კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის ტერიტორიული პრეტენზიებიდან რომლის დაკმაყოფილებაზე დათანხმდნენ ინგლისი და ამერიკა

მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე (1944-1945) ძალზე აქტუალური გახდა ომში ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების (იტალია, იაპონია) დამარცხების შემდეგ სახელმწიფოების საზღვრების შეცვლის – ტერიტორიების გადანაწილების პრობლემა. ცხადია, ტერიტორიები გადანაწილდებოდა ისე, როგორც ამას მოისურვებდნენ გამარჯვებული ქვეყნები – საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისი. სახელმწიფოების საზღვრების შეცვლისა და ტერიტორიების გადანაწილების საკუთარი გეგმები ჰქონდათ იოსებ სტალინს, ფრანკლინ რუზველტსა და უინსტონ ჩერჩილს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოკავშირეები იყვნენ და ერთად ებრძოდნენ გერმანიას, იაპონიასა და იტალიას, ევროპასა და აზიაში ახალი საზღვრების დადგენის თაობაზე სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. ამ ბრძოლის პირველი ეტაპი დასრულდა პოტსდამის კონფერენციით (1945 ). თუმცა, ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც ისევ გაგრძელდა, უკვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. იოსებ სტალინს, ფრანკლინ რუზველტს (ის ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე ჰარი ტრუმენმა შეცვალა) და უინსტონ ჩერჩილს (ის ინგლისის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ეტლიმ შეცვალა) თავიანთი პრინციპული მოსაზრებები გააჩნდათ. ცხადია, ინგლისი და ამერიკა ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ და არ უნდოდათ დაეშვათ, საბჭოთა კავშირს სტრატეგიული ტერიტორიები ჩაეგდო ხელში როგორც აზიაში, ისე – ევროპაში. მიმდინარეობდა დიდი და დაძაბული დიპლომატიური ბრძოლა. საბჭოთა კავშირ-ინგლის-ამერიკის ურთიერთობაში ერთ-ერთ მწვავე საკითხს წარმოადგენდა თურქეთის ტერიტორიის ნაწილის  საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადასვლა. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხებოდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას – ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს. ეს ტერიტორიები საუკუნეების განმავლობაში თურქეთს ჰქონდა მიტაცებული და მეორე მსოფლიო ომის დროსაც, ცხადია, თურქეთის შემადგენლომაში შედიოდა.
იოსებ სტალინი მიზანმიმართულად მოქმედებდა. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ სტალინისგან მიიღო დავალება მეცნიერულად დაესაბუთებინა, რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი ოდითგანვე საქართველოს ისტორიული ტერიტორია იყო და ერთიანი ქართული სახელმწიფოს დასუსტებისა და დაშლის შემდეგ, ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად, თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ეს 1921 წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა ყარსის ხელშეკრულებით. 1944 წლის მარტში, სიმონ ჯანაშიამ სტალინის დავალება შეასრულა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს გადასცა რუსულ ენაზე დაწერილი ნარკვევი „თურქეთის შემადგენლობაში შესული ქართული ტერიტორიების შესახებ”. ესაა საკმაოდ საინტერესო ნაშრომი, სადაც შემდეგი საკითხებია განხილული: ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის გეოგრაფიული დახასიათება,  ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ისტორია, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ადმინისტრაციული დაყოფა და იმჟამინდელი მდგომარეობა. სიმონ ჯანაშიას ნარკვევი თავისი ხასიათით არ იყო პოლიტიკური დოკუმენტი. პოლიტიკური დოკუმენტი იოსებ სტალინის დავალებით ცოტა მოგვიანებით შეიქმნა. 1945 წლის დეკემბერში, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის ხელმოწერით, ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნდა წერილი სათაურით: „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ”. ეს წერილი შეიცავდა უკვე მოთხოვნას ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის თურქეთის შემადგენლობიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადასვლის შესახებ.  1945 წლის ოქტომბერში მოსკოვში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი კიკნაძე. მან სიმონ ჯანაშიას გამოკვლევის საფუძველზე დაწერილი მოხსენებები წარუდგინა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ვიაჩესლავ მოლოტოვსა და საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ლავრენტი ბერიას. ამ მოხსენებებში გიორგი კიკნაძე წერდა, რომ თურქეთის შემადგენლობიდან საქართველოს შემადგენლობაში უნდა გადმოსულიყო ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის 12 760 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.  გიორგი კიკნაძის მოხსენებათა ასლები გადაეცათ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეებს – ანდრეი ბიშინსკის (შემდგომში მინისტრს) და ვლადიმირ დეკანოზოვს.   შემდგომ ხანებში ანდრეი ბიშინსკიმ თურქეთის შემადგენლობაში შემავალი ქართული ტერიტორიების საკითხი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც დააყენა. თუმცა, საკითხი სიმწვავეს თანდათან კარგავდა და სტალინის გარდაცვალების შემდეგ (1953), პრაქტიკულად, მოიხსნა დღის წესრიგიდან.
იბადება კითხვა: რა იყო იმისი მიზეზი, რომ ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის თურქეთის შემადგენლობიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადასვლის საკითხი ვერ გადაიჭრა? ამ საკითხს ჰქონდა როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული მიზეზები. ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომის დასასრულს და ომის შემდგომ წლებში აქტიურად ცდილობდნენ, შეეზღუდათ სტალინის ტერიტორიული პრეტენზიები. ეს პრეტენზები კი, საკმაოდ სერიოზული იყო. იაპონიის დამარცხების შემდეგ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადავიდა ომამდე იაპონიის კუთვნილი – სახალინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი და კურილიის კუნძულები. საბჭოთა კავშირმა მოახერხა უაღრესად მნიშვნელოვანი ტერიტორიის – კალინინგრადის ოლქის ხელში ჩაგდება. კალინინგრადს (ყოფილ კენიგსბერგს) უშუალო სახმელეთო საზღვარი არა აქვს რუსეთის ფედერაციასთან. ეს ოლქი რუსეთს მხოლოდ ზღვით უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირს არანაირი კანონიერი უფლება არ ჰქონდა კალინინგრადის ოლქის მიერთებისა, სტალინმა ისარგებლა შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებით და ინგლის-ამერიკა აიძულა, დათმობაზე წასულიყვნენ. ასე აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სტალინმა შეძლო თავის სასარგებლოდ გადაეწყვიტა საბჭოთა კავშირის ჩრდილო-დასავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთ დასავლეთის საზღვრების საკითხი, ანუ სასაზღვრო ხაზი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დაადგენინა. ეს იყო ძლიერი დარტყმა ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის. დიდ პოლიტიკას თამაშის თავისი წესები აქვს, სტალინიც ამ წესებით მოქმედებდა – ყოველთვის ითხოვდა მეტს, ვიდრე რეალურად ელოდა მიღებას. სტალინს სერიოზული ინტერესები ჰქონდა ყველა მიმართულებით, მათ შორის ორ, მეტად მნიშვნელოვან რეგიონში: ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში. აქ კი საბჭოთა კავშირის ინტერესები პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ინგლისის ინტერესებთან. დიდი ხნის განმავლობაში ინგლისის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო რუსეთის შეზღუდვა იმ თვალსაზრისით, რომ ის არ მიახლოვებოდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს. ამ პოლიტიკას ადგა ინგლისი მეორე მსოფლიო ომის დასასრულსა და ომის შემდგომ წლებშიც. ცხადია, გადამწყვეტ მომენტში, ამერიკის შეერთებული შტატებიც ინგლისის მხარეზე დგებოდა. თურქეთის შემადგენლობიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის გადასვლა ეწინააღმდეგებოდა ინგლისის ინტერესებს. სტალინმა ეს ძალიან კარგად იცოდა. ისიც კარგად იცოდა, რომ დიდ პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ ისტორიულად ესა თუ ის ტერიტორია რომელ ერსა და სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ისტორიული სამართლიანობის პრინციპით რომ ეხელმძღვანელათ, რუსეთი ვერასდროს მიიღებდა კალინინგრადის ოლქს. მაგრამ, საერთაშორისო ურთიერთობებში ისტორიული სამართლიანობის პრინციპთან უპირატესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ სამხედრო პოლიტიკურ ვითარებას და დიდ სახელმწიფოთა ინტერესებს. დათმობა არდათმობა, ამ შემთხვევაში, ისტორიული სამართლიანობის პრინციპიდან არ გამომდინარეობდა. ასე მოხდა ამჯერადაც. ყოველივე ამას ემატებოდა ისიც, რომ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ მოკავშირეთა (საბჭოთა კავშირი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები) შორის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, სულ უფრო და უფრო იძაბებოდა ურთიერთობა. გერმანიის ორ სახელმწიფოდ გაყოფა და ევროპაში საბჭოთა კავშირის სატელიტ ქვეყნებში – ეგრეთ წოდებული სოციალისტური წყობილების დამყარება, საბჭოთა ჯარების ყოფნა გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ომი კორეის ნახევარკუნძულზე და კორეის ორ სახელმწიფოდ გაყოფა, ჩინეთში მიმდინარე სამოქალაქო ომი – სრულიად განსხვავებული, ახალი და რთული პრობლემების წინაშე აყენებდა მსოფლიოს ქვეყნებს. უპირველეს ყოვლისა კი, დიდ სახელმწიფოებს. ასეთ ვითარებაში ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის საკითხმაც აქტუალობა დაკარგა. ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში საბჭოთა კავშირის პოლიტხელმძღვანელობამ სხვა პრობლემებზე გადაიტანა აქცენტი, ხოლო სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით მოამზადა ა

скачать dle 11.3