ნადირობა გაგრძელდებოდა, თუკი ისინი საქმიანობას არ შეწყვეტდნენ. ანდრეი ლუკიჩი ყოველთვის ასე იქცევა და მას დღემდე ეძებენ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე აღმოაჩინონ.
მუხინის არალეგალური ორგანიზაციის გარდა, მსოფლიოში რამდენიმე ასეული მძლავრი იატაკქვეშა სტრუქტურაა, რომლებიც გარკვეულ მიზანს ემსახურებიან და ასრულებენ. ყველას მეთოდი კი, საბოლოო ჯამში, ერთია – ფიზიკური განადგურება. თუმცა, სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვანაირად მოქმედებს და, თუკი მუხინის პრინციპია „სუფთად მუშაობა“, რაც უდანაშაულო ადამიანების შემთხვევით მსხვერპლსაც კი გამორიცხავს, ნებისმიერი აღმოსავლური დაჯგუფება არანაირ მსხვერპლზე არ იხევს უკან, არც საკუთარ ხალხს ზოგავს და, რა თქმა უნდა, არც მოწინააღმდეგეს. ჯერ კიდევ ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის დროს მქონდა შეხება ასეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახლა ძალიან ძლევამოსილები არიან, მაშინ კი პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და ძალებს იკრებდნენ.
ერთხელ შჩუკინმა თავის კაბინეტში მიხმო და მითხრა:
– ურთულესი დავალება უნდა შეასრულო. არ დაგიმალავ, რომ გადარჩენის შანსი საკმაოდ მცირეა, მაგრამ, შენ გარდა ამ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს და არჩევანი იმიტომ შევაჩერეთ შენზე.
მსგავს რამეებს შეჩვეული ვიყავი, თანაც, ჩემი ბედისწერის მჯეროდა და გენერალს მივუგე:
– მზად ვარ სამსახურისთვის! გისმენთ!
– აი, ეს სუბიექტი უნდა გაანეიტრალო, – მითხრა შჩუკინმა და წვერიანი მამაკაცის სურათი მიჩვენა, რომელიც არ მეცნობოდა, ამიტომ ვკითხე:
– ვინ არის?
– ჯამალ სალეხი.
– აი, თურმე, როგორი ყოფილა ებრაელთა რისხვა, – ვუთხარი შჩუკინს, რადგან, ცნობილი ტერორისტის საქმეებს და ბიოგრაფიას კარგად ვიცნობდი, ფიზიონომია კი პირველად ვნახე. გარდა ამისა, კარგად ვიცოდი, რომ ის „კაგებეს“ კაცი იყო და გენერალს ვკითხე: – გვიღალატა?
– საბოლოოდ გააფრინა.
– მაინც, რა ქნა, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– აბსოლუტურად აღარ გვემორჩილება. საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ეს კი ხშირად ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. სადაც ებრაელს მოიხელთებს, სასტიკად უსწორდება. სამი დღის წინ, იერუსალიმში, ერთი ებრაელი მაღალჩინოსნის ოჯახი გაწყვიტა, ექვსი ადამიანი მოკლა. ის კაცი კი ჩვენზე მუშაობდა. მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, მან ყოვლად უდანაშაულო ბავშვები დახოცა. ერთი სიტყვით, ის ცოფიანი ძაღლია და უნდა გავაჩეროთ. მით უმეტეს, რომ ჯამალ სალეხი ჩვენი მომზადებულია. მას ამჟამად „მოსადი“ ეძებს და, სანამ ისინი მოიხელთებენ, ჩვენ უნდა ჩავიგდოთ ხელში, უფრო სწორად კი, გავანეიტრალოთ. მისი ხელში ჩაგდება კარგი კი არის, მაგრამ, შეუძლებელია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სხეულზე პლასტიკური ბომბი აქვს შემოხვეული და ცოცხლად არავის ჩაბარდება.
– ესე იგი, სროლა მოგვიწევს.
– სნაიპერული შაშხანით ვერ მისწვდები – ის თავის ბუნკერშია გამოკეტილი და იქიდან იძლევა ბრძანებებს.
– ესე იგი, ვერც მასთან შევაღწევ?
– აი, ეს კი შესაძლებელია. იქ შენ ერთი სულიერი ლიდერის რეკომენდაციით შეგიშვებენ, მაგრამ, იქიდან გამოსვლის ძალიან მცირე შანსი გექნება.
– 01 პროცენტიც რომ გაქვს, მაინც შანსია, მე კი, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ბევრად მეტი შანსი მქონია. ამიტომ, წარმატების იმედი მაქვს. მოდი, ყველაფერი დაწვრილებით განვიხილოთ, – ვუთხარი შჩუკინს, რომელიც უდიდესი პატივისცემით მიყურებდა.
ვიქტორ იაკოვლევიჩმა მუხინი იხმო და ჩვენ სამმა დაწვრილებით განვიხილეთ ჩემი დავალების შესრულების ყველა შესაძლო ვარიანტი. მეორე დღეს კი უკვე პაკისტანში, ქალაქ პეშვარაში ვიმყოფებოდი და ჯამალ სალეხთან აუდიენციას ველოდებოდი.
ცნობილი ტერორისტის შტაბ-ბინა ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე კატაკომბებში იყო განთავსებული და, მე რომ მივედი, ისედაც მრავალრიცხოვანი დაცვა, კიდევ უფრო გაძლიერებული იყო. ასეთი გაძლიერებული ზომები კი იმით იყო გამოწვეული, რომ იმ დილით იქ „მოსადის“ სპეცჯგუფი ცდილობდა შეჭრას და ისინი დახოცეს.
საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ კატაკომბებში შემიყვანეს და ასიოდე მეტრის სიგრძის ლაბირინთის გავლის შემდეგ ჯამალ სალეხს მაახლეს.
– აბა, რა შემომითვალა ჩემმა სულიერმა ძმამ? – მკითხა მასპინძელმა, როდესაც მის სამფლობელოში ფეხი შევდგი.
– პირველ ყოვლისა, დღეგრძელობა და ალაჰის მფარველობა გისურვათ, – მივუგე ტერორისტს და ვკითხე – ურჯულოთა თავდასხმას ხომ არ შეუწუხებიხართ?
– ებრაელები მატლები არიან და ისინი ჩემმა მებრძოლებმა გასრისეს, – ჩვეული ზიზღითა და თავდაჯერებით მომიგო ჯამალ სალეხმა.
– ჯამალ! ჩემს ბატონს თქვენთან ერთი სარფიანი წინადადება აქვს.
– რა წინადადება? ჩემი სულიერი ძმა ტყუილად არ შემეხმიანებოდა. აბა, თქვი, გისმენ.
– ჩემი ბატონი ებრაელი ძაღლების განადგურებას გთავაზობთ მათსავე ბუნაგში. ორი კვირის შემდეგ, თელ-ავივში ახალგაზრდა ებრაელთა მსოფლიო ფესტივალია, სადაც ათასობით ურჯულო შეიკრიბება. მისი გეგმის მიხედვით, სწორედ იქ უნდა მივაყენოთ მათ სასტიკი დარტყმა. კონკრეტულად კი, ჩვენი ოცი საუკეთესო მებრძოლი მიკროავტობუსებით ერთდროულად შევარდებიან მთავარ მოედანზე და მანქანებში ჩაწყობილ ასაფეთქებლებს ერთდროულად ააფეთქებს, რასაც ურჯულოთა უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვება. ამიტომ, ის თქვენს თანხმობასა და დახმარებას თხოულობს.
– იდეა ბრწყინვალეა, – თვალები გაუბრწყინდა ჯამალ სალეხს, – ოცივე მეომარსა და საბრძოლო მასალას მე გამოვყოფ, ტრანსპორტი კი ჩემი ძმის იყოს, – ასე გადაეცი მას, ჩემო ძმაო.
– კარგი, გადავცემ, – მივუგე სალეხს და ავდექი, რადგან მისი ბოლო სიტყვები აუდიენციის დასრულებას ნიშნავდა.
წამოდგა სალეხიც, რომ დასასვენებელ ოთახში გასულიყო. შორიახლო მდგარი მისი დაცვა შეტრიალდა და ჩემ მიმართ ყურადღება მოადუნა. მე ამით ვისარგებლე. იქ მყოფ ოთხ მცველთაგან ერთ-ერთს ავტომატი გამოვტაცე და თვალის დახამხამებაში ოთხივე დავხოცე. ჯამალ სალეხი მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ, მანიაკურად გამიღიმა და მითხრა:
– მოგზავნილი ყოფილხარ!
– დროა, ალაჰის სამსჯავროზე წარდგე და ჯოჯოხეთში გაემგზავრო. შენ ამიერიდან უკვე ვეღარავის მოკლავ, – ვუთხარი სისხლისმსმელ ტერორისტს და, ისე, რომ ავტომატი არც კი მიმიშვერია მისთვის, დავამატე – თუმცა, თუ სიცოცხლე გინდა, ჩამბარდი.
– ჰმ, ჩაგბარდე? არასოდეს! – მომიგო ჯამალ სალეხმა და ჯერ ზედა სამოსი ჩამოიგლიჯა, რომლის ქვეშაც შაჰიდის მსხვილი ქამარი ჰქონდა შამოხვეული, შემდეგ ალაჰის სადიდებელი ფრაზა წარმოთქვა და კაპრონის ძაფი ჩამოქაჩა, რომ თავი აეფეთქებინა...
სალეხი რომ კაპრონის ძაფს ქაჩავდა, უცებ მერიკო და შვილები წარმომიდგა თვალწინ და ღმერთს მათი დღეგრძელობა და ჩემი ცოდვების პატიება შევთხოვე, თან ადგილზე გავქვავდი და მანიაკ ტერორისტს თვალი თვალში გავუყარე... მაგრამ, მოხდა სასწაული – კაპრონის ძაფი გაწყდა და შაჰიდის ქამარი არ აფეთქდა. სანამ ჯამალ სალეხი გააცნობიერებდა, რა მოხდა, მე ვეფხვივით ვისკუპე მისკენ, ძირს დავაგდე და ყბაში თავის ძლიერი დარტყმით გავთიშე. შემდეგ შაჰიდის ქამარი შევხსენი და კუთხეში ფრთხილად დავდე, ბოლოს კი მხარზე მოვიგდე და, სანამ ვინმე შემოგვივარდებოდა, მის დასასვენებელ ოთახში გავედი, თან, ავტომატიც ხელში მეჭირა. საბედნიეროდ, სათადარიგო გასასვლელი მალევე ვიპოვე და კატაკომბებიდან მშვიდობიანად გავაღწიე. პეშვარიდანაც დროულად გავედი და იმდენი მოვახერხე, რომ პაკისტანის დედაქალაქში ჩავაღწიე ძვირფასი ტვირთით, საბჭოთა საელჩოში მივედი და ჯამალ სალეხიც მივიტანე. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ცნობილი ტერორისტი საბჭოთა საელჩოში იქნებოდა. როგორც სიტუაციიდან ჩანდა, მათ ამაზე ეჭვიც კი არ აუღიათ. ყველას ეგონა, რომ „მოსადმა“ გააკეთა ეს საქმე და მთელი აქცენტი ებრაელებზე გადაიტანეს. ჩვენ კი ამით ვისარგებლეთ, ცნობილი ტერორისტი დიპლომატიურ ბარგში ჩავტენეთ და ისლამაბად-მოსკოვის ჩარტერული რეისით მოსკოვში საღ-სალამათი ჩავიყვანე. აეროპორტში პირადად გენერალი შჩუკინი დამხვდა, რომელიც ძმასავით გადამეხვია და მითხრა:
– ყოჩაღ, კოკი. შენ ნამდვილად ბედის რჩეული ხარ. მე შენ უეჭველ სიკვდილზე გაგიშვი, მაგრამ გადარჩი. მადლობა განგებას.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – მივუგე გენერალს და გამოვეჯგიმე.
ჯამალ სალეხი საბჭოთა მთავრობამ ისე გადამალა, რომ ეშმაკიც კი ვეღარ მიაგნებდა და ყველას მკვდარი ეგონა. ამიტომ, დროთა განმავლობაში, მსოფლიოს ის ნელ-ნელა დაავიწყდა. თავად ტერორისტს კი ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ რეალურად მან არც კი იცოდა, სად იმყოფებოდა. მას არც სცემდნენ, არც აწამებდნენ და არც არანაირ პრეპარატებს არ უკეთებდნენ. ის ციხეშიც კი არ იჯდა, არამედ, ერთ-ერთი შუააზიურ რესპუბლიკაში, „კაგებეს“ საიდუმლო ბაზაზე იმყოფებოდა. მას ძალიან გამოცდილი „ჩეკისტები“ ეხვივნენ ირგვლივ და მხოლოდ სპარსულ ენაზე ელაპარაკებოდნენ. მას არც გართობა აკლდა, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ, ფორმის შესანარჩუნებლად მუდმივად წვრთნიდნენ, ანუ, ცნობილ ტერორისტს საგანგებო შემთხვევისთვის ინახავდნენ და ეს შემთხვევა ექვსი წლის შემდეგ დადგა.
ერთ დღეს შჩუკინმა გამომიძახა და მითხრა:
– ჯამალ სალეხი თუ გახსოვს?
– მაგას რა დამავიწყებს. ის შნური რომ არ გამწყდარიყო, ახლა ჩემი დუხი არ იქნებოდა.
– გინდა მასთან კვლავ შეხვედრა?
– ცოცხალია? განა არ გაანადგურეს?
– რისთვის? ის ხომ ძალიან გამოცდილი ადამიანია და რაღაცაში აუცილებლად გამოგვადგებოდა. ახლა კი სწორედ ის დრო დადგა, – მითხრა შჩუკინმა, ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა და დაამატა, – მას ჩვენ ებრაელების საწინააღმდეგოდ გამოვიყენებთ და შენ ამაში უნდა დაგვეხმარო.
– რა უნდა გავაკეთო?
– ის, აი, ამ ადამიანს მოკლავს, – მითხრა შჩუკინმა და ერთ-ერთი ებრაელი მაღალჩინოსნის სურათი მიჩვენა, რომელსაც მაღალზე მაღალი პოსტი ეკავა ისრაელის მთავრობაში.
– მიზანი?
– ძალიან კონკრეტული. ჯერ ერთი, რომ მათ რიგებში განხეთქილებას შევიტანთ და, სანამ გაარკვევენ, თუ რა მოხდა, მათ მომავალ არჩევნებში ჩვენი კაცი გაიმარჯვებს.
– ვითომ, გამოვა?
– ყველაფერი წინასწარაა გაანგარიშებული, – მითხრა შჩუკინმა, – ჯამალ სალეხმა არ იცის, რომ საბჭოეთში იმყოფება. ვეტყვით, რომ თითქოს „მოსადს“ ჰყავდა დატყვევებული და კონკრეტულ მიზანს დავუსახავთ. ის კი საპირისპიროს გააკეთებს. მერე მას შეიპყრობენ და სასტიკი წამების დროს ჩვენს ვერსიას გააჟღერებს. ხვდები, რაშია საქმე?!
გაგრძელება შემდეგ ნომერში