როდის ჰქონდა სალომე ჭაჭუას „გულავი აწეული“ და ვინ უპირებდა მას ბალიშით გაგუდვასა და ძირს დაგდებას
მას შემდეგ, რაც სალომე ჭაჭუა გამოჩნდა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები,“ მისმა ცეკვამ და გარეგნობამ თითქმის მთელი საქართველო მოხიბლა. ამის მერე სალომეს ცხოვრება კიდევ უფრო დატვირთული და საინტერესო გახდა და გულშემატკივართა რაოდენობამაც იმატა. სალომეს ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი მისი უფროსი და – თამუნაა. დები ერთმანეთისგან გარეგნობითაც განსხვავდებიან და ხასიათითაც, თუმცა, ერთი საერთო ნამდვილად აქვთ – ორივე ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანია.
სალომე ჭაჭუა: უკვე დიდი ხანია‚ „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ დავიწყეთ ვარჯიში, გვინდა, რომ პირველ სეზონზე უკეთესი გამოვიდეს. რაც შეეხება „ვერის უბნის მელოდიებს,“ პირველად მივიღე მიუზიკლში მონაწილეობა, თან‚ მოდერნ-ჯაზის ცეკვა მიწევდა. სამი თვის განმავლობაში დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, რისთვისაც შემოქმედებით ჯგუფსა და რეჟისორს დიდ მადლობას ვუხდი. დროებით ტურნირები გადავწიე – ჯერჯერობით მეწყვილე არ მყავს და, ისედაც, ვერ გამოვიდოდი. ლევანი თავის მეუღლეს დაუბრუნდა, რომელმაც უკვე გააჩინა ბავშვი, ფორმაში ჩადგა და ახლა ისევ ერთად ცეკვავენ.
თამუნა ჭაჭუა: ბავშვობაში მეც ვცეკვავდი, თუმცა‚ სერიოზულად არასდროს მიფიქრია ამაზე, განსაკუთრებით – ადრე. თუმცა‚ ახლა სიამოვნებით ვივლიდი როგორც მოხალისე, ფიგურისთვის.
სალომე: ჩემი და ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო, მაგალითის მომცემი. რომ წაიცეკვებდა, მეც ვბაძავდი და, საბოლოოდ, მან მომანდომა, რომ ცეკვაზე მევლო.
– თამუნა, სალომე ისეთი დაკავებულია, ალბათ‚ მასთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდი.
თამუნა: სერიოზულს. დილით, ასე 10-11 საათზე რომ გადის, მინიმუმ ღამის 12 საათზე შემოდის და მთელი დღე ვერ ვნახულობ. ადრეც ასეთ რეჟიმში იყო, რადგან, ისტერიკულად სულ ვარჯიშობს. აქვს თუ არა სავარჯიშო, ურჩევნია, სტუდიაში იდგეს და ვარჯიშობდეს. სახლშიც რომ მოდის, ჩართავს კომპიუტერში მუსიკას და თავისთვის „უბერავს“. ამ წელს პირველად მოვახერხეთ ზაფხულში სამი დღით ერთად დასასვენებლად წასვლა და იქ ვნახე წესიერად.
– თამუნა, თქვენ შორის ოთხი წელია სხვაობა. გახსოვს სალომეს დაბადება?
– ძალიან არ მინდოდა, რომ დაბადებულიყო. სახლში კონკურენტი რომ გამიჩნდა, ამის გამო დიდ განცდებში ვიყავი და, ამიტომაც, იყო ძირს დაგდების, ბალიშის დაფარების მცდელობები. დედაჩემი რომ მეტყოდა, ტირის და დაარწიეო, მე მთელი ძალით ვარწევდი. სამშობიაროდან რომ გამოჰყავდათ, ვტიროდი – მინდოდა, მე დამეჭირა, რომ მერე ხელი გამეშვა. ერთხელ ბალიშის სახეზე დაფარებაც ვცადე, მაგრამ, შემომისწრეს.
სალომე: თამუნა საკმაოდ მკაცრი იყო, სულ ვჩხუბობდით – ძირითადად‚ ტანსაცმელზე. არაფერს არ მათხოვებდა და, მერე, რომ გადიოდა სახლიდან, „ვგულაობდი“. თან, ისე დავკეცავდი, რომ ბრუნდებოდა, ვერაფერს ხვდებოდა. სამაგიეროდ‚ მე რასაც ვიყიდდი, ჩაცმული არ მქონდა, რომ ამას ჰქონდა ხელი გაყოფილი.
თამუნა: დილით გავიღვიძებ და რაც მინდა, რომ იმ დღეს ჩავიცვა, ზუსტად ის არის აღებული. კედლებზე გავდივარ ხოლმე.
სალომე: ჩემი ძმა ჩემზე ერთი წლით უმცროსია და სულ ვხმაურობდით, ვთამაშობდით. ეს შემოვიდოდა და ყველაფერს აგვირევდა.
თამუნა: ამათი დასჯის მეთოდი ასეთი იყო: მისაღებ ოთახში უნდა დამსხდარიყვნენ და წიგნი წაეკითხათ, ბოლოს კი უნდა ჩაებარებინათ – ეს იყო მათი გაჩუმების ყველაზე მარტივი ხერხი. თან, მიჯერებდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ. ეტყობა‚ ისეთი მკაცრ სახეს ვიღებდი, ადვილად შემოდიოდნენ ჩემს დაქვემდებარებაში.
– ჰგავხართ ერთმანეთს ხასიათით?
– სამივეს მტკიცე ხასიათი გვაქვს, სალომეც ძლიერი პიროვნებაა და ჩვენც. ისეთი მამის გაზრდილები ვართ, ასეთები რომ არ ვიყოთ‚ ის უფრო გასაკვირი იქნებოდა.
სალომე: თამუნა ძალიან ჰგავს მამას: უფრო მკაცრი და ცივია, არავის არ დაინდობს; მე უფრო რბილი ხასიათი მაქვს.
თამუნა: სალომე ძალიან წყნარი, მშვიდია, შეიძლება, ვერც გაიგო, სახლში თუა. ლაპარაკი არ უყვარს, ხასიათზე უნდა იყოს, რომ რამე მოყვეს. თუმცა, ზოგჯერ თავისი ნებით იწყებს მოყოლას და მერე ყველანი გაჩუმებულები ვუსმენთ.
სალომე: მამა ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ‚ ამავდროულად‚ თბილი. როცა საჭირო იყო, გვსჯიდა, გვეჩხუბებოდა, მაგრამ, ბევრ რამეს გვპატიობდა. დედაჩემი უფრო წყნარი და ბუნჩულაა.
თამუნა: დედა უფრო ჩვენს ასაკში გადის. მამაზე 8 წლით უმცროსია და, ამიტომ, მამა ბევრ ადამიანს როგორც უფროს ქალიშვილს‚ ისე აცნობდა. იყო შემთხვევები, როდესაც ეუბნებოდნენ, ვაიმე, როგორ გგავსო. მამას საოცარი იუმორი ჰქონდა. მასთან ერთად სახლში გატარებული ერთი საათიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გვცოდნოდა‚ როგორ უნდა გვეცხოვრა. აღფრთოვანებული იყო და ეამაყებოდა სალომეს წარმატებები. მისი მხრიდან ყველაზე დიდი შეფასება იყო, როცა გეტყოდა – ჯიგარი ხარო. ახლა რომ ვუყურებ სალომეს წარმატებებს, ძალიან მწყდება გული, გვინდა‚ მამა ხედავდეს ამ ყველაფერს.
– დები თუ ჩაერევით ძმის არჩევანში, ანუ, თუ გაატარებთ მის შეყვარებულს რენტგენში?
– კატასტროფაა. არაერთხელ ყოფილა ამის შემთხვევა. აუცილებლად ჩავერევი მის არჩევანში, თან‚ თავიდან ბოლომდე. მამას ასეთი ჩვევა ჰქონდა, შეიძლება‚ ეს ცუდი იყო, მაგრამ, ვიზუალს აქცევდა დიდ უპირატესობას. მეც ასე ვარ, ვიზუალურად კატასტროფა რომ მოიყვანოს, ვაღიარებ, რომ ნამდვილად ჩავერევი მის საქმეში, თან თავიდან ბოლომდე.
სალომე: ახლა ბათუმში ვიყავით სამი დღე და ნიკუშას მეგობარი გოგონა გავაგიჟეთ. უბრალოდ, როდესაც სამივე ერთად ვართ, ბევრს ვხალისობთ, ერთმანეთს ავყვებით ხოლმე და გაგიჟდა ის გოგო.
თამუნა: დედაჩემს იმდენად რბილი ხასიათი აქვს, ვინატრებდი და ნებისმიერ გოგონას ვუსურვებდი ასეთ დედამთილს, მაგრამ ჩემნაირს – არავის.
– დის გათხოვებას როგორ შეხვდი?
სალომე: ძალიან გამიხარდა, რადგან, სანამ წაიღებდა‚ თამუნას გარდერობი დამრჩა და „გულავი“ მქონდა. რომ გათხოვდა‚ მაშინ პატარა ვიყავი. მართალია‚ მშობლებმა ცუდად მიიღეს, მაგრამ, მერე ყველაფერი კარგად დამთავრდა.
თამუნა: გავიპარეთ, თან, ყველასთვის მოულოდნელი იყო. ფაქტობრივად‚ არც იცნობდნენ‚ ვის გავყევი ცოლად.
– სალომეს არჩევანი მოგწონს?
– თავიდან, სანამ გიგის პირადად გავიცნობდი, მანამდე სხვისგან მოწოდებული ინფორმაციით ვიცნობდი და ამის გამო ცოტა ვერ ვიყავი მის მიმართ კარგად განწყობილი. მერე‚ ახლოს რომ გავიცანი, ძალიან მომეწონა: კარგი, საყვარელი ტიპია და ჩვენნაირი.
სალომე: დრო რომ გავიდა, წლები, მერე მივედი მამასთან და დაველაპარაკე, ვუთხარი ჩემი ამბავი.
თამუნა: მამას ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა, ჩვენ უფრო არა, რადგან, ჭორების ზეგავლენის ქვეშ ვიყავით. ახლა გიორგი და სალომე უკვე ერთ თემად განიხილებიან.
– თქვენი ცხოვრებიდან რომელი პერიოდი გახსენდებათ განსაკუთრებულად?
– ბავშვობა და ის პერიოდი, როდესაც მამა იყო ჩვენთან ერთად.
სალომე: მამას ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და ბევრს ვხალისობდით. ზოგჯერ მწარედ იცოდა თქმა. ჩემს ორ დაქალს მის გამო აქვს ცხვირის ოპერაცია გაკეთებული. მათ ოჯახებში გადარეკა: ბავშვს ცხვირი არ უხდება, აუცილებლად გაუკეთეთ ოპერაციაო. თუ მამა მოგვყვებოდა შოპინგზე, „გულავი“ გვქონდა აწეული, რადგან, რაც გვინდოდა‚ ყველაფერს ყიდულობდა.
თამუნა: უბრალოდ‚ როცა რაღაცას იყიდდი, მერე უნდა ჩაგეცვა და გენახებინა. ჩვენ გვეზარებოდა, მაგრამ, მას სწყინდა და, ამიტომ, ბოლოს მაინც ვიცვამდით. მამა იყო ჩვენთვის მამაც, დედაც, მეგობარიც; დიდი კლდე გვედგა, რომელიც უცებ ჩამოიშალა, ჩამოინგრა და დავრჩით ასე. მაგრამ‚ არა უშავს, მან ისე გაგვზარდა, ისე დაგვტოვა, რომ ამ ყველაფერს მოვერიეთ... მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დედამ მაშინ იკითხა, ბაზარი სად არისო. ყველაფერი საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. ბევრჯერ გაუკეთებია ჩვენთვის საჭმელი; როცა დედა ცუდად იყო, მოუვლია. დედაჩემიც ჩვენსავით ჰყავდა გაზრდილი – პატარა იყო‚ ცოლად რომ მოიყვანა. მამის წასვლით დიდი სიცარიელე დაგვრჩა, რომელსაც ვერაფერი ამოავსებს, უბრალოდ‚ ამას სამივემ თავისი ადგილი მივუჩინეთ ჩვენში, არც ერთი არ ჩავვარდნილვართ სასოწარკვეთილებაში, რადგან, თავად გაგვზარდა ასეთ პიროვნებებად. არაფერი დაუკლია ჩვენთვის, ხელისგულზე გვზრდიდა, მაგრამ შრომის ფასიც გვასწავლა და ყველაფრის.
– სალომე, როგორც ვიცი‚ მოსწავლეები გყავს. როგორი მასწავლებელი ხარ?
სალომე: ძალიან მკაცრი, მაგრამ, სამართლიანი. სოლო გოგონებიდან ყველა კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონები მყავს. ასევე‚ გოგონებს შორის ანსამბლური შეჯიბრებები ჩატარდა ორჯერ და ორჯერვე ჩვენ წამოვიღეთ თასი.