სად და როგორ დაარსდა ჯგუფი „სველი ტრაკები“ და რატომ სთხოვს პატიებას ირაკლი ფაღავა მსმენელს
მართალია, ირაკლი ფაღავა წლებია, მუსიკალურ სამყაროში მოღვაწეობს, თუმცა მისი შემოქმედებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაინტერესდნენ. ეს ფაქტი მისთვისაც გაუგებარია. თუმცა, ალბათ, არის მიზეზი და ამას აუცილებლად მიხვდებით მისი ინტერვიუს წაკითხვისას. ჩვენი რესპონდენტი უდავოდ, საინტერესო პიროვნებაა. მუსიკის გარდა, მან ძალები სხვა სფერშიც მოსინჯა და გამოუვიდა კიდეც. ასე რომ, ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩრდილში იყო, საკუთარი ნიჭის რეალიზება დაიწყო. სწავლობს თეატრალური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, კინო დრამატურგიის განხრით.
ირაკლი ფაღავა: იმის მიზეზი, რომ მასა არ გვიცნობდა და ჩვენზე არ წერდნენ, ჩვენვე ვიყავით, რადგან პოპულარობა არ გვინდოდა. მიმაჩნია, რომ პოპულარობა გარკვეული დამსახურების მიხედვით უნდა მოდიოდეს და არა იმის გამო, რომ ჩვენი იდეაფიქსი ყოფილიყო, გინდა თუ არა პოპულარულები გავმხდარიყავით, მაშინ, როცა ისეთი არაფერი გვქონდა გაკეთებული. ჯგუფ funky staff-ის წევრები ძალიან ხშირად იცვლებოდნენ, ამჯერად კი ცამეტნი ვართ. ამდენი ადამიანისთვის ანაზღაურების გადახდა ძალიან რთული იყო, ამიტომ კონცერტებს დიდი ინტერვალებით ვატარებდით. როგორც კი რაღაცას გავაკეთებდით, რასაც უფრო ხუმრობას დავარქმევ, ჩაიწერებოდა და მობილურებით ვრცელდებოდა. ბოლო დროს მართლა ბევრი დაინტერესდა როგორც funky staff-ით, ასევე ჩემი შემოქმედებით.
– გავიგე, რომ ახალ წიგნზე მუშაობ. იქნებ, უფრო დაწვრილებით გვითხრა ამის შესახებ.
– ეს ჩემი რიგით მესამე წიგნია, რომელსაც ჰქვია – „წერილები ბათუმს.” ამ კრებულში შესული ლექსები, ძირითადად, ბათუმს ეძღვნება. ბათუმში დავიბადე და ბევრი ლექსი დამიგროვდა. მინდოდა, ბათუმისთვის თუნდაც ამ სახით რაღაც დამეტოვებინა.
– წინა კრებულებს რა ერქვა?
– პირველ ლექსების კრებულს ჰქვია „დაცემული ანგელოზი,” რომელიც 2010 წელს გამოვიდა. 2011-ში გამოვეცი მცირე ზომის რომანი „როცა წვიმა იღიმება.”
– კინო, პოეზია და მუსიკა. ეს არის ის, რაშიც უკვე მოსინჯე საკუთარი თავი. რომელი უფრო მეტ ადგილს იკავებს შენში?
– ძირითადად ის, რაც წერასთან არის დაკავშირებული, მხოლოდ ასოები და არა ნოტები. მუსიკას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემში, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ 3 კლასის მუსიკალური განათლება მაქვს, რაც ბევრ რაღაცაში მაფერხებს. მართალია, მუსიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ მირჩევნია, მეტი დრო ლიტერატურას დავუთმო. აქ უფრო კარგად ვხედავ ჩემს თავს.
– funky staff გასაგებია, მაგრამ საიდან გაჩნდა ჯგუფი „სველი ტრაკები?”
– ხუმრობით რაღაც წამომცდება და მერე ის ხდება ყურადღების საგანი, ხოლო რაზეც სერიოზულად ვფიქრობ, ის უყურადღებოდ რჩება. რაც შეეხება „სველ ტრაკებს.” ბათუმში არის კაფე „ფეისბუქი,” სადაც ხშირად ვიკრიბებოდით და ჩემს ბათუმელ მეგობრებთან ერთად საღამოებს ვატარებდი. ერთხელაც ისე მოხდა, რომ კაფეში პირდაპირ ზღვიდან ავედით სველი საცურაო ტრუსებით. თან ცოტა ნასვამებიც ვიყავით და დავუკარით. აი, ეს იყო „სველი ტრაკების” სახელის ისტორია.
– მართალია, ხუმრობით თქვი, ჯგუფს „სველი ტრაკები” ჰქვიაო, მაგრამ ამან გაამართლა. სწორედ ამ სახელით მოექეცით ყურადღების ცენტრში. ესეც ხომ ერთგვარი ფიარია. ანუ ეს სახელწოდება შეგრჩათ?
– ასე გამოდის. ამასთან დაკავშირებით რომ მეკითხებიან, ყველას ვიგერიებ, დავიშალეთ-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომდის. ეს სახელი შეგვრჩა.
– ახლა კი შენს ოჯახზეც გვითხარი რამე.
– ვინც ძალიან მიყვარს, მათ ხშირად ვუყვირი და უყურადღებოდ ვტოვებ. ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული, მათ ყურადღებას ვერ ვაქცევ და „იგნორში“ მყავს. მიუხედავად ამისა, ერთიც და მეორეც სიგიჟემდე მიყვარს – მეუღლეც და ბავშვიც.
– ინტერვიუზე 3 წლის ანრისთან ერთად გვესტუმრე და ვაღიარებ, მიუხედავად შენი სიტყვებისა, ძალიან მზრუნველი მამა ხარ.
– ვცდილობ.
– შენს მუსიკას თუ უსმენს?
– ჩემს მუსიკასაც უსმენს და რეპეტიციებზეც ხშირად დამყავს.
– თავად რა ასაკიდან ხარ ამ სფეროში?
– მგონი, დაბადებიდან, რადგან მშობლები მუსიკოსები მყავს და ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო მსახიობი, მუსიკოსი, ან ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენელი. მე თვითონ 3 წელი ვიარე ფორტეპიანოს გაკვეთილებზე, რის მერეც 5 წელი საერთოდ, ხსენება არ მინდოდა მუსიკის. გაგონებაც არ მინდოდა, მეზიზღებოდა. მერე თანდათან ისევ დავუახლოვდი მუსიკალურ სამყაროს.
– ვოკალს რაც შეეხება?
– ხანდახან ვმღერი-ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად. funky staff-ში გვყავს სამორი ბალდე, რომელიც ძალიან კარგად ართმევს თავს იმ ადგილებს, სადაც რეჩიტატივებია. მე უფრო ფრაზებზე მიწევს მუშაობა და არა რეჩიტატივებზე.
– სოლისტი ვინ არის?
– სოლისტი გვეცვლება ხოლმე. ადრე სალომე ქათამაძე იყო, რომელიც შეიძლება, დაბრუნდეს, ან სხვამ შეცვალოს.
– რა და რა ინსტრუმენტს ფლობ?
– ფლობით ვერც ერთს ვერ ვფლობ, მაგრამ დაკვრა გამომდის გიტარაზე, ფორტეპიანოსა და დასარტყამ ინსტრუმენტზე. ბათუმში კი ბასზე მიწევს დაკვრა.
– უმეტეს დროს სად ატარებ, თბილისში თუ ბათუმში?
– მოღვაწეობა, საქმიანობა და ცხოვრება ძირითადად თბილისში მიწევს. ბათუმისკენ ძალიან მიმიწევს გული და ვცდილობ, რამენაირად ისე მოხდეს, რომ იქ გამომიჩნდეს ბევრი საქმე. მაგალითად, ზაფხულში ხუთჯერ ვიყავი ჩასული.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– რაზეც არასდროს ვიტყვი უარს, ეს არის ერთადერთი, თვითშემეცნება და ყველაფრის ფასად წავალ ამაზე.
– შედეგის მისაღწევად ბევრი შრომა გიწევს თუ პირიქით?
– ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ნიჭის ხარჯზე გავდივარ. გამოდის, რომ შრომაში ბევრი დრო არ დამიხარჯავს. ანუ, რაც დამიხარჯავს, მაშინვე ჩანს. წერას რაც შეეხება, საკმაოდ დიდ დროს ვანდომებ, რადგან თითოეულ ფრაზაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ.
– პირველი ლექსი რა ასაკში დაწერე?
– როგორც მახსოვს, 16 წლის ასაკში. საერთოდ, ყველაფერი ძალიან გვიან დავიწყე – წერაც, გიტარაზე დაკვრაც, სიგარეტის მოწევაც, ღვინის დალევაც და კიდევ რაღაც-რაღაცეები. ჩემს მსმენელს ვეტყვი, რომ ძველი შეცდომები მაპატიოს და ცოტა დრო მომცენ, კარგი რაღაცეები გავაკეთო.
– ბევრი შეცდომები გქონდა?
– როცა რაღაცას აკეთებ, შეცდომებიც გექნება. ყოფილა შემთხვევა, მსმენელი მოსულა რაღაც განსაკუთრებულის მოსასმენად, მე კი არაფხიზელ მდგომარეობაში ვყოფილვარ და საერთოდ, სხვა რაღაცეები დამიკრავს, რაზეც, ალბათ, გულიც გაუტყდებოდათ. მხოლოდ ეს ცოტა ადრე იყო, ახლა კი ყველაფერს გაცილებით სერიოზულად ვეპყრობი. ისე, საკმაოდ მკაცრი ხელმძღვანელი ვარ. ყველა ნიუანსს ყურადღებას ვაქცევ. ამიტომ, ბიჭებს ბევრს ვამუშავებ და ვაწვალებ, მაგრამ, სამაგიეროდ, მერე შედეგს თავად ხედავენ და რწმუნდებიან, რომ ყველაფერს შრომა სჭირდება. ალბათ, სხვების სიზარმაცეში საკუთარ თავს ვებრძვი. ასე ვზრდით ერთმანეთს.
– რომელიმე ლექსს თუ წაგვიკითხავ?
– „ლუკმას თუკი ძმაც არ გიყოფს ნახევარს,
ალბათ, შენი ბრალიც არის იცოდე,
ნუ იჩქარებ მაინც უკან დახევას,
სანამ გვერდით მყოფებს გამოიცნობდე.
ლომი აფთარს ვერ დაარქმევს მეგობარს,
მეც ასეთი ღირსებისკენ ვიხრები.
ცხოვრება რომ ია-ვარდი მეგონა,
ყოფამ მაშინ დამიშინა წიხლები,
მაგრამ ახლა ვეღარ ვიგრძნობ აწინდელ
ყაჩაღივით ჩასაფრებულ სიმწარეს.
წაგებები მაგალითებს მაწვდიდნენ
გამარჯვების ფასი უკვე ვიწამე.
დასრულდება აქვე ეს რომანსერო,
თუნდაც მთელი დედამიწა ქაჯობდეს.
გწამდეს, სიბრძნე დაგადინჯებს, ასე რომ,
ყალბ ლაპარაკს კვლავ დუმილი აჯობებს.“